Facebook Twitter

ას-983-1017-2011 4 ოქტომბერი , 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მ. გ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ბ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება– თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მესაკუთრედ აღრიცხვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. გ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების ნ. ბ-ს, ნ. ს-ასა და დ. თ-ის მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ აღრიცხვის მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: დ. თ-მა 2008 წლის 8 ივლისს მოტყუებით ხელი მოაწერინა მინდობილობაზე, რომლის საფუძველზე დ. თ-მა 2008 წლის 12 აგვისტოს და 2008 წლის 10 ივლისს მ. გ-ას სახელით გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები. მინდობილობა და ხელშეკრულებები ბათილია, რადგან დადებულია მოტყუებით და მხარეთა ნების გამოხატვის გარეშე.

მოპასუხე ნ.ა ბ-მა და ნ. ს-ამ სარჩელი არ ცნეს შემდეგი საფუძვლებით: სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმდა სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, მ. გ-ა არავის მოუტყუებია და არ არსებობს მითითებული ხელშეკრულებების ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

მოპასუხე დ. თ-მა სარჩელი ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2008 წლის 8 ივლისის მინდობილობა, ბათილად იქნა ცნობილი მ. გ-ას, ნ. ს-ასა და ნ. ბ-ს შორის დადებული 2008 წლის 10 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ბათილად იქნა ცნობილი მ. გ-ასა და ნ. ბ-ს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. გათავისუფლდა ნ. ს-ასა და ნ. ბ-ის იპოთეკისგან მ. გ-ას საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ნ-ის ქუჩა ¹215-ში, ¹2 კორპუსში მდებარე ¹7 ბინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, მ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მ. გ-ას ნ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2846,40 ლარის გადახდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მ. გ-ამ 2008 წლის 8 ივლისს გასცა მინდობილობა დ. თ-ის სახელზე, მასზე, რომ დ. თ-ს უფლება ჰქონდა, მ. გ-ას სახელით დაედო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და მისი სახელით განეხორცილებინა კანონით ნებადართული ყველა ქმედება. მ. გ-ა თავად გამოცხადდა ნოტარიუს მ. ბ-თან და თავადვე მოაწერა ხელი აღნიშნულ მინდობილობას. მ. გ-ას დ. თ-ის სახელზე მინდობილობის გაცემის დროს ჰქონდა შესაძლებლობა იმისა, რომ გარიგების შინაარს გასცნობოდა. მ. გ-ა არის ქმედუნარიანი პირი. მ. გ-ა დოკუმენტზე ხელის მოწერის დროს იცნობდა დოკუმენტის შინაარსს, საწინააღმდეგოს დაშვების შემთხვევაში კი, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ მ. გ-ა უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებდა დ. თ-ისადმი ნდობის არსებობის გამო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 26 იანვრის განაჩენთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულია ქმედების შეფასებისა და აღნიშნული ქმედების თანმდევი შედეგების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგო ქმედების შეფასების კრიტერიუმები თავისი თანმდევი შედეგებით სამოქალაქო სამართალწარმოებაში ინდივიდუალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის წესით დადგენილი მოტყუების ფაქტი შეიძლება სამოქალაქო წესით არ წარმოადგენდეს ისეთ ქმედებას, რომელიც გარიგების ბათილობას იწვევს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 26 იანვრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი დადასტურებულ იქნა დ. თ-ის მიერ მ. გ-ას მოტყუების ფაქტი, რაც თავისთავად არ იძლევა მოტყუების საფუძველზე გარიგების ბათილად მიჩნევის საფუძველს, ვინაიდან გარიგების ბათილობა სამოქალაქო სამართლებრივ კონტექსტში შესაფასებელი კატეგორიაა და მარტოოდენ მოტყუების ფაქტი საკმარისი არ არის გარიგების ბათილობისათვის.

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად პალატამ განმარტა, რომ მარტოოდენ ნების არსებობა არ იწვევს გარიგების დადებას, აუცილებელია, რომ ნება გამოვლენილ იქნას, გარდა ამისა, ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. აღსანიშნავია, რომ ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შემდეგ. ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდიდიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული დაკავშირებულია არამხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, მაგალითად, პირის ქმედუუნარობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური, ფიზიკური იძულება, მოტყუება, ძილში, ჰიპნოზურ მდგომარეობაში გამოხატული ნება და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას მართოს ნების გამოხატვის ფორმები. ეს ის შემთხვევებია, როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. “მოქმედების ნება”, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება (ძილი, ჰიპნოზის მდგომარეობა, სულიერი ავადმყოფობა და ა.შ.) ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ). ასეთ შემთხვევებში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანმდევი შედეგებისაგან. მოცემულ შემთხვევაში, მ. გ-ა გამოვლენილი ნების არანამდვილობაზე აპელირებს იმის გამო, რომ მას დ. თ-თან ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე სხვა გარიგება უნდა დაედო, რეალურად კი დ. თ-მა სხვა შინაარსის გარიგებაზე მოაწერინა ხელი. მოსარჩელის, მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარე მ. გ-ას განმარტებით, მან დოკუმენტს ისე მოაწერა ხელი, რომ არ გაეცნო მის შინაარსს დ. თ-ისადმი ნდობის გამო. აღნიშნული ფაქტობრივი მდგომარეობის სამართლებრივი კვალიფიკაციის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია იმ ფაქტი დადგენა, თუ რა სახის მოტყუება წარმოადგენს გარიგების ბათილობისა და მისი ყველა თანმდევი შედეგის ანულირების საფუძველს.

სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ მ. გ-ას ჰქონდა დოკუმენტში აღწერილი და მის მიერ გამოსავლენი ნების შეცნობის ობიექტური შესაძლებლობა. რაც შეეხება მოტყუებასა და მოტყუების საფუძველზე არანამდვილი ნების გამოვლენას, მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, მ. გ-ამ იმ დოკუმენტს მოაწერა ხელი, რომელშიც აღწერილი იყო მის მიერ გამოსავლენი ნების შინაარსი, რის შესახებაც, მისი განმარტებით, ინფორმირებული არ იყო, ვერ განიხილება დ. თ-ის მიერ მ. გ-ას მოტყუებად გარიგების შინაარსში. სამოქალაქო კოდექსი კი ითვალისწინებს გარიგების ბათილობას იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება მოტყუების საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო, რაც გამოიხატება ნების გამომვლენის მიერ დოკუმენტის ხელმოწერაში მისი შინაარსის გაცნობის გარეშე.

სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, პალატამ ასევე აღნიშნა, რომ მ. გ-ამ ხელი მოაწერა მინდობილობას, რომლითაც იგი დ. თ-ს ანიჭებდა უფლებას, მისი სახელით დაედო გარიგებები, მათ შორის, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები. აღნიშნული მინდობილობა წარმოადგენდა მესამე პირებისათვის კანონიერი ნდობის შექმნის საფუძველს. მესამე პირი, რომელიც დ. თ-თან დებს გარიგებას, ენდობა ხელმოწერილ, ნოტარიულად დამოწმებული გარიგების შინაარსს. ივარაუდება, რომ ხელმოწერილ და ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტში ნების გამომვლენი აცნობიერებდა გამოვლენილ ნებას, რაც იმას ნიშნავს, რომ იცნობდა დოკუმენტის შინაარსს და, თუ მ. გ-ა არ იცნობდა დოკუმენტის შინაარსს და ისე მოაწერა ხელი, აღნიშნული მ. გ-ას სამოქალაქო სამართლებრივი რისკია და არა ნ. ბ-ის. მოცემულ სამართალურთიერთობაში წინ იწევს კონტრაჰენტის ნდობის დაცვა, შესაბამისად, არ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, რომ ნების გამომვლენმა ისე მოაწერა დოკუმენტს ხელი, რომ არ იცნობდა მის შინაარსს, ვინაიდან გასათვალისწინებელია, რომ მესამე პირისათვის, მოცემულ შემთხვევაში, ნ. ბ-ისათვის მ. გ-ას ნების გარეგანი გამოხატულებით შეიქმნა კეთილსინდისიერი რწმენის საფუძველი, რომ მ. გ-ა უფლებას ანიჭებდა დ. თ-ს, დაედო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები.

პალატამ მიიჩნია, რომ დ. თ-მა ბოროტად ისარგებლა მ. გ-ას ნდობით, აიღო დიდი რაოდენობით სესხი, არ დააბრუნა სესხის სახით მიღებული თანხა, რაც მ. გ-ა არასასურველ შედეგებამდე მიიყვანა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, რაღა თქმა უნდა, მ. გ-ას წარმოუშობს შეცილების საფუძველს, თუმცა არა ნ. ბ-ისა და ნ. ს-ას მიმართ, რომლებიც, მოცემულ შემთხვევაში, გამოვლენილი ნების ნამდვილობას ენდნენ, არამედ დ. თ-ის მიმართ, რომელმაც ბოროტად ისარგებლა მ. გ-ას მიერ გამოვლენილი ნდობით.

პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ დ. თ-ის აღიარება, სარჩელის ცნობა, მიჩნეულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ აღირებად, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ მითითებული ნორმით გათვალისწინებული ფაქტის აღიარება სამოქალაქო საპროცესო სამართლით უტყუარ მტკიცებულებადაა მიჩნეული, რადგან იგი ფაქტის ამღიარებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ და მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ არის განხორციელებული, შესაბამისად, დავის პროცესში აღიარებული ფაქტი სასამართლომ უნდა ამორიცხოს დავის საგნიდან და, როგორც უდავო ფაქტი, მტკიცებას არ საჭიროებს. ფაქტის აღიარების ასეთ მტკიცებულებად შეფასება ემყარება რწმენას, რომ იგი ნამდვილად არსებობს და თვით ის მხარეც არ ხდის სადავოდ, რომელსაც ამ და სხვა ფაქტების საფუძველზე მეორე მხარის უფლებების დარღვევაში ედავებიან. ამასთან, აღიარების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დამდგენ და უდავო მტკიცებულებად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი იმ მხარემ განახორციელოს, რომელთან მიმართაც შემდგომში იქნება გამოყენებული და რომელსაც აკისრია აღნიშნული ქმედებისათვის პასუხისმგებლობა. მოცემულ შემთხვევაში, დ. თ-ის აღიარების საფუძველზე, დ. თ-ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო, მ. გ-ას წინაშე მატერიალურად პასუხისმგებელი პირები აღმოაჩნდნენ ნ. ბ-ი და ნ. ს-ა, ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულებების ბათილობით მათ გასესხებული თანხის დაბრუნების რეალური შესაძლებლობა მოესპოთ. პალატამ აღნიშნა, რომ აღიარება მხოლოდ მაშინ წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს, როდესაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ამღიარებელს ეკისრება.

მოტყუებით დადებული გარიგების შეცილების მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მოსაზრება და, სამოქალაქო კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად, აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტების მიერ სარწმუნოდ არ იქნა დადასტურებული შეცილების ვადის ათვლის წერტილი ანუ გარემოება, თუ როდის გახდა მ. გ-ასათვის შეცილების საფუძველი ცნობილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. გ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი დასაბუთებით: სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ მ. გ-ას მიერ გაცემულ იქნა მინდობილობა დ.თ-ის სახელზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების მიზნით. აღნიშნული მინდობილობის მიხედვით მ.გ-ამ დ.თ-ს მიანიჭა შემდეგი სახის უფლებამოსილება: ,,მოახდინოს ჩემს მაგივრად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადება (გაყიდვის ნებართვის გარეშე)” ანუ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები უნდა გაფორმებულიყო მისი სახელით, კონკრეტულ შემთხვევაში, იმის გამო რომ დ. თ-ს არ ჰქონდა სესხის თანხის მიღების უფლება, კონტრაჰენდს არ შეუძლია მიუთითოს მის კეთილსინდისიერებაზე, მიუხედავად იმისა, აღნიშნული გარიგება ამ ფორმით დაიდებოდა მოტყუების გარეშეც, აღნიშნული დავალება არ გულისხმობს სესხის თანხის მიღების უფლებას და შემოიფარგლება მხოლოდ პროცედურული საკითხების მინდობით, რადგან მხარის მიერ გასხვისებაზე ნებართვის მიუცემლობით მინდობილ პირს მოესპო უფლებამოსილება ქონების განკარგვაზე, რითაც დავალების მიმცემმა გამოხატა შეზღუდული ნდობა ამ პირის მიმართ, რის გამოც კონტრაჰენტს არ შეიძლებოდა ეფიქრა, რომ მარწმუნებელმა წარმომადგენელს თანხის მიღების უფლება მისცა. ამასთან, აღნიშნული უფლებამოსილების შესახებ დავალებაში არც არის ნახსენები. აღნიშნულის გამო, 2005 წლის 22 დეკემბრის „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის“ 24-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ნოტარიუსს ეკრძალებოდა სადავო აქტების დამოწმება და შესაბამისად კონტრაჰენტის ნდობა გარიგების მიმართ არამართლზომიერია. დ. თ-ი გასცდა უფლებამოსილების ფარგლებს, რაც იმთავითვე ცნობილი იყო კონტრაჰენტისთვის, ამასთან, მინდობილობის ტექსტის თანახმად, არაორაზროვნად იყო მითითებული, რომ მარწმუნებელს ერთჯერადად შეეძლო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ასევე ხელშეკრულების დადება. მინდობილობაში არსად ეწერა დ. თ-ის მიერ თანხის მიღების უფლებამოსილების შესახებ, რის გამოც კონტრაჰენტს არ უნდა შექმნოდა ვარაუდი წარმოდგენილი პირის ნების მიღებისა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს არ გამოუვლენია ნება ცალკე სესხის ხელშეკრულების დადებასა და მით უმეტეს უძრავი ქონების სხვა პირთა სასარგებლოდ დატვირთვის შესახებ. 2008 წლის 8 ივლისის მინდობილობა დადებულია მოტყუებით, კანონით დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევით. აღნიშნული დავალების ხელშეკრულება ბათილია სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 81-ე მუხლების დარღვევით, ხოლო არარსებული უფლების საფუძველზე დადებულ გარიგებებს არ შეიძლება სამართლებრივი შედეგი მოჰყვეს. სასამართლო გასცდა სააპელაციო მოთხოვნის ფარგლებს და გასაჩივრებული გადაწყვეტილება გააუქმა ნ.ს-ას ნაწილშიც, რომელიც კანონიერ ძალაში იყო შესული.

2011 წლის 4 ოქტომბერს მ. გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:

1. მ. გ-ა კისრულობს ვალდებულებას ოთხი თვის ვადაში ანუ 2012 წლის 4 თებერვლის ჩათვლით ნ. ბ-ს გადაუხადოს 275000 (ოცდაშვიდი ათას ხუთასი) აშშ დოლარი.

2. ნ. ბ-ი კისრულობს ვალდებულებას თანხის მიღების შემდეგ 3 (სამი) დღის ვადაში გააუქმოს იპოთეკა მ. გ-ას საკუთრებაში არსებულ ბინაზე მდებარე ქ.თბილისში ნ-ის ქუჩა ¹215-ში, კორპუსი ¹2, ბინა ¹7-ი.

3. მ. გ-ას მიერ დათქმულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში იძულებით აღსასრულებლად მიექცეს მ. გ-ას იპოთეკით დატვირთულ ბინა, თანხის 40000 (ორმოცი ათასი) აშშ დოლარის ნ. ბ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. გ-ას და ნ. ბ-ის შუამდგომლობა მორიგების თაობაზე დაკამყოფილდეს;

დამტკიცდეს მორიგება მ. გ-ას და ნ. ბ-ს შორის შემდეგი პირობებით:

1. მ. გ-ა კისრულობს ვალდებულებას ოთხი თვის ვადაში ანუ 2012 წლის 4 თებერვლის ჩათვლით ნ. ბ-ს გადაუხადოს 275000 (ოცდაშვიდი ათას ხუთასი) აშშ დოლარი.

2. ნ. ბ-ი კისრულობს ვალდებულებას თანხის მიღების შემდეგ 3 (სამი) დღის ვადაში გააუქმოს იპოთეკა მ. გ-ას საკუთრებაში არსებულ ბინაზე მდებარე ქ.თბილისში ნ-ის ქუჩა ¹215-ში, კორპუსი ¹2, ბინა ¹7.

3. მ. გ-ას მიერ დათქმულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში იძულებით აღსასრულებლად მიექცეს მ. გ-ას იპოთეკით დატვირთულ ბინა, თანხის 40000(ორმოცი ათასი) აშშ დოლარის ნ. ბ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით.

