ას-800-854-2011 17 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სს “პ-ი” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. კ-ე, თ. ს-ე, მ. მ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2011 წლის 24 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. კ-ემ, თ. ს-ემ და მ. მ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს “პ-ის” მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, კერძოდ, ვ. კ-ის სასარგებლოდ _ 4290 ლარის, თ. ს-ის სასარგებლოდ _ 3150 ლარის, ხოლო მ. მ-ის სასარგებლოდ _ 3840 ლარის დაკისრების, ასევე ანგარიშწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელეები: ვ. კ-ე, თ. ს-ე, მ. მ-ე მუშაობდნენ სს ,,პ-ში”. მ. მ-ესთან, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, 2002 წლის სექტემბრიდან და 2004 წლის სექტემბერში გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულება, თ. ს-ესთან _ 2008 წლის აგვისტოდან, ხოლო ვ. კ-ესთან _ 2003 წლიდან, მოსარჩელეებმა 2009 წლის სექტემბრის ბოლოს, რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანების არსებობის გამო, პირადი განცხადების საფუძველზე შეწყვიტეს შრომითი ურთიერთობა. მოსარჩელეები ავანსის სახით ყოველდღიურად იღებდნენ 7 ლარს, რაზეც ხელს აწერდნენ საავანსო უწყისში, ხოლო ხელფასს რეალიზებული პროდუქტის პროცენტული გამოანგარიშებით. სს “პ-ის” სახელფასო დავალიანებამ ვ.კ-ის მიმართ შეადგინა 4290 ლარი, თ.ს-ის მიმართ _ 3150 ლარი, მ.მ-ის მიმართ კი _ 3840 ლარი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
მოსარჩელეები სს ,,პ-ში” მუშაობის განმავლობაში იღებდნენ ხელფასს, მათ მიღებული აქვთ ყოველთვიური ხელფასი და ბოლო თვეების განმავლობაში _ ყოველდღიური ანაზღაურება, ხელფასის სიმცირის გამო, პირადი განცხადების საფუძველზე, ნებაყოფლობით გათავისუფლებულ იქნენ სამსახურიდან. დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის იყო ზეპირი ხელშეკრულება, რაც ანაზღაურების სახით ასახულია საბანკო ამონარიდებში და სახელფასო უწყისებში, შესაბამისად, მხარეთა შორის სხვა რაიმე ხელშეკრულება არ გაფორმებულა არც წერილობით და არც ზეპირად.
2009 წლის აპრილიდან შემცირდა სს ,,პ-ის” მიერ თანამშრომლებისათვის გასაცემი ხელფასის ფონდი და სხვა თანამშრომლების მსგავსად მოსარჩელეები გადაყვანილ იქნენ ყოველდღიურ ანაზღაურებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის, თ. ს-ისა და მ. მ-ის სარჩელი სახელფასო თანხების ანაზღაურებისა და ყოველი დაყოვნების დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 თებერვლის სხდომაზე, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. კ-ის, თ. ს-ისა და მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. კ-ის, თ. ს-ისა და მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სს “პ-ს” ვ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4 290 (ოთხი ათას ორას ოთხმოცდაათი) ლარის, თ. ს-ის სასარგებლოდ _ 3 150 (სამიათას ას ორმოცდაათი) ლარის, ხოლო მ. მ-ის სასარგებლოდ _ 3 840 (სამი ათას რვაას ორმოცი) ლარის გადახდა, ამასთან, სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტებმა ვალდებულების შესრულების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადასახდელი თანხის 0.07%-ის დაკისრების მოთხოვნაზე უარი განაცხადეს.
სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 230-ე მუხლისა და 233-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მიიჩნია, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე _ სს “პ-ი” გაფრთხილებული იყო 2011 წლის 10 თებერვალს, 17:30 საათზე დანიშნული სხდომის დროსა და გამოუცხადებლობის შედეგებთან დაკავშირებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. მის სახელზე გაგზავნილი უწყება ჩაბარდა ორგანიზაციის ბუღალტერ მ. ძ-ს 2011 წლის 18 იანვარს (ს/ფ 10 ტომი II), რაც სს “პ-ისათვის” ჩაბარებად ითვლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოსათვის არ უცნობებია გამოუცხადებლობის მიზეზებთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელეები ვ. კ-ე, თ. ს-ე და მ. მ-ე მუშაობდნენ სს “პ-ში”, ბ) მოსარჩელეებს არ მიუღიათ 6 თვის ხელფასი, გ) ვ. კ-ის საშუალო ხელფასის გათვალისწინებით ხელფასის სახით მისაღები აქვს 4 290 ლარი, დ) თ. ს-ეს _ 3 150 ლარი, ე) მ. მ-ეს _ 3 840, ლარი დადგენილად მიიჩნია. სასამართლომ იხელმძღვანელა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით და ჩათვალა, რომ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინებით სს “პ-ის” საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე, 233-ე მუხლებით და განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ ისეთი გარემოებების დადასტურება, რომელიც სასამართლოში მხარის გამოუცხადებლობისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის დროულად შეუტყობინებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებს, ანუ კანონმდებელი მხარეს აკისრებს ვალდებულებას, დროულად აცნობოს სასამართლოს თავისი გამოუცხადებლობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სათანადო მტკიცებულებით დაადასტუროს ისეთი გარემოებების არსებობა, რომლის გამოც გამოუცხადებლობის მიზეზის სასამართლოსათვის დროულად შეტყობინება შეუძლებელი გახდა. პალატამ შეაფასა საჩივრის ავტორის მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებული გარემოებები და მიიჩნია, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძვლებს, ამასთან, აპელანტის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მითითებული გარემოება ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპატიო მიზეზად მიჩნევის საფუძველი არაა. სასამართლოს განმარტებით, პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობასთან ერთად, საჩივრის ავტორს ასევე ეკისრება იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ავადმყოფობის გამო, არ შეეძლო, ეცნობებინა სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის შესახებ, რაც საჩივარზე დართული ცნობით არ დასტურდებოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მტკიცებულების სახით წარდგენილი ცნობის მითითება _ პაციენტს ესაჭიროება წოლითი რეჟიმი, მეტყველებს ექიმის მიერ ავადმყოფისათვის სარეკომენდაციო ხასიათის დანიშნულებაზე და არა იმ გარემოებაზე, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შესაძლებლობას ართმევდა, განეხორციელებინა სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული აუცილებელი მოქმედებები, კერძოდ, შეეტყობინებინა მარწმუნებლისა და სასამართლოსათვის პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ. სხდომაზე გამოცხადებასთან დაკავშირებული საპროცესო ვალდებულებებისადმი სწორედ ამგვარი დამოკიდებულება უქმნის სასამართლოს ვარაუდს, თუ რამდენად მნიშვნელოვნად აღიქმება მხარის მიერ სასამართლო განხილვა და შესაბამისი ინტერესი, არ იქნეს დაშვებული საქმის წარმოების გაუმართლებელი შეფერხება. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე _ სს “პ-ი” ორგანიზაციაა, რომლის შესაძლებლობა, გამოვიდეს სასამართლო პროცესზე ან წარადგინოს საჭირო შუამდგომლობა თუ განცხადება, არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი წარმომადგენლის მომსახურებით. 2011 წლის 10 თებერვლის სხდომაზე უწყება ჩაბარადა სს “პ-ის” ბუღალტერიას, რაც დასტურდება მიმღების ხელმოწერითა და ორგანიზაციის ბეჭდით. ამდენად, 2011 წლის 10 თებერვლის სხდომასთან დაკავშირებით ცნობილი არ იყო მხოლოდ ერთი წარმომადგენლის _ გ. ი-ისათვის, რაც მეტყველებს იმაზე, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, გამოერკვია 2011 წლის 10 თებერვლის განხილვის თაობაზე საკითხი და მიეღო საჭირო ზომები არსებული საპროცესო ვალდებულებების შესაბამისად. სასამართლო, დაუსაბუთებლობის გამო, არ დაეთანხმა საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ აპელანტების მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩლო მოთხოვნას. საჩივრის ავტორის მიერ სადავოდ გამხდარი შრომის ანაზღაურების მოცულობა განიხილება, როგორც ფაქტობრივი გარემოება. ფაქტობრივი გარემოების დადგენა არ წარმოადგენს ურთიერთობის მოწესრიგებელი სამართლის ნორმების გამოყენების შედეგს, მით უმეტეს, ისეთ პირობებში, როცა არსებობს ფაქტობრივი გარემოებების მხოლოდ მითითების საფუძველზე დადგენის საპროცესო წინაპირობა.
სააპელაციო პალატის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “პ-მა”, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზს არ წარმოადგენს, არასწორია, რადგანაც ქ.თბილისის ¹3 სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრის მიერ 2011 წლის 21 თებერვალს გაცემული ცნობის შესაბამისად, პაციენტ გ. ი-ეს დაუდგინდა გრიპის ვირუსი, ტემპერატურა _ 39 გრადუსი, რაც შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზს. ასევე დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს არგუმენტი, რომ, ვინაიდან სს “პ-ი” ორგანიზაციაა, მას შეეძლო სხვა წარმომადგენლის მეშვეობით დაეცვა უფლებები სასამართლოში და ამის საპირისპიროდ მიუთითა შემდეგ გარემოებაზე: სს “პ-ის” წარმომადგენელი იყო გ. ი-ე, მან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ვერ შეძლო სასამართლო პროცესზე გამოცხადება, ის ფაქტი, რომ სასამართლო უწყება ბუღალტერს ჩაბარდა, არ ნიშნავს მის მონაწილეობას სასამართლო განხილვაში, საქმეში წარმოდგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გაცემული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი სს “პ-ის” ინტერესების დაცვის უფლების გ.ი-ისათვის მინიჭების თაობაზე და სასამართლოს დასკვნა, რომ საზოგადოების წარმოდგენა შეეძლო სხვა პირსაც, არასწორია. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა რა სს “პ-ის” საჩივარი, ასევე არ იმსჯელა იმ გარემოებებზე, რაც გაამართლებდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, რადგანაც, დადგენილი პრაქტიკის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად უნდა დაედოს სასამართლოს ვარაუდი გამოუცხადებელი მხარის მიერ მისი უფლების დაცვის ინტერესის დაკარგვის თაობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება. კასატორმა სადავოდ მიიჩნია ასევე, მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი თანხის საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშების პრინციპით გამოთვლა, რადგანაც შრომის ანაზღაურება, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ემყარება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებას და არა წინა პერიოდის ხელფასიდან გამოთვლის შესაძლებლობას. ასეთი წესით ხელფასის გადახდაზე შეთანხმება კი მოსარჩელეებსა და სს “პ-ს” შორის არ ყოფილა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 სექტემბრის განჩინებით სს “პ-ის” საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე ცნობილ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “პ-ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
განსახილველი საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 იანვრის განჩინებით ვ. კ-ის, თ. ს-ისა და მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. ამავე განჩინებით აპელანტთა მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა ვადა სააპელაციო პასუხის წარდგენისათვის და დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა 2011 წლის 10 თებერვალს 17:30 საათზე.
მითითებული განჩინების შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა როგორც ვ.კ-ის, თ.ს-ისა და მ.მ-ის სააპელაციო საჩივარი, ისე უწყება სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ.
საქმის მასალებით დადგენილია და ამას არც კასატორი ხდის სადავოდ, რომ სს “პ-ისათვის” გაგზავნილი უწყება 2011 წლის 18 იანვარს ჩაბარდა სს “პ-ის” ბუღალტერ მ. ძ-ს.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდნენ აპელანტები, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
დასახელებული ნორმით დადგენილია სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იმ მხარის საწინააღმდეგოდ, რომელიც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება, ამასთან, კანონმდებელი განმარტავს, რომ მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევში აპელანტის ახსნა-განმარტების მოსმენის საფუძველზე სასამართლო სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებს დადასტურებულად ჩათვლის.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლზე, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვისაა სავალდებულო, კერძოდ, დადგენილია, რომ, თუ სარჩელში (სააპელაციო საჩივარში) მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
მითითებული ნორმების შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სამართალწარმოების როლი განისაზღვრება დადგენილად მიჩნეული გარემოებებისა და მოთხოვნის სამართლებრივი თანაფარდობის გამორკვევით.
