ას-513-823-09 24 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია სულხანიშვილი, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ნ. ლ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “თ-ი-88” (მოპასუხე)
წარმომადგენლები - თ. კ-ძე, ც. ც-ი, დ. გ-ა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი _ საერთო ქონებიდან წილის გამოყოფა, საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 10 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. ლ-ამ მოპასუხეების _ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “თ-ი 88-ისა” და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ა. ამხანაგობის წევრობიდან მისი გარიცხვის ნაწილში თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 1994 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ბ. ამხანაგობის წევრობიდან მისი გარიცხვის ნაწილში ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “თ-ი 88-ის” კრების ოქმისა და დადგენილების გაუქმება; გ. ამხანაგობის წევრად აღდგენა შეტანილი თანხის (წილის) პროპორციულად, თბილისის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მითითებული ხუთოთახიანი ბინის მიღების უფლებით (ტომი I, ს.ფ. 1-4).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 აგვისტოს განჩინებით ნ. ლ-ას სარჩელი მოპასუხეების _ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “თ-ი 88-ისა” და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “თ-ი 88-ის” კრების ოქმისა და დადგენილების გაუქმების, ამხანაგობა “თ-ი 88-ის” წევრად აღდგენის მოთხოვნის ნაწილში გამოიყო ცალკე წარმოებად და განსახილველად გადაეგზავნა განსჯად სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას (ტომი I, ს.ფ. 32-35).
2007 წლის 7 დეკემბერს ნ. ლ-ამ იმავე სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სარჩელი მოპასუხე ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “თ-ი 88-ის” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ბ. ამხანაგობის წევრობიდან მისი გარიცხვის ნაწილში ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “თ-ი 88-ის” კრების დადგენილების გაუქმება; ბ. მასა და ამხანაგობას შორის სამართლებრივი ურთიერთობის დადგენა; გ. შეტანილი თანხის პროპორციულად ამხანაგობის წევრად ცნობა და მოპასუხისაგან ხუთოთახიანი ბინის მიღების თაობაზე მოთხოვნის უფლების დადგენა (ტომი I, ს.ფ. 69-73).
2008 წლის 11 მარტს ნ. ლ-ამ იმავე სასამართლოში კვლავ წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “თ-ი 88-ის” საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, მდებარე თბილისი, თ-ის ქ. ¹7, 9, 11, 11ა, 16, 18, 19, განსაზღვრა, გამოყოფა და ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემა 136კვ.მ ძირითადი და 40კვ.მ დამხმარე ფართის, ამხანაგობაში შეტანილი წილის პროპორციულად; საჯარო რეესტრის მონაცემებში შესაბამისი ცვლილების განხორციელება (ტომი I, ს.ფ. 295-308).
საბოლოოდ, მოსარჩელის მოთხოვნები ამგვარად ჩამოყალიბდა: ა. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “თ-ი 88-ის” საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, მდებარე თბილისი, თ-ის ქ. ¹7, 9, 11, 11ა, 16, 18, 19, მის საკუთრებაში არსებული წილის (ამხანაგობაში შეტანილი თანხის პროპორციულად) განსაზღვრა, გამოყოფა და ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემა, თავდაპირველად განსაზღვრული ხუთოთახიანი ბინის მიღების უფლებით; ბ. ამხანაგობის უძრავი ქონებიდან, მდებარე თბილისი, თ-ის ქ. ¹7, 9, 11, 11ა, 16, 18, 19, 136კვ.მ ძირითადი და 40კვ.მ დამხმარე ფართის მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებაში აღრიცხვა; გ. საჯარო რეესტრის მონაცემებში შესაბამისი ცვლილების განხორციელება, კერძოდ, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “თ-ი 88-ის” წევრთა საერთო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის, მდებარე, ბლოკი “V”, სართული “V”, ბინა ¹164, ფართით 119.19კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის ¹20, მდებარე ბლოკი “V”, მე-5 სართულზე, ფართით 54.91კვ.მ ნ. ლ-ას ინდივიდუალურ საკუთრებად აღრიცხვა-რეგისტრაცია (ტომი I, ს.ფ. 359-371).
