Facebook Twitter
¹ას-914-954-2011 27 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე


სხდომის მდივანი _ ლ.სანიკიძე

კასატორი _ ს. ს-ა

წარმომადგენელი – გ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – თ. მ-ე

წარმომადგენელი _თ. გ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 აპრილის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. ს-ას მიმართ ვალდებულების შესრულების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: 2008 წლის 25 თებერვალს ბანკიდან აღებული სესხით მოსარჩელის შვილმა ვ. მ-მა შეიძინა ავტომანქანა “მერსედეს ბენცი”, თუმცა, ვინიადან რომ საბანკო სესხის გადახდას მ-ის ოჯახი ვეღარ ახერხებდა, გადაწყვიტეს მოცემული ავტომანქანის რეალიზაცია. რაკი მ-ი საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა, მან მოსარჩელეს სანოტარო წესით გაუფორმა მინდობილობა, ავტომანქანის გასხვისების უფლებით. 2009 წლის თებერვალში მოპასუხემ მოსარჩელისგან, ზეპირი გარიგების საფუძველზე, შეიძინა ავტომანქანა “მერსედეს ბენცი” სახელმწიფო ნომრით ..., რომელიც წარმოადგენდა ვ. მ-ის საკუთრებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველი არა უგვიანეს სამი თვისა, გადაიხდიდა ნასყიდობის ფასს – 5 000 აშშ დოლარს, რის შემდეგაც მის სახელზე გადაფორმდებოდა ავტომანქანა. პარალელურად თ.მ-ემ მოპასუხეს გადასცა ავტომანქანა და საჭირო დოკუმენტაცია. 2009 წლის ივნისის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც ვალდებულების შესრულებისთვის დადგენილი ვადა ამოიწურა, მოსარჩელემ მიმართა ს. ს-ას მოთხოვნით, დაუყონებლივ გადაეხადა ავტომანქანის ფასი ან დაებრუნებინა იგი მოსარჩელისთვის. თუმცა მოპასუხემ უსახსრობის გამო, მოითხოვა გადახდის ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელება 2009 წლის 10 ივნისამდე. ამასთანავე, გადასცა მოსარჩელეს 1000 ლარი, რათა მას შესძლებოდა საბანკო სესხის პროცენტის დაფარვა და ორი პირის თანდასწრებით შეადგინა ხელწერილი, რომლითაც აღიარა ვალდებულების არსებობა და გამოთქვა მზადყოფნა მის შესასრულებლად. დათქმული ვადის გასვლის შემდეგ მოპასუხემ კვლავ არ გადაიხადა ნასყიდობის ფასი, თუმცა სწორედ ამ დროს შეისყიდა სატვირთო ავტომანქანა. მან ასევე უარი განაცხადა ავტომანქანის დაბრუნებაზე. მოსარჩელემ, ვინაიდან იგი დაინტერესებული იყო ავტომობილის ადგილსამყოფლით, მიმართა საპატრულო პოლიციას და დაადგინა, რომ იგი 2009 წლის პირველ აგვისტოს ჩამოერთვა ვინმე იქენდუროღლის და დაყენებულია ავტოსადგომზე. ავტომობილი არის მნიშვნელოვნად დაზიანებული და აღენიშნება ავტოსაგზაო შემთხვევის კვალი. საჯარიმო ავტოსადგომის მომსახურებისთვის გადასახდელი თანხა 2009 წლის 25 ნოემბრისთვის შეადგენდა 968 ლარს, ხოლო, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ავტომანქანისთვის მიყენებული ზიანი შეადგენს 1090 ლარს. მოპასუხე უარს აცხადებს, ნებაყოფლობით გადაიხადოს ავტომანქანის შეკეთების, ავტოსადგომზე მომსახურების ხარჯებისა და ავტომანქანის შესყიდვის თანხა.