მოცემულ საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი გარემოებები: ა) მოსარჩელეები ვ. კ-ე, თ. ს-ე და მ. მ-ე მუშაობდნენ სს “პ-ში”, ბ) მოსარჩელეებს არ მიუღიათ 6 თვის ხელფასი, გ) ვ. კ-ის საშუალო ხელფასის გათვალისწინებით ხელფასის სახით მისაღები აქვს 4 290 ლარი, დ) თ. ს-ეს _ 3 150 ლარი, ე) მ. მ-ეს _ 3 840 ლარი.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას სამართლებრივად სასარჩელო მოთხოვნის მართებულების თაობაზე, რადგანაც საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. განსახილველი ნორმით კანონმდებელმა დააწესა სამართლებრივი ურთიერთობის შრომის კოდექსით რეგულირებულ სფეროში მოქცევისათვის სავალდებულო ელემენტები: დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე კოდექსის 31-ე მუხლით მოწესრიგებულია შრომის ანაზღაურების წესი და დადგენილია შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ანაზღაურების გაცემის წესის უპირატესობა შრომითი ურთიერთობისას, ხოლო ნორმაში გადმოცემული ზოგადი დანაწესი _ შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ სამუშაო ადგილზე, გამოიყენება მაშინ, როდესაც ხელშეკრულება ანაზღაურების წესზე შესაბამის დათქმას არ აკეთებს. რაც შეეხება შრომითი ხელშეკრულებიდან გასვლისას შრომის ანაზღაურების საკითხს, კანონმდებელმა დაადგინა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
დადგენილად მიჩნეული ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სავსებით მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მსჯელობას სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე, რაც თავისთავად სს “პ-ის” საკასაციო პრეტენზიის უსაფუძვლობაზე მიუთითებს იმ ნაწილში, რომლითაც მხარემ მიიჩნია, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაეკმაყოფილებინა სარჩელი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით _ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის საფუძველზე სააპელაციო პალატას უნდა გაეუქმებინა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგანაც სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად დატოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში.
საკასაციო პალატა მითითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველ ნაწილზე, სადაც რეგლამენტირებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ამკრძალავი წინაპირობები, კერძოდ:
ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის;
გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;
დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
საქმეში წარმოდგენილი საჩივრისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლით დასტურდება, რომ სს “პ-ს” აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი დასაშვები პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამასთან, ნორმაში მითითებული გარემოებების არსებობა არც საქმის მასალებით დასტურდება.
საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაზე, როდესაც სასამართლო გააუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, ესაა მხარის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა. კანონმდებლობა საპატიო მიზეზად მიიჩნევს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობას, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
დასახელებული ნორმით დადგენილია კუმულატიური პირობა: უნდა არსებობდეს ერთ-ერთი ზემოაღნიშნული საპატიო საფუძველი და მხარეს თავის ბრალის გარეშე არ უნდა შეეძლოს საქმის განხილვის ეტაპზე აცნობოს სასამართლოს ამ საპატიო მიზეზის თაობაზე. მითითებულთაგან ერთ-ერთის არარსებოა გამორიცხავს მოცემული ნორმის გამოყენების შესაძლებლობას.
საქმეში წარმოდგენილი გ.ი-ის ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტით, მართალია, დასტურდება 2011 წლის 10 თებერვალს პაციენტისათვის დიაგნოსტიკური გამოკვლევის ბინაზე ჩატარების ფაქტი, თუმცა აღნიშნული მტკიცებულება არ შეიცავს პირდაპირ მითითებას გ.ი-ის სასამართლოში გამოცხადების შეუძლებლობაზე. რაც შეეხება კასატორის განმარტებას სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობის თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები გ.ი-ის შეფასებაა, ემყარება მის მოსაზრებებს და არ გამომდინარეობს ექიმის ცნობაში გადმოცემული დასკვნიდან, ამ კუთხით, საკასაციო პალატა სავსებით ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ იურიდიული პირის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა თავისთავად არ გამორიცხავს ამ პირის უფლებების სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დაცვის შესაძლებლობას. შესაბამისად, კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლი დაუსაბუთებელია.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. დასახელებული ნორმით განმტკიცებულია იურიდიული პირის უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა და დადგენილია, რომ სასამართლოში მას წარმოადგენენ უფლებამოსილი წარმომადგენლები.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ მიიჩნევს რა სს “პ-ის” ინტერესების სხვა წარმომადგენლობის მეშვეობით დაცვის შესაძლებლობას, მას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სათანადო მტკიცებულებით არ დაუსაბუთებია, რომ საზოგადოების ინტერესების სასამართლო წესით დაცვაზე ის ერთადერთი უფლებამოსილი წარმომადგენელია, რაც სწორედ მისი მტკიცების ტვირთი იყო.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სს “პ-ის” წარმომადგენელ გ.ი-ის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, არ ქმნის გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2011 წლის 24 მარტის განჩინების გაუქმების პროცესუალურ საფუძველს, შესაბამისად, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “პ-ის” წარმომადგენელ გ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2011 წლის 24 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.