მოსარჩელის მოთხოვნების საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
1988 წლის 8 სექტემბერს თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის ¹18.50.584 გადაწყვეტილებით შეიქმნა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “თ-ი-88” და თ-ის ქ. ¹7, 9, 11, 11ა, 16, 18-ში მცხოვრებ მოქალაქეებს დაერთოთ სახლების აღების და საკუთარი სახსრებით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენების უფლება. თბილისის საბურთალოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით ამხანაგობა “თ-ი-88-ში” გაწევრიანდა რამდენიმე ფიზიკური პირი. 1991 წლისათვის ამხანაგობაში გაწევრიანებული იყო 110 ოჯახი, მათ შორის, ნ. ლ-ა.
თბილისის საბურთალოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ა ამხანაგობაში გაწევრიანდა 5-ოთახიანი ბინის მიღების უფლებით. ბინის ფართების რაოდენობა განისაზღვრა ოთახების რაოდენობის მიხედვით თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988 წლის 8 სექტემბრის ¹582 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულების საფუძველზე, რომლის თანახმად, ხუთოთახიანი ბინების ფართობი საზაფხულო სათავსების გარეშე განისაზღვრა 136კვ.მ, ხოლო დამხმარე ფართი _ 40კვ.მ-ის ოდენობით.
მოსარჩელის მითითებით, 1990-1991 წლებში მან გადაიხადა ბინათმშენებლობისათვის დადგენილი საპაიო შენატანი. 2002 წლის 8 თებერვალს თ-ის ქ. ¹7, 8, 9, 11, 11ა, 16, 18, 19-ში მდებარე ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “თ-ი-88-ის” წევრების, მათ შორის, ნ. ლ-ას საკუთრებად.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ამხანაგობა “თ-ი-88-ის” საერთო კრების 1994 წლის 22 იანვრის ¹25 დადგენილება, რომელზე დაყრდნობითაც მოპასუხე უარყოფდა ნ. ლ-ას ამხანაგობის წევრად ყოფნის ფაქტს, ბუნებაში არ არსებობდა. შესაბამისად, არ არსებობდა მოსარჩელის ამხანაგობის წევრობიდან გარიცხვის სამართლებრივი საფუძველი.
იმის გათვალისწინებით, რომ ამხანაგობის წინაშე ვალდებულება შესრულებული ჰქონდა შენატანების განხორციელების სახით, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ იგი წარმოადგენდა თბილისში, თ-ის ქ. ¹7, 9, 11, 11ა, 16, 18, 19-ში მდებარე ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “თ-ი-88-ის” ქონების მესაკუთრეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თბილისის საბურთალოს რაიონში თ-ის ქ. ¹7, 9, 11, 11ა, 16, 18, 19-ში მცხოვრებთა საბინაო-საყოფაცხოვრებო პირობების მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ-ის ქუჩის მცხოვრებთა თხოვნა სახლების აღებისა და მათ ტერიტორიაზე კოლექტიური ამხანაგობის მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობის შესახებ;
ამხანაგობა “თ-ი-88” წარმოადგენდა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივს;
თბილისის საბურთალოს სახალხო დეპუტატების რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1999 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ა ამხანაგობაში გაწევრიანდა ხუთოთახიანი ბინის მიღების უფლებით;
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს, არ შეუძლიათ სადავო გხადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ივნისის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დადგენილია, რომ ამხანაგობა “თ-ი-88-ს” საერთო კრების 1994 წლის 22 იანვრის ¹25 დადგენილების საფუძველზე, თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობამ 1994 წლის 23 მარტს მიიღო გადაწყვეტილება ¹3.20.55 მშენებლობის თანხის შეუტანლობის გამო ნ. ლ-ას ამხანაგობის წევრობიდან გარიცხვის შესახებ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ასევე დადგენილია, რომ ნ. ლ-ას ამხანაგობის წევრობიდან გარიცხვის შემდეგ ამხანაგობის წევრად აღდგენის ან ხელახალი მიღების თაობაზე ამხანაგობის კრებას გადაწყვეტილება არ მიუღია.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ნ. ლ-ა 1994 წლიდან გარიცხულია კოოპერატივის წევრობიდან მშენებლობის თანხის შეუტანლობის გამო.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილეს, სასამართლომ მიიჩნია, რომ ერთობლივი საქმიანობის განხორციელების შედეგად საცხოვრებელი ბინის მიღების უფლება მოსარჩელეს არ წარმოშობია. აქედან გამომდინარე, სარჩელი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა (ტომი I, ს.ფ. 426-429).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი I, ს.ფ. 435-451).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ნ. ლ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მან მიწის ნაკვეთისა და ფულადი სახით განხორციელებული შენტანის საფუძველზე მოიპოვა ბინაზე საკუთრების უფლება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამხანაგობის შექმნის მომენტში მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენდა სახელმწიფო. საქმის მასალებით არ დგინდებოდა, რომ ამხანაგობის წევრებზე სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონება (მიწის ნაკვეთი) ჩაითვალა მისი წევრების მიერ ამხანაგობაში განხორციელებულ შენატანად. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988 წლის 8 სექტემბრის ¹582 გადაწყვეტილებით დამტკიცებული “თბილისში, ინდივიდუალური მენაშენეების ამხანაგობების მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ” დებულების მე-20 პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური მენაშენეების ამხანაგობის წევრები, რომლებიც არ შეიტანდნენ დადგენილ ფულად შენატანებს, კარგავდნენ ამხანაგობის წევრობის უფლებას. ამდენად, აღნიშნული დებულებით განსაზღვრულ იქნა შენატანის განხორციელება ფულადი სახით. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “თ-ი-88-ის” 2003 წლის 20 ნოემბრის საერთო კრების მიერ დამტკიცებული დებულებით არ დგინდებოდა მხარეთა შეთანხმება ამხანაგობის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შენატანად ჩათვლის შესახებ. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა მხარეთა შეთანხმებით ამხანაგობაში განხორციელებულ შენატანს და შესაბამისად, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვება არ წარმოადგენდა ასაშენებელ ბინაში საკუთრების უფლების მოპოვების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “თ-ი-88-ის” 2003 წლის 20 ნოემბრის საერთო კრების მიერ დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ამხანაგობის გამგეობა ვალდებულია განახორციელოს მშენებარე საცხოვრებელი სახლის განაწილება ამხანაგობისათვის ამხანაგობაში შეტანილი ქონების ან მათ მიერ ამხანაგობისათვის გაწეული საქმიანობის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში დგინდებოდა, რომ ნ. ლ-ამ 1990-91 წლებში განახორციელა ფულადი შენატანი 90 000 მანეთის ოდენობით. გარდა ამისა, დგინდებოდა, რომ თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობამ 1994 წლის 23 მარტს მიიღო გადაწყვეტილება ¹3.20.55 მშენებლობის თანხის შეუტანლობის გამო ნ. ლ-ას ამხანაგობიდან გარიცხვის შესახებ. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის განმარტება ამხანაგობის წინაშე ვალდებულების შესრულების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ მხედველობაში არ იქნებოდა მიღებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ მისი ბათილად ცნობის შესახებ სარჩელი მიღებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან ნ. ლ-ამ ვერ დაამტკიცა, რომ მის მიერ განხორციელებული შენატანი (90 000 მანეთი) შეესაბამებოდა ხუთოთახიანი ბინის სახარჯთაღრიცხვო ღირებულებას.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი საერთო ქონებიდან წილის გამოყოფის შესახებ არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ტომი II, ს.ფ. 60-69).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ-ამ (წარმომადგენლები: ა. ლ-ა, კ. ბ-ი), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად სხვა საფუძვლებთან ერთად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ნ. ლ-ამ ვერ დაადასტურა მის მიერ განხორციელებული შენატანის (90 000 მანეთი) შესაბამისობა ხუთოთახიანი ბინის სახარჯთაღრიცხვო ღირებულებასთან. ამასთან, სასამართლომ არასაკმარისად ჩათვალა მხარის არგუმენტაცია ამხანაგობაში პაის სახით მიწის ნაკვეთის შეტანის შესახებ და აღნიშნული ქმედება არ მიიჩნია ასაშენებელ ბინაში საკუთრების უფების მოპოვების საფუძვლად. ამ შემთხვევაში სასამართლომ მიუთითა ნ. ლ-ას ამხანაგობიდან გარიცხვის ფაქტობრივი საფუძვლების შესახებ, კერძოდ, აპელირება გააკეთა თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1994 წლის 23 მარტის ¹3.20.55 გადაწყვეტილებაზე, რომელშიც კასატორის ამხანაგობის წევრობის შეწყვეტის და გამგეობის გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად დასახელებულია ამხანაგობა “თ-ი-88-ს” 22.01.1994წ. ¹25 კრების ოქმი, როგორც ამხანაგობის კოლექტიური ხელშეკრულების მონაწილეთა გადაწყვეტილება, რომელიც ბუნებაში არ არსებობს.
