Facebook Twitter

საქმე N 020142222700398095

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №7აგ-22 17 მარტი, 2022 წელი

კ–ე ჰ., 7აგ-22 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჰ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ს–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენით ჰ. კ–ე, - დაბადებული 1... წლის ...., - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით. მასვე 1 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განაჩენით ჰ. კ–ე დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებითა (2001 წლის ივლისში მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების გამოყენებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ჰ. კ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს დაემატა ამავე სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჰ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 11 წლით.

4. 2022 წლის 12 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ჰ. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ს–მ და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვა და ჰ. კ–სთვის სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით 6 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო: ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ჰ. კ–ს საბოლოო სასჯელი განესაზღვრა განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით, ხოლო ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით უმჯობესდება ჰ. კ–ს სამართლებრივი მდგომარეობა. აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით მსჯავრდებულ ჰ. კ–ს სასჯელი უნდა განესაზღვროს არა შეკრების, არამედ შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ჰ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ს–ს შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.

6. 2022 წლის 8 თებერვალს მსჯავრდებულის ადვოკატმა - თ. ს–მ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და შუამდგომლობის განსახილველად დაშვება.

7. კასატორის მითითებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ უარი განაცხადა მსჯავრდებულის მიმართ გამოეყენებინა კანონი, რომელიც ამსუბუქებს მის სამართლებრივ მდგომარეობას, მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ჰ. კ–ს აქვს სააპელაციო და საკასაციო წესით განაჩენის გასაჩივრების შესაძლებლობა, რაც უკანონოა, ვინაიდან იზღუდება მსჯავრდებულის უფლება - მიიღოს კანონით დადგენილი შეღავათი.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ჰ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ს–ს საჩივარი დაკმაყოფილდა. მსჯავრდებულ ჰ. კ–ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, კერძოდ: მსჯავრდებულ ჰ. კ–ეს ¼-ით შეუმცირდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 4 (ოთხი) წლითა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულ ჰ. კ–ს ¼-ით შეუმცირდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 2 (ორი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელები შეიკრიბა და დანაშაულთა ერთობლიობით ჰ. კ–ს განესაზღვრა 6 (ექვსი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ჰ. კ–ს ¼-ით შეუმცირდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც დამატებული აქვს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს) და განესაზღვრა - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა და განაჩენთა ერთობლიობით ჰ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის არგუმენტები და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 3321-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილით („საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას აქვს უკუძალა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად) მსჯავრდებულის მდგომარეობა უმჯობესდება.

3. ვინაიდან ჰ. კ–ე 2006 წლის 22 სექტემბრისა და 2008 წლის 19 სექტემბრის განაჩენებით დადგენილი დანაშაულების ჩადენის დროს იყო ნასამართლობის არმქონე მისი მდგომარეობა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მოქმედი რედაქციის შესაბამისად უმჯობესდება, რაც საქართველოს სსსკ-ის 3321-ე მუხლის თანახმად, განაჩენის გადასინჯვის საფუძველს წარმოადგენს.

4. საკასაციო პალატა, მის წინაშე არსებული კონკრეტული მოცემულობის გათვალისწინებით, არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა ისარგებლოს განაჩენის სააპელაციო და საკასაციო წესით გასაჩივრების უფლებით, რა დროსაც მისთვის საბოლოო სასჯელი განისაზღვრება ახალი კანონის შესაბამისად და განმარტავს: მოცემულ შემთხვევაში მხარე შუამდგომლობს განაჩენის გადასინჯვას მხოლოდ სასჯელის ნაწილში, რაც მსჯავრდებულის მიერ სამომავლოდ განაჩენის გასაჩივრების შემთხვევაში არ იქნება შემაფერხებელი საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოსთვის, ვინაიდან ამ შემთხვევაში სასამართლო არ აფასებს განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, არ მსჯელობს ქმედების კვალიფიკაციის სისწორესა და შეფარდებული სასჯელის სამართლიანობაზე; სასამართლომ უნდა შეასრულოს მხოლოდ კანონის იმპერატიული მოთხოვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობისას სასჯელის განსაზღვრის შესახებ და, შესაბამისად, განაჩენის გასაჩივრების შემთხვევაშიც არც ერთ ასპექტში არ იქნება საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოს შემბოჭავი.

5. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 26 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ ჰ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. ს–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ უნდა გაუქმდეს, წარმოება დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობის დაშვების მიზნით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ჰ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ს–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის განჩინება;

3. მიეთითოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომ დაუშვას მსჯავრდებულ ჰ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ს–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სანდოძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე