Facebook Twitter

ას-958-996-2011 12 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ნ-ი, ვ. ე-ე, რ. დ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ნ-ის, ვ. ე-ისა და რ. დ-ის მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის, სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე, 412-ე და 992-ე მუხლების შესაბამისად მოპასუხეთათვის დანაშაულით მიყენებული ზიანის _ 2000 ლიტრი დიზელის საწვავის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 ივლისის განაჩენით დასტურდება, რომ მოპასუხეებმა ბრალეული ქმედებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიაყენეს ზიანი, რაც გამოიხატა 2000 ლიტრი დიზელის საწვავის მითვისებაში.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

რ. დ-ის განმარტებით, სარჩელში აღნიშნული განაჩენით არ არის დადასტურებული მისი მონაწილეობა ზარალის მიყენებაში, ამასთან, მან სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია, მოპასუხე თ. ნ-მა კი განმარტა, რომ სარჩელზე დართული განაჩენითვეა დადასტურებული, რომ მან მის მიერ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანი თავდაცვის სამინისტროს სრულად აუნაზღაურა, კერძოდ, მოსარჩელეს დაუბრუნდა მითვისებული დიზელის საწვავის ნაწილი და დარჩენილი ნაწილის ღირებულება აუნაზღაურდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 ივლისის განაჩენით მოპასუხეები ცნობილ იქნენ დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ”, “დ”, “ქ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მოპასუხეებმა თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებით თავდაცვის სამინისტროს მიაყენეს ზიანი 3824 ლარის ოდენობით. მოპასუხეების მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზარალი სრულად ანაზღაურებული არ არის, დარჩენილია 651 ლ. საწვავის ანაზღაურება, ხოლო ანაზღაურებულია 1700 ლარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 ივლისის განაჩენით დადგენილია, რომ პროკურატურასა და მოპასუხეებს შორის დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 2010 წლის 30 სექტემბერს, 4 წლისა და 2 თვის გასვლის შემდეგ. სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის დავის სწორად გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელია, სწორად შეფასდეს ხანდაზმულობის შესახებ სათანადო ნორმების გამოყენების საკითხი სადავო სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებაში.

სასამართლოს მითითებით, მოპასუხეთა მიერ ჩადენილი დანაშაულით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფარგლებში აღძრული არ ყოფილა, უდავოა, რომ სარჩელი დაყენებულ იქნა არა სისხლის სამართლის წესით საქმის განხილვისას, არამედ დამოუკიდებლად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სარჩელი იქნა აღძრული 2010 წლის 30 ოქტომბერს, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (ძველი რედაქცია) 39-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის გამოყენების საფუძველს და რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი მოპასუხე მხარის მიმართ აღიძრა არა სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფარგლებში, არამედ დამოუკიდებლად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა გამორიცხული ამ ნორმით დადგენილი ხანდაზმულობის საგამონაკლისო ხასიათის სამართლებრივი მოწესრიგების გავრცელება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ. სასამართლომ მიუთითა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (ძველი რედაქცია) 39-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც სისხლის სამართლის საქმეთა გამო აღძრულ სამოქალაქო სარჩელებზე არ ვრცელდება სამართლის სხვა დარგებში დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები. სასამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმა უპირატესად გულისხმობს საგამონაკლისო ხასიათის სამართლებრივი მოწესრიგების დადგენას ხანდაზმულობასთან დაკავშირებით მხოლოდ სისხლის სამართლის წარმოებაში დაყენებული სასარჩელო მოთხოვნების მიმართ, შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ სწორად განმარტა კანონი.

სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტის არგუმენტს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა გამოეყენებინა არა სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით, არამედ ამავე კოდექსის 142-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადა და განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ბუნებიდან (დელიქტი) გამომდინარე, ვრცელდება სამოქლაქო კოდექსის 1008-ე მუხლით განსაზღვრულ ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა, ვინაიდან, მითითებული ნორმის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულბის ვადა არის სამი წელი იმ მონეტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენების ფაქტობრივი საფუძველი და მოპასუხეთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 2006 წლის 13 ივლისს, პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოთხოვნის წარმოშობის მომენტის – 2006 წლის 13 ივლისის და ასევე მოთხოვნის წარდგენის, სარჩელის აღძვრის მომენტის, 2010 წლის 30 სექტემბრის გათვალისწინებით, სწორად მიიჩნია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად, რაც გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი უფლების რეალიზების 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გამოყენება მოცემულ ურთიერთობაში დაუშვებელია, რადგანაც თავად ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა სისხლის სამართლის სამართალწარმოების ფარგლებში 2006 წლის 13 ივლისს განაჩენით არც განხილული და არც დადასტურებული ყოფილა, ხოლო დასახელებული განაჩენით მოპასუხეთა მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ ზიანის მიყენების შესახებ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება არ წარმოადგენს მოხმობილი ნორმის კვალიფიკაციის და მისი გამოყენების საფუძველს და მოცემული ნორმა ეხება გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად წარდგენის ხანდაზმულობის ვადებს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, უდავოდ დადგენილია მოპასუხეთა დანაშაულებრივი ქმედებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტი, მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2010 წლის 1 ოქტომბერს _ სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის ამოქმედების ფარგლებში. კასატორმა მიუთითა ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ძველი რედაქციის 39.2 მუხლზე და განმარტა, რომ გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით, ასევე არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “უ” ქვეპუნქტისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისულფდა, ხოლო საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტოს საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.