მოპასუხე ს. ს-ამ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: 2009 წლის თებერვალში ს-ამ გამოთქვა სურვილი, შეეძინა ავტომანქანა “მერსედეს ბენცი” სახელმწიფო ნომრით ..., თუმცა იგი უნდა ყოფილიყო ტექნიკურად გამართული და მოსარჩელეს უნდა გადაეცა ს-ასთვის დამატებით 2 საბურავი, რაც არ განხორციელდა. ამასთანავე, ავტომობილს დასჭირდა შეკეთება. ამავე წლის ივნისში მოსარჩელემ კვლავ მოითხოვა ნასყიდობის ფასის დაუყოვნებლივ გადახდა, რასაც მოპასუხე არ დაეთანხმა, რადგან მხარეები ამაზე არ შეთანხმებულან. ავტომობილის დაბრუნება არავის მოუთხოვია, პირიქით, ს. ს-ა სთხოვდა მ-ეს ავტომობილის უკან წაყვანას, რადგან იგი არ აღმოჩნდა ტექნიკურად გამართული ისე, როგორადაც ზეპირი შეთანხმებისას აღუწერეს, თუმცა მოსარჩელეს ავტომანქანა უკან არ წაუყვანია. ამასთანავე, მოპასუხე მიუთითებს, რომ მას ავტომობილი არ დაუზიანებია, პირიქით შეაკეთა და გააუმჯობესა. ავტომობილი 2009 წლის პირველ აგვისტოს ჩამოართვეს მოპასუხის მეგობარს, რადგან მას არ ჰქონდა მართვის მოწმობა. ამის შესახებ ს-ამ დაუყონებლივ შეატყობინა მ-ეს და სთხოვა, როგორც მანქანის მესაკუთრის მინდობილ პირს წაეყვანა საპატრულო პოლიციიდან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანდნენ, თუმცა მოსარჩელემ აღნიშნული რეაგირების გარეშე დატოვა, რადგან მოპასუხე კვლავაც უარს ამბობდა ავტომობილის მთლიანი საფასურის გადახდაზე. ამის შემდგომ ს. ს-ა არაერთხელ დაუკავშირდა თ. მ-ეს, როგორც მესაკუთრის მინდობილ პირს, თხოვნით, დახმარებოდა მას ავტომობილის საჯარიმო სადგმიდან გამოყვანაში, რადგან მის გარეშე მოპასუხე ამას ვერ ახორციელებდა, მიუხედავად იმისა, რომ მზადყოფნას გამოთქვამდა თანხის გადახდაზე, თუმცა მოსარჩელე, სხვადასხვა მიზეზის გამო უარს აცხადებდა აღნიშნულზე. ამდენად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ავტომობილი საჯარიმო ავტოსადგომზე იდგა სწორედ მ-ის ბრალით, ამიტომ დავალიანება, რომელმაც 1000 ლარს გადააჭარბა მან უნდა გადაიხადოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4394 აშშ დოლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ს-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2009 წლის თებერვალში თ. მ-ესა და ს. ს-ას შორის დაიდო ზეპირი გარიგება, რომლის თანახმად მოპასუხემ მოსარჩელისგან 5000 აშშ დოლარად შეიძინა თ. მ-ის შვილის სახელზე რიცხული ავტომანქანა. მოპასუხეს ნასყიდობის ფასი უნდა გადაეხადა ნაწილ-ნაწილ არა უგვიანეს 2009 წლის ივნისისა. სასამართლომ ¹AV1239158 ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ზეპირი გარიგების შედეგად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი ავტომანქანა “მერსედეს ბენცი” საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო თ. მ-ის აწ გარდაცვლილი შვილის ვ. მ-ის სახელზე. 2010 წლის 20 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ვ. მ-ის სამკვიდრო მიღებული აქვს თ.მ-ეს და იგი წარმოადგენს ვ.მ-ის უფლებამონაცვლეს. 2006 წლის 26 ივლისის ¹1-4204 მინდობილობის თანახმად, ავტომანქანის შესახებ გარიგების შედგენის მომენტში თ.მ-ეს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე გააჩნდა ვ.