Facebook Twitter

ას-669-630-2011 11 ოქტომბერი, 2011 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

კასატორი _ გ. ბ-ი

წარმომადგენელი – გ. ყ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ., ნს., მ. და ზ. წ-ები

წარმომადგენელი – ე. გ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება– თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ., ნს., მ. და ზ. წ-ების მიმართ და, სამოქალაქო კოდექსის 1204-ე და 1198-ე მუხლების თანახმად, მოითხოვა მოპასუხეებისგან არასრულწლოვანი შვილების დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით: გ. ბ-სა და მის მეუღლეს, ნნ. წ-ს, შეეძინათ სამი შვილი: 2002 წლის 16 თებერვალს დაბადებული ნ. ბ-ი, 2006 წლის 10 იანვარს დაბადებული ს. ბ-ი და ლ. ბ-ი. 2009 წლის 26 ნოემბერს გარდაიცვალა გ. ბ-ის მეუღლე, ნნ. წ-ი, რის შემდეგაც მოსარჩელე დასთანხმდა, რომ, სამგლოვიარო დღეებში, ბავშვები ყოფილიყვნენ მოპასუხეებთან, ნნ. წ-ის მშობლებსა და დებთან. დაკრძალვის შემდგომ, მოპასუხეთა თხოვნით, მოსარჩელე დასთანხმდა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილები საცხოვრებლად დარჩენილიყვნენ მოპასუხეებთან, თუმცა გ.ბ-ი ყოველდღიურად ნახულობდა მათ. გარკვეული პერიოდის შემდგომ, როდესაც ნ. ბ-მა მოითხოვა მამის სახლში ღამის გათევა, სადაც იზრდებოდა კიდეც იგი დედის გარდაცვალებამდე და მამამ მისი სურვილი დააკმაყოფილა, წარმოიშვა კონფლიქტი მოპასუხეებთან, რასაც მოჰყვა მათი მხრიდან მოსარჩელის სახლიდან ნ. ბ-ის ძალისმიერი მეთოდებით წაყვანა. აღსანიშნავია ისიც, რომ, როდესაც გ. ბ-ი მივიდა მისი გარდაცვლილი მეუღლის ოჯახში ბავშვის სანახავად და წამოსაყვანად, მას ამის საშუალება არ მიეცა, უფრო მეტიც, მოპასუხეებმა გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, თითქოსდა მოსარჩელის მხრიდან განხორციელებული ძალადობის აღსაკვეთად.

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს შემდეგი საფუძვლებით: ბავშვები ნნ. წ-ის გარდაცვალებამდეც დროის უმეტეს ნაწილს სწორედ მოპასუხეებთან ატარებდნენ. ისინი დედის გარეშე არასდროს დარჩენილან გ. ბ-ის სახლში. გარდა ამისა, მოპასუხეთა უარი, გადასცენ ბავშვები მათ კანონიერ წარმომადგენელს, განპირობებულია თავად არასრულწლოვანთა სურვილით და მიმართულია მათი კეთილდღეობისკენ, რადგან მოსარჩელე, თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე (წლების განმავლობაში მოიხმარდა ნარკოტიკებს), ვერ უზრუნველყოფს ბავშვების ნორმალურ აღზრდას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა ნ., ლ. და ს. ბ-ების მამისთვის, გ. ბ-ისთვის დაბრუნება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ., ნს., მ. და ზ. წ-ებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 თებერვლის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა ნ., ნს., მ. და ზ. წ-ების სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გ. ბ-სა და ნნ. წ-ს შეეძინათ სამი შვილი: 2002 წლის 16 თებერვალს დაბადებული ნ. ბ-ი, 2006 წლის 10 იანვარს დაბადებული ს. ბ-ი და ლ. ბ-ი. ნნ. წ-ი გარდაიცვალა 2009 წლის 26 ნოემბერს. 2009 წლის ნოემბერში გ. ბ-ის თანხმობით ბავშვები იმყოფებოდნენ მოპასუხეებთან, რა დროსაც გ. ბ-ს ბავშვებთან ურთიერთობის პრობლემა არ ჰქონია. მოგვიანებით მოპასუხეებმა უარი განაცხადეს მოსარჩელისათვის ბავშვების დაბრუნებაზე. მოპასუხეები ნ. წ-ი და ზ. წ-ი არიან 2009 წლის 26 ნოემბერს გარდაცვლილი ნნ. წ-ის მშობლები, ხოლო მ. და ნს. წ-ები - დები. გ. ბ-ი წლების განმავლობაში მოიხმარდა ნარკოტიკს. იგი 2008 წლის 10 ოქტომბრიდან გადიოდა მკურნალობის კურსს სსიპ ,,ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” მეთადონის ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილებაში დიაგნოზით: ოპიოიდების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი, თავშეკავება მიმდინარე კლინიკური დაკვირვების ქვეშ ჩანაცვლებითი თერაპიის პირობებში. 2010 წლის 18 თებერვლის სასამართლოს დროებითი განკარგულების თანახმად, გ. ბ-ს ბავშვებთან ურთიერთობის უფლება დაუდგინდა ოჯახის ახლობლების ქ. ბ-ისა და თ. გ-ის თანდასწრებით. ს. და ლ. ბ-ები, მას შემდეგ რაც იმყოფებიან მოპასუხეებთან, თითქმის აღარ დაჰყავთ საბავშვო ბაღში. ორივე მხარეს ბავშვების რჩენა-აღზრდისათვის აქვთ ნორმალური პირობები.

პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გ. ბ-ი 18 წლიდან ნარკოტიკულ ნივთიერებებს აქტიურად მოიხმარს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ქ.თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს 14.07.2010 წლის ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ გ.ბ-ი 2006 წელს გასამართლებულ იქნა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ფაქტზე) და მიესაჯა 5 წლით პირობითი სასჯელი და დამატებით სასაჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით. ამავე ცნობის თანახმად, გ.ბ-ი არის ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელი, რის გამოც იგი იმყოფებოდა აღრიცხვაზე 2008 წლის 10 ოქტომბრიდან “სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეთადონით ჩანაცვლების მკურნალობის თერაპიის განყოფილებაში”, იგი ყოველდღიურად იღებდა პრეპარატ “მეთადონს”, გამოირჩეოდა აგრესიით, კონფლიქტი მოსდიოდა მოქალაქეებთან, რის გამოც რამოდენიმეჯერ გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია. გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ 2009 წლის 21 ოქტომბერსა და 4 ნოემბერს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარების ფაქტზე გ. ბ-ი დაჯარიმებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 500 ლარის ოდენობით.

პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ გ.ბ-ი, როგორც ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელი, 2008 წლის 10 ოქტომბრიდან გადიოდა მკურნალობის კურსს სსიპ ,,ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” მეთადონის ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილებაში დიაგნოზით: _ ოპიოიდების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი, თავშეკავება მიმდინარე კლინიკური დაკვირვების ქვეშ ჩანაცვლებითი (მეთადონით) თერაპიის პირობებში. მეთადონის ჩანაცვლებითი თერაპიის მე-7 განყოფილების უფროს ზ. შ-ას დახასიათების მიხედვით, გ. ბ-ის ჯამრთელობის მდგომარეობა იყო სტაბილური, პროგრამაში მონაწილეობის პერიოდში რეჟიმი უხეშად არც ერთხელ დაურღვევია. მისივე განმარტებით, დადგინდა, რომGგ.ბ-მა 2010 წლის 10 თებერვალს დაასრულა მკურნალობის კურსი და იგი განყოფილებიდან გაეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. იგი მოტივირებული იყო ფხიზელი ცხოვრების წესსზე, ასევე საფრთხეს არ წარმოადგენდა საკუთარი თავისა და გარშემო მყოფთათვის. გაწერისას მას დაესვა დიაგნოზი: ადრეული რემისია. მისივე მითითებით, გ.ბ-ს ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი, პიროვნების დეგრადაციის ნიშნები არ აღენიშნებოდა; რემისიის პერიოდი მთელი ცხოვრება შეიძლება გაგრძელდეს. არ არსებობს ზუსტი მონაცემი, როდის შეიძლება დამთავრდეს იგი, ამასთანავე ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანისთვის პროგრამიდან გასვლის შემთხვევაში არსებობს ქმედების განხორციელების რისკ-ფაქტორი და 2005 წლიდან პროგრამიდან გასული პირების დაახლოებით 10%-ს აქვს მყარი რემისია. მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ, იმის თქმა არ შეიძლება, რომ პირი საერთოდ აღარ მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს, მაგრამ, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით ნაკლებია ქმედების განხორციელების რისკ–ფაქტორი. სს ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორ მ. ლ-ას განმარტებით, გ. ბ-ს ჩატარებული გამოკვლევების შედეგად ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი არ აღენიშნება, ვინაიდან იგი იმყოფება რემისიის მდგომარეობაში. მ. ლ-ას მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ 2010 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით გ. ბ-ს ჩაუტარდა დინამიური ნარკოლოგიური გამოკვლევა და დაუდგინდა ადრეული რემისია. ექიმ-ფსიქოლოგის განმარტებით, დგინდება, რომ გ. ბ-ი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით სრულიად უსაფრთხოა, იგი მზადაა ბავშვებთან დასაბრუნებლად. მოტივირებულია ჯანსაღი ცხოვრების წესზე. მოტივაციას ზრდის ბავშვების დაბრუნების სურვილი. ამასთანავე, სპეციალისტ მ. ჭ-ის ჩვენებით გ. ბ-ი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მზადაა ბავშვების დასაბრუნებლად, თუმცა ნარკოტიკების მოხმარების განახლების საშიშროება მუდმივად არსებობს.

სააპელაციო სასამართლომ ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის ნ.გვენეტაძის დასკვნიდან გამომდინარე, დადგენილად მიიჩნია, რომ გ.ბ-ის ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია. სამივე ბავშვი ძალიან აქტიური და კეთილგანწყობილია ყველას მიმართ. სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მუშაკის შეკითხვაზე ბავშვები პასუხობენ, რომ თავს კარგად გრძნობენ და წ-ების ოჯახში ურჩევნიათ ყოფნა. ამავე დასკვნის თანახმად, ნ. ბ-თან გასაუბრებით გამოიკვეთა, რომ ბავშვს არა აქვს სურვილი იცხოვროს მამასთან, თუმცა მამა უყვარს და არ აპირებს ურთიერთობის გაწყვეტას. გარდა ამისა, წ-ების ოჯახის ყველა წევრი ფიქრობს, რომ ბავშვებს მამა შეუნარჩუნონ, მაგრამ გ. ბ-ი, რომელიც თითქმის არ მონაწილეობდა შვილების აღზრდაში, მზად არ არის, აიღოს ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც ბავშვების სწორად აღზრდას უკავშირდება. დასკვნის თანახმად, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ესაჭიროებათ მზრუნველი და უსაფრთხო გარემო პირობები, სადაც დროულად იქნება ბავშვის ყველა საჭიროება დაკმაყოფილებული. ორივე ოჯახმა უნდა გაითვალისწინონ ბავშვების მოთხოვნები, როგორ შეუძლიათ ერთობლივი მოქმედებებით დაეხმარონ მათ. პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 18 თებერვლის სასამართლოს დროებითი განკარგულების თანახმად, გ. ბ-ს ბავშვებთან ურთიერთობის უფლება დაუდგინდა ოჯახის ახლობლების, ქ. ბ-ისა და თ. გ-ის, თანდასწრებით. მოწმე ქ. ბ-ის განმარტებით, მან დროებითი განჩინების მიღების შემდეგ 4-5 ჯერ მიიღო მონაწილეობა გ.ბ-ისა და ბავშვების ურთიერთობაში. თავიდან ბავშვები ტიროდნენ, რადგან არ სურდათ მამასთან წასვლა. შეხვედრაზე მხოლოდ ტყუპები დადიოდნენ. უფროსმა შვილმა თავად განაცხადა, რომ იგი არ წავიდოდა მამის სანახავად. შეხვედრის დროს გ.ბ-ი ჩვეულებრივად ზრუნავდა ბავშვებზე. გარდა ამისა, ერთ-ერთი შეხვედრის დროს გ.ბ-მა არასრულწლოვნები წაიყვანა სახლში, სადაც მათ მამიდა და ბებია-ბაბუაც დახვდნენ. ბავშვებს მამის სახლში დარჩენის სურვილი არ გამოუთქვამთ. შეხვედრებისას ტყუპები კარგად ხვდებოდნენ გ.ბ-ს. ბოლო შეხვედრისას ისინი მამას აღარ წაყვნენ.

პალატამM არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება გ. ბ-ის მხრიდან, ამჟამად ან ნარკოტიკების მოხმარების პერიოდში, ბავშვების ინტერესების საზიანო, საფრთხის შემცველი მოქმედებები ასევე საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და წარმოდგენილი მასალების საფუძველზე არ გაიზარა, რომ არასრულწლოვანი ბავშვები, ს. და ლ. ბ-ები, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მზად არიან მამასთან დაბრუნებისათვის.

სააპალაციო პალატის მოსაზრებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოები იძლევა საწინააღმდეგოს მტკიცების შესაძლებლობასა და აუცილებლობას, აღნიშნულის წინაპირობას წარმოადგენს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები: იაშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის ბავშვთა გლობალური განვითარების ხელშეწყობის ცენტრის მიერ ლ. და ს. ბ-ების სახელზე გაცემული ჯანმრთელობის ცნობა; დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის 26.04.2010 წლის წერილი; ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის აკადემიკოს ი.იმედაძისა და ფსიქოლოგიის მეცნიერებათ დოქტორის - ქ.ჩიგოგიძის გამოკვლევა; სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენლის თ.ხორავას გამარტება და სასამართლოს შინაგანი რწმენა, რომელიც ემყარება სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეუწონელად მიიჩნია, ბავშვების დაბრუნება გ.ბ-ისათვის მანამ, სანამ არ გავა გარკვეული დრო და მის გამოჯანმრთელებას ოფიციალურად არ დაადასტურებენ სპეციალისტები. პალატის მოსაზრებით, გ.ბ-მა, გარდა იმისა, რომ უნდა განამტკიცოს მიღწეული შედეგი გამოჯანმრთელების თვალსაზრისით, ამავდროულად უნდა მოამზადოს ბავშვები ფსიქოლოგიურად სიტუაციის შესაცვლელად, მათი შემდგომი ადაპტაციის პროცესის გაადვილების მიზნით. მამასთან შვილები დროთა განმავლობაში უნდა დაახლოვდნენ და არსებულ სიტუაციაში, როცა ბავშვები ბიოლოგიურ მამასთან ურთიერთობისას დაძაბულები არიან, რაც მთელი რიგი ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორებით არის განპირობებული, ბავშვების მოწყვეტა ჩვეული გარემოსაგან უფრო საზიანოა, ვიდრე ბუნებრივი ინტერესი, რომ ბავშვები მამასთან იყვნენ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებები და განმარტა: დავის არსიდან გამომდინარე, სამართლებრივი ნორმა არ შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ფორმალურ-იურიდიული მიდგომით. ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცით, აღირებულია ბავშვების კეთილდღეობის მიზნით, მათი აღზრდის ბუნებრივი გარემოს ჯეროვანი დაცვისა და მხრდაჭერის პრინციპი. კონვენციით აღიარებულია ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის მისი ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში აღზრდის აუცილებლობა. ოჯახური გარემო მოიცავს არა მხოლოდ მშობლების –დედისა და მამის გარემოცვას, არამედ ბავშვისათვის ჩვეულ გარემოს გულისხმობს, სადაც ის თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს, უზრუნველყოფილია მისი როგორც ინდივიდის მზაობა სრულფასოვნად და დამოუკიდებლად, მომზადებულად გრძნობდეს თავს საზოგადოებაში. ამავე კონვენციის მე-9 მუხლით დადგენილია შესაძლებლობა, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, არსებული კანონებისა და პროცედურების შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაცილება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.

,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მე-16 მუხლის თანახმად, არც ერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის ან კორესპოდენციის საიდუმლოების უფლებათა მის მიერ განხორციელებაში თვითნებური ან უკანონო ჩარევის, ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფის ობიექტი. კონკრეტულ შემთხვევაში პალატამ მიიჩნია, რომ დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით მნიშვნელოვანია პრიორიტეტის განსაზღვრა არა მამის, გ. ბ-ის, ინტერესების გათვალისწინებით, არამედ სამი _ არასრულწლოვანი ბავშვის ინტერსებიდან გამომდინარე. გ. ბ-ის პიროვნების, მისი არაპროგნოზირებადი მომავლისა და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და უმთავრესად ნ., ლ. და ს. ბ-ების ინტერესების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ ბავშვები ჩვეული ოჯახური გარემოს არ უნდა მოსწყდნენ.

განსახილველ შემთხვევაში მამისა და შვილების ურთიერთობის, მათი ინტერსების პროპორციულობისა და პრიორიტეტულობის განსაზღვრის მიზნით, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით უნდა შეფასდეს, ვისი უფლებები დაირღვევა ბავშვების გ.ბ-ისათვის გადაცემის ან გადაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში. პალატამ მიიჩნია, რომ მამის ინტერესი დაიბრუნოს ბავშვები ამ ეტაპზე, ვიდრე ბავშვები იმყოფებიან ჯერ კიდევ სტრესულ მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა, რომ სახეზე გვყავს ბიოლოგიური მამა გადატანილ უნდა იქნეს მეორე პლანზე. პალატამ განმარტა, რომ ფსიქოლოგების დასკვნის თანახმად, მამას უნდა მიეცეს შესაძლებლობა ბავშვების ცხოვრების რეჟიმის გათვალისწინებით, გარკვეული დანაწესით ნახოს და იქონიოს შვილებთან ურთიერთობა, თუმცა, ამ ეტაპზე იგი ვერ უზრუნველყოფს ბავშვებისათვის უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნას რადგან ინტერსეთა და ფასეულობათა ბალანსი წარმოადგენს ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას დავის სწორად გადაწყვეტისათვის.

