¹ას-689-650-2011 18 ოქტომბერი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივანი _ ლელა სანიკიძე
კასატორი _ ლ. ნ-ე
წარმომადგენელი _ თ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ დ. ფ-ი, ნ. გ-ე (ფ-ი)
წარმომადგენელი _ ბ. ბ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, სასაზღვრო მიჯნის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. და ა. ნ-ეებმა სარჩელი აღძრეს დ., დ. და ნ. ფ-ების მიმართ და მოითხოვეს უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, სასაზღვრო მიჯნის აღდგენა და ზიანის ანაზღაურება შემდეგი დასაბუთებით: 2001 წლის 9 ივლისს მოპასუხე დ. ფ-მა და მისი ოჯახის წევრებმა დ. და ნ. ფ-ებმა თვითნებურად დაარღვიეს ქ. ქუთაისში, ...¹55-ში მდებარე მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის ეზოს სასაზღვრო კაპიტალური ღობე, ბეტონის ბორდიული, აგურის კედელი, მოტეხეს წყლის ონკანის მილი და თვითნებურად გაავლეს ახალი საზღვარი. აღნიშნულის გამო მოსარჩელემ მიმართა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებას. დ. ფ-ის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რაშიც დაზარალებულად ცნეს მოსარჩელე. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, 2008 წლის 21 ნოემბრის ძალაში შესული “ამნისტიის შესახებ” კანონის თანახმად, შეწყდა. საქმესთან დაკავშირებით შედგენილი ¹700 კონსულტაციის აქტით დადგენილია მოპასუხის მიერ ნ-ეებისათვის მიყენებული ზიანი - 265 ლარი.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სასაზღვრო ზოლში არსებული კაპიტალური ღობე მოპასუხეების მიერ არ ყოფილა დარღვეული. აღნიშნული ღობე ნ-ეებმა გააკეთეს მოპასუხეების ეზოში მიტაცებული 2 მეტრის სიგანის მიწაზე. დ.ფ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
თვითნებობის ფაქტზე სათანადო მტკიცებულებების გარეშე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აღდგა სამეზობლო საზღვარი ნ-ეებსა და ფ-ებს შორის. მოპასუხეებს დაევალათ თავისი სახსრებით პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ხოლო სარჩელი მატერიალური ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. და ნ. ფ-ებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. გ-ისა (ფ-ი) და დ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი, ხოლო ნ. ნ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1957 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე თინა გ-ემ ვლადიმერ ლომთათიძისაგან შეიძინა ქ. ქუთაისში, ...ქუჩის ¹51-ში (ამჟამად, ...ქუჩა ¹55-ში) მდებარე ბინა დამხმარე სათავსებით. 2001 წლის 13 ივლისს, მოქალაქე ა. ნ-ემ განცხადებით მიმართა პოლიციას, რითაც ითხოვდა შესაბამისი ზომების გატარებას დ. ფ-ის მიმართ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დ. ფ-მა დაანგრია მათი საზღვრის კაპიტალური ღობე და აპირებდა ახალი ღობის აშენებას მათი ეზოსკენ გადმოწევით. 2001 წლის 22 აგვისტოს, სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მოქალაქე დ. ფ-ის მიმართ თვითნებობის ჩადენის ფაქტზე, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. 2008 წლის 25 დეკემბერს “ამნისტიის შესახებ” კანონის თანახმად, წინასწარი გამოძიება შეწყდა. სისხლის სამართლის საქმეზე 2001 წლის ¹700 კონსულტაციის აქტით დადგინდა, რომ ნ-ეების ოჯახისათვის მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 265.20 ლარი. მხარეთა განმარტებებით დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2005 წლის 2 ივლისს გარდაიცვალა თინა გ-ე და მისი სამკვიდრო მიიღო ლ. ნ-ემ.
ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მასალებით, ქ. ქუთაისში, ...ქუჩა ¹57-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, მიწის ნაკვეთით, აღრიცხულია მაგდანა ფ-ის სახელზე. მიწის ნაკვეთის საერთო ფართი შეადგენს 1060 კვ.მ-ს უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე. ქ. ქუთაისში, ...ქუჩა ¹55-ში და ¹57-ში მდებარე უძრავი ნივთები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრირებული არ არის. პალატამ დამატებით განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის განმარტებითა და საქმეში განთავსებული გეგმა-ნახაზებით ირკვევა, რომ, თუკი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივში დაცული ნახაზის მიხედვით, ფ-ების მხარეს, თინა გ-ის (დღეისათვის ნ. ნ-ის) კანონიერ სარგებლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთზე საზღვარი გაივლება, სასაზღვრე ზოლი გაივლის ფ-ების საცხოვრებელ სახლზე. ქუთაისის შსს პოლიციის მე-5 განყოფილების უფროსის მიმართ, ქუთაისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის უფროსის 2001 წლის 16 აგვისტოს წერილითა და ამ წერილზე დართული სიტუაციური გეგმა-ნახაზით ირკვევა, რომ იმ დროისათვის ფაქტობრივი მდგომარეობით არსებული სასაზღვრო ზოლის ფუნდამენტი არ იყო ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიულ სამსახურში არსებული კანონიერი მონაცემების შესაბამისი. კანონიერ ზომებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, საჭირო იყო თინა გ-ის სახლის ფასადზე, სახლის კუთხიდან გადაიზომოს 0,7 მეტრი დასავლეთით, ხოლო სახლის უკანა მხარეს, სახლის კუთხიდან გადაიზომოს დასავლეთით 3,90 მეტრი და ამ სამ წერტილზე გატარდეს სასაზღვრო ზოლი გ-ესა და ფ-ის საკარმიდამო ნაკვეთებს შორის. რაც შეეხება გ-ესა და ფ-ს შორის უფრო ზუსტი, მანამდე არსებული საზღვრის დადგენა ვერ მოხერხდა 20 წლის განმავლობაში ინვენტარიზაციის ჩაუტარებლობის გამო.
საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ¹5785/15-2010 დასკვნის თანახმად, ა) “დღეისათვის არსებული სიტუაცია მოცემული არის დანართი ¹1-ში. დანართის მიხედვით, ფ-ების ფაქტობრივ მფლობელობაში არის ნაკვეთი ფართით 891,9 კვ.მ, ხოლო ნ-ეების ფაქტობრივ მფლობელობაში - 929,3 კვ.მ. ბ) სახლის უკანა ფასადთან, საარქივო მასალების მიხედვით, სამეზობლო ღობე ქუჩის მხარეს მდებარე მისივე უკიდურესი წერტილიდან 24,7 მ-ით დაშორებულ წერტილში, არსებულთან შედარებით, გადანაცვლებულია ფ-ის სახლის მხარეს 1,2 მ მანძილით. გ) საარქივო მასალების მიხედვით, ნ-ეების სახლის წინა ფასადთან მიჯნა არსებულთან შედარებით 0,4 მ-ით არის წანაცვლებული ფ-ების მხარეს, ხოლო უკანა ფასადთან – 1,2 მ-ით. დ) საარქივო მასალების მიხედვით, სამეზობლო სასაზღვრო ზოლის აღსადგენად დანართი ¹2-ის მიხედვით ¹2 წერტილი უნდა გადაიწიოს ფ-ის მხარეს 1,2 მ-ზე ¹2 წერტილში და ¹2 წერტილი სწორი ხაზით შეურთდეს ¹1 წერტილს და 33 წერტილს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებები სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლისა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილთან დაკავშირებით. პალატამ დამატებით განმარტა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4-ე მუხლის, 102-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 103-ე მუხლის თანახმად, მოპასუხემ სადავო გახადა 2001 წლისათვის ახალი სასაზღვრო ღობის მშენებლობისას ამ დრომდე არსებული სასაზღვრო ზოლის გადაადგილების ფაქტი.
პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ 2001 წელს, მოპასუხემ არა მარტო დაარღვია მათ შორის არსებული სასაზღვრო ღობე, არამედ ახლის მშენებლობისას გადასცდა ამ დრომდე არსებულ საზღვარს. პალატამ მიიჩნია, რომ სსსკ-ის 102-103-ე მუხლის შესაბამისად, ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო არსებული მტკიცებულებებით დგინდება საწინააღმდეგო, კერძოდ: მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილების თანახმად, 2001 წელს დ. ფ-მა ჩაიდინა თვითნებობა, რაც გამოიხატა თ. გ-ესთან სასაზღვრო ზოლის თვითნებურად დარღვევაში. ამ მტკიცებულებით არ დგინდება სასაზღვრო ზოლის გადაწევის ფაქტი. ქ. ქუთაისის შსს პოლიციის მე-5 განყოფილების უფროსის მიმართ ქ. ქუთაისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის უფროსის 2001 წლის 16 აგვისტოს წერილით დგინდება, რომ იმ დროისათვის გ-ესა და ფ-ს შორის, ფაქტობრივი მდგომარეობით არსებობდა სასაზღვრო ზოლის ფუნდამენტი, რაც არ იყო ტექნიკური აღიცხვის ტერიტორიულ სამსახურში არსებული კანონიერ მონაცემებთან შესაბამისი. ამ მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ 2001 წელს გააკეთეს ახალი ფუნდამენტი და ამ დრომდე ფაქტობრივად არსებული სასაზღვრო ზოლი გადასწიეს. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით სისხლის სამართლის საქმეზე 2001 წლის ¹700 კონსულტაციის აქტით გამოთვლილ იქნა ნ-ეების ოჯახზე მიყენებული ზარალი ბეტონის ბორდიურის, აბანოსა და ბოსელთან არსებული აგურის კედლის დამტვრევითა და წყლის ონკანის მილის მოტეხვით ფაქტობრივად წარმოშობილი ზიანი 265,20 ლარის ოდენობით. აღნიშნული აქტი არ შეიცავს მონაცემებს სასაზღვრო ზოლის გადაწევით წარმოშობილ ზიანზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დღეისათვის არსებული სასაზღვრო მიჯნა ისევეა აგებული, როგორც ეს 1997 წლამდე იყო. 2001 წელს განხორციელდა არსებული, ძველი ამორტიზებული ღობის დანგრევა და იმავე ზოლზე ახლის მშენებლობა.
სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ განმარტა, რომ თ. გ-ის საკუთრებას წარმოადგენდა 1997 წლის მდგომარეობით არსებულ საზღვრებში განთავსებული 408 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რაც კანონიერ სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული. ტექნიკური ბიუროს არქივში დაცული საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით, ირკვევა, რომ თინა გ-ისათვის მართლზომიერ სარგებლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთის საზღვრები 1994 წლის ინვენტარიზაციის დროისათვის ფაქტობრივად შეცვლილი იყო, ხოლო სარჩელის წარდგენის დროისათვის თ. გ-ესა და ფ-ებს შორის სასაზღვრო მიჯნა იმავე ზოლზეა გავლებული, როგორადაც ეს 1997 წლამდე იყო. პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა, აღდგენილ იქნას სასაზღვრო მიჯნა საარქივო მასალების საფუძველზე, არის უსაფუძვლო. პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ფ-ების მხრიდან სასაზღვრო მიჯნის დარღვევის ფაქტი. პალატამ მიიჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილი წინააღმდეგობრივია, კერძოდ, დასკვნის “ბ” და “გ” პუნქტებით დადგენილ იქნა, რომ საარქივო მასალების მიხედვით, სამეზობლო ღობე გადანაცვლებულია, ფ-ის სახლის მხარეს, ხოლო, იმავე დასკვნის “დ” პუნქტით, სამეზობლო სასაზღვრო ზოლის აღსადგენად დადგენილი იქნა ღობის ფ-ის მხარეს გადაწევა. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, დადგენილად ჩათვალა, რომ მოპასუხის ოჯახმა ნ-ის ოჯახის სამეზობლო ღობის თვითნებურად გადმოსწია, ასევე არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაადგინა, რომ ტექნიკური ბიუროს არქივის მასალებზე დაყრდნობით უნდა მომხდარიყო ზუსტი საზღვრის დადგენა და სასაზღვრო მიჯნის აღდგენა, შესაბამისად, ლ. ნ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ნ-ემ შემდეგი საფუძვლით: საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ თ. გ-ეს (ამჟამად ნ-ეს) 1997 წლამდე და, შესაბამისად, 2001 წლამდე სანამ ფ-ები დაარღვევდნენ სამეზობლო საზღვარს, მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი ჰქონდა 569 კვ.