Facebook Twitter

ას-633-594-2011 10 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ბ. მ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. დ-ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2010 წლის 5 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. დ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. მ-ის მიმართ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი “ფორდ ფიესტას” მარკის ავტომანქანის სახელმწიფო ნომრით _ ... გამოთხოვის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელემ 2006 წელს შეიძინა “ფორდ ფიესტას” მარკის ავტომობილი, რომელიც განაბაჟა ქ.ფოთში და საკუთრება აღრიცხა თავის სახელზე. ნივთის შეძენიდან დაახლოებით 6-7 თვის შემდეგ გადაწყვიტა მისი გაყიდვა და ამ მიზნით, მინდობილობის გარეშე, გადასცა მის პარტნიორ ა.ც-ეს, რომელსაც მოგვიანებით ვეღარ უკავშირდებოდა, რადგანაც ა.ც-ე იმყოფებოდა მიმალვაში. 2008 წლის სექტემბერში ა.ც-ე დააკავეს. ამ პერიოდში ლ.დ-იას დაუკავშირდა ბ.მ-ი და სთხოვა მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილის გადაფორმება, რომელიც მას ჰყავდა შეძენილი, რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა და მოითხოვა ავტომობილის დაბრუნება. ამავე თხოვნით მოპასუხემ ლ.დ-იას მოგვიანებითაც არაერთხელ მიმართა, თუმცა მოსარჩელეს ავტომობილის გადაფორმებაზე თანხმობა არასოდეს განუცხადებია.

ის ფაქტი, რომ ავტომობილი ლ.დ-იას ეკუთვნის, დასტურდება საკუთრების უფლების რეგისტრაციით, რომელიც გაუქმებული არ არის, ხოლო ის ფაქტი, რომ მოპასუხესთან ავტომობილის მიყიდვაზე ლ.დ-იას მოლაპარაკება არ უწარმოებია, დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით მოპასუხის დაკითხვის ჩვენებებით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

2006 წლის მაისში სადავო ავტომანქანა ბ.მ-მა შეიძინა ა. ც-ისაგან, რომელმაც განუმარტა, რომ ავტომანქანა წარმოადგენდა მის საკუთრებას, მაგრამ რეგისტრირებული იყო ლ. დ-იას სახელზე. ა.ც-ეს, მისი განმარტების თანახმად, პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდა მოსარჩელესთან და თანხის გადახდის შემდეგ მანქანის გადაფორმება პრობლემას არ წარმოადგენდა. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან მოყოლებული იგი ნივთს ფლობს თავისუფლად, როგორც საკუთარს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. დ-იას სარჩელი მოპასუხე ბ. მ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ, არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. დ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. დ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბ. მ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა ,,ფორდ ფიესტა” სახელმწიფო ნომრით ... და დაუბრუნდა ლ. დ-იას შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის განჩინებით ლ. დ-იას სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. მოწინააღმდეგე მხარეს გადაეგზავნა სააპელაციო საჩივრისა და თანდართული საბუთების ასლები და დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში წარმოედგინა შესაგებელი სააპელაციო საჩივარზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლზე და განმარტა, რომ ვინაიდან, სააპელაციო ინსტანციით საქმის წარმოებისათვის დადგენილი ნორმები არ ითვალისწინებს სააპელაციო პასუხის წარდგენასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ წესს, გამოყენებული უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოებში შესაგებლის წარდგენის ვალდებულების შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლი, რომლის ,,ბ” ქვეპუნქტისა და მე-6 ნაწილის თანახმად, კანონმდებელი მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით თავისი პოზიციის გამოხატვის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის აწესებს ზეპირი მოსმენის გარეშე მის წინააღმდეგ, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. ამასთან, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესახებ სამოქალაქო კოდექსის XXVI თავში მოცემული წესებით. პალატის განმარტებით, სააპელაციო პასუხის შეუტანლობა უნდა იქნეს გათანაბრებული პროცესზე მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობასთან და დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს 2321 მუხლის საფუძველზე.

პალატამ მიუთითა, რომ დასახელებული ნორმების შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს არსებობს თუ არა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები. უპირველესად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ სასამართლო გზავნილი (სააპელაციო საჩივარი და თანდართული საბუთების ასლები) კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს და შესაბამისად, განემარტა, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, მის წინააღმდგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, ამასთან, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ მის მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარე არასაპატიო მიზეზით არ წარმოადგენს სააპელაციო პასუხს (შესაგებელს).