მ-ის მოძრავი ქონების განკარგვის სრული უფლებამოსილება. სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2009 წლის თებერვალში მხარეთა შორის ნასყიდობის ზეპირი გარიგების დადების შემდეგ, მოპასუხეს ფაქტობრივადაც გადაეცა ნაყიდი ავტომანქანა და ს. ს-ამ დაიწყო ამ ნივთით სარგებლობა. ასევე დადგენილია, რომ ნასყიდობის შედეგად მიღებული ავტომობილით სარგებლობდნენ არა მარტო ნივთის უშუალო შემძენი, არამედ მისი თანამშრომლებიც. მოპასუხე და მისი თანამშრომლები მოსარჩელისგან შესყიდული ავტომანქანით სარგებლობდნენ 2009 წლის თებერვლიდან (ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულების დადებიდან) 2009 1 აგვისტომდე პერიოდში. კერძოდ, 2009 წლის 1 აგვისტოს შედგენილი საჯარიმო ქვითრით დასტურდება, რომ ავტომანქანას მართავდა იდრის ინქენდეროღლუ. საქმის განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ ავტომანქანა “მერსედეს ბენცი ... კვლავ ირიცხება ვ. მ-ის სახელზე და 2009 წლის 1 აგვისტოდან იმყოფება შპს “ს.ც-ის” საჯარიმო ავტოსადგომზე იდრის ინქენდეროღლუს დაჯარიმების შედეგად.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტ ს. ს-ას მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების და მოპასუხისათვის ნივთის გადაცემის მომენტში ნასყიდობის საგანს გააჩნდა ისეთი ნაკლი, რომლის შესახებაც მყიდველი არ იყო ინფორმირებული. აღნიშნულთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 477-ე, 317-ე, 316-ე, 361-ე მუხლებზე და მართებულად დაასკვნა, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების და მოპასუხისათვის ნივთის გადაცემის მომენტში ის ხარვეზები, რომლებიც ავტომობილს გააჩნდა, მოპასუხისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულების დადების მომენტშივე. აღნიშნული დასტურდება იმ გარემოებით, რომ აპელანტი საქართველოში ფლობს ავტომანქანების პროფილაქტიკას, ამდენად, მას გააჩნდა შესაძლებლობა, თავად შეემოწმებინა შეძენილი ავტომობილი და მისი რეალურად შეკეთების შემთხვევაში ასევე შეეძლო ამ გარემოების დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულებების წარმოდგენა. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ, მოპასუხის ახსნა-განმარტებისა და მოწმე ს. კ-ის ჩვენების მიხედვით, ავტომანქანა სწორედ ამ პროფილაქტიკაში შეაკეთეს. სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლი ადგენს გამყიდველის ვალდებულებას, გადასცეს მყიდველს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მყიდველს შეუძლია, ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის მიხედვით. სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს, ნივთის ნაკლის გამო, ხელშეკრულების მოშლა კანონით დადგენილი წესით არ მოუთხოვია. უფრო მეტიც, მას შემდეგ, რაც მოპასუხე ს. ს-ამ, მისივე მითითებით, გაიგო ავტომანქანის ნაკლის შესახებ, იგი მაინც მოიხმარდა საკუთარი შეხედულებისამებრ, რაც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს მასზე, რომ მან საკუთრებაში მიიღო შეძენილი ნივთი. ის გარემოება, რომ ს. ს-ას არ სურდა ხელშეკრულების მოშლა და მისი მიზანი იყო მხოლოდ ნასყიდობის საფასურის გადახდის თარიღის გადაწევა, დასტურდება, თვით მოპასუხე ს. ს-ას ინიციატივით დაკითხული და თავისი პროფილაქტიკის თანამშრომლის მოწმე ს. კ-ძის ჩვენებით. ამავე მოწმისა და მოპასუხე ს. ს-ას მეგობრის, თ. ა-ას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით ასევე უდავოდ დასტურდება მხარეთა შორის არსებული ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც ს. ს-ა ვალდებული იყო, მოსარჩელისათვის ნასყიდობის ფასი 5000 აშშ დოლარი გადაეხადა 2009 წლის 10 ივნისამდე. ის გარემოება, რომ ამ ხელწერილის შინაარსი ცნობილი იყო მოპასუხისათვის, დადასტურებულია მოწმე ს. კ-ის ჩვენებით, რომელმაც პირადად შეადგინა ეს ხელწერილი თურქულ ენაზე.