Facebook Twitter

ას-840-891-2011 10 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს “... უნივერსიტეტი” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ს-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ს-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “... უნივერსიტეტის” მიმართ საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელე 2005 წლის 4 თებერვლიდან არის შპს “... უნივერსიტეტის” პარტნიორი და დამფუძნებელი. მისი წილი საზოგადოებაში შეადგენს 10,5%-ს. 2009 წლის 25 მაისს წერილობითი განცხადებით მიმართა შპს “... უნიივერსიტეტის” ადმინისტრაციას რათა გასცნობოდა ინფორმაციას საზოგადოების საქმიანობის შესახებ, ასევე საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს. აღნიშნული წერილის პასუხად შპს “... უნივერსიტეტის” ადმინისტრაციამ აცნობა, რომ საზოგადოების დირექტორი 2009 წლის 11 ივნისამდე იმყოფებოდა სამსახურებრივ მივლინებაში და ამ მიზეზით მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინათ მისი მოთხოვნა. 2009 წლის 11 ივნისს მოსარჩელემ კვლავ მიმართა საზოგადოებას მოთხოვნით გასცნობოდა საზოგადოების საქმიანობას, წიგნებსა და ჩანაწერებს, თუმცა შპს “... უნივერისტეტის” ადმინისტრაციისაგან არ მიეცა მისი კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

შპს “... უნივერსიტეტის” განმარტებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების ფარგლებში მოსარჩელეს გადაეცა 2 პორტატული კომპიუტერი, პრინტერი, ასევე სხვადასხვა სახელმძღვანელოები, რომელთა დაბრუნების თაობაზე მოპასუხემ გ.ს-ს აცნობა წერილობით. აღნიშნული მატერიალური აქტივები საზოგადოების ფინანსურ და საბუღალტრო დოკუმენტებში ირიცხება და მათი დაუბრუნებლობა ხელს უშლის ასევე სხვა პარტნიორებისათვის ზუსტი ინფორმაციის წარდგენას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს ,,... უნივერსიტეტს’” დაევალა მოსარჩელისათვის საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და საზოგადოების წიგნებისა და ჩანაწერების გაცნობა, ამავე სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის განჩინებით კი შპს “... უნივერსიტეტის” საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტის განჩინებით შპს “... უნივერსიტეტის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2010 წლის 28 მაისის განჩინება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს ,,... უნივერსიტეტს” დაევალა მოსარჩელისათვის საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ასევე საზოგადოების წიგნებისა და ჩანაწერების გაცნობა. პალატამ მიუთითა, რომ სადავოს არ წარმოადგენს სასამართლო სხდომის თაობაზე მოპასუხის კანონით დადგენილი წესით ინფორმირების ფაქტი. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე, 233-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით და განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია, თუ დადგინდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა-ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში აპელანტი არ უთითებს აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საფუძველზე, შესაბამისად, მისი მოსაზრება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით, საფუძველს მოკლებულია. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს დარღვეულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები და სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმის საფუძველზე სასამართლო არ იკვლევს, არ აფასებს საქმეში წარდგენილ მტკიცებულებებს და სასარჩელო მოთხოვნის გასაბათილებლად მოპასუხის მიერ შესაგებელში მოყვანილ არგუმენტებს. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელში მითითებული გარემოებები მიიჩნია დამტკიცებულად, რაც მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველ ნაწილის გამოყენების მართებულობაზე. სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მატერიალურ-სამართლებრივ მოთხოვნას. იურიდიულ მართებულობაში იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარეობს სამართლით დაცული მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა, მოცემულ შემთხვევაში კი, სარჩელში მითითებული გარემოებები სამართლებრივად ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “... უნივერსიტეტმა” და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რადგანაც მოწინააღმდეგე მხარე არ აბრუნებს უნივერსიტეტის კუთვნილ ინვენტარს, შესაბამისად, უნივერსიტეტი მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნა. აღნიშნული გარემოებისათვის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ მიუცია. სასამართლოს ასევე არ შეუფასებია ის ფაქტი, რომ გ.ს-ს არც კი უარყვია მის არამართლზომიერ მფლობელობაში უნივერსიტეტის აქტივების ყოფნის ფაქტი. სასამართლოს არ განუმარტავს, გააჩნია თუ არა მოცემულ შემთხვევაში პარტნიორს უფლება, მოითხოვოს ეკონომიკური ხასიათის დოკუმენტაცია, სასამართლომ ასევე არ შეაფასა და განმარტება არ მისცა ისეთ გარემოებებს, როგორიცაა პარტნიორის უფლება, მოითხოვოს საზოგადოების კუთვნილი აქტივის დაბრუნება, არსებობს თუ არა რაიმე ზღვარი, რომლის ოდენობის მაღლა შესაძლოა სასამართლომ იმსჯელოს გაითვალისწინება თუ არა ასეთი ინვენტარი საბუღალტრო ჩანაწერებში და იმოქმედებს თუ არა მითითებული პარტნიორის უფლებებზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით შპს “... უნივერსიტეტის” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს “... უნივერსიტეტის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს “... უნივერსიტეტის” საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს “... უნივერსიტეტს” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “... უნივერსიტეტის” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ შპს “... უნივერისტეტს” (ს/¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ “სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე” მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 210 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.