პალატამ, იმის გათვალისწინებით, რომ ბ. მ-ს კანონით დადგენილი წესით 2010 წლის 26 თებერვალს ჩაბარდა სააპელაციო საჩივარი, მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში (2010 წლის 5 მარტის ჩათვლით) სააპელაციო პასუხი არ წარმოუდგენია. მან სააპელაციო პასუხი წარადგინა 2010 წლის 9 მარტს, სასამართლოს მიერ დადგენილი 7-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით და მიიჩნია, რომ სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) წარდგენის ვადის ამოწურვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობებს ქმნის. სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას და სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობის გამო, დამტკიცებულად იქნა მიჩნეული აპელანტის ახსნა-განმარტებაში მითითებული შემდეგი გარემოებები:

ლ. დ-იამ თავისი კუთვნილი ავტომანქანა “ფორდ ფიესტა” სახელმწიფო ნომრით ..., გასაყიდად გადასცა ა. ც-ეს იმ პირობით, რომ ავტომანქანის ფასზე მყიდველს თვითონ შეუთანხმდებოდა, 2006 წელს ა. ც-ემ, ლ. დ-იასთან შეთანხმების გარეშე, სადავო ავტომანქანა მიჰყიდა მოპასუხე ბ. მ-ს 2400 აშშ დოლარად. მოპასუხეს გადაეცა ავტომანქანა და სარეგისტრაციო მოწმობა. იმავე წელს ლ. დ-ია საზღვარგარეთ გაემგზავრა სამკურნალოდ, ხოლო დარბუნების შემდეგ ა.ც-ე ვეღარ იპოვა, რის შესახებაც განაცხადა პოლიციაში. ამ დროს მისთვის ცნობილი გახდა, რომ ა.ც-ის მიმართ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე და იმყოფებოდა ძებნაში. ბ. მ-მა ფულის გადახდამდე და მანქანის წაყვანამდე იცოდა, რომ მანქანა გაფორმებული იყო ლ. დ-იას სახელზე. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 158-ე მუხლზე, 187-ე მუხლზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ჩათვალა, რომ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტები იურიდიულად ამართლებენ აპელანტის მოთხოვნას რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის (სარჩელის) დაკმაყოფილების წინაპირობა იყო.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ბ.მ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი დასაბუთებით:

მოწინააღმდეგე მხარის მიერ სასამართლოსაგან განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობა განაპირობა მექანიკურმა შეცდომამ, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გზავნილის პირველ გვერდზე მითითებული იყო “10 ფურცელი”, რაც შეცდომით გაგებულ იქნა შესაგებლის წარდგენის ათდღიან ვადად, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ ბ. მ-ი ავტომანქანის კეთილსინდისიერი შემძენია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით ბ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე, 233-ე მუხლებით, 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით და განმარტა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორის მიერ არ არის მითითებული და, შესაბამისად, დადასტურებული არც ერთი ის გარემოება, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმების მიხედვით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების სამართლებრივ საფუძვლად.

სასამართლომ მიუთითა, რომ საჩივრის ავტორს (მოწინააღმდეგე მხარეს) გაეგზავნა სააპელაციო საჩივარი ათ ფურცლად, რის შესახებაც მითითებულია გზავნილში, აღნიშნულის შესახებ განმარტებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით სააპელაციო საჩივარსა და მასში დასმულ საკითხებზე პასუხის (შესაგებლის) წარდგენის თაობაზე გზავნილის ჩაბარებიდან შვიდი დღის ვადაში, ამასთან, მხარეს განემარტა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შედეგი – მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. სასამართლოს მითითებით, ის გარემოება, რომ მხარემ ყურადღებით არ წაიკითხა გზავნილი და მისთვის გადაგზავნილი სააპელაციო საჩივრის ფურცლების რაოდენობის აღმნიშვნელი ციფრი მიიჩნია შესაგებლის წარდგენის ვადად, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას სასამართლოს მიერ დადგენილ შვიდღიან ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს მიერ გათვალისწინებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის მოთხოვნა იმის შესახებაც, იურიდიულად ამართლებდა თუ არა სააპელაციო საჩივარში მითითებული დადასტურებულად მიჩნეული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას.