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილ იქნა, რომ მხარეთა შორის 2009 წლის თებერვალში ზეპირი ფორმით დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, ამასთან, თ. მ-ემ შეასრულა ნასყიდობის ზეპირი გარიგებით დადგენილი პირობა და ნასყიდობის საგანი გადასცა მოპასუხეს, რომელმაც თავისი ვალდებულება შეასრულა ნაწილობრივ, კერძოდ, მან სრულად არ გადაიხადა ნასყიდობის საფასური და მოსარჩელისათვის გადასახდელი დარჩა 4394 აშშ. დოლარი სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ნასყიდობის ზეპირი გარიგების საფუძველზე. 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ ჩათვალა, რომ არსებობდა მოპასუხისათვის 4 394 აშშ დოლარის დაკისრების საფუძველი. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ ავტომობილისა და ტექნიკური პასპორტის გადაცემით, ს. ს-ას სახელზე სატრანსპორტო საშუალების საკუთრების უფლება არ გადასულა, რადგან ავტომანქანა ამჟამადაც აღრიცხულია აწ გარდაცვლილ ვ. მ-ის სახელზე. სასამართლომ განმარტა, რომ ავტომობილის სავალდებულო რეგისტრაციას ითვალისწინებს “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლი, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.01.07 წლის ¹150 ბრძანებით დამტკიცებული “მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების” შესახებ ინსტრუქცია. მითითებული ნორმატიული აქტების რეგულირების სფეროს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღნიშნულის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალება, მისაბმელი, ნომრიანი აგრეგატი ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივ აქტს. Aამ ვალდებულების განხორციელება წარმოადგენს მხოლოდ ერთ-ერთ აუცილებელ პირობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის და არა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის. ავტომანქანა არის მოძრავი ნივთი და მასზე ვრცელდება მოძრავი ნივთის შეძენისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესები. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო ავტომანქანა თ. მ-ემ, ნამდვილი უფლების საფუძველზე, ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად გადასცა ს. ს-ას. ამდენად, უდავოა, რომ მოპასუხე (აპელანტი) წარმოადგენს სადავო ნივთის მესაკუთრეს.
პალატამ, აპელანტის პოზიცია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის შესაბამისად, სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ იმ საფუძვლით, რომ თ.მ-ე წარმოადგენს არაუფლებამოსილ პირს, არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ ავტომობილის მესაკუთრე ვ.მ-ი გარდაიცვალა 2010 წლის 8 აპრილს. საქმეში მოთავსებული 2010 წლის 11 მაისის სანოტარო აქტით დგინდება, რომ გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრე თ.მ-ეს კანონით დადგენილ ვადაში წარდგენილი აქვს განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ, რაც ნიშნავს ვ.მ-ის სამკვიდროს მიღებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამკვიდროს მართვის ფარგლებში თ. მ-ე უფლებამოსილია, წარმოადგინოს სამკვიდრო მასა ყველა იმ სამართლებრივ ურთიერთობებში, რომლის მონაწილეც იყო მამკვიდრებელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ს. ს-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თ. მ-ის სარჩელის განუხილველად დატოვება შემდეგი საფუძვლებით: პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ ს-ასათვის ნივთის გადაცემის მომენტში ნასყიდობის საგანს გააჩნდა ისეთი ნაკლი, რომლის შესახებ მყიდველი არ იყო ინფორმირებული, თუმცა ვერც პირველმა და ვერც მეორე ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ ვერ დაასაბუთა აღნიშნული. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ს-ას გააჩნდა ავტომანქანების გასამართი სადგური და იქ შეეძლო, შეემოწმება ავტომანქანა, პალატამ კი გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნა, რომ ს. ს-ა ფლობს ავტომანქანების პროფილაქტიკას. ამდენად, მას ჰქონდა საშუალება, თავად შეემოწმებინა შეძენილი ავტომობილი. რეალურად, არც ერთი მითითებული გარემოება არ შეესაბამება სინამდვილეს. პალატამ არასწორად არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ და განმარტა, რომ ავტომობილის მესაკუთრე ვ. მ-ი გარდაიცვალა 2010 წლის 8 აპრილს. საქმეში მოთავსებული 2010 წლის 11 მაისის სანოტარო აქტით დგინდება, რომ გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრე თ.მ-ეს კანონით დადგენილ ვადაში წარდგენილი აქვს განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ, რაც ნიშნავს მ-ის სამკვიდროს მიღებას. აღნიშნულიდან გამომდინარე სამკვიდროს მართვის ფარგლებში მ-ე უფლებამოსილია, წარმოადგინოს სამკვიდრო მასა ყველა იმ სამართლებრივ ურთიერთობებში, რომლის მონაწილეც იყო მამკვიდრებელი, ანუ სასამართლო უთითებს, რომ 2010 წლის 11 მაისს თ. მ-ემ შვილისაგან მიიღო სამკვიდრო, მათ შორის სადავო ავტომობილი. იმავე განჩინებაში პალატა უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს, რომ სადავო ნივთის მესაკუთრეს წარმოადგენს ს. ს-ა. პალატის განმარტებით, როდესაც მ-ემ ს-ას გადასცა ტექ-პასპორტი და ავტომობილი მან შეასრულა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ დროიდან პალატა ს-ას მიიჩნევს სადავო ავტომანქანის მესაკუთრედ. მანქანისა და ტექპასპორტი გადაეცა 2009 წლის თებერვალში, ე.ი. ს-ა მანქანის მესაკუთრე გამხდარა 2009 წლის თებერვლიდან ანუ ვ.მ-ის საკუთრებას სწორედ ამ დროიდან აღარ წარმოადგენდა. ამ ფონზე გაურკვეველია როგორ მიიღო მემკვიდრეობით მ-ემ 2010 წლის 11 მაისის სანოტარო აქტით უკვე ს-ას საკუთრებაში მყოფი ავტომობილი ან როგორ აღმოჩნდა იგი სამკვიდრო მასაში. პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის ¹150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქცია, როდესაც აღნიშნული საფუძვლებით ავტომობილის მესაკუთრედ მიიჩნია ს. ს-ა. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 487-ე, 491-ე და 352-ე მუხლები. თ.მ-ემ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლით დადგენილი წესი, ს. ს-ას არ გადასცა ნივთობრივად უნაკლო ნივთი. მას შემდგომ რაც ავტომანქანას აღმოაჩნდა ნაკლი, თ.მ-ე კი უარს აცხადებდა, როგორც ნაკლის გამოსწორებაზე ასევე მისი გამოსწორებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურებაზე, ს-ას კანონიერი უფლება წარმოეშვა, გასულიყო ხელშეკრულებიდან და მოეთხოვა ნივთის უკან დაბრუნება, რაც გააკეთა კიდეც: იგი კატეგორიულად ითხოვდა მ-ისგან უკან წაეყვანა თავისი ავტომანქანა და გადაეხადა მისთვის ავტომანქანის რემონტისათვის დახარჯული თანხა, წინასწარ გადახდილ 1000 ლართან ერთად. ს. ს-ას მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის დამადასტურებელია მხარეთა მიერ პირველი ინსტანციაში მიცემული ახსნა-განმარტებები, მოწმეების ჩვენებები, ასევე თავად ს-ას ქმედება, რაც გამოიხატა წინასწარ გადახდილი 1000 ლარის შემდგომ თ.