Facebook Twitter

ას-640-601-2011 6 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ს. ჩ- (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ხ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის დამატებითი განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი _ უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხისა და ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. ჩ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ხ-ის მიმართ უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული 15000 აშშ დოლარისა და ზიანის _ 25000 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, რაზეც მოპასუხემ შეიტანა საჩივარი. ამავე სასამართლოს 2010 წლის 4 მარტის განჩინებით მ. ხ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და განჩინებაზე მ. ხ-მა შეიტანა სააპელაციო საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ გაუქმდა, ხოლო საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს არსებითად განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2010 წლის 11 იანვარს სასამართლოს მთავარი სხდომის დანიშვნის თაობაზე მხარეები გაფრთხილებულ იქნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

2010 წლის 8 იანვარს მოპასუხე მ. ხ-ის წარმომადგენლებმა ნ. ო-მა და ნ. ლ-ემ განცხადებით მიმართეს სასამართლოს, რომ ვერ გამოცხადდებოდნენ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, ვინაიდან იმავე დღეს, იმავე დროს მონაწილეობდნენ სისხლის სამართლის საქმის განხილვაში და იცავდნენ განსასჯელ ი. თ-ის ინტერესებს. წარმომადგენლებმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს საქმის განხილვის გადადების თაობაზე. განცხადებას დაერთო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ გაცემული ცნობა იმის თაობაზე, რომ ადვოკატები ნ. ო-ი და ნ. ლ-ე მონაწილეობენ 2010 წლის 11 იანვარს, 10.00 საათზე დანიშნულ სისხლის სამართლის საქმის განხილვაში და იცავენ განსასჯელ ი. თ-ეს.

2010 წლის 11 იანვარს სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხე მ. ხ-ი და მისი წარმომადგენლები, გამოცხადდა მოსარჩელე ს. ჩ-ს წარმომადგენელი ო. გ-ე, რომელმაც იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე, 241-ე მუხლებით, 233-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ხელშემშლელი გარემოება, კერძოდ, მოპასუხის გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით.

სააპელაციო პალატამ დადასტურებლად ჩათვალა ის გარემოება, რომ მ. ხ-ის წარმომადგენლები – ნ. უ-ი და ნ. ლ-ე მოცემული საქმის განხილვისას იმყოფებოდნენ სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში, ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ წარმომადგენლებმა შეასრულეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნა და სხდომამდე რამოდენიმე დღით ადრე აცნობეს სასამართლოს თავისი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ მოპასუხის წარმომადგენლები _ ნ. ო-ი და ნ. ლ-ე 2010 წლის 11 იანვარს, 10.00 საათზე სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში ესწრებოდნენ მხოლოდ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, ამდენად, აღნიშნული გარემოება კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე არ შეიძლება ჩაითვალოს იმის მტკიცებულებად, რომ ადვოკატთა დასწრება მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას სხდომაზე სავალდებულო არ იყო.

სააპელაციო პალატის განმარტებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა უნდა ემყარებოდეს ვარაუდს, რომ მხარეს დაკარგული აქვს საქმის განხილვის მიმართ ინტერესი, იგი შეგნებულად არიდებს თავს პროცესში მონაწილოებას ან მისი მოქმედება მიმართულია საქმის განხილვის გაჭიანურებისაკენ. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მონაწილეობდა სასამართლოში მიმდინარე დავის განხილვაში, რაც გამოიხატებოდა სხდომებზე გამოცხადებაში, სასამართლოსათვის ახსნა-განმარტებების მიცემაში თუ სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებაში, შესაბამისად, აღნიშნული არ იძლევა მხარის მიერ საქმის მიმართ ინტერესის დაკარგვის, ან საქმის განხილვის ხელოვნურად გაჭიანურების მცდელობის ვარაუდის საფუძველს.

სასამართლომ ასევე საპატიოდ ჩათვალა საქმის განხილვაზე თავად მ. ხ-ისა და მისი წარმომადგენლის (ამავდროულად მეუღლის) _ ნ. ხ-ის გამოუცხადებლობაც, რადგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გაიზიარა შპს “ლ-ას” საექიმო ამბულატორიის მთავარი ექიმის _ რ.ხ-ის სამედიცინო ცნობა ნ. ხ-ის ავადმყოფობის თაობაზე.