შეწყდეს საქმის წარმოება მ. გ-ას სარჩელისა გამო ნ. ბ-ს მიმართ 2008 წლის 10 ივლისსა და 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები მ. გ-ას სარჩელისა გამო ნ. ბ-ის მიმართ 2008 წლის 10 ივლისსა და 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.

მ. გ-ას დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3831 (სამი ათას რვაას ოცდათერთმეტი) ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

¹ას-983-1017-2011 25 ოქტომბერი , 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი_ მ. გ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ბ-ი

განმცხადებლის მოთხოვნა _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მესაკუთრედ აღრიცხვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. გ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების ნ. ბ-ს, ნ. ს-ასა და დ. თ-ის მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ აღრიცხვის მოთხოვნით..

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2008 წლის 8 ივლისის მინდობილობა, ბათილად იქნა ცნობილი მ. გ-ას, ნ. ს-ასა და ნ. ბ-ს შორის დადებული 2008 წლის 10 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ბათილად იქნა ცნობილი მ. გ-ასა და ნ. ბ-ს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. გათავისუფლდა ნ. ს-ასა და ნ. ბ-ის იპოთეკისგან მ. გ-ას საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ნ-ის ქუჩა ¹215-ში, ¹2 კორპუსში მდებარე ¹7 ბინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, მ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მ. გ-ას ნ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2846,40 ლარის გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. გ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით დამტკიცდა მორიგება მხარეებს შორის შემდეგი პირობებით:

1. მ. გ-ა კისრულობს ვალდებულებას ოთხი თვის ვადაში ანუ 2012 წლის 4 თებერვლის ჩათვლით ნ. ბ-ს გადაუხადოს 275000 (ოცდაშვიდი ათას ხუთასი) აშშ დოლარი.

2. ნ. ბ-ი კისრულობს ვალდებულებას თანხის მიღების შემდეგ 3 (სამი) დღის ვადაში გააუქმოს იპოთეკა მ. გ-ას საკუთრებაში არსებულ ბინაზე მდებარე ქ.თბილისში ნ-ის ქუჩა ¹215-ში, კორპუსი ¹2, ბინა ¹7.

3. მ. გ-ას მიერ დათქმულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში იძულებით აღსასრულებლად მიექცეს მ. გ-ას იპოთეკით დატვირთულ ბინა, თანხის 40000(ორმოცი ათასი) აშშ დოლარის ნ. ბ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით.

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მ. გ-ას და მოითხოვა საკასაციო პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება. განმცხადებლის განმატებით განჩინებაში არასწორადაა მითითებული თანხა, ნაცვლად 275000 ლარისა უნდა იყოს 27500 ლარი

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო მ. გ-ას განცხადებას სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, პალატა თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინების სამოტივაციო ნაწილში სიტყვები - ,,გადაუხადოს 275000 (ოცდაშვიდი ათას ხუთასი) აშშ დოლარი” უნდა გასწორდეს სიტყვებით “გადაუხადოს 27500 (ოცდაშვიდი ათას ხუთასი) აშშ დოლარი. შესაბამისად, სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტში ნაცვლად ,,275000” უნდა მიეთითოს ,,27500”

სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

,,მ. გ-ა კისრულობს ვალდებულებას ოთხი თვის ვადაში ანუ 2012 წლის 4 თებერვლის ჩათვლით ნ. ბ-ს გადაუხადოს 27500 (ოცდაშვიდი ათას ხუთასი) აშშ დოლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 260-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. გ-ას განცხადება დაკმაყოფილდეს.

გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული შემდეგი უსწორობა:

განჩინების სამოტივაციო ნაწილში სიტყვები -,,გადაუხადოს 275000 (ოცდაშვიდი ათას ხუთასი) აშშ დოლარი” უნდა გასწორდეს სიტყვებით “გადაუხადოს 27500 (ოცდაშვიდი ათას ხუთასი) აშშ დოლარი. შესაბამისად, სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტში ნაცვლად ,,275000” უნდა მიეთითოს ,,27500”.

სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

,,მ. გ-ა კისრულობს ვალდებულებას ოთხი თვის ვადაში ანუ 2012 წლის 4 თებერვლის ჩათვლით ნ. ბ-ს გადაუხადოს 27500 (ოცდაშვიდი ათას ხუთასი) აშშ დოლარი”.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.