მ-ისათვის ავტომანქანის ღირებულების დარჩენილი ნაწილის აუნაზღაურებლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა არ დგინდება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, ხოლო სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2009 წლის თებერვალში თ. მ-ესა და ს. ს-ას შორის დაიდო ზეპირი გარიგება, რომლის თანახმად მოპასუხემ მოსარჩელისგან 5000 აშშ დოლარად შეიძინა თ. მ-ის ავტომანქანა. მოპასუხეს ნასყიდობის ფასი უნდა გადაეხადა ნაწილ-ნაწილ, არა უგვიანეს 2009 წლის ივნისისა. ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი _ ავტომანქანა “მერსედეს _ ბენცი” ¹V1239158 ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო თ. მ-ის აწ გარდაცვლილი შვილის ვ. მ-ის სახელზე. ვ.მ-ის სამკვიდრო მიღებული აქვს თ. მ-ეს და იგი წარმოადგენს მის უფლებამონაცვლეს. 2006 წლის 26 ივლისის ¹1-4204 მინდობილობის თანახმად, ავტომანქანის შესახებ გარიგების შედგენის მომენტში თ. მ-ეს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე გააჩნდა ვ. მ-ის მოძრავი ქონების განკარგვის სრული უფლებამოსილება. 2009 წლის თებერვალში მხარეთა შორის ნასყიდობის ზეპირი გარიგების დადების შემდეგ, მოპასუხეს ფაქტობრივადაც გადაეცა ნაყიდი ავტომანქანა და ს. ს-ამ დაიწყო ამ ნივთით სარგებლობა. ავტომანქანით სარგებლობდნენ არა მარტო ნივთის უშუალო შემძენი, არამედ მისი თანამშრომლებიც. მოპასუხე და მისი თანამშრომლები მოსარჩელისგან შესყიდული ავტომანქანით სარგებლობდნენ ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულების დადებიდან _ 2009 წლის თებერვლიდან 2009 1 აგვისტომდე. 2009 წლის 1 აგვისტოს შედგენილი საჯარიმო ქვითრით დასტურდება, რომ ავტომანქანას მართავდა ი. ი-ლუ, რომლის დაჯარიმების შედეგად საჯარიმო ავტოსადგომზე მოხვდა. ავტომანქანა “მერსედეს ბენცი” ...” კვლავ ირიცხება ვ. მ-ის სახელზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
სამოქალაქო კოდექსის 148-ე და 149-ე მუხლების თანახმად ავტომანქანა წარმოადგენს რა მოძრავ ნივთს, მასზე უნდა გავრცელდეს ამ კატეგორიის ნივთებთან დაკავშირებული საკუთრების გადაცემის სამართლებრივი რეჟიმი. ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის გადაცემად ითვლება, შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.
აღნიშნული ნორმის ანალიზით, მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად აუცილებელია ორი წინაპირობის არსებობა: მესაკუთრის ნამდვილი, ლეგიტიმური უფლება და ნივთის გადაცემა. ავტომანქანის ნასყიდობაზე შეთანხმების მომენტში თ.მ-ეს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე გააჩნდა ვ.მ-ის მოძრავი ქონების განკარგვის სრული უფლებამოსილება, ასევე უდავოა, რომ N2009 წლის თებერვალში, მხარეთა შორის ნასყიდობის ზეპირი გარიგების დადების შემდეგ, მყიდველს _ ს. ს-ას პირდაპირ მფლობელობაში გადაეცა ავტომანქანა და დაიწყო ამ ნივთით სარგებლობა. ამდენად, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლით გათვალისწინებულ ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რომელთაც ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის, ამავე კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად წარმოადგენს ხელშეკრულების საგანი (ავტომანქანა “მერსედეს ბენცი”) და ნასყიდობის ფასი (5000 აშშ დოლარი). ხელშეკრულების არსებით პირობას წარმოადგენდა ნასყიდობის ფასის ავტომანქანის გადაცემის შემდეგ, არა უგვიანეს 2009 წლის ივნისამდე გადახდა. სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მყიდველს ნასყიდობის საფასური სრულად არ გადუხდია.
