ას-937-975-2011 20 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს „ჰ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ჰ-ის“ მიმართ ვალდებულების შესრულების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “ჰ-ს”, 2006 წლის 4 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა 16 935,88 ლარის, ხოლო 2006 წლის 17 მარტის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით _ 8625 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში კი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება სადავო ნივთის _ ტრაქტორის სვლის შემანელებლის ღირებულების ანაზღაურების ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მარტის განჩინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა სრულად მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს “ჰ-ს” საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 2006 წლის 17 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 118 857.93 ლარის ოდენობით მატერიალური ზაინის ანაზღაურება, რაც გაასაჩივრა შპს “ჰ-მა”.
ამავე სასამართლოს 2011 წლის 21 აპრილის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის, 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ საქმის არსებითად განხილვის დღეს არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, რომლისთვისაც სხდომის დღის შესახებ ცნობილი იყო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. შპს “ჰ-ის” წარმომადგენლის მიერ არც მინდობილობა და არც განცხადება სხდომის გადადების თაობაზე წარმოდგენილი არ ყოფილა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შპს “ჰ-ის” წარმომადგენლის მითითებაზე, რომ მისთვის მინდობილობის გაფორმების დროისათვის ცნობილი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში სამოქალაქო საქმის განხილვის დროის, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროის შესახებ, თუმცა მიუხედავად ამისა, მას თბილისის სააპელაციო სასამართლო კანონით დადგენილი წესით სხდომის საპატიო მიზეზით გადადების თაობაზე არ გაუფრთხილებია, ანუ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ისეთი საპატიო მიზეზი, რომლის შესახებაც მას სასამართლოსათვის თავის დროზე შეტყობინება არ შეეძლო.
პალატის მითითებით, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საქმეზე სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება სასამართლოს მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაიდო 2011 წლის 24 თებერვალს, 11.10 საათზე, თუმცა შპს “ჰ-ის” წარმომადგენელს 2011 წლის 17 თებერვლის სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე განცხადება, შესაბამისი მინდობილობა და სათანადო მტკიცებულება არ წარუდგენია.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივარზე დართული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 თებერვლის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სისხლის სამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობას იღებდა ადვოკატი ა. ჩ-ე 2011 წლის 17 თებერვალს, 12.58 საათიდან 13.12 საათამდე. შესაბამისად, სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ა. ჩ-ე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაბარებულ იქნა 2011 წლის 17 თებერვალს, 10.00 საათზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ შპს “ჰ-მა” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ საჩივრის განხილვის დროს არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე, 241-ე მუხლები.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებანი იურიდიულად არ ამართლებდა მის მოთხოვნას. წარმოდგენილი საქმე ორჯერ დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს იმის დასადგენად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სადავო ტრაქტორის შესაძენად გადახდილი თანხიდან რა ოდენობას შეადგენს სვლის შემანელებელი. პალატას აღნიშნული საკითხი არ გამოუკვლევია.
სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მხარე საქმის განხილვაზე საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა. შპს “ჰ-მა” მინდობილობა ა. ჩ-ის სახელზე გასცა 2011 წლის 16 თებერვალს და მისთვის ცნობილი იყო, რომ სასამართლო სხდომა დაინიშნა 2011 წლის 17 თებერვალს, 11.00 საათზე. ამავე დღეს, 12.00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნული იყო სისხლის სამართლის საქმე, სადაც ა. ჩ-ე მონაწილეობდა ბრალდებულის ინტერესების დამცველ ადვოკატად. 2011 წლის 17 თებერვალს, 10.00 საათისათვის ა. ჩ-ე გამოიძახეს ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად. სასამართლო სხდომის დაწყების მოლოდინში ა. ჩ-ემ ვერ შეძლო საქმის განხილვაზე გამოცხადება და თავისი კოლეგის _ ბ. ქ-ის მეშვეობით აცნობა ამის შესახებ სამოქალაქო საქმეზე მოსამართლის თანაშემწეს. მოცემული დავის განხილვაზე გამოცხადდა 20 წუთის დაგვიანებით, თუმცა სასამართლოს არასწორად მიღებული ჰქონდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ შპს “ჰ-ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ მხარე, რომელსაც საქმის განხილვის თარიღი კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც აცნობა სასამართლოს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე. სასამართლოში მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს, რასაც შედეგად მოჰყვება მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამასთან, თუ საქმის განხილვაზე არ გამოცხადდება აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, სასამართლოს შეუძლია, სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, დამატებითი გამოკვლევის გარეშე, მიიჩნიოს დამტკიცებულად. სასამართლო სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების შემდეგ დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს, თუ ჩათვლის, რომ აპელანტის მოთხოვნა საჩივარში აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს იურიდიულად შეესაბამება.