მ, მათ შორის, უფლების დამადასტურებელი საბუთით 408 კვ.მ. აღნიშნული დგინდება საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის ცნობით და წარმოდგენილი გეგმა-ნახაზით. პალატამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლი, რადგან ამ ნორმის ამოქმედების დროს თ. გ-ის მიწის ნაკვეთის საერთო ფართი შეადგენდა 569 კვ.მ-ს ამ დროისათვის არსებული სასაზღვრო მიჯნაც დადგენილი და გავლებული იყო კანონიერ ზომებში, 2001 წელს კი, ფ-ების მიერ დაირღვა ეს სასაზღვრო მიჯნა და გადმოსწიეს კასატორების მხარეს. საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტოდან ნათლად ჩანს ძველი სასაზღვრო მიჯნა და ის განსხვავდება დღევანდელი ფაქტობრივი მდგომარეობით გავლებული სასაზღვრო მიჯნისაგან. მოწინააღმდეგემ ვერ წარმოადგინა საქმეში არსებული მტკიცებულებების საპირისპირო, გამაბათილებელი მტკიცებულება. დ. ფ-ის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე დგინდება სასაზღვრო მიჯნის დარღვევის ფაქტი, რომელსაც, სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითნებობის კვალიფიკაცია მიეცა. სასაზღვრო მიჯნის აღდგენის თაობაზე დავა სისხლის სამართლის წესით ვერ აღიძვრებოდა, რადგან აღნიშნული კოდექსით გათვალისწინებული არ არის. 2001 წლის ¹700 კონსულტაციის აქტი და 2001 წლის 16 აგვისტოს ქუთაისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის წერილით უდავოდ დასტურდება ის ფაქტი, რომ ფ-ები შემოიჭრნენ ნ-ეების ტერიტორიაზე და მიჯნის დარღვევა ზუსტად არის აღწერილი. 2010 წლის ექსპერტის დასკვნით მკაფიოდ გაეცა პასუხი ყველა სადავო საკითხს. მოწინააღმდეგე მხარეს ან სასამართლოს, აღნიშნული დასკვნის გაბათილების მიზნით, შეეძლო, ჩაეტარებინა განმეორებითი ან დამატებითი ექსპერტიზა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს იმავე სასამართლოში, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატას ხელახლა განსახილველად დაუბრუნებს საქმეს, თუ საქმის განხილვისას აღმოჩნდა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არასრულად გამოიკვლია საქმის ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც არსებით გავლენას ახდენენ საქმის შედეგზე, კერძოდ:
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ გაიზიარა სარჩელის ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2001 წელს, მოპასუხემ არა მარტო დაარღვია მათ შორის არსებული სასაზღვრო ღობე, არამედ ახლის მშენებლობისას გადაცდა ამ დრომდე არსებულ საზღვარს. პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო არსებული მტკიცებულებებით _ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილებით, ქუთაისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის უფროსის 2001 წლის 16 აგვისტოს წერილით და 2001 წლის ¹700 კონსულტაციის აქტით სასაზღვრო ზოლის გადაწევის ფაქტი არ დგინდება. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, პალატამ მიიჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილი წინააღმდეგობრივია, კერძოდ, დასკვნის “ბ” და “გ” პუნქტებით დადგენილ იქნა, რომ საარქივო მასალების მიხედვით, სამეზობლო ღობე გადანაცვლებულია, ფ-ის სახლის მხარეს, ხოლო, იმავე დასკვნის “დ” პუნქტით, სამეზობლო სასაზღვრო ზოლის აღსადგენად დადგენილ იქნა ღობის ფ-ის მხარეს გადაწევა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას მტკიცებულებათა არასრულყოფილად გამოკვლევის თაობაზე, კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ სავსებით მართებულად ჩათვალა რა, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი სასაზღვრო მიჯნის დარღვევის ფაქტის დადგენა სამართლებრივ სფეროს არ განეკუთვნება და სპეციალურ ცოდნას მოითხოვდა, მოპასუხეების შუამდგომლობის საფუძველზე დანიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. ექსპერტმა ადგილზე აზომვებისა და საქმეზე წარმოდგენილი მასალების შედარებით დაასკვნა, რომ ბ) სახლის უკანა ფასადთან, საარქივო მასალების მიხედვით, სამეზობლო ღობე ქუჩის მხარეს