პალატამ, დაეყრდნო რა სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1204-ე მუხლებს, არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებს ბავშვების მათთან ყოფნის კანონიერი საფუძველი არ გააჩნიათ. მოწმე ქ.ბ-ის ჩვენებაზე დაყრდნობით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბავშვები დედის სიცოცხლეშიც ძირითადად წ-ების სახლში იზრდებოდნენ, ასევე დადგენილად იქნა ცნობილი, რომ 2009 წლის ნოემბერში, ნნ. წ-ის გარდაცვალების შემდეგ, გ. ბ-ის თანხმობით ბავშვები იმყოფებოდნენ მოპასუხეებთან. ამასთანავე, კანონმდებლობა განსაზღვრავს ბებია-პაპის თუ მშობლის უფლებას, ურთიერთობა იქონიონ შვილებთან (შვილიშვილებთან). ამ უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას კანონმდებელი უპირატესობას ბავშვის ინტერესს ანიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ გ. ბ-ს არც მშობლის უფლება აქვს შეზღუდული და არც მამობის უფლება – ჩამორთმეული, ეს არ გამორიცხავს იმის სამართლებრივ შესაძლებლობას, რომ გ.ბ-ს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ბავშვების უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. ბ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სასამართლოს მიერ მითითებული მამისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დიფერენცირებული ინტერესები, არამედ, ამ დროს, ისინი ერთმანეთს ემთხვევა იმდენად, რამდენადაც მამის ინტერესი, მასთან იზრდებოდნენ მისი ბიოლოგიური შვილები, უპირველესად, სწორედ ამ უკანასკნელთა ინტერესების (ცხოვრობდნენ და იზრდებოდნენ ბიოლოგიურ ოჯახში) განხორციელებას ემსახურება. სადავო შემთხვევაში საქმე ეხება არასრულწლოვანი ბავშვების ბიოლოგიურ მშობელთან, რომელსაც არც მშობლის უფლება აქვს შეზღუდული და არც მამობის უფლება – ჩამორთმეული. ამასთანავე, არსებობს აბსოლუტური მზაობა მშობლის მხრიდან, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობით, ისე შინაგანი მოტივაციით, იზრუნოს შვილებზე და შეუქმნას მათ სწორი, ჯანსაღი ცხოვრების გარემო. ეს რეალობა სრულებით ეწინააღმდეგება სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომლის თანახმადაც, უხეშადაა გამიხნული მამისა და შვილების ინტერესები. სასამართლო თავის დასაბუთებაში ასევე უთითებს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლზე, მაშინ, როდესაც თავადვე უგულებელყოფს ბ-ისთვის ამ ნორმით მინიჭებულ უფლება-მოვალეობებს და უხეშად უზღუდავს მათ. გარდა ამისა, არ ხდება ამავე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებაც, რომლის თანახმადაც, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან და თავად განსაზღვრონ მათთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. სააპელაციო სასამართლოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არ იზიარებს პირველი ინსტანციის მოსაზრებას, თითქოს მოპასუხეებს ბავშვების მათთან ყოფნის კანონიერი საფუძველი არ გააჩნდათ, მით უმეტეს, რომ სააპელაციო სასამართლო ვერ ასაბუთებს იმას, თუ რაში გამოიხატებოდა მოპასუხეებთან ბავშვების ყოფნის კანონისმიერი საფუძველი. სასამართლომ დაუსაბუთებლად გამიჯნა რა ერთმანეთისგან მშობლისა და შვილის ინტერესი და დააცილა ისინი, არ განსაზღვრა ვადა ან გარემოებები, რომლის დადგომისასაც კვლავ შესაძლებელი გახდებოდა მამისა და შვილების ერთად ცხოვრება. შესაბამისად, სამუდამოდ მოისპო იმის შესაძლებლობა, რომ მამასა და ბავშვებს შორის ჩამოყალიბდეს ის ურთიერთობა, რაც აუცილებელია ოჯახური ატმოსფეროს შესაქმნელად. დაუსაბუთებლად და კანონის მოთხოვნათა სრული დარღვევით განხორციელდა მშობლის კანონიერი უფლების შეზღუდვა გ.ბ-ისთვის, რაც, თავის მხრივ, არღვევს და ზიანს აყენებს ბავშვთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, მათ შორის იმ ნაწილშიც, რომ მეურვე ან მზრუნველი არ დაენიშნა მათ. ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზე დაყრდნობითაც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება რეალურ ფაქტობრივ გარემოებებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს GAგასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს შემდეგი: მოცემულ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ არასრულწლოვანები ნ., ლ. და ს. ბ-ები დედის, ნ. წ-ის, გარდაცვალების (2009 წლის 26 ნოემბრის) შემდეგ ცხოვრობენ მოპასუხეებთან _ დედის მშობლებსა და დებთან.

