ას-1063-1093-2011 10 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ დ. მ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ს. მენეჯმენტი” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “ს. მენეჯმენტმა” სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. მ-ის მიმართ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის _ 23 600 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის დაბრუნების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს “ს. მენეჯმენტის” სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე დ. მ-ს მოსარჩელე შპს “ს. მენეჯმენტის” სასარგებლოდ დაეკისრა 23 600 აშშ დოლარის შესაბამისი ეროვნული ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ივნისის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე დაკმაყოფილდა, დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 72-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენელისათვის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ცნობილი იყო სასამართლო სხდომის დროის თაობაზე.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და სასამართლო სხდომის გადადების საპატიო მიზეზად არ ჩათვალა აპელანტის წარმომადგენელ ვ.მ-ის თანაშემწის მიერ კანცელარიის მეშვეობით წარმოდგენილი წერილობითი ინფორმაცია, ვინაიდან აღნიშნული კანონის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი და განუხილველად დატოვა დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა დ.მ-ის წარმომადგენელმა ვ.მ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ არასწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი, რადგანაც გასაჩივრებული განჩინებით თავადვე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომელიც შესაძლებლად მიიჩნევს საპატიო მიზეზის არსებობისას საქმის განხილვის გადადებას. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან ჯანმრთლეობის გაუარესების გამო თანაშემწის დახმარებით წერილობით, ასევე ტელეფონით 2011 წლის 10 