¹ ბს-1426-1160-კ-04 1 დეკემბერი, 2005წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ხელშეკრულების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
24.01.03წ. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და გ. ფ-ს შორის 18.01.01წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა. მოსარჩელემ განმარტა, რომ 18.01.01წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველმა გ. ფ-მ პირობადებულ საკუთრებაში მიიღო სს “ს-ის” აქციათა პაკეტის 90%. აღნიშნული ხელშეკრულების 2.1. მუხლით განისაზღვრა მყიდველის ვალდებულებები. მოსარჩელის განმარტებით, გ. ფ-მ ხელშეკრულებით ნაკისრი არცერთი ვალდებულება არ შეასრულა. ამასთან, მოსარჩელემ მიუთითა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე გ. ფ-მ ოფიციალურად განაცხადა უარი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილის სახელზე 20.09.01წ. გაგზავნილი ¹106 წერილით, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფოსთან წარმოქმნილი სადავო საკითხების გამო გ. ფ-მ შეწყვიტა 18.01.01წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღებული ყველა სახის კრედიტორული დავალიანების გასტუმრება. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ 18.01.01წ. ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 15.03.04წ. გადაწყვეტილებით ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტრომ. აპელანტმა საქართველოს ქონების მართვის სამინისტროსა და გ. ფ-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება მოითხოვა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 06.10.04წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სააპელაციო პალატის მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სადავო ხელშეკრულება და გ. ფ-ს დაევალა აპელანტისთვის სს “ს-ის“ აქციათა პაკეტის 90%, 1 094 525 აქციის დაბრუნება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქონების მართვის სამინისტროსა და გ. ფ-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველს პირობადებულ საკუთრებად გადაეცა სს “ს-ის” აქციათა პაკეტის 90%. აღნიშნული ხელშეკრულების 2.1. მუხლით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობანი. სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია გ. ფ-ს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა.
სააპელაციო პალატის გნმარტებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ხელშეკრულებაზე უარი სკ-ის 405-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე განაცხადა. საპელაციო სასამართლო თვლის, რომ სკ-ის 405-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის გაფრთხილებას ან მისთვის დამატებითი ვადის დაწესებას არავითარი შედეგი არ ექნებოდა. საქმეში წარმოდგენილი, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილისადმი გ. ფ-ს მიერ გაგზავნილი 20.09.01წ. ¹106 წერილი პალატის მიერ მიჩნეულ იქნა იმ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომლითაც დგინდება, რომ მოპასუხის გაფრთხილებას ან დამატებით ვადის დაწესებას არავითარი შედეგი არ ექნება და რომ მოპასუხე არ აპირებდა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებას. ამასთან, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნულ დოკუმენტს არ აძლევს სამართლებრივ შეფასებას ხელშეკრულებაზე უარის ან ხელშეკრულების შეწყვეტას, ვინაიდან აღნიშნულის დადგენა სცილდება მოცემული დავის საგანს.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ სადავო ხელშეკრულების 2.1. მუხლის “კ” ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა მას სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებისაგან თავის შეკავების უფლებას ანიჭებდა. პალატამ აღნიშნა, რომ სადავო ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება არ იყო დამოკიდებული მოსარჩელის მიერ საპასუხო მოქმედების განხორციელებაზე. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა გ. ფ-ს პოზიცია მოსარჩელის მიერ მოპასუხის თანხმობის გარეშე სარჩელის მოთხოვნის გაზრდის შესახებ. პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელის თავდაპირველ მოთხოვნას 18.01.01წ. ხელშეკრულების გაუქმება წარმოადგენდა, რასაც სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლი სამართლებრივ შედეგად უკავშირებს მხარეების მიერ ხელშეკრულებით მიღებულის უკან დაბრუნებას. პალატის აზრით, მოსარჩელის მიერ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს სასარჩელო მოთხოვნების დაკონკრეტება-დაზუსტებად.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 06.10.04წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ფ-მ. კასატორი თვლის, რომ მას 18.01.01წ. ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები არ დაურღვევია. კასატორმა განმარტა, რომ ხელშეკრულებით ვალდებულებების შესრულების ვადა განსაზღვრული არ იყო, ხოლო საქმეში წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმა ეკუთვნის არა ხელშეკრულების მონაწილე ფიზიკურ პირ გ. ფ-ს, არამედ _ შპს “საქართველოს ...ის” და შპს საბროკერო კომპანია “ს. ს-ის” დირექტორ გ. ფ-ს. კასატორის განცხადებით, მან კონკურსში მონაწილეობისას წარადგინა “მუშაობის მიმდინარე გეგმის ეტაპები დაზღვევის ზოგიერთი სახეობის მიხედვით”, რომლითაც სადავო ხელშეკრულების 2.1. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადა განსაზღვრული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ მას სადავო ხელშეკრულების პირობები არ დაურღვევია.
