Facebook Twitter

საქმე N 160100119003066390

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №37აპ.-22 14 მარტი, 2022 წელი

ჰ–ი ა., 37აპ.-22 ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. 2019 წლის 20 ივნისს ა. ა–ი (პირადი ნომერი: .....) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).

1.2. აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

- 2019 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში, ა. ჰ–მ თავისი ოჯახის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ფიზიკურად იძალადა რძალზე - ზ. გ–ზე. კერძოდ, ადუღებული წყალი გადაასხა მარჯვენა ფეხზე, რის გამოც ზ. გ–მ მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

- 2019 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათზე, მ–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში, ა. ჰ–მ თავისი ოჯახის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ფიზიკურად იძალადა რძალზე - ზ. გ–ზე. კერძოდ, მუშტი ძლიერად დაარტყა ჯერ მარცხენა თვალის არეში, ხოლო შემდგომ - კისრის არეში, ამავდროულად, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ა. ა–ის ქმედებით ზ. გ–მ მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ასევე, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის განაჩენით ა. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორის პოზიცია:

4.1. 2021 წლის 7 დეკემბერს პროკურორმა მადონა ურუშაძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განაჩენი და მოითხოვა ა. ა–ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების მიხედვით და სამართლიანი, მკაცრი სასჯელის შეფარდება.

4.2. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით (მათ შორის: მოწმე გ. გ–სა და პოლიციის თანამშრომლების გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ა. ა–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

4.3. კასატორის აზრით, დაზარალებული სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აღელვებული და არათანმიმდევრული იყო, რაც გამოწვეული იყო დარბაზში მყოფი შვილის ზემოქმედებით, რომელიც დაზარალებულს მოუწოდებდა, არ მიეცა ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენება. რაც შეეხება მოწმე ფ. გ–ს, მის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა ვერ გახდება გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ვინაიდან მოწმეს არ უარუყვია ბრალის დადგენილებაში მითითებული გარემოებები, მან საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უარი განაცხადა მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერი და დასაბუთებელია, რადგან გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად არ დადასტურდა ა. ა–ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა, კერძოდ:

5.2. მოწმე ფ. გ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება და ჩვენება არ მისცა მამის - ა. ა–ის წინააღმდეგ, ხოლო დაზარალებულმა ზ. გ–მ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხვისას უარყო მასზე ძალადობისა და მუქარის ფაქტები და განმარტა, რომ 2019 წლის 17 ივნისს სახლის ეზოში ხაშს ასუფთავებდა, რა დროსაც ქვაბს ფეხი გაჰკრა და ადუღებული წყალი გადაესხა.

5.3. მოწმე - გ. გ–ა არ არის შემთხვევის თვითმხილველი და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გადმოსცემს მხოლოდ ირიბ ინფორმაციას, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო პოლიციის თანამშრომლები გამოკითხვის ოქმში ადასტურებენ მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა სისწორეს.

5.4. საგამოძიებო ექსპერიმენტის (ვითარების აღდგენის) ოქმი განსახილველ შემთხვევაში შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების, მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება, რაც ვერ განიხილება, როგორც ისეთი დამოუკიდებელი, პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან დაზარალებულმა არ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე გამოძიებისას მიწოდებული ინფორმაცია და სრულად უარყო მის მიმართ ძალადობისა და მუქარის განხორციელების ფაქტები.

5.5. რაც შეეხება უდავოდ ცნობილ სამედიცინო ექსპერტიზის №..... დასკვნას, დაზარალებულის ჩვენებით ახსნილია მის სხეულზე დამწვრობის წარმოშობის მიზეზი. რაც შეეხება სხვა დაზიანებებს, მართალია, მათი არსებობა დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მაგრამ ობიექტურად შეუძლებელია დადგინდეს მათი მიმყენებელი პირის ვინაობა, შესაბამისად, მხოლოდ აღნიშნული გარემოება ვერ დაედება საფუძვლად ა. ა–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

5.6. განსახილველ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ა. ა–ისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების სავალდებულო ნიშნების არსებობა (ძალადობის შემთხვევაში - ფიზიკური ტკივილის და მუქარის შემთხვევაში - მისი რეალურად აღქმისა და საფუძვლიანი შიშის განცდის არსებობა). ამ ნაწილშიც საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, აღნიშნული ნიშნების არსებობის უტყუარად დადასტურება, უპირველეს ყოვლისა, შესაძლებელია სუბიექტური ტესტის გავლით (დაზარალებულის აღქმით), დაზარალებულმა ზ. გ–მ კი სრულიად უარყო მის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტები. რაც შეეხება ობიექტურ ტესტს, მტკიცებულებები, რომლებითაც დადგინდებოდა სავალდებულო ნიშნების არსებობა, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.

5.7. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა. ა–ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას.

5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე