ას-878-921-2011 17 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს “ო-ი”
მოწინააღმდეგე მხარე _ დ. ქ-ე, ნ.დ-ი, ქ. მ-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ქ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ო-ის”, ნ.დ-ისა და ნოტარიუს ხ. მ-ას მიმართ და მოითხოვა ნ.დ-ზე გადაუხდელი თანხის, დარიცხული პროცენტებისა და პირგასამტეხლოს სახით 1 870 656 აშშ დოლარის დაკისრება, ასევე გადაწყვეტილების მიღებიდან აღსრულებამდე ყოველთვიურად 1698 აშშ დოლარის დაკისრება და წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 3000 ლარის დაკისრება, ნ.დ-ზე პირველ და მეორე სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე დაკისრებული თანხების _ იპოთეკის საგნის ქ. ბათუმში, მ-ის ქ. ¹48 და პ-ის ქ.¹132-ის კვეთაში არსებული შპს “ო-ის” კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების _ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების 2603 კვ.მ ფართით იძულებითი აუქციონის წესით რეალიზაციის გზით _ გადახდევინების დადგენა, ასევე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა 2007 წლის 27 დეკემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა და 2008 წლის 21 თებერვლის სესხის, იპოთეკისა და ვალდებულების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე, 2008 წლის 24 ოქტომბრის შეთანხმების ბათილად ცნობა, რომლითაც ცვლილებები შევიდა 27.12.2007წ. და 21.02.2008 წ. ხელშეკრულებებში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით დ. ქ-ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ნ.დ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის – 566 000 აშშ დოლარის, 2010 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით მასზე დარიცხული პროცენტის – 499 916 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს სახით 400 000 აშშ დოლარის – სულ 1 465 916 (ერთი მილიონ ოთხას სამოცდახუთი ათას ცხრაასთექვსმეტი) აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხე ნ.დ-ს მოსარჩელე დ. ქ-ის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე სესხის ძირითადი თანხის ყოველთვიურად 3%-ის და ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი (სესხის ძირითადი თანხის) თანხის 0.01%-ს გადახდა. ნ.დ-ს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3 000 ლარის გადახდა. მოპასუხე ი. ჯ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. დადგინდა, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხების გადახდევინება მომხდარიყო იპოთეკის საგნის – უძრავი ქონების, მდებარე, ქ. ბათუმში, მ-ის ქ. ¹48 და პ-ის ქ. ¹132-ის კვეთაში არსებული შპს “ო-ის” კუთვნილი მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების იძულებითი აუქციონის წესით რეალიზაციიდან ამოღებული თანხის ხარჯზე. მოსარჩელეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე ეთქვა უარი. მოპასუხეს, შეგებებულ სარჩელზე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
დ. ქ-ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება თავისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება;
შპს “ო-იმ” სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დ. ქ-ის სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად უარის თქმა, შპს “ო-ი”-ს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, 2007 წლის 27 დეკემბრის, 2008 წლის 21 თებერვლისა და 2008 წლის 24 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა; შპს “ო-ის” შუამდგომლობათა დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საოქმო განჩინებათა გაუქმება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით დ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; შპს “ო-ი”-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება ნ.დ-ისათვის დ. ქ-ის სასარგებლოდ 2010 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს, ასევე 2010 წლის 11 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად სესხის ძირითადი თანხის 0,01%-ის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; ნ.დ-ს, დ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2010 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით პროცენტის_366 202 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს_353 184 აშშ დოლარის ანაზღაურება; ნ.დ-ს დ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2010 წლის 11 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად სესხის ძირითადი თანხის 0,1%-ის_566 აშშ დოლარის ანაზღაურება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში განთავსებული სანოტარო აქტებით დადგინდა, რომ 2007 წლის 27 დეკემბერს, ნ.დ-ს, შპს “ო-ი”-სა და დ. ქ-ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც დ. ქ-ემ, როგორც ფიზიკურმა პირმა, ნ.დ-ს, 6-თვიანი ვადით, 2008 წლის 27 ივნისამდე, სესხად მისცა 448.000 აშშ დოლარი.