კასატორის მტკიცებით, 1990-1991 წლებში მან ამხანაგობის სიტყვიერი მოთხოვნის შესაბამისად განახორციელა საპაიო შენატანები 90 000 მანეთის ოდენობით მისაღები ბინის ღირებულების პროპორციულად. აღნიშნული დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გადახდის ქვითრებით და აღიარებულია მოპასუხის მიერ. დასახელებული თანხა იყო იმ ღირებულების პროპორციული, რაც მოსარჩელეს უნდა მიეღო. მის მიერ ამხანაგობაში განხორციელებული შენატანი წარმოადგენს მის წილს საერთო საკუთრებაში (ტომი II, ს.ფ. 76-88).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ნ. ლ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია წარმოადგენს მხარის მითითებას პროცესუალურ-სამართლებრივ დარღვევებზე, რომლებმაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენა განაპირობეს. კასატორს ამგვარი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
თბილისის საბურთალოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ა გაწევრიანდა თ-ის ქუჩაზე ასაშენებელ ინდივიდუალურ ბინათმშენებლობაში 5-ოთახიანი ბინის მიღების უფლებით;
ნ. ლ-ამ 1990-1991 წლებში ამხანაგობაში შეიტანა 90000 მანეთი;
ამხანაგობა “თ-ი 88”-ის 1994 წლის 22 იანვრის საერთო კრების ¹25 დადგენილების საფუძველზე ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობამ 1994 წლის 23 მარტს მიიღო გადაწყვეტილება ¹3.20.55 ნ. ლ-ას ამხანაგობიდან გამოყვანის შესახებ;
თბილისის სახალხო დეპუტათა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით შექმნილი ბინათმშენებლობის ამხანაგობა “თ-ი 88”-ის უფლებამონაცვლეა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “თ-ი 88.”
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნ. ლ-ას სასარჩელო მოთხოვნაა ამხანაგობა “თ-ი 88”-ის საერთო ქონებიდან მისი კუთვნილი წილის გამოყოფა, ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1994 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით კი, იგი გაყვანილია ამხანაგობიდან. საქმეში წარმოდგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმნისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ლ-ას სარჩელი გამგეობის ზემომითითებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ამდენად, არსებული მდგომარეობით, ნ. ლ-ა “თ-ი 88”-ის წევრი აღარ არის, შესაბამისად, შეუძლებელია ამხანაგობის საერთო ქონებაში წილი გააჩნდეს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი სასარჩელო მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
კასატორი ასევე სადავოდ ხდის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 20 მარტის საოქმო განჩინებას. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელე ნ. ლ-ამ 2008 წლის 20 მაისის სასამართლოს მთავარ სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა მტკიცებულებათა დართვის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. ნ. ლ-ა კი, თავის შუამდგომლობაში ამგვარ გარემოებებზე არ მიუთითებდა, შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა განუხილველად მართებულად დატოვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრბეული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ნ. ლ-ას შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყადაღა დაედო თბილისში, თ-ის ქ. ¹7, 9, 11, 11ა, 16, 18, 19-ში, ბლოკი II, IV სართულზე მდებარე ¹45 ბინას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
ვინაიდან წინამდებარე განჩინებით კანონიერ ძალაში შედის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება ნ. ლ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ზემომითითებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 410-ე, 1991-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ლ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განჩინება;
3. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ყადაღა მოეხსნას თბილისში, თ-ის ქ. ¹7, 9, 11, 11ა, 16, 18, 19-ში, ბლოკი II, IV სართულზე მდებარე ¹45 ბინას;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.