მდებარე მისივე უკიდურესი წერტილიდან 24,7 მ-ით დაშორებულ წერტილში, არსებულთან შედარებით, გადანაცვლებულია ფ-ის სახლის მხარეს 1,2 მ მანძილით; გ) საარქივო მასალების მიხედვით, ნ-ეების სახლის წინა ფასადთან მიჯნა არსებულთან შედარებით 0,4 მ-ით არის წანაცვლებული ფ-ების მხარეს, ხოლო უკანა ფასადთან – 1,2 მ-ით; დ) საარქივო მასალების მიხედვით, სამეზობლო სასაზღვრო ზოლის აღსადგენად დანართი ¹2-ის მიხედვით ¹2 წერტილი უნდა გადაიწიოს ფ-ის მხარეს 1,2 მ-ზე ¹2 წერტილში და ¹2 წერტილი სწორი ხაზით შეურთდეს ¹1 წერტილს და ¹33 წერტილს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ აღნიშნული დასკვნის “ბ” და “გ” პუნქტები არცთუ ნათლად ადგენს გარემოებას “დ” პუნქტთან მიმართებით, თუმცა დასკვნის “დ” პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს სამეზობლო სასაზღვრო ზოლის აღდგენის წესს, რომლითაც ასევე დგინდება სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლის _ სასაზღვრო მიჯნის დარღვევის ფაქტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მიღებისათვის მნიშვნელოვანი იმ ფაქტობრივი გარემოების დასადგენად, რომელიც მხოლოდ სპეციალური ცოდნის გამოყენებით შეიძლება დადგინდეს, სასამართლო უფლებამოსილია, დანიშნოს ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს და სასამართლო თავისი მოტივირებული გადაწყვეტილებით ასაბუთებს აღნიშნული მტკიცებულების გაზიარების ან მისი უარყოფის მართლზომიერებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.
დასახელებული ნორმების შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს სადავო საკითხის გამოსაკვლევად ჩატარებული ექსპერტიზის ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნები ან სასამართლო არსებულ ექსპერტიზის დასკვნას უსწოროდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით კანონმდებელი ითვალისწინებს გარკვეულ დათქმას, კერძოდ, განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება მიზანშეწონილია მაშინ, თუ მის გარეშე საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენა შეუძლებელია. მტკიცებულებათა სრულფასოვნად გამოკვლევის მიზნით ექსპერტის დასკვნის შემოწმება უნდა მოხდეს მათი სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშედარების გზით. თუ ექსპერტის დასკვნა უპირისპირდება საქმეში არსებულ ისეთ მტკიცებულებებს, რომლის უტყუარობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს (მაგ: საარქივო მასალები, რეესტრის მონაცემები და სხვა) ან თვით დასკვნა განმარტებას მოითხოვს, სასამართლოს საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის თანახმად, შეუძლია მოიწვიოს ექსპერტი.
საგულისხმოა, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო ექსპერტი პ.გერაძე (ს.ფ. 158), რომელსაც დასკვნის განმარტებისა და შევსების მიზნით დაესვა კითხვები. თუკი სააპელაციო სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას წინააღმდეგობრივად მიიჩნევდა, მას შეეძლო ერთ-ერთი ზემოაღნიშნული მეთოდით (ექსპერტის განმარტებით ან განმეორებითი ექსპერტიზით) გაერკვია სპეციალისტის აზრი სადავო საკითხთან მიმართებით. აღნიშნულის აუცილებლობა განპირობებულია სადავო ფაქტის _ სასაზღვრო მიჯნის გადაწევის მნიშვნელობიდან და იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ამ ფაქტის დადგენა სპეციალურ ცოდნას (საქმეში არსებული ნახაზების აზომვით ნახაზებთან შედარებას) მოითხოვს.
საკასაციო სასამართლო არასაკმარისად მიიჩნევს სააპელაციო პალატის დასაბუთებას საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან _ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილება ქუთაისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის უფროსის 2001 წლის 16 აგვისტოს წერილსა და 2001 წლის ¹700 კონსულტაციის აქტთან დაკავშირებითაც, ვინაიდან მათი გამოკვლევა უნდა მოხდეს, როგორც დამოუკიდებლად, ასევე ურთიერთშეჯერებითაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები დამატებით გამოკვლევას საჭიროებს, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.