ხელშეკრულებაში დაფიქსირდა, რომ გამსესხებელმა მსესხებელს სესხი სრულად გადასცა ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე, ხოლო მსესხებელმა მიიღო თანხა სრულად. აღნიშნული სესხი იყო სარგებლიანი, რაც შეადგენდა ყოველთვიურად ძირითადი თანხის 3-%-ს. ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საერთო თანხის 0,03%-ის ოდენობით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა შპს ”ო-ის” კუთვნილი უძრავი ქონება_ქ. ბათუმში, მ-ისა და პ-ის გადაკვეთაზე, ¹48/132-ში არსებული მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული 2603 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობებით. (ტ.1.ს.ფ.20-23).
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 21 თებერვალს, იმავე მხარეებს შორის 6 თვის ვადით- 2008 წლის 21 აგვისტომდე, დაიდო სესხის მეორე ხელშეკრულება, რომლითაც დ. ქ-ემ, მოპასუხე ნ.დ-ს სესხად გადასცა 100.000 აშშ დოლარი. აღნიშნული ხელშეკრულების ყველა პირობა ანალოგიური იყო 2007 წლის 27 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებისა; იგივე იყო იპოთეკის საგანიც. (ტ.1.ს.ფ.24-27). 2007 წლის 27 დეკემბრის და 2008 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულებების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გამსესხებელს უფლება აქვს სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა იპოთეკის საგნით. ამავე ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით, გამსესხებელი უფლებამოსილი არის მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია, თუ მსესხებელი არ გადაიხდის აღნიშნული ხელშეკრულებებით განსაზღვრულ სესხს.
მხარეთა განმარტებებით დადგინდა, რომ იპოთეკის საგნის მესაკუთრე, შპს “ო-ის” დირექტორი_მოპასუხე ი. ჯ-ი, წარმოადგენდა ნ.დ-ის მეგობარს და მასთან დაახლოებულ პირს. ასევე დადგინდა, რომ 2008 წლის 24 ოქტომბერს, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით დაიდო ხელშეკრულება, სადაც აღინიშნა, რომ ცვლილება უნდა შესულიყო ზემოთ მითითებულ ორივე ხელშეკრულებაში, კერძოდ: 2007 წლის 27 დეკემბრის ხელშეკრულებაში მითითებულ ძირითად სესხად ჩაითვალა 448.000 აშშ დოლარი; სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2009 წლის 01 აპრილი; სესხზე დარიცხული 3% განისაზღვრა ყოველთვიურად 13440 აშშ დოლარის ოდენობით; გაიზარდა პირგასამტეხლოს ოდენობა და ნაცვლად 0,03%-ისა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა 0,2%-ის ოდენობით. 2008 წლის 21 თებერვალს გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ძირითადი სესხის ოდენობად ნაცვლად 100000 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 118.000 აშშ დოლარი; სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2009 წლის 01 აპრილი; დადგენილი იქნა, რომ ამ სესხზე დარიცხული ყოველთვიური 3% შეადგენდა 3540 აშშ დოლარს; პირგასამტეხლოს ოდენობა ნაცვლად 0,03%-ისა, განისაზღვრა 0,2%-ით; 2008 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულებით დადგინდა, რომ თუ არ მოხდებოდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია იძულებით აუქციონზე, კრედიტორს უფლება ჰქონდა 2 თვის გასვლის შემდეგ, იპოთეკის საგანი გადაეფორმებინა თავის საკუთრებად, გასესხებული თანხის მოცულობის შესაბამისად. (ტ.1.ს.ფ.28-31)
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2008 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული მთლიანი ძირითადი თანხის 566000 აშშ დოლარის (448000+118000=566000) სარგებელი 3%-ზე გაანგარიშებით ყოველთვიურად შეადგენდა 16980 აშშ დოლარს, ხოლო დღიურად 566 აშშ დოლარს (16980 აშშ დოლარი : 30 დღეზე=566 აშშ დოლარს). ამავე ხელშეკრულების მიხედვით, 566000 აშშ დოლარის პირგასამტეხლო 0,2%-ზე გაანგარიშებით ყოველდღიურად შეადგენდა 1132 აშშ დოლარს, ხოლო 0,1%-ზე გაანგარიშებით შეადგენს 566 აშშ დოლარს;
სააპელაციო პალატის მითითებით, 2008 წლის 24 ოქტომბრიდან (ხელშეკრულების გაფორმების დრო)_2010 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით (პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე) გასული იყო 21 თვე და 17 დღე. ყოველთვიურად 3%-ზე გაანგარიშებით, ამ პერიოდისათვის 566000 აშშ დოლარის პროცენტი შეადგენდა 366 202 აშშ დოლარს.