კასატორის აზრით, სადავო ხელშეკრულების 2.1. მუხლის “დ”, “ე”, “ვ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება ეკისრებოდა არა მას, არამედ _ სს “ს-ს”. ამდენად, კასატორი თვლის, რომ, როცა არ არსებობდა ვალდებულება, არ შეიძლებოდა მისთვის არარსებულის შესრულება მოეთხოვათ.
კასატორი მიუთითებს, რომ ხელშეკრულების 2.1. მუხლის “კ” ქვეპუნქტით გამყიდველს მყიდველისათვის უნდა გადაეცა ყოფილ სსრკ სახელმწიფო დაზღვევის სამართალმემკვიდრის სს “რ-ის” სარეზერვო ფონდში რიცხული კომპანიის კუთვნილი თანხის მოთხოვნა. კასატორი თვლის, რომ სკ-ის 369-ე მუხლის საფუძველზე მას უფლება ჰქონდა, ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების შესრულებამდე უარი განეცხადებინა.
კასატორი განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით და განჩინებით დადგენილია მის მიერ სადავო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი და მათ პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნიათ. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ განსახილველი სამართალურთიერთობის მონაწილედ მიიჩნია, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურიც. ასევე არასწორად განმარტა საქმეში წარმოდგენილი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილისადმი მის მიერ 20.09.01წ. გაგზავნილი ¹106 წერილი.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს უკვე აღარ არსებობდა დავის საგანი-ხელშეკრულება, ვინაიდან გ. ფ-მ თავის მხრივ უარი განაცხადა ამ ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულებაზე უარის თქმას ფაქტობრივად დაეთანხმა კიდეც სამინისტრო, ვინაიდან ამ მომენტისათვის მას ხელშეკრულებაზე უარის თქმა არ გაუსაჩივრებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ის ხელშეკრულება, რომელიც უკვე გაუქმებული იყო.
ზემოთაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და გ. ფ-ს შორის 18.01.01წ. დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მყიდველს პირობადებულ საკუთრებაში გადაეცა სს “ს-ის” აქციათა პაკეტის 90%. ხელშეკრულების 3.2. მუხლის თანახმად, მყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და პირობების სრულად შესრულების შემდეგ მიენიჭებოდა საკუთრების უფლება. ხელშეკრულების 2.1. მუხლით განისაზღვრა მხარეთა ვალდებულებანი. ამასთან დადგინდა, რომ ხელშეკრულების “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებანი მყიდველს მის მიერვე წარდგენილი გრაფიკის შესაბამისად უნდა შეესრულებინა, ხოლო “თ” ქვეპუნქტის თანახმად, მყიდველს მის მიერ წარდგენილი ბიზნეს-გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ევალებოდა.
საკასაციო საამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ ბიზნეს-გეგმით ნაკისრი ვალდებულებები მას არ უნდა შეესრულებინა იმ მიზეზით, რომ იგი ეკუთვნის არა სადავო ხელშეკრულების მონაწილე ფიზიკურ პირს გ. ფ-ს, არამედ _ შპს “საქართველოს ...ს” და შპს საბროკერო კომპანია “ს. ს-ს”, ხოლო ხელს აწერს მოქალაქე გ. ფ-ა, როგორც დირექტორი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ “სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ” სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 31.03.99წ. ¹1-3/150 ბრძანებით დამტკიცებული დებულების თანახმად, მყიდველი კომერციულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საკონკურსო კომისიას წარუდგენს დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებულ განაცხადს, რომელშიც აისახება მყიდველის თანხმობა გამოცხადებულ საკონკურსო პირობების შესრულებაზე. ამასთან, მყიდველის მიერ წარმოდგენილი წინადადებები, მათ შორის ბიზნეს-გეგმა და სხვა დოკუმენტაცია ცალკე კონვერტში თავსდება და ილუქება მის მიერ. სიმბოლური საწყისი ფასით კომერციულ კონკურსში გამარჯვების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმის შეფასება. ამდენად, აღნიშნულ კონკურსში გ. ფ-ს გამარჯვების ძირითადი საფუძველი იყო ის, რომ მის მიერ წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმა იძლეოდა აქციათა პრივატიზების განხორციელების საშუალებას, კერძოდ, სს “ს-ში" არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობის დარეგულირებას, საწარმოს რეაბილიტაციას და ინვესტიციების მოზიდვას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბიზნეს-გეგმა გ. ფ-მ წარადგინა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე, დალუქული კონვერტით. ის ფაქტი, რომ გ. ფ-ს ხელმოწერის ქვემოთ მთითებული იქნა ორი იურიდიული პირის: შპს “საქართველოს ...ის” და შპს საბროკერო კომპანია “ს. ს-ის" დასახელება მეტყველებს მხოლოდ კასატორის მიერ იმ დროისათვის დაკავებულ თანამდებობაზე. ამასთან, ბიზნეს-გეგმის შინაარსიდან ნათლად ჩანს, რომ იგი კონკურსში მონაწილე პირმა წარადგინა, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში გარკვეული ვალდებულებების შესრულებას კისრულობდა. ამდენად, კონკურსში განაცხადი წარადგინა გ. ფ-მ და ხელშეკრულებას ხელი მან მოაწერა, რითაც ცალსახად იკისრა ბიზნეს-გეგმის პირობების შესრულების ვალდებულება.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო ხელშეკრულების “დ”, “ე” და “ვ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებანი წარმოადგენს არა მისი, არამედ _ სს “ს-ის” ვალდებულებებს. სადავო ხელშეკრულების “დ”, “ე” და “ვ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულია მყიდველის მოვალეობანი, რომელსაც ხელშეკრულებით პირობადებულ საკუთრებად სს “ს-ის” 90%-ი, ამდენად საწარმოს საქმიანობის წარმართვის უფლებამოსილება გადაეცა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კასატორმა სადავო ხელშეკრულების 2.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეასრულა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. ფ-მ ხელშეკრულების 2.1. მუხლის “ი” ქვეპუნქტის დარღვევით მხოლოდ ორჯერ წარადგინა საკონკურსო პირობების შესრულებაზე ინფორმაცია, რომელსაც არ ჰქონდა თანდართული საფინანსო დოკუმენტაცია. კასატორის მიერ 2002 წლის 6 დეკემბერს წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საზოგადოების ფულადი ვალდებულებები, რომლებიც ხელშეკრულების 2.1. მუხლის და წარდგენილი გრაფიკის მიხედვით 256800 ლარის ოდენობით მყიდველს 2001 წლის დეკემბრამდე უნდა გაენაღდებინა, დაფარულია 152104 ლარის ოდენობით, ხოლო სიცოცხლის გრძელვადიან დაზღვევაში დავალიანების დასაფარად დადგენილი თანხის მხოლოდ 11,6% _ 258893 ლარია გაცემული. ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურის მოსავლის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დაფარულია 44,6%-ით, 491063 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, მყიდველს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა უზრუნველეყო საზოგადოების ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და მენეჯმენტის პრინციპების დანერგვა საერთაშორისო სტანდარტების დონეზე. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ გ. ფ-ს აღნიშნული პირობა არ შეუსრულებია. ქონების მართვის სამინისტროში მის მიერ არ ყოფილა წარდგენილი ხელშეკრულების “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. ხელშეკრულების “გ” ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დადებიდან ერთი თვის განმავლობაში საწესდებო კაპიტალის ფულადი ნაწილის მინიმალურ ოდენობამდე შევსება ასევე მყიდველის მოვალეობას წარმოადგენდა, რაც გ. ფ-ს არ განუხორციელებია.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ ხელშეკრულების 2.1 მუხლის “კ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა მყიდველს სკ-ის 369-ე მუხლზე მითითებით მის მიერ ნაკისრ ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას ანიჭებდა. სკ-ის 369-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო, თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ გ. ფ-ს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება არ იყო მეორე მხარის მიერ საპასუხო მოქმედების განხორციელებაზე დამოკიდებული. სადავო ხელშეკრულების 2.1 მუხლის “კ” ქვეპუნქტის თანახმად, მყიდველს უფლება მიეცა 1991 წლის მდგომარეობით ყოფილი სსრ კავშირის სახელმწიფო დაზღვევის სამართალმემკვიდრის სს “რ-ის” სარეზერვო ფონდში რიცხული კომპანიის კუთვნილი თანხის მოთხოვნასა და მოლაპარაკებებზე, თუმცა თანხის მიუღებლობა გ. ფ-ს აღნიშნული თანხის საქართველოს მთავრობისათვის მოთხოვნის უფლებას არ ანიჭებდა და არც მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან ათავისუფლებდა. ამასთან, ხელშეკრულების 3.2. მუხლის თანახმად, მყიდველს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების მხოლოდ სრულად შესრულების შედეგად ენიჭებოდა ხელშეკრულების საგანზე საკუთრების უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. ფ-ს მიერ სადავო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება არ იყო დამოკიდებული გამყიდველის მიერ ხელშეკრულების 2.1 მუხლის “კ” ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელის მიერ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებად უნდა ჩაითვალოს. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თავდაპირველ მოთხოვნას მხარეთა შორის 18.01.01წ. დადებული ხელშეკრულების გაუქმება წარმოადგენდა. სკ-ის 352-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებაზე უარის თქმის დროს მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უკან უბრუნდებათ. ამდენად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნა წარმოადგენდა თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკონკრეტებას.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია გ. ფ-ს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფაქტი. საქმეში დაცული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 13.11.02წ. განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 19.06.02წ. გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 05.07.01წ. ¹1-3/458 ბრძანება “სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და მოქალაქე გ. ფ-ს შორის სს “ს-ის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა პაკეტის 90%-ის ნასყიდობის შესახებ 18.01.01წ. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობაზე სანქციის შესახებ”. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს მითითებული აქტებით არ დასტურდება გ. ფ-ს მიერ სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება.
უსაფუძვლოა კასატორის განცხადებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო პალატამ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური განსახილველი სამართალურთიერთობის მონაწილედ მიიჩნია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის აღნიშნული მოსაზრება არ გამომდინარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ტექსტიდან. დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გ. ფ-ს მიერ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილისადმი გაგზავნილი 20.09.01წ. ¹106 წერილი სააპელაციო სასამართლომ მის მიერ სადავო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნია. სააპელაციო პალატამ მითითებული წერილის საფუძველზე დადასტურებულად ცნო ის გარემოება, რომ კრედიტორის მიერ მოვალისათვის დამატებითი ვადის დაწესებას ან გაფრთხილებას არავითარი შედეგი არ ექნებოდა.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სადავო ხელშეკრულება, კასატორის მიერ მასზე უარის თქმის გამო, უკვე გაუქმებული იყო. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მყიდველის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის გამო 18.01.01წ. ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით სახელმწიფო ქონების მართვის სამინსიტრომ სარჩელით სასამართლოს 24.01.03წ. მიმართა, ხოლო გ. ფ-მ უარი ხელშეკრულებაზე 05.10.04წ. განაცხადა. ამდენად, კასატორის მიერ სადავო ხელშეკრულებაზე უარი სასამართლოში დავის მიმდინარეობის დროს მიჩნეული ვერ იქნება სკ-ის 352-ე და 405-ე მუხლების შესაბამისად ხელშეკრულებიდან გასვლად. კასატორის მიერ სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილისადმი გაგზავნილი 20.09.01წ. ¹106 წერილი ასევე არ ადასტურებს გ. ფ-ს მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმას, რადგან სკ-ის 355-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისთვის შეტყობინებით. განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური სადავო ხელშეკრულების მხარეს არ წარმოადგენდა.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ გ. ფ-ს მიერ დარღვეულ იქნა 18.01.01წ. ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები. “სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ” სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 31.03.99წ. ¹1-3/150 ბრძანებით დამტკიცებული დებულების და 18.01.01წ. ნასყიდობის ხელშეკრულების 3.3 მუხლის შესაბამისად გამყიდველი უფლებამოსილი იყო გადახდილი თანხის დაუბრუნებლად და გაწეული ხარჯების აუნაზღაურებლად 18.01.01წ. ნასყიდობის ხელშეკრულება ცალმხრივად შეეწყვიტა.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისადაა მიღებული და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მოყვანილ კანონის დარღვევებს არა აქვს ადგილი, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
საკასაციო პალატა სსკ-ის 47-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე ათავისუფლებს კასატორს სახელმწიფოს სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 06.10.04წ. გადაწყვეტილება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.