Facebook Twitter

ას-904-944-2011 18 ოქტომბერი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

კასატორი _ ზ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ხ-ა

გასაჩივრებული განჩინება– თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ხ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. გ-ის მიმართ განქორწინებისა და შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე და მოპასუხე 2005 წლის 20 ოქტომბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინების განმავლობაში მხარეებს შეეძინათ 2 შვილი: 2007 წლის 20 ივლისს დაბადებული თ. გ-ე და 2006 წლის 6 აგვისტოს დაბადებული რაინდი გ-ე. მოსარჩელე შვილებსა და მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა ქობულეთში, სოფელ ...ში. მეუღლის უმუშევრობისა და მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, მხარეთა შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რასაც ხშირად ზ.გ-ის მხრიდან ახლდა მოსარჩელისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენდა მცირეწლოვანთა ფსიქიკაზე. თ.ხ-ა იძულებული შეიქნა თ. გ-ესთან ერთად საცხოვრებლად გადასულიყო თბილისში. ვინაიდან და-ძმის ცალ-ცალკე ცხოვრება და აღზრდა მათ ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე მხოლოდ მავნე ზემოქმედებას მოახდენს და, ამასთანავე, ზ. გ-ის სახლში ბავშვის ნორმალურად აღზრდის პირობები შექმნილი არ არის, ამიტომ ბავშვების საცხოვრებელ ადგილად, სამოქალაქო კოდექსის 1128-ე მუხლიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს დედის, თ. ხ-ას საცხოვრებელი ადგილი.

ზ. გ-ემ სარჩელი არ ცნო და ითხოვა მხარეთა შესარიგებლად გარკვეული ვადის განსაზღვრა, ამასთანავე განმარტა, რომ მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილზე ბავშვების ცხოვრება საზიანო იქნება მათი ჯანმრთელობისთვის, რის გამოც თ. ხ-ას მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის განჩინებით ზ. გ-ის შუამდგომლობა შესარიგებელი ვადის დანიშვნის შესახებ დაკმაყოფილდა; მხარეებს შესარიგებლად განესაზღვრათ 3 თვის ვადა. ამავე სასამართლოს 2010 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით სარჩელი ქორწინების შეწყვეტის ნაწილში, თ. ხ-ას შუამდგომლობის საფუძველზე, დარჩა განუხილველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, მცირეწლოვანი ბავშვების: 2007 წლის 20 ივლისს დაბადებული თ. გ-ისა და 2006 წლის 6 აგვისტოს დაბადებული რაინდი გ-ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის, თ. ხ-ას, საცხოვრებელი ადგილი, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. გ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 მარტის განჩინებით ზ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება. პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თ. ხ-სა და ზ. გ-ეს ერთად ცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ორი შვილი: 2007 წლის 20 ივლისს დაბადებული თ. გ-ე და 2006 წლის 6 აგვისტოს დაბადებული რაინდი გ-ე. თ. გ-ე ამჟამად ცხოვრობს დედასთან, თ. ხ-თან, ხოლო რაინდი გ-ე მამასთან, ზ. გ-ესთან, ქობულეთის რაიონის სოფელ ...ში. მოსარჩელე თ. ხ-ს ბავშვების რჩენა-აღზრდისათვის აქვს ნორმალური პირობები. ოჯახში არის შექმნილი ბავშვებზე მზრუნველი გარემო და მათი განვითარებისათვის ხელშემწყობი პირობები, მცირეწლოვანი და-ძმის დაშორება ზიანს მიაყენებს ბავშვების ფსიქიკას. იმისათვის რომ დაცული იყოს ბავშვების უფლებები, საჭიროა ისინი იზრდებოდნენ ერთად. სააპელაციო პალატა დაეყრდნო რა გლდანი-ნაძალადევის რაიონის სოციალური მომსახურების სამსახურის სოციალური მუშაკის დასკვნასა და მოსარჩელის ახსნა-განმარტებებს, არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ თ. ხ-ას არ აქვს ბავშვების აღსაზრდელად სათანადო პირობები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებები და განმარტა: ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის შესაბამისად, ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება. სწორედ აღნიშნული ღირებულებების შეფასებით და ბავშვის ინტერესების შესაბამისად, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მშობლებისათვის შვილების აღსაზრდელად გადაცემის საკითხები. ამავე კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ, პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინაამღდეგო ჩარევა. ამავე კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით. დასახელებულ ნორმებსა და სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1201-ე მუხლებზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ არასრულწოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მშობლების უფლება-მოვალეობათა სრული თანასწორობისა და ბავშვის სწორი აღზრდის ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთან, ბავშვის აღზრდის ინტერესებში სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მშობლების მატერიალური პირობები, უნდა მიაქციოს ყურადღება იმას, თუ როგორი გარემოს შექმნას შესძლებენ მშობლები ბავშვისათვის მათი მატერიალური მდგომარეობის, ასაკის, მორალური სახის, ინტელექტუალური დონისა და ბავშვის აღზრდაში მონაწილეობის ხარისხის გათვალისწინებით. კანონი არ ცნობს რომელიმე მშობლის უპირატეს უფლებას შვილების მიმართ, ვინაიდან, არა უფლებათა უპირატესობა, არამედ ბავშვის სწორად აღზრდის ინტერესები უნდა იყოს ამ დროს გადამწყვეტი. პალატამ მიიჩნია, რომ უკეთესი საყოფაცხოვრებო პირობების ქონა ყოველთვის ვერ იქნება გადამწყვეტი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას. ამ დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს, აგრეთვე, თუ როგორი მორალური გარემოს შექმნას შესძლებენ მშობლები ბავშვისათვის.