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, 240-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მიიჩნია, რომ ბ.მ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ.მ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რადგანაც ფაქტობრივი გარემოებები მოთხოვნას იურიდიულად არ ასაბუთებს. ლ.დ-ია სარჩელშივე მიუთითებდა, რომ კუთვნილი ავტომობილი ა.ც-ეს გადასცა სწორედ გასხვისების მიზნით და 2006 წელს ა.ც-ემ ავტომობილი მიჰყიდა კასატორს. იმის გათვალისწინებით, რომ ლ.დ-იას თანხა არ მიუღია, ამ უკანასკნელმა მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას დადგინდა, რომ კასატორი იყო ნივთის კეთილსინდისიერი შემძენი სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის შესაბამისად, რადგანაც, დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ბ.მ-ს თანხის გადახდის შემდეგ გადაეცა ავტომობილი და მისი სარეგისტრაციო მოწმობა, ამასთან, საკუთრების უფლების რეგისტრაცია სავალდებულო არ არის. ამდენად, დადასტურებულია, რომ სარჩელი იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

კასატორის განმარტებით, კეთილსინდისიერად მისი მიჩნევის წინაპირობა ისიცაა, რომ ავტომობილი გამყიდველს უკანონოდ არ ჰქონდა მფლობელობაში, პირიქით, მოსარჩელე თავადვე განმარტავდა, რომ ის და ა.ც-ე იყვნენ პარტნიორები და მან ავტომობილი გასაყიდად გადასცა ამ უკანასკნელს და შემძენისათვის უფლებრივი ნაკლის თაობაზე ცნობილი არ იყო.

დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2010 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ მან საპატიო მიზეზით დაარღვია შესაგებლის შეტანისათვის დადგენილი ვადა, ვინაიდან გზავნილში მითითებილი “10 ფურცელი” არასწორად ჩათვალა შესაგებლის წარდგენის ვადად და სწორედ 10 დღეში წარადგინა შესაგებელი სააპელაციო საჩივრზე, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ საპატიო მიზეზად სასამართლოს უნდა მიეჩნია სწორედ მექანიკური შეცდომის გამო შესაგებლის დაგვიანებით წარდგენა, ვინაიდან ბ.მ-ი სასამართლო გზავნილს უპასუხისმგებლოდ არ მოკიდებია. დაუსწრებელი გადაწყვეტლებით დაირღვევა მხარის საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული უფლებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინებით ბ. მ-ს საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 მაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

განსახილველი საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის განჩინებით ლ. დ-იას სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, ამავე განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს _ ბ.მ-ს განესაზღვრა საპროცესო ვადა 7 დღით სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარდგენისათვის და განემარტა მითითებულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის შედეგი _ სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქმის მასალებით დადგენილია და ამას არც საკასაციო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ, რომ სააპელაციო სასამართლოს გზავნილი და ლ. დ-იას სააპელაციო საჩივრის ასლი მას პირადად ჩაბარდა 2010 წლის 26 თებერვალს, მხარემ კი სააპელაციო შესაგებელი შეიტანა 2010 წლის 9 მარტს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლით კანონმდებელმა დაადგინა სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილით განისაზღვრა აპელანტის გამოუცხადებლობის, ხოლო მე-2 ნაწილით _ აპელანტის მოწინააღმდეგ მხარის გამოუცხადებლობის შედეგი, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესები სპეციალური ნორმებია სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მხარის გამოუცხადებლობასთან მიმართებით, ამასთან, კანონმდებელმა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრა, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, მათ შორისაა დადგენილ ვადაში სააპელაციო პასუხის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

როგორც მითითებული ნორმიდან, ისე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის ზოგადი ანალიზიდან ირკვევა, ზემოაღნიშნულ პირობებთან ერთად, იმისათვის რომ აპელანტის (მოსარჩელის) მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს, საჭიროა არსებობდეს ასევე უმთავრესი პირობა _ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას (სსსკ 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი), ხოლო მითითებული გარემოებები კი სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე დამტკიცებულად მიიჩნევა (სსსკ 230-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი).