სააპელაციო სასამართლომ ბავშვების მამის, გ. ბ-ის, სარჩელი მოპასუხეებისგან არასრულწლოვანი შვილების დაბრუნების თაობაზე არ დააკმაყოფილა იმ დასაბუთებით, რომ ამ ეტაპზე ბავშვების დაბრუნება გ.ბ-ისათვის, სანამ არ გავა გარკვეული ვადა და მის გამოჯანმრთელებას ოფიციალურად არ დაადასტურებენ სპეციალისტები, ბავშვების რისკის ქვეშ დაყენება, მათივე უსაფრთხოებისათვის პალატას მიზანშეუწონელად მიაჩნია. პალატა თვლის, რომ გ.ბ-მა გარდა იმისა, რომ უნდა განამტკიცოს მიღწეული შედეგი გამოჯანმრთელების თვალსაზრისით, ამავდროულად ფსიქოლოგიურად უნდა მოამზადოს ბავშვები სიტუაციის შესაცვლელად, მათი შემდგომი ადაპტაციის პროცესის გაადვილების მიზნით.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კანონის შემდეგ დანაწესებზე: სამოქალაქო კოდექსის 1204-ე მუხლის თანახმად, მშობლებს უფლება აქვთ, მოითხოვონ არასრულწლოვანი შვილის დაბრუნება იმ პირისაგან, რომელიც მას თავისთან ამყოფებს კანონიერი საფუძვლის გარეშე. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ თუ ვისთან უნდა იცხოვროს შვილმა. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება ჰქონდეთ ურთიერთობა შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება, ხოლო, 1197-ე მუხლის თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. Aამავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. ამასთან, სახელმწიფოს დამოკიდებულება მშობლის მიმართ მხოლოდ მათი უფლება-მოვალეობების განსაზღვრით არ შემოიფარგლება, არამედ სახელმწიფო იცავს მშობლის უფლებას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს შვილის აღზრდაში და გადაწყვიტონ, ვისთან და სად იცხოვროს შვილმა (სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლი).

ზემოაღნიშნული ნორმები სრულად შეესაბამება რა ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციით ბავშვთა უფლებების დამცავ ნორმებს, ერთმნიშვნელოვნად ადგენს ბავშვის ინტერესების დაცვის პრიორიტეტს. ამასთან, ეს ინტერესი არ შეიძლება ვიწროდ იქნეს გაგებული.

,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. მშობლებთან დაშორება შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც აუცილებელია ერთ-ერთ მშობელთან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ უნდა ეწინაამღდეგებოდეს ბავშვების ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს, აღიზარდონ და იცხოვრონ მატერიალურად და მორალურად ჯანსაღ გარემოში. ბავშვის აღზრდისათვის გარემოს შესაბამისობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად და დამაჯერებლად უნდა შემოწმდეს. ამ მიმართებით გადამწყვეტი მნიშვნელობა არა მხოლოდ მატერიალურ, არამედ მორალურ მხარეს უნდა მიენიჭოს. ამდენად, კანონი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ბავშვი დაშორდეს მშობელს და ზოგ შემთხვევაში სხვა ოჯახის წევრთან ან უფლებამოსილ პირთან განისაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ასეთი დაშორება მხოლოდ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული, ვინაიდან ბავშვისა და მშობლის დაშორება, ამ აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, უარყოფით გავლენას ახდენს Mმშობლის გარემოცვას მოწყვეტილი ბავშვის ფსიქიკაზე. აღნიშნულის მიუხედავად კანონი ბავშვის მშობელთან დაშორებას ითვალისწინებს, რასაც საფუძვლად უდევს უპირველეს ყოვლისა, მშობლის უარყოფითი პიროვნული მახასიათებლები და ბავშვზე ნეგატიური ზეგავლენის დასაბუთებული საშიშროება. ამავდროულად, ამგვარი გადაწყვეტილების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი აუცილებლობა უფლებამოსილი ორგანოების მიერ დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი და გამოკვლეული. აღნიშნულს ადასტურებს ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის მითითება ბავშვის მშობელთან დაშორების დასაშვებობაზე, როდესაც “კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს”.

უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული დავა, საოჯახო საქმეთა განხილვის თავისებურებებიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIII თავით დადგენილი წესებით უნდა იქნეს განხილული, რაც სამოქალაქო სამართალწარმოების განსხვავებულ წესს ადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რაც დავისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების მითითებასა და დამტკიცებაში სასამართლოს ჩაურევლობას გულისხმობს. ამ წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები, რა დროსაც სასამართლო აქტიურად ერთვება მტკიცების პროცესში და შეუძლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოება თავისი ინიციატივით დაადგინოს, კერძოდ:

საოჯახო_სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეების განხილვისას, 354-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს შეუძლია, თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ. კანონის ასეთი დამოკიდებულება(შეჯიბრებითობის პრინციპის ნაცვლად სასამართლოს მიერ სამოქალაქო საქმის ინკვიზიციური პრინციპით განხილვა) განპირობებულია საოჯახო ურთიერთობათა სპეციფიკითა და განსაკუთრებული მნიშვნელობით, რასაც ადასტურებს კონსტიტუციის 36-ე მუხლით სახელმწიფოს მიერ აღიარებული ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა. ამ მოსაზრებას განამტკიცებს ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლი, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

დავის სპეციფიკურობიდან და არასრულწლოვანთა ინტერესებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დეტალურად გამოიკვლია საქმის მასალები ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე და ასკვნის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უტყუარად არ ადგენს მშობლისა და შვილების დაშორების აუცილებლობას, კერძოდ:

ძირითადი მიზეზი, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიიღო, მდგომარეობს იმაში, რომ გ.ბ-ი, როგორც ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელი, 2008 წლის 10 ოქტომბრიდან გადიოდა მკურნალობის კურსს სსიპ ,,ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” მეთადონის ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილებაში. ამავე განყოფილების უფროსის ზ. შ-ას განმარტებით, დადგინდა, რომGგ.ბ-მა 2010 წლის 10 თებერვალს დაასრულა მკურნალობის კურსი და იგი განყოფილებიდან გაეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში დიაგნოზით: ადრეული რემისია, რომელიც შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს და ნარკოტიკების მოხმარების განახლების საშიშროება მუდმივად არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე ბავშვების დაბრუნება გ.ბ-ისათვის სანამ არ გავა გარკვეული ვადა და მის გამოჯანმრთელებას ოფიციალურად არ დაადასტურებენ სპეციალისტები, ბავშვების რისკის ქვეშ დაყენება, მათივე უსაფრთხოებისათვის პალატას მიზანშეუწონელად მიაჩნია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას, რადგან თვით პალატის მიერ არის დადგენილი, რომ ნარკომანიისაგან გამოჯანმრთელების დროის განსაზღვრა და მისი რეციდივის გამორიცხვა შეუძლებელია, რაც თავისთავად გამორიცხავს პალატის მიერ Mარაერთაზროვნად მითითებული “გარკვეული ვადის გასვლის” შემდეგ ბავშვების მშობელთან დაბრუნების შესაძლებლობას. ამასთან, ყველაზე მნიშვნელოვანია პალატის მოსაზრება, რომ მიღებული გადაწყვეტილება ბავშვების რისკის ქვეშ დაყენების აცილებას და მათ უსაფრთხოებას ემსახურება, თუმცა სასამართლო აღნიშნულ მოსაზრებას რაიმე მტკიცებულებაზე არ აფუძნებს, რაც გამორიცხავს მის დასაბუთებულობას, კერძოდ:

სადავოს არ წარმოადგენს, რომ ნარკომანიით დაავადება ადამიანის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ გ.ბ-ი მკურნალობს და საქმის მასალებით მკურნალობას დადებითი შედეგები მოჰყვა, აღნიშნული არ იძლევა ცალსახა დასკვნის საფუძველს, რომ მამასთან ბავშვების ცხოვრება სარისკო და სახიფათოა. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც არსებობს არასრულწლოვანებისთვის არაჯანსაღი გარემოს შექმნის ეჭვი, სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით შეუძლია თავისი ინიციატივით ჩართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ბავშვების აღზრდაზე კონტროლის დასაწესებლად.

სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ უნდა მოხდეს შვილების ბუნებრივი ადაპტაცია მამასთან და არსებულ სიტუაციაში, როცა ბავშვები ბიოლოგიურ მამასთან ურთიერთობისას დაძაბულები არიან და არ სურთ მასთან ურთიერთობა, რაც მთელი რიგი ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორებით არის განპირობებული, ბავშვების მოწყვეტა ჩვეული გარემოსაგან უფრო საზიანოა, ვიდრე ჩვეულებრივი ინტერესი, რომ ბავშვები მამასთან იყვნენ.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბავშვის აზრი მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა იგი შეიძლება არ იქნეს გათვალისწინებული, თუკი მის ინტერესებს არ შეესაბამება. ასეთ შემთხვევაში გონივრული შეფასება უნდა მიეცეს იმ გარემო პირობებს (არა მატერიალურს), სადაც ბავშვი იზრდება; უტყუარად უნდა იქნეს გამორიცხული, რომ ბავშვის ნეგატიური დამოკიდებულება მშობლისადმი მასზე არაჯანსაღი ფსიქიკური ზემოქმედების და არასწორი აღმზრდელობითი ღონისძიებების შედეგი არ არის; ასეთ გარემოებათა გამორიცხვის შემთხვევაში აუცილებლად უნდა დადგინდეს მშობლის ის უარყოფითი საქციელი, რაც სააპელაციო სასამართლოს დასკვნით არასრულწლოვანების მამასთან დაძაბულ ურთიერთობას იწვევს.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით უთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს ეჭვი მშობლის უფლების არასწორად განხორციელებისა ან ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული საკითხების არასწორად მოწესრიგებისა, რაც სწრაფ რეაგირებას მოითხოვს, ყველა ორგანო, მათ შორის უპირველესად სასამართლო, რომელსაც კანონით სწორედ ამიტომ განესაზღვრა ინკვიზიციური უფლება ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და გამოკვლევისა, ვალდებულია, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები ბავშვების უფლებების დასაცავად და აქტიურად ჩართოს კომპეტენტური ორგანოები ამ მდგომარეობის მოსაწესრიგებლად. ამ დავის გადაწყვეტისას ყურადსაღებია სამოქალაქო კოდექსის 11981 მუხლის დანაწესი, რომელიც ავალდებულებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, რომ აქტიურად ჩაერთოს არასრულწლოვანთა უფლებების, მათ შორის განათლების უფლების დაცვაში და არა ზოგადი დაკვირვებებითა და მხოლოდ საცხოვრებელი პირობების შესწავლით შემოიფარგლოს.

საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქმის მასალებით აშკარად იკვეთება ბავშვთა უფლებების დარღვევა ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისა და აღზრდის საკითხში, რადგან კანონიერი წარმომადგენლის _ მამის მიერ არ (თუ ვერ) ხორციელდება შესაბამისი ზომები ბავშვების განათლებასთან დაკავშირებით, რაც ბავშვებისთვის გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს და ამ გარემოებას თავიანთ განმარტებებში მოდავე მხარეებიც ადასტურებენ. იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება მოზარდებს, რომელთა განათლებაში დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებასაც: იმ შემთხვევაში, თუ ბავშვების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრება მოპასუხეების საცხოვრებელი ადგილი, არასრულწლოვანების განათლება (სკოლის, ბაღის) კვლავ პრობლემატური და მოუწესრიგებელი დარჩება, რადგან მოდავე მხარეებს შორის გონივრული მიდგომით, ბავშვების უფლებებისა და ინტერესების მიმართებით არსებული პრობლემის პრიორიტეტულად გათვალისწინებით, შეთანხმების მიღწევა ნაკლებად შესაძლებელია (საკასაციო სასამართლოს ამ დასკვნას საფუძვლად უდევს როგორც საქმის მასალები, ასევე საკასაციო სასამართლოს სხდომებზე მიღებული მხარეთა განმარტებები).

მხარეთა ურთიერთდამოკიდებულება ეჭვქვეშ აყენებს პალატის მოსაზრებას, რომ გ.ბ-მა, გარდა იმისა, რომ უნდა განამტკიცოს მიღწეული შედეგი გამოჯანმრთელების თვალსაზრისით, ამავდროულად უნდა მოამზადოს ბავშვები ფსიქოლოგიურად სიტუაციის შესაცვლელად, მათი შემდგომი ადაპტაციის პროცესის გაადვილების მიზნით, უნდა მოხდეს შვილების ბუნებრივი ადაპტაცია მამასთან. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, რაიონულმა სასამართლომ მიიღო დროებითი განკარგულება ბავშვებისა და მამის ურთიერთობის რეგულირების მიზნით, თუმცა ამ განკარგულების შესრულება არ ხორციელდება, ვინაიდან სასამართლოს დროებითი განკარგულების თანახმად, გ. ბ-ს ბავშვებთან ურთიერთობის უფლება დაუდგინდა ოჯახის ახლობლების ქ. ბ-ისა და თ. გ-ის თანდასწრებით, რის განხორციელებაზე ეს უკანასკნელები უარს აცხადებენ და სასამართლოსაც რაიმე კორექტივი ამ განკარგულებაში არ შეუტანია. ასეთ შემთხვევაში გაურკვეველია, როგორ უნდა მოხდეს შვილების ბუნებრივი ადაპტაცია მამასთან და შესაბამისად, ბავშვებისა და მშობლის უფლებების დაცვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოარკვიოს არა მარტო სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტები არასრულწლოვანების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელ ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით, არამედ გადაწყვეტილების კვლევით ნაწილში მითითებული გარემოებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომლითაც დამაჯერებლად და სარწმუნოდ დადგინდება, რომ არასრულწლოვანების და მშობლის დაშორება აუცილებლობითაა გამოწვეული ან ასეთი დაშორების აუცილებლობა არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.