ზემოაღნიშნულით დასტურდება მოძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობისთვის აუცილებელი ორივე წინაპირობის არსებობა, მაგრამ ს. ს-ასთვის საკუთრების უფლების გადაცემა შეთანხმების პირობების სამართლებრივი შეფასებით არ მომხდარა, კერძოდ:
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემძენზე საკუთრება გადავიდოდა ნივთის საფასურის გადახდის შემდეგ. სამოქალაქო კოდექსის 188-ე მუხლის შესაბამისად, თუ გამსხვისებელმა პირობად დათქვა საკუთრების გადასვლა შემძენზე მხოლოდ ნივთის საფასურის გადახდის შემდეგ, ივარაუდება, რომ საკუთრება გადავა შემძენზე საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. თუ შემძენი გააჭიანურებს საფასურის გადახდას, ხოლო გამსხვისებელი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, უკვე ორმხრივად განხორციელებული შესრულება მხარეებმა უნდა დააბრუნონ.
მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ნივთის გადაცემა შემძენისათვის ჯერ კიდევ არ ნიშნავს მასზე საკუთრების უფლების გადასვლას. ნივთის მიღებით მყიდველი იძენს მისი ფლობისა და სარგებლობის უფლებას, თუმცა ნივთის განკარგვის უფლებამოსილება მთლიანად გამყიდველს რჩება, რომელიც ჯერ კიდევ მესაკუთრეა, ვიდრე თანხის სრულად გადახდა არ მოხდება. პირობადებული საკუთრება – გამყიდველისთვის მესაკუთრის ტიტულის შენარჩუნება წარმოადგენს ვალდებულებითი ურთიერთობიდან წარმოშობილი გამყიდველის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, ანუ შემძენზე საკუთრების უფლების გადასვლა დამოკიდებულია ვალდებულების შესრულების პირობაზე _ ნასყიდობის საფასურის გადახდაზე.
ამდენად, ზემოაღნიშნული ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ საკუთრების უფლება კასატორს ავტომობილთან ერთად არ გადასცემია, რადგან გამსხვისებელმა (თ. მ-ემ) პირობად დათქვა შემძენზე (ს. ს-აზე) საკუთრების უფლების გადაცემა მხოლოდ თანხის (5 000 აშშ დოლარის) სრულად გადახდის შემდეგ. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ავტომობილის ამჟამინდელი მესაკუთრე თ. მ-ეა, რომელსაც, როგორც ზემოთ დასაბუთდა, სრული უფლება აქვს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ავტომობილი, მართალია წარმოადგენს მოძრავ ნივთს, მაგრამ მასზე ვრცელდება რა სპეციალური რეჟიმი, საკუთრების წარმოსაშობად საკმარისი არ არის მარტოოდენ მხარეთა შეთანხმება და ნივთის გადაცემა, არამედ დამატებით საჭიროა შემძენის მესაკუთრედ რეგისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, რადგან “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალება, მისაბმელი, ნომრიანი აგრეგატი ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას.
საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას.
რაც შეეხება “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონს, პირველი მუხლის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს. აღნიშნული კანონით იმპერატიულად დადგენილია სატრანსპორტო საშუალებათა სავალდებულო რეგისტრაცია, რაც თავისთავად არ წარმოადგენს ნივთზე საკუთრების წარმოშობის საფუძველს. რეგისტრაციის განხორციელება არ წარმოადგენს სამოქალაქოსამართლებრივ აქტს, იგი მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და თავისი არსით ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება.
