Facebook Twitter

ას-341-325-2011 12 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ლ. ჭ-ას კანონიერი წარმომადგენელი ლ. ხ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ხ. ჭ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხ. ჭ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ჭ-ას (კანონიერი წარმომადგენელი ლ. ხ-ა) მიმართ 2009 წლის 24 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

2009 წლის 24 ნოემბერს ხ. ჭ-ამ ლ. ჭ-ას მიჰყიდა ქ.თბილისში, L-ის მეორე შესახვევის ¹22-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი. ნასყიდობის საგნის ფასი ხელშეკრულებით განისაზღვრა 30 000 ლარით, რაც მყიდველს უნდა გადაეხადა ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე. ლ. ჭ-ას კანონიერ წარმომადგენელ ლ. ხ-ას აღნიშნული ვალდებულება არ შეუსრულებია. მიუხედავად ამისა, მოპასუხე მხარე ნასყიდობის საგანს ფლობს როგორც საკუთარს, რითაც დაირღვა მისი უფლებები. მოსარჩელემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლებზე, რომელთა შესაბამისად მხარეს უფლება აქვს, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უნდა დაუბრუნდეთ ნატურით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: ნასყიდობის თანხის გადაცემა მოხდა ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე, რაც დასტურდება სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებითა და საჯარო რეესტრის ამონაწერით. საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობის გათვალისწინებით, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს თანხის გადაუცემლობის ფაქტის დადასტურება, ამასთან, რადგანაც მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ მას ნასყიდობის თანხა არ მიუღია, სარჩელი არ არის დასაბუთებული და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ხ.ჭ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ხ. ჭ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ხ. ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხ. ჭ-ასა და ლ. ხ-ას (ლ. ჭ-ას კანონიერ წარმომადგენელს) შორის 2009 წლის 24 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ხ. ჭ-ას საკუთრებაში დაუბრუნდა ქ.თბილისში, L-ის ქუჩის მე-2 შესახვევში მდებარე ¹22 ბინა (საჯარო რეესტრის მონაცემები: ზონა _ თბილისი 01, სექტორი _ ნაძალადევი _..., კვარტალი _ ..., ნაკვეთი _ ..., დაზუსტებული ფართობი: 159.00 კვ.მ) შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ 2009 წლის 24 ნოემბერს ხ. ჭ-ასა და არასრულწლოვან ლ. ჭ-ას კანონიერ წარმომადგენელ ლ. ხ-ას შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ხ. ჭ-ამ ლ. ჭ-ას მიჰყიდა საცხოვრებელი ფართი მდებარე ქ.თბილისში, L-ის ქუჩის მე-2 შესახვევის ¹22-ში. ხელშეკრულების მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, ნასყიდობის საგნისათვის შეთანხმებული ფასი განისაზღვრა 30 000 ლარით, რაც მყიდველს უნდა გადაეხადა ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე, ხოლო გამყიდველს ნასყიდობის საგანი მყიდველისათვის უნდა გადაეცა 2009 წლის 24 ნოემბერს.

2009 წლის 24 ნოემბრის ხელშეკრულება დამოწმდა სანოტარო წესით და მის საფუძველზე ნასყიდობის საგანი აღირიცხა ლ. ჭ-ას საკუთრებად 2009 წლის 26 ნოემბერს. აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა _ 30 000 ლარი ხ. ჭ-ას ლ. ჭ-ას მხრიდან, კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, არ მიუღია.

პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, არ გაიზიარა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მითითება, რომ თანხის გადაუხდელობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე მხარეს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება მას და მოპასუხეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტსა და მისთვის ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებას _ უძრავი ქონების მყიდველისათვის გადაცემას. ვინაიდან დასახელებული გარემოების არსებობა განაპირობებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპირისპირო ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებას, მოსარჩელეს მხოლოდ ამ გარემოებათა მტკიცების ტვირთი ეკისრება, თანახმად 102-ე მუხლის დანაწესისა. რაც შეეხება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების მოპასუხის მიერ შესრულების ფაქტს, მისი მტკიცება უნდა განახორციელოს მოპასუხე მხარემ, რადგანაც სწორედ ამ გარემოებას ეფუძნება მისი შესაგებელი და შესაბამისი მოთხოვნა _ არ დაკმაყოფილდეს სარჩელი.