სააპელაციო პალატამ 2011 წლის 24 მარტს მიიღო დამატებითი განჩინება, რომლითაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ს. ჩ-ს მ. ხ-ის სასარგებლოდ დააკისრა მოპასუხის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის _ 2870,40 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლოს დამატებითი განჩინება ს. ჩ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი და უგულებელყო ამავე მუხლის მეოთხე ნაწილი, რომლის მიხედვითაც საქმეზე სასამართლო ხარჯები უნდა განაწილებულიყო არსებითად მიღებული გადაწყვეტილებით. მოცემულ შემთხვევაში კი საქმე დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ჩ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო პალატის გასაჩივრებული დამატებითი განჩინება გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში კასატორი ს. ჩ- ასაჩივრებს სააპელაციო პალატის დამატებით განჩინებას, რომლითაც განისაზღვრა სახელმწიფო ბაჟის საკითხი და ს. ჩ-ს მ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მოპასუხის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის _ 2870,40 ლარის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლოს ძირითადი განჩინებით კი საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მისი წარმოება არსებითად არ დასრულებულა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი, რომელიც ადგენს სასამართლო ხარჯების განაწილების წესს. აღნიშნული ნორმის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო ხარჯების საბოლოო განაწილება დამოკიდებულია სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, დაკმაყოფილდა თუ არა სარჩელი (სააპელაციო თუ საკასაციო საჩივრები) და რა მოცულობით მოხდა მისი დაკმაყოფილება. მხოლოდ დავის არსებითად გადაწყვეტის შედეგადაა შესაძლებელი იმის განსაზღვრა, რომელ მხარეს რა ოდენობით სახელმწიფო ბაჟი ან სხვა სასამართლო ხარჯები უნდა დაეკისროს. შესაბამისად, აღნიშნული უნდა განხორციელდეს სასამართლოს ისეთი გადაწყვეტილებით, რომლითაც საქმის განხილვა არსებითად სრულდება. იმ შემთხვევაში, როდესაც ზემდგომი ინსტანციის სასამართლო უცვლელად ტოვებს ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილებას, იგი იმსჯელებს მხოლოდ ამ ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და თუ სხვა ხარჯების განაწილებაზე, ხოლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ხარჯები დარჩება უცვლელად.

როგორც უკვე აღინიშნა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 თებერვლის განჩინებით, რომელზეც მიღებულ იქნა გასაჩივრებული დამატებითი განჩინება, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ გაუქმდა, ხოლო საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს არსებითად განსახილველად, ანუ საქმის წარმოება არ დასრულებულა. საქმის ხელახლა განხილვისას კი არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ დავის სამართლებრივი ბედის გადაწყვეტასთან ერთად შეიცვალოს გასაჩივრებული დამატებითი განჩინებით განაწილებული სასამართლო ხარჯების დაკისრების საკითხიც. შესაბამისად, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ეტაპზე დასაკისრებელი სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების კანონიერების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ასეთ დროს სასამართლოს არ გააჩნია ის მონაცემები, რაც აუცილებელია სახელმწიფო ბაჟის ოდენობის დადგენისა თუ სხვა სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

სწორედ ზემოხსენებულის გამო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილი უთითებს, რომ, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ხსენებული ნორმა გულისხმობს, რომ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემთხვევაში გაუქმებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასამართლო ხარჯების განაწილება ძალას კარგავს და აღნიშნული ხელახლა უნდა განაწილდეს დავის არსებითად გადაწყვეტის დროს.

ამდენად, მოცემული საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების, ხოლო საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნების პირობებში სახელმწიფო ბაჟის განსაზღვრის მიზანშეწონილობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ა:

ს. ჩ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის დამატებითი განჩინება და მიღებულ იქნას შემდეგი ახალი გადაწყვეტილება: მოცემულ დავაზე სასამართლო ხარჯები განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს.

საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.