მითითებული კანონის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის ¹150 ბრძანებით დამტკიცდა “მექანიკური და სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” ინსტრუქცია, რომელიც მკაფიოდ წარმოაჩენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრაციის შინაარსს, კერძოდ: ინსტრუქციის მე-3 მუხლი განსაზღვრავს რა ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებას, მე-6 პუნქტით ადენს, რომ მესაკუთრედ მიიჩნევა ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვა მექნიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლება და გააჩნია შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე ნოტარიულად შედგენილი საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით მექანიკური სატრანსპორტო საშულების მმართველი პირი, ხოლო ამავე მუხლის მე-12 პუნქტით, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებათა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლში მითითებული ორგანიზაცია ან დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრების უფლებას. საგულისხმოა ინსტრუქციის მე-11 მუხლი, რომლის ძალითაც მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრების უფლება დასტურდება ერთ-ერთი დოკუმენტით, რომელიც გასცეს: ა)სარეგისტრაციო განყოფილებებმა (ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა, ტექნიკური ტალონი, სააღრიცხვო ბარათი, ერთობლივი განცხადება (დანართი N1) და ასევე სხვა უფლებამოსილმა ორგანოებმა. ამავე ინსტრუქციის ¹1 დანართი კი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების გადაცემის მხარეთა ურთიერთშეთანხმებით შედგენილი ერთობლივი განცხადების ნიმუშს წარმოადგენს, რის საფუძველზეც სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება. ამავე ინსტრუქციის მე-3 მუხლის მესამე პუნქტით მოცემულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დეფინიცია, კერძოდ, რეგისტრაცია არის ამ ბრძანებით განსაზღვრული წესით, სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება, სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მათი დაშვება და დადგენილი წესით სარეგისტრაციო სისტემასა და დოკუმენტებში ინფორმაციის აღრიცხვა.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ავტომანქანის რეგისტრაციის მიზანი და დანიშნულება კანონით ამომწურავად არის განსაზღვრული და იგი ამ ნივთზე საკუთრების წარმოშობის აუცილებელი წინაპირობა არ არის, თუმცა მესაკუთრის შეცვლა სავალდებულო რეგისტრაციას ექვემდებარება.
საკასაციო სასამართლო სრულიად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, მოპასუხისათვის ნივთის გადაცემის დროს ნასყიდობის საგნის ნაკლის არცოდნასთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთის განაწილებისა და ფაქტობრივი გარემოებების დაუდასტურებლობის თაობაზე.
უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ, ვინაიდან თ. მ-ის მოთხოვნას სპეციალურ ავტოსადგომზე მანქანის განთავსების თანხების ანაზღაურების შესახებ ეთქვა უარი, ფაქტობრივად კასატორს დაეკისრა ამ თანხის გადახდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლი) გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. იგი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილი). ამდენად, პირი სარჩელის შეტანის გზით იცავს თავის უფლებას და შელახულ ინტერესებს, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იმავდროულად იწვევს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდაა დაცული და, შესაბამისად, მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია. ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართლებრივი წესრიგის დადგენა შესაძლებელია რა მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულებით, აღსასრულებლად წარემართება მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი და არა სამოტივაციო ნაწილი, თუნდაც ეს უკანასკნელი ადგენდეს რაიმე უფლების ან ვალდებულების არსებობას.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის შესაბამისად, სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ იმ საფუძვლით, რომ თ. მ-ე წარმოადგენს არაუფლებამოსილ პირს, და აღნიშნავს, რომ ავტომობილის მესაკუთრე ვ. მ-ი გარდაიცვალა 2010 წლის 8 აპრილს. საქმეში არსებული 2010 წლის 11 მაისის სანოტარო აქტით დგინდება, რომ გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრეს - თ. მ-ეს კანონით დადგენილ ვადაში წარდგენილი აქვს განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ, რაც ნიშნავს ვ. მ-ის სამკვიდროს მიღებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, თ. მ-ე უფლებამოსილია, წარმოადგინოს სამკვიდრო ქონება ყველა იმ სამართლებრივ ურთიერთობებში, რომლის მონაწილეც იყო მამკვიდრებელი. მართალია, ვ. მ-ნი გარდაიცვალა მანამდე, სანამ იგი საკუთარ ნებას გამოხატავდა მოცემულ დავასთან მიმართებით, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ თ. მ-ემ, როგორც მისმა უფლებამონაცვლემ, მოიპოვა უფლებამოსილება, გამოეხატა ნება ვ. მ-ის მაგივრად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :


ს. ს-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.