ქობულეთის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის დასკვნა-რეკომენდაციის საფუძველზე, რომ რაინდი გ-ე, დედაზე საუბრისას ხდება მოწყენილი, თუმცა სიხარულით ყვება, თუ როგორ წაიყვანა მამამ იგი დედის სანახავად, ასევე გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის დასკვნით, ბავშვების გაყოფა, მცირეწლოვანი და-ძმის დაშორება მათი ცალ-ცალკე აღზრდა ზიანს მიაყენებს ბავშვების ფსიქიკას. ამ მტკიცებულებების საფუძველზე პალატამ დაადგინა, რომ ბავშვების უპირატესი ინტერესების, მათი ასაკის გათვალისწინებით მიზანშეწონილია და-ძმის ერთად ცხოვრება და აღსაზრდელად დედისათვის გადაცემა, რათა არ მოხდეს მათი გაუცხოვება, როგორც ერთმანეთის, ასევე დედის მიმართ. ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს. აღნიშნულ ნორმასა და საქმის მასალებზე დაყრდნობით პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე თ. ხ-თან არასრულწლვანი და-ძმის აღსაზრდელად დატოვება არ ეწინააღმდეგება ბავშვების ინტერესებს, რადგან დედას ყველა პირობა აქვს მათი აღზრდისათვის, ამასთან სასამართლოს მიაჩნია, რომ არასრულწლოვანთა უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით და-ძმა ცალ-ცალკე არ უნდა იზრდებოდეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ გ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით: განჩინების დაყრდნობა გლდანი-ნაძალადევის სოციალური სამსახურის დასკვნაზე, გაუმართლებელია, რადგან მასში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ სად ან ვის საცხოვრებელ ფართში ცხოვრობს მოსარჩელე, რამდენი სული ცხოვრობს აღნიშნულ სახლში, რამდენია მისი ფართობი, მოწყობილია თუ არა ბავშვის ოთახი, კონკრეტულად რა სახის შემოსავალს იღებს თ.ხ-ა და ა.შ. ამასთანავე, სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა ზ. გ-ისა და მასთან მყოფი მცირეწლოვანი შვილის საცხოვრებელი პირობები. პალატამ ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციაზე დაყრდნობით მიუთითა, რომ არ შეიძლება არასრულწლოვანი და-ძმა ცალ-ცალკე იზრდებოდეს, მაგრამ სასამართლომ არ გაითვალისწინა ამავე კონვენციით გათვალისწინებული სხვა პირობების არსებობა, რომლებიც განსახილველ დავაშია, კერძოდ, პალატის მსჯელობიდან გამომდინარე, მთავარია, და-ძმა ერთად იზრდებოდეს და მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა გარემოში მოუწევთ მათ ცხოვრება: თ. ხ-ას დაუდგენელი პირობების მქონე საცხოვრებელში, თუ კასატორის ყოველმხრივ კეთილმოწყობილ სახლში. პალატამ იმსჯელა რა რაინდი გ-ის დამოკიდებულებაზე დედასთან, სრულებით უგულებელყო და არ დაუდგენია ის, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მას კასატორთან, რის გამოც გარემოებები მხოლოდ ცალმხრივად შეფასდა. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა ,,ბავშვის უფლებათა კონვენცია” და სამოქალაქო კოდექსის 1201-ე, 1197-ე მუხლები, ამასთანავე არასრულად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ.გ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს იმავე სასამართლოში, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია მტკიცებულებათა არასრული გამოკვლევა და მის საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არასარწმუნოობა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მცირეწლოვანი რაინდი გ-ე ცხოვრობს მამასთან.

უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული დავა, საოჯახო საქმეთა განხილვის თავისებურებებიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIII თავით დადგენილი წესებით უნდა იქნეს განხილული, რაც სამოქალაქო სამართალწარმოების განსხვავებულ წესს ადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რაც დავისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების მითითებასა და დამტკიცებაში სასამართლოს ჩაურევლობას გულისხმობს. ამ წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები, რა დროსაც სასამართლო აქტიურად ერთვება მტკიცების პროცესში და შეუძლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოება თავისი ინიციატივით დაადგინოს, კერძოდ, საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეების განხილვისას, 354-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ. კანონის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია საოჯახო ურთიერთობათა სპეციფიკითა და განსაკუთრებულობით, რასაც ადასტურებს კონსტიტუციის 36-ე მუხლით სახელმწიფოს მიერ აღიარებული ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა. ამ მოსაზრებას განამტკიცებს ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლი, რომლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

ბავშვის ინტერესების დაცვისას სრულად გამოიყენება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი, რომლითაც ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში, რომელიც ბავშვის საცხოვრებელ გარემოს ეხებოდა მიუთითა, სასამართლო აღიარებს, რომ ასეთი საკითხის გადაწყვეტისას, ადგილობრივი სასამართლოები აწყდებიან ისეთ ამოცანას, რომელიც ძალიან რთულად გადასაწყვეტია. მათი მხრიდან მკაცრი, მოუქნელი პროცედურების დაცვის მოთხოვნა, უფრო მეტ პრობლემებს წარმოშობს, ამიტომ მათ უნდა მიეცეს ფართო დისკრეციული მოქმედების საშუალება ასეთი საკითხების გადაწყვეტისას. ამგვარად, თუკი ბავშვი მოაცილეს ბიოლოგიურ მშობლებს და მოათავსეს ალტერნატიული მზრუნველობის ქვეშ, ანუ აღსაზრდელად გადასცეს აპეკუმებს, დროთა განმავლობაში ბავშვსა და ამ უკანასკნელს შორის შესაძლოა, ჩამოყალიბდეს ახალი კავშირები, რომლებიც, Bბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, სასურველი იქნებოდა, რომ არ დარღვეულიყო, ან შეწყვეტილიყო ადრინდელი გადაწყვეტილებების გასაჩივრებით, რომლითაც მშობლებს აეკრძალათ ან შეეზღუდათ თავიანთი (იგულისხმება მშობლის) უფლებები (ჩAშE OF ჭ. ვ. თHE UNIთED KINGDOM – (Aპპლიცატიონ ნო.9749/82; 8 ჟულყ 1987) იგივე მოსაზრებაა გამოთქმული ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში (ჩAშE OF KEEGAN ვ. IღELAND – (Aპპლიცატიონ ნო.16969/90; 26 Mაყ 1994), ჩAშE OF ჩHEPELEV ვ. ღUშშIA - (Aპპლიცატიონ ნო.58077/00; 26 ჟულყ 2007), რომლებითაც კანონით დადგენილი მშობლისა და სხვა კანონიერ წარმომადგენელთა უფლებების საწინააღმდეგოდ პრიორიტეტი ბავშვის ინტერესს ენიჭება, თუკი კონკრეტულ შემთხვევაში ბავშვის ამა თუ იმ გარემოდან მოცილება ან მის ცხოვრების წესის შეცვლის აუცილებლობა და უკეთესობა მკაფიოდ გამოკვეთილი არ არის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების შეუთანხმებლობისას არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელ ადგილს განსაზღვრავს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.

კანონი არ ადგენს რაიმე პრეზუმფციას დედის ან მამის სასარგებლოდ. სასამართლო დავის გადაწყვეტისას ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე არკვევს, თუ რომელ მშობელს შეუძლია უკეთ უზრუნველყოს ბავშვის აღზრდა, რაც მარტო საბინაო-საყოფაცხოვრებო და მატერიალურ პირობებზე არ არის დამოკიდებული. ამდენად, დავის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პრიორიტეტის განსაზღვრა უნდა მოხდეს არა მშობლების, არამედ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, მშობლების განმარტებით დგინდება, რომ მცირეწლოვანი რაინდი გ-ე ორი წელია ცხოვრობს მამის ოჯახში, ამჟამად საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დაიწყო სწავლა სკოლაში. მამის განმარტებით, ბავშვი მიჩვეულია არსებულ გარემო პირობებს, რაც დამაჯერებელია, რადგან ბავშვის დედის ან მამის გარემოში დიდხანს ყოფნის შემდეგ იგი ეჩვევა მას და უყალიბდება გარკვეული კავშირები, რომელთა შეწყვეტამ და მისმა სხვა ოჯახურ გარემოცვაში გადაყვანამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მოზარდზე. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ რაინდი გ-ის მცირეწლოვანი და _ თ. გ-ე იზრდება დედასთან. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნებს და-ძმის დაცილების შედეგებთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მცირეწლოვანი და-ძმის განცალკევებით აღზრდა უარყოფითად იმოქმედებს მათ ფსიქიკაზე. არასრულწლოვანი და-ძმის დაცილება დასაშვებია მაშინ, როდესაც ეს აუცილებლობითაა გამოწვეული და მშობელს, რომელთანაც ბავშვი იზრდება, არ აქვს შესაძლებლობა, შეუქმნას მას აღზრდის ნორმალური პირობები. მოცემულ შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნით დგინდება, რომ დედას აქვს ბავშვების აღზრდისათვის პირობები. ამასთან, ყოველივე ზემოაღნიშნული არ არის საკმარისი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის გადასწყვეტად.

ბავშვის ჩვეული ოჯახური გარემოსაგან მოწყვეტამ შესაძლებელია ნეგატიური გავლენა მოახდინოს ბავშვის ახალ ოჯახში, უცხო საზოგადოებასთან ინტეგრაციაზე, რის ასაცილებლად აუცილებელია ამ პროცესის განსაზღვრა და მისი გადაცემის შემთხვევაში პროცესუალური უზრუნველყოფა. ამისათვის აუცილებელია სპეციალური დაწესებულებების, სპეციალისტების პროცესში მონაწილეობა და მათი დასკვნების საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ ეს საკითხი არ გამოკვლეულა, კერძოდ, სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოარკვია მშობლების _ თ. ხ-ასა და ზ. გ-ის საცხოვრებელი პირობები, რომელიც მნიშვნელოვანია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას, თუმცა გადამწყვეტია თვითონ მცირეწლოვანის დამოკიდებულება უკვე არსებული საცხოვრებელი პირობებისადმი. ამ საკითხის გამოკვლევისას სასამართლომ სპეციალისტის (მოცემულ შემთხვევაში, ფსიქოლოგის) აზრის გათვალისწინებით უნდა შეაფასოს რაინდი გ-ის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მიზანშეწონილობა. ამდენად, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას კომპლექსურად უნდა გაირკვეს, როგორც საცხოვრებელი ადგილის პირობების სათანადოობა, ასევე ბავშვის ფსიქიკური მონაცემები და დამოკიდებულება მოსალოდნელი ცვლილებებისადმი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.