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ჰ-ი” კანონის მოთხოვნათა დაცვით გაფრთხილებული იყო 2011 წლის 17 თებერვლის სასამართლო სხდომის თაობაზე, რასაც თავად მხარეც ადასტურებს. აღნიშნულის მიუხედავად, იგი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა, თავისი გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს არ აცნობა და ვერც აღნიშნულის საპატიო მიზეზის არსებობა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა, კერძოდ:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შპს “ჰ-ის” წარმომადგენელ ა. ჩ-ის არგუმენტს, რომ იგი სადავო პროცესზე ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით, რადგან 2011 წლის 17 თებერვალს, 12.00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნული იყო სისხლის სამართლის საქმის განხილვა ა. ჩ-ის, როგორც ბრალდებულის ადვოკატის მონაწილეობით. მოულოდნელად სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატი გამოიძახეს ხსენებული დღის 10 საათზე. სხდომის დაწყების მოლოდინში კი მხარეს სამოქალაქო საქმის განხილვაზე 20 წუთით დააგვიანდა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ საქმის განმხილველი მოსამართლის თანაშემწეს ტელეფონით აცნობა ა. ჩ-ის კოლეგა ბ. ქ-ემ, ვინაიდან აღნიშნული გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, რაიმე მტკიცებულებით დადასტურებული არ არის.
რაც შეეხება 2011 წლის 17 თებერვალს, 11 საათზე ა.ჩ-ის სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობას, საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 თებერვლის ცნობის თანახმად, ა. ჩ-ე ბრალდებულ დ. რ-ის მიმართ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე, განაჩენის გამოტანას ესწრებოდა 2011 წლის 17 თებერვალს 12.58 საათიდან 13.12 საათამდე. აღნიშნული გარემოება კი ამავე დღის 11.00 საათზე სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებას ხელს ვერ შეუშლიდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო სავსებით ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მითითებას, რომ აპელანტს სადავო სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა არ დაუდასტურებია არც 2011 წლის 24 თებერვლის სხდომაზე, როდესაც უნდა გამოცხადებულიყო 2011 წლის 17 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მეტიც, შპს “ჰ-ი” არც აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა იმის მიუხედავად, რომ მის შესახებაც მხარეს კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა.
სააპელაციო სასამართლომ მართებულად ჩათვალა, რომ, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიოდ გამოუცხადებლობისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის შეუტყობინებლობის გამო, დამტკიცებულად უნდა ჩაითვალოს სააპელაციო საჩივარში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
2006 წლის 17 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს ,,ჰ-ს’’ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ¹370101/49 ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, მიაწოდოს შემსყიდველს საქონელი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-11 პუნქტის თანახმად კი ,,მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ მისაწოდებელი საქონელი დაკომპლექტებული იქნება სვლის შემანელებლით’’.
მხარეთა შორის 2006 წლის 20 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ მიწოდებული ტექნიკა (ტრაქტორები) არ იყო დაკომპლექტებული სვლის შემანელებლის დეტალით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ შპს ,,ჰ-ის” მიერ 2006 წლის 17 მარტს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, კერძოდ კი, მას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ტრაქტორები ხელშეკრულების პირობების დაცვით არ მიუწოდებია.
მოპასუხე მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციით სვლის შემანელებლის ერთეულის ფასი შეადგენს 115 აშშ დოლარს. აპელანტი არ დაეთანხმა აღნიშნულს და განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით სვლის შემანელებელის ერთეულის ფასი გაცილებით მეტია და შეადგენს 1687 ლარს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად იხელძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, მე-400, 404-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს მის მოთხოვნას, შესაბამისად, შპს “ჰ-ს” საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა, 2006 წლის 17 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 118 857,93 ლარის ოდენობით მატერიალური ზაინის ანაზღაურება (75X1687=126 525) (75X100=7500) (7500+126 525=134025). სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილ ზიანის ანაზღაურების საერთო ოდენობას სწორად გამოაკლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით დაკისრებული სვლის შემანელებლის ღირებულება _ 8625 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი თბილისის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის არსებული კურსის შესაბამისად და სხვაობის _ 118 857.93 ლარის ნაწილში აპელანტის მოთხოვნა კანონიერად დაკმაყოფილდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ისევე, როგორც განჩინება მისი უცვლელად დატოვების შესახებ კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ჰ-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.