2009 წლის 24 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების _ 30 000 ლარის ოდენობით ნასყიდობის საგნის გადახდის ფაქტის მტკიცება უნდა განეხორციელებინა მოპასუხე მხარეს _ ლ. ჭ-ას კანონიერ წარმომადგენელს, რომელმაც თანხის გადახდის დასადასტურებლად მიუთითა, რომ ნასყიდობის საგნის გადახდის ფაქტი დასტურდება დადებული ხელშეკრულებით, მოწმეთა ჩვენებებითა და მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით, რომლებიც ასახავს ლ. ხ-ას საკუთრებაში ხელშეკრულების დადების დროს თანხის არსებობას, ხოლო თანხის გადახდის დამადასტურებელ სხვა მტკიცებულებებზე მხარეს არ მიუთითებია.

სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი განსაზღვრავს ნუსხას იმ მტკიცებულებებისა, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ გააჩნია უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით მოცემული გარემოებების დამტკიცებისათვის ამა თუ იმ მტკიცებულების არჩევის აუცილებლობას ზოგ შემთხვევაში კარნახობს ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა, ასე მაგალითად, სასესხო ვალდებულების დროს, სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, ზეპირი სესხის ხელშეკრულების შემთხვევაში მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის პირობებში, რაც უკავშირდება სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით განსაზღვრულ გარემოებებს, დასახელებული მატერიალური ნორმა არ ითვალისწინებს ფაქტობრივ გარემოებათა დადგენის კონკრეტულ სამართლებრივ მექანიზმს, თუმცა, რადგან საქმე ეხება ფულადი ვალდებულების შესრულებას, რომლის განხორციელების შემდეგაც წყდება ვალდებულებითი ურთიერთობა, სადავოობის შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებდა თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, როგორიცაა თანხის მიმღების ხელწერილი, თანხის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი ან სხვა. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას. კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი სახის მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. მოპასუხე დაეყრდნო მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას. მისი მოსაზრებით, თანხის გადახდის ფაქტზე მეტყველებს გარემოებები, რომლებმაც განაპირობა, ხ. ჭ-ას გაეყიდა კუთვნილი ქონება, ანუ გამყიდველის მოტივაცია, ასევე სიტყვიერი მითითება ხელშეკრულების გაფორმების დღეს განვითარებულ მოვლენებზე. თანხის გადაცემის ფაქტის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით კი მოყვანილ იქნა მოწმის ჩვენება, რომლებიც არ შეიძლება შეფასდეს როგორც თანხის გადახდის ამსახველი მტკიცებულება, რადგანაც მოწმის სახით დაკითხულმა პირმა _ ბექა ოტიაშვილმა აღნიშნა, რომ მას უშუალოდ თანხის გადაცემის ფაქტი არ უნახავს, არამედ, მხარეთა მოქმედებებიდან გამომდინარე, შეექმნა წარმოდგენა, რომ ლ. ხ-ამ გადასცა თანხა ხ. ჭ-ას მას შემდეგ, რაც მხარეები გამოვიდნენ სანოტარო ბიუროდან და ჩასხდნენ მანქანაში. დასახელებული ჩვენებიდან გამომდინარე, მოწმეს არ შეეძლო, უტყუარი წარმოდგენა შეჰქმნოდა თანხის გადაცემის ფაქტზე, ვინაიდან იგი უშუალოდ არ შესწრებია თანხის გადაცემის პროსცესს, მისთვის ასევე უცნობი იყო შესრულებული ვალდებულების მოცულობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწმის ჩვენება საჭირო ინფორმაციას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით არ იძლევა, რის გამოც თანხის გადაცემის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად სასამართლომ არ მიიჩნია.

სასამართლომ შემძენის მიერ ნასყიდობის საფასურის გადახდის დამადასტურებლად არ მიიჩნია არც სადავო ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე მყიდველის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტი. პალატის მოსაზრებით, იგი გავლენას ვერ ახდენს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა ვალდებულებებზე და არ წარმოადგენს ამ ვალდებულებათა შეწყვეტის საფუძველს. კონკრეტულ შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო სანოტარო წესით, რის შემდეგაც მყიდველს თავისუფლად შეეძლო, ერთპიროვნულად, გამყიდველისაგან დამოუკიდებლად, მოეხდინა ამ ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. სასამართლოს მითითებით, საჯარო რეესტრის ჩანაწერი იძლევა პრეზუმფციას მესამე პირთათვის, რომ რეგისტრაციის საფუძვლად არსებული ხელშეკრულება შესრულებულია და ჩანაწერი ნამდვილია, მაგრამ იგი არ პრეზუმირებს თავად ხელშეკრულების დამდებ მხარეთა შორის.

სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით და მიიჩნია, რომ 2009 წლის 24 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შემძენს არ შეუსრულებია. ამასთან, მოპასუხის პოზიციის შესაბამისად, დასახელებული ვალდებულების შესრულება არც მომავალშია მოსალოდნელი გამომდინარე იქიდან, რომ იგი ამ ვალდებულებას შესრულებულად მიიჩნევს. ამასთან, სადავო ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობას, მასზეა დამოკიდებული მხარეთა შორის განხორციელებული გარიგების რეალიზაცია და არც საპირისპირო ვალდებულების შესრულებაზე არსებობს რაიმე სახის პრეტენზია. ამდენად, მოსარჩელის უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, საფუძვლიანია სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ჭ-ას კანონიერმა წარმომადგენელმა ლ. ხ-ამ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილებს გაუქმება და ხ. ჭ-ასათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ, ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასებისა და სამართლის ნორმის არასწორი განმარტების გამო, დადგენილად მიიჩნია მოპასუხის მიერ ნასყიდობის ფასის გადაუხდელობა. კასატორმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 72-ე და 73-ე მუხლებზე და განმარტა, რომ გარიგების ბათილად ცნობა შეცდომის საფუძველზე დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც შეცდომა არსებითი ხასიათისაა და ნების გამოვლენა სწორედ შეცდომის შედეგად მოხდა. მოცემულ ურთიერთობაში უნდა გაიმიჯნოს ვალდებულების შეუსრულებლობა და ნების გამოვლენის ნაკლი, ამდენად, სასამართლოს მიერ ნასყიდობის ფასის გადაუხდელობის ფაქტის დადგენის შემთხვევაშიც კი, ფაქტის შეფასება უნდა მომხდარიყო არა მოტყუებით დადებულ გარიგებად, არამედ ვალდებულების შეუსრულებლობად, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ნივთის ხ.ჭ-ას საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე უსაფუძვლოა.

სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 79-ე მუხლის დებულება, რომელიც ადგენს, რომ შეცილება დასაშვებია შეცილების საფუძვლის შეტყობიდან ერთი თვის ვადაში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო ხელშეკრულება დაიდო 2009 წლის 24 ნოემბერს, ხოლო მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა 2010 წლის თებერვალს, შესაბამისად, სასამართლოს მოსარჩელისათვის უარი უნდა ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე შეცილების ვადის გასვლის გამო.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 427-ე, 429-ე, 477-ე, 624-ე მუხლებით, რითაც დაარღვია ამავე კოდექსის მე-5 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები, ვინაიდან აღნიშნული ნორმები წარმოადგენს სპეციალურ ნორმებს, მათი ანალოგიის წესით გამოყენება დაუშვებელია, ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულება ამომწურავადაა დარეგულირებული სამართლის შესაბამისი ნორმებით. კანონი არ ითვალისწინებს ნასყიდობის ხელშეკრულებისას საბუღალტრო დოკუმენტებისა და სხვა მტკიცებულებების არსებობის სავალდებულობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ფულადი ურთიერთობის ნამდვილობა საეჭვო გახდებოდა.

სასამართლომ არასწორად განმარტა 429-ე მუხლის დებულება და არასწორად დაადგინა ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპასუხის მიერ წარმოდგენის აუცილებლობა, რადგანაც კანონი ასეთი მტკიცებულების გაცემას კრედიტორს ავალებს და მისი სასამართლოსათვის წარდგენის მოვალისათვის დაკისრება არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი, მოცემული დავის საგანი 2009 წლის 24 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა იყო, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისას გააუქმა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავი ნივთი დაუბრუნა ხ.ჭ-ას საკუთრებაში.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა თანხის გადაუცემლობის ფაქტი. აღნიშნული ფაქტის არასწორად დადგენა განაპირობა სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის არასწორმა ინტერპრეტაციამ და მოწმის ჩვენების არასწორმა გაზიარებამ, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საპროცესო ნორმების დარღვევით, ამასთან მიღებული გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აპრილის განჩინებით ლ. ჭ-ას კანონიერ წარმომადგენელ ლ. ხ-ას საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმებისა და მხარის საკასაციო პრეტენზიების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ლ. ჭ-ას კანონიერ წარმომადგენელ ლ. ხ-აის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2009 წლის 24 ნოემბერს ხ. ჭ-ასა და არასრულწლოვან ლ. ჭ-ას კანონიერ წარმომადგენელ ლ. ხ-ას შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ხ. ჭ-ამ ლ. ჭ-ას მიჰყიდა საცხოვრებელი ფართი მდებარე ქ.თბილისში, L-ის ქუჩის მე-2 შესახვევის ¹22-ში. ხელშეკრულების მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, ნასყიდობის საგნისათვის შეთანხმებული ფასი განისაზღვრა 30 000 ლარით, რაც მყიდველს უნდა გადაეხადა ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე, ხოლო გამყიდველს ნასყიდობის საგანი მყიდველისათვის უნდა გადაეცა 2009 წლის 24 ნოემბერს.

2009 წლის 24 ნოემბრის ხელშეკრულება დამოწმდა სანოტარო წესით და მის საფუძველზე ნასყიდობის საგანი აღირიცხა ლ. ჭ-ას საკუთრებად 2009 წლის 26 ნოემბერს.

2009 წლის 24 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა _ 30 000 ლარი ხ. ჭ-ას ლ. ჭ-ას მხრიდან, კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, არ მიუღია. სასამართლომ მითითებული გარემოების სამართლებრივი დასაბუთებისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 624-ე მუხლებით და განმარტა, რომ ნასყიდობის ფასის გადახდის მტკიცების ტვირთი შემძენს ეკისრება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არის ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. იგი ორმხრივ მავალდებულებელი გარიგებაა, რაც გამოიხატება ერთის მხრივ გამყიდველის ვალდებულებაში, გადასცეს მყიველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მეორეს მხრივ მყიდველის ვალდებულებაში, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მყიდველს (მოპასუხეს) ნასყიდობის ფასი უნდა გადაეხადა ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე, ხოლო გამყიდველს ნასყიდობის საგანი მყიდველისათვის უნდა გადაეცა ხელშეკრულების დადების დღეს, 2009 წლის 24 ნოემბერს. ამდენად მხარეებმა ხელშეკრულებით განსაზღვრეს როგორც საკუთრების უფლების მყიდველზე დაუყოვნებლივ გადაცემის, ასევე გამყიდველისთვის ნასყიდობის ფასის დაუყოვნებლივ გადახდის ვალდებულება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულება გულისხმობს მოვალის უშუალო რეაქციას, იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა. საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების სიტყვა-სიტყვითი, ლოგიკური და შინაარსობრივი განმარტებიდან ნათლად ჩანს, რომ გამყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის მყიდველზე გადაცემას წინ უძღოდა მყიდველის ვალდებულება, გადაეხადა ნასყიდობის ფასი. ამდენად, მოსარჩელეს შეეძლო ხელშეკრულების ნოტარიალურად დამოწმებისთანავე განეცხადებინა უარი თავის მხრივ ვალდებულების შესრულებაზე (ნასყიდობის საგნის გადაცემაზე), სანამ არ მიიღებდა საპასუხო შესრულებას (ნასყიდობის ფასის გადახდას). როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, სადავო ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოპასუხის სახელზე. თვით მოსარჩელეც არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ იგი მოპასუხე ლ. ჭ-ას კანონიერ წარმომადგენელ ლ. ხ-ასთან ერთად იმყოფებოდა საჯარო რეესტრში.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, თუმცა, მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ნასყიდობის ფასის გადახდის მტკიცების ტვირთი შემძენმა იკისრა თავისი ქმედებით, რაც გამოიხატა ნასყიდობის საგნის მყიდველისათვის გადაცემაში. მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავდა, რომ მან რამოდენიმეჯერ სთხოვა მოპასუხეს ნასყიდობის თანხის გადახდა, ლ. ხ-ა კი ჰპირდებოდა მას, რომ უახლოეს ხანში მისცემდა თანხას, შემდეგ კი ლ. ხ-ამ უარი განაცხადა თანხის გადახდაზე, თუმცა, საპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია აღნიშნული გარემოებები. ამდენად კასატორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა მოპასუხის მიერ თანხის გადაუცემლობის ფაქტი საფუძვლიანი და დასაბუთებულია, ხოლო მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ნასყიდობის ფასის მიუღებლობის ფაქტი.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, კერძოდ, ერთ-ერთ საქმეზე, სადაც მოსარჩელე ითხოვდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას და ქონების დაბრუნებას, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ განმარტა, რომ ნასყიდობის გარიგების დადებისას ნასყიდობის ფასის გადაუხდელობა, მყიდველის მიერ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის საფუძველია და არა გარიგების ბათილობის (იხ.სუსგ 23.03.2004წ., საქმე ¹ას-881-1504-03). ამდენად სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთანაც.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან სახეზე არ არის საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, საკასაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით უნდა დაკმაყოფილდეს ლ.ჭ-ას კანონიერი წარმომადგენლის _ ლ.ხ-ას საკასაციო საჩივარი, ხოლო მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ხ. ჭ-ას, ლ. ჭ-ას კანონიერი წარმომადგენლის _ ლ. ხ-ას სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 1500 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ლ. ჭ-ას კანონიერი წარმომადგენლის _ ლ. ხ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. ხ. ჭ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. ხ. ჭ-ას ლ. ჭ-ას კანონიერი წარმომადგენლის _ ლ. ხ-ას სასარგებლოდ დაეკისროს ლ.ხ-ას მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 1500 ლარი.

5. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.