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, დადგენილად ჩათვალა სარჩელში მითითებული შემდეგი გარემოებები:

ა. ლ. დ-იამ თავისი კუთვნილი ავტომანქანა “ფორდ ფიესტა”, სახელმწიფო ნომრით _ ... გასაყიდად გადასცა ა. ც-ეს იმ პირობით, რომ ავტომანქანის ფასზე მყიდველს თვითონ შეუთანხმდებოდა;

ბ. 2006 წელს ა. ც-ემ, ლ. დ-იასთან შეთანხმების გარეშე, სადავო ავტომანქანა მიჰყიდა მოპასუხე ბ. მ-ს 2 400 აშშ დოლარად; მოპასუხეს გადაეცა ავტომანქანა და სარეგისტრაციო მოწმობა;

გ. იმავე წელს ლ. დ-ია გაემგზავრა საზღვარგარეთ სამკურნალოდ, ხოლო დაბრუნების შემდეგ ა. ც-ე ვეღარ იპოვა, რის შესახებაც განაცხადა პოლიციაში. ამ დროს მისთვის ცნობილი გახდა, რომ ა. ც-ის მიმართ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე და იგი იმყოფებოდა ძებნაში;

დ. ბ. მემნიშვილმა ფულის გადახდამდე და მანქანის წაყვანამდე იცოდა, რომ მანქანა გაფორმებული იყო ლ. დ-იას სახელზე.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის საფუძველზე, მართებულად იხელმძღვანელა ამავე კოდექსის 158-ე მუხლით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბ.მ-ისათვის ნივთის შეძენისას ცნობილი იყო მისი უფლებრივი ნაკლის თაობაზე, შემძენი სასამართლომ სავსებით მართებულად არ ჩათვალა სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებული კეთილსინდისიერი შემძენის დაცვის ობიექტად, ამდენად, სამართლებრივად დადასტურდა ნივთის არამალთზომიერი ფლობა და სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მესაკუთრეს ჰქონდა აბსოლუტური უფლება, მოეთხოვა ნივთის უკანონო მფლობელისაგან ავტომობილის დაბრუნება.

დასახელებული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის არგუმენტს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე, კერძოდ, არასწორია კასატორ ბ.მ-ის მტკიცება, რომ სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის საფუძველზე ის კეთილსინდისიერი შემძენია, რადგანაც მესამე პირთან გარიგების დადებისას მას გადაეცა ავტომობილის ტექნიკური პასპორტი, მან გადაიხადა ნასყიდობის საფასური და აღნიშნული გარემოებები რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ იქნა დადგენილი.

აღნიშნული მოსაზრების საპირისპიროდ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს ერთგვარ პროცესუალურ სანქციას პირის მიმართ, რომელიც განსაზღვრულ ვადაში არასათანადოდ ახორციელებს სასამართლო დავალებას. ასეთ დროს (ივარაუდება შესაგებლის შეუტანლობა ან მოპასუხის გამოუცხადებლობა) გადაწყვეტილების გამოტანა ხდება დადგენილად მიჩნეული გარემოებების მატერიალურ კანონმდებლობასთან ფორმალური შესაბამისობის კვლევის საფუძველზე, ისე, რომ სასამართლო არაუფლებამოსილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები, უფრო მეტიც, კანონი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას იმპერატიულად ადგენს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები დადგენილად მიიჩნევა და მართლმსაჯულება შემოიფარგლება მხოლოდ დადგენილი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი დასაბუთების შემოწმებით, რაც განსახილველ შემთხვევაში უტყურად, სწორადაა დადგენილი.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბ.მ-ის საკასაციო პრეტენზიას, რომ სასამართლოს გზავნილში მითითებული “10 ფურცლად” მხარემ ჩათვალა შესაგებლის წარდგენის ვადად და მან სწორედ ამ ვადაში წარადგინა სააპელაციო პასუხი, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეს არც საჩივრითა და არც საკასაციო საჩივრით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მართებულობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის საფუძველზე სადავო არ გაუხდია და ასეთი არც საქმის მასალებით დასტურდება, ხოლო საპატიო მიზეზის თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია, რომ ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

მითითებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საპატიო მიზეზად არ შეიძლება მიჩნეულ იქნა ის ფაქტი, რომ ბ.მ-მა გზავნილის მითითება “10 ფურცლად” ჩათვალა შესაგებლის წარდგენის ვადად, ვინაიდან აღნიშნული მხარის მიზეზითაა განპირობებული და კანონით გათვალისიწნებულ ობიექტურ გარემოებას არ წარმოადგენს, რაც გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ბ.მ-ის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, არ ქმნის გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2010 წლის 5 ოქტომბრის განჩინების გაუქმების პროცესუალურ საფუძველს, შესაბამისად, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2010 წლის 5 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.