2008 წლის 24 ნოემბრიდან (24.10.08.წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალის გასტუმრების დასაწყისი) _2010 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით (პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე) გასულია 624 დღე. ამ პერიოდისათვის, ყოველდღიურად 0,2%-ზე გაანგარიშებით, 566000 აშშ დოლარისათვის პირგასამტეხლო შეადგენს 706368 აშშ დოლარს (1132 X 624=706368); 0,1%-ზე გაანგარიშებით შეადგენდა _ 353184 აშშ დოლარს (566 X 624=353184);
შპს “ო-ის” სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ სრულადგაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივ გარემოებები შპს “ო-ის” შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით და დამატებით განმარტა შემდეგი:
სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, 2009 წლის 26 აგვისტოს, ძველი თბილისის რაიონულ პროკურატურას განცხადებით მიმართა შპს ”ო-ი”-ს დირექტორმა ი. ჯ-მა და განმარტა, რომ 2007 წლის 27 დეკემბრისა და 2008 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული 448000 აშშ Dდოლარი და 100000 აშშ დოლარი (სულ 548000 აშშ დოლარი) დ.ქ-ის მიერ ნ. დ-ზე გადაცემული არ ყოფილა, სესხის ხელშეკრულებები გაფორმდა მისი ნივთის, იპოთეკის საგნის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით. ხელშეკრულებას ხელი მოაწერა იმიტომ, რომ ვერ წარმოედგინა ნ. დ-ისაგან მეგობრული ნდობის ბოროტად გამოყენების ფაქტი. გარდა ამისა, ნოტარიუსმა არ მიიღო ზომები ხელშეკრულებების გაფორმებისას მონიტორინგის სამსახურისათვის ეცნობებია. (ტ.4.ს.ფ.6-11)
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ძველი თბილისის რაიონული პროკურატურისადმი შპს ”ო-ი”-ს დირექტორის, ი. ჯ-ის 2009 წლის 26 აგვისტოს განცხადების საფუძველზე, 2009 წლის 7 სექტემბერს დაიწყო გამოძიება ი. ჯ-ის მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე და ბრალდებულად ცნობილი იქნა მხოლოდ ნ. დ-ი (ტ.4.ს.ფ.3, 235)
შპს “ო-ის” შუამდგომლობის საფუძველზე, საქმეზე დართული სისხლის სამართლის საქმის მასალებში ბრალდებულის, ნ. დ-ის დაკითხვის ოქმითა (ტ.4.ს.ფ. 233-236) და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარის_ ნ.დ-ის ჩვენებით გაირკვა რომ 2007 წლის 27 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ნ. დ-ის მითითებით, დ. ქ-ემ ჩარიცხ შპს “ნ.”-ის ანგარიშზე, რომლის ერთადერთ დამფუძნებელსა და პარტნიორს წარმოადგენდა ნ. დ-ი, ხოლო 2008 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 100000 აშშ დოლარი ნაღდი ფულის სახით მიიღო ხელშეკრულების გაფორმებამდე.
2010 წლის 23 ნოემბრის საბრალდებო დასკვნის თანახმად, ნ.დ-ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში: ... 2007 წლის 27 დეკემბერს, ხ. მ-ას სანოტარო ოფისში დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ი. ჯ-მა დ. ქ-ის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთა მისი კუთვნილი სასტუმრო 448000 აშშ დოლარის სესხის უზრუნველსაყოფად. ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა ისესხა ნ.დ-მა, მესაკუთრე ი. ჯ-ის ქონების უზრუნველყოფით. 2008 წლის 21 თებერვალს, ნ.დ-მა ი. ჯ-ი კვლავ მიიყვანა ნოტარიუს ხ. მ-ასთან, სადაც ¹1-1461 ხელშეკრულებით დ. ქ-ემ კვლავ ასესხა თანხა 100000 აშშ დოლარი ნ.დ-ს, ი. ჯ-ის ქონების უზრუნველყოფით. მიუხედავად იმისა, რომ ნ.დ-ს თანხა უნდა დაებრუნებინა რვა თვის ვადაში, ამ უკანასკნელმა მიღებული თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და მიიმალა...” (ტ.4.ს.ფ.279-281).
პალატამ სრულად გაიზიარა შპს “ო-ის” შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი დასაბუთება და საქმეზე წარმოდგენილი გამოძიების მასალების, სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ნ, დ-ის ახსნა-განმარტებითა და ნ. დ-ის მიმართ წარდგენილ საბრალდებო დასკვნაზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ 2007 წლის 27 დეკემბრისა და 2008 წლის 21 თებერვლის სანოტარო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სესხის თანხა_სულ 548000 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა შპს ”ო-ის” კუთვნილი უძრავი ქონება_სასტუმრო, რეალურად მიიღო ნ.დ-მა, რაც გამორიცხავს ამ საფუძვლით სადავო გარიგებათა ბათილად ცნობის შესაძლებლობას.
აპელანტის, დ. ქ-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით პალატა განმარტა, რომ ვინაიდან საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა სკ 429-ე მუხლის შესაბამისად კრედიტორის, დ. ქ-ის მიერ გაცემული ვალდებულების შესრულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხე) ნ. დ-ის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მას მოსარჩელე დ. ქ-ისათვის გადახდილი აქვს 2007 წლის 27 დეკემბრისა და 2008 წლის 21 თებერვლის სანოტარო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სესხის სარგებელი_ დაუსაბუთებელია.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 328-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მართალია, 2008 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ იგი წარმოადგენს 2007 წლის 27 დეკემბრისა და 2008 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანის შეთანხმებას, მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 24.10.2008წ. ხელშეკრულება დადებულია არა 27.12.2007 წ. და 21.02.2008 წ ხელშეკრულებათა მოქმედების ვადაში, არამედ ამ ვადის გასვლის შემდეგ, ასევე გაზრდილია სესხის ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს ოდენობა, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ 24.10.2008წ. ხელშეკრულება თავისი შინაარსით წარმოადგენდა ახალ გარიგებას, სადაც მხარეებმა გამოხატეს ნება, 27.12.2007 წ. და 21.02.2008 წ ხელშეკრულებათა ფარგლებში წარმოშობილი ვალის ოდენობაზე, ასევე ვალის გასტუმრების ახალ პირობებზე, კერძოდ, წინა ხელშეკრულებებისაგან განსხვავებით სესხის ძირითადი თანხა ნაცვლად 548000 აშშ დოლარისა (448000+100000=548000) განისაზღვრა 566000 აშშ დოლარით (448000+118000=566000), ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო ნაცვლად ძირითადი თანხის 0,03%-ისა განისაზღვრა 0,2%-ით. ის, რომ ხელშეკრულების სხვა პირობებთან დაკავშირებით მითითება გაკეთდა 27.12.2007წ. და 21.02.2008წ. ხელშეკრულებებზე, პალატის მოსაზრებით, ვერ ჩაითვლებოდა, რომ 24.10.2008 წლის ხელშეკრულებით გაგრძელდა 27.12.2007წ. და 21.02.2008წ ხელშეკრულებათა ვადები. ამდენად, დ. ქ-ის მოთხოვნა მოპასუხე ნ. დ-ისათვის როგორც 24.10.08წ., ისე 27.12.07წ. და 21.02.08წ. ხელშეკრულებების მოქმედების ვადებში საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, გაზიარებული ვერ იქნებოდა და მოვალე ნ. დ-ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე, პალატის აზრით, მოთხოვნები უნდა განხილულიყო და შეფასებულიყო 24.10.12008 წლის ხელშეკრულებასთან მიმართებაში.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 52-ე მუხლებზე და იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ 24.10.08წ. ხელშეკრულებაში 27.12.2007წ. და 21.02.2008წ ხელშეკრულებებისაგან განსხვავებით სესხის ძირითადი თანხა (548000 აშშ დოლარი) დაფიქსირებულია მეტი ოდენობით (566000 აშშ დოლარი) და სხვაობა შეადგენს 18000 აშშ დოლარს, პალატამ განმარტა, რომ მართალია საქმის მასალებით არ დასტურდება 24.10.1008 წლის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის დამატებით 18000 აშშ დოლარის ნ. დ-ისათვის გადაცემა, მაგრამ გათვალისწინებით იმისა, რომ მოვალის (ნ. დ-ი) მიერ 27.12.2007წ. და 21.02.2008წ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულება შესრულებული არ ყოფილა, სკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, დადასტურებულად უნდა ჩათვლილიყო, რომ 24.10.2008 წლის ხელშეკრულებაში ძირითადი ვალის მეტი ოდენობით დაფიქსირებით მხარეებმა გამოხატეს ნება, ამ დროისათვის წინა ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ვალის გადახდაზე და რადგანაც ასეთი გარიგება კანონსაწინააღმდეგო არაა, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623_625-ე, 131-ე, 361.2-ე, 394.1-ე, 403.1-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ, ვინაიდან, სადავოს არ წარმოადგენდა და ნ. დ-ის განმარტებითაც დასტურდებოდა, რომ 2008 წლის 24 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შესრულებულა, კრედიტორისათვის არც ძირითადი თანხა, არც საპროცენტო სარგებელი და არც ვადაგადაცილებული დროისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო გადახდილი არ ყოფილა, დ. ქ-ის სასარჩელო მოთხოვნა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხის 566000 აშშ დოლარის, ასევე ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, საპროცენტო სარგებელის_ ყოველთვიურად ძირითადი თანხის 3%-ის, 16980 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, სკ-ის 361-ე, 625-ე, მუხლების შესაბამისად საფუძვლიანია; სკ-ის 394-ე და 403-ე მუხლების შესაბამისად ასევე საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ზიანის ანაზღაურების მიზნით, ყოველთვიურად ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის_16980 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-419-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ კრედიტორს ყოველთვის აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება; ვინაიდან, 2008 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს გადახდა, ამასთან, ნ. დ-ის მიერ, ვალდებულება არ შესრულებულა, დ. ქ-ის სასარჩელო მოთხოვნა როგორც ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, ისე ამ ვადის გასვლის შემდეგ ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე და, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულება დადებულია ფიზიკურ პირებს, დ. ქ-ესა და ნ. დ-ს შორის, ამასთან მოვალეს ხელშეკრულების დადების დროს ადვოკატის მომსახურეობის არ უსარგებლია, რაც შესაძლებლობას მისცემდა შეეფასებინა პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობა, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ 2008 წლის 24 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო, რაც უნდა შემცირებულიყო და ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლო, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ნაცვლად ძირითადი თანხის 0,2%-ისა უნდა განისაზღვრულიყო 0,1%-ით, ანუ 566 აშშ დოლარით, შესაბამისად, აპელანტის, დ. ქ-ის მოთხოვნა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, განსაზღვრული პირგასამტეხლოს (0,01%) გაზრდის თაობაზე, პალატის მოსაზრებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რადგანაც, 2008 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება უნდა დაწყებულიყო 2008 წლის 24 ნოემბრიდან, შესაბამისად, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება უნდა ათვლილიყო 2008 წლის 24 ნოემბრიდან. პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობის გათვალისწინებით (0,1%), ნ. დ-ს, დ. ქ-ის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 2008 წლის 24 ნოემბრიდან_პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე (11.08.2010 წელი) 624 დღის პირგასამტეხლოს, სულ_353 184 აშშ დოლარის ანაზღაურება (624 X 566 = 353184); ასევე, 2010 წლის 11 აგვისტოდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით, ყოველდღიურად სესხის ძირითადი თანხის 0,1%-ის_566 აშშ დოლარის ანაზღაურება.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის, შპს “ო-ის” მოსაზრება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმათა დარღვევისა და ყველა საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნა, რომ აპელანტს დასაბუთებული პრეტენზია, ამ განჩინებათა უსწორობის თაობაზე არ წარმოუდგენია, რაც გამორიცხავდა გასაჩივრებულ განჩინებათა გაუქმების შესაძლებლობას.
აპელანტის, დ. ქ-ის მოთხოვნა ქონების სამართავად გადაცემის, ასევე მოპასუხის ქონებაზე ყადაღის დადებაზე მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2010 წლის 9 აგვისტოს საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ შუამდგომლობის მიზანს წარმოადგენდა სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველყოფა, რათა შემდგომში არ გაძნელებულიყო სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, რაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით წარდგენილ მოთხოვნას შეესაბამებოდა. აღნიშნულთან მიმართებაში, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191.1-ე და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა”, “გ” პუნქტებისა და მე-3 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნა, რომ ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის საფუძვლად მითითებული სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით, აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შპს “ო-ის” საკუთრებაში რეგისტრირებულ ქონებაზე ყადაღის დაუდებლობით, ან ამ ქონების სამართავად გადაცემის განუხორციელებლობით, შეუძლებელი გახდებოდა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, პალატის მოსაზრებით, დასაბუთებული იყო, შესაბამისად, არ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 9 აგვისტოს საოქმო გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” პუნქტზე, მე-3 ნაწილსა და 269-ე მუხლზე და, ვინაიდან, აპელანტის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა განსაკუთრებულ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას, რომ გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, აპელანტის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.
იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შპს “ო-ის” შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, გარდა ამისა, სწორად გამოიყენა საპროცესო კანონი, როცა ერთერთი თანამოპასუხის, ნ. დ-ის მიერ შესაგებლის წარუდგენლობისა და სხდომაზე გამოუცხადებლობის მიუხედავად არ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და არსებითი გადაწყვეტილებით შპს “ო-ის” შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველი იყო.
დ. ქ-ის სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს, დადგენილად მიიჩნია, რომ 27.12.2007წ. და 21.02.2008წ ხელშეკრულებები წარმოადგენდა მოქმედ ხელშეკრულებებს, რის გამოც მოვალე ნ. დ-ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე მოთხოვნები განიხილა და შეაფასა არა 24.10.12008 წლის ხელშეკრულებასთან, არამედ წინა ხელშკრულებებთან მიმართებაშიც, რამაც გამოიწვია გადაგადაცილებული დროის არასწორად განსაზღვრა და საპროცენტო სარგებლის არასწორი დაანგარიშება; გარდა ამისა, პირგასამტეხლოს შემცირებას, საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების შესაბამისად გადასახდელი ვალი დიდი ოდენობის იყო, ასეთი მსჯელობა კი, პალატის განმარტებით, არ გამომდინარეობდა კანონის მოთხოვნებიდან;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ო-იმ”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ შეაფასა შპს “ოდეისეის”, როგორც იპოთეკის საგნის მესაკუთრის მოთხოვნა და პასუხი არ გასცა მათ მიერ სააპელაციო საჩივარსა და სასამართლო პროცესზე დაზუსტებულ მოთხოვნებს;
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ უარყო მათი მტკიცება ისე, რომ არ მოუსმენია ნოტარიუსის განმარტება და დაეყრდნო მხოლოდ ადვოკატის განმარტებებს;
კასატორის განმარტებით, სააპელაციო საჩივარშიც და სასამართლო პროცესზეც ისინი ამტკიცებდნენ იმ გარემოებას, რომ ნ.დ-მა ი. ჯ-ს დაუმალა ხელშეკრულების დადების წინაპირობა და პირადი ნდობის ბოროტად გამოყენებით მიაღწია იმას, რომ ი. ჯ-მა ხელი მოაწერა ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მისთვის საზიანო იყო. თუ ი. ჯ-ისათვის ცნობილი იქნებოდა საქმის ყველა გარემოება, მაშინ ის წამგებიან ხელშეკრულებაზე ხელს არ მოაწერდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ გვერდი აუარა მათს მტკიცებულებას პრეტენზიის განხილვის მითითებულ ნაწილში, რაც ცხადყოფს, რომ სასამართლომ არასრულყოფილად განიხილა საქმე და არ განმარტა ის კანონების, რომელთა საფუძველზეც მოითხოვდნენ ხელშეკრულების ბათილობას.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მათი მტკიცება იმ ნაწილში, რომლითაც ისინი სადავოდ ხდიდნენ სესხის თანხის ოდენობასაც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივნისის განჩინებით შპს “ო-ის” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ო-ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს “ო-ის” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი) 70% _ 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ო-ის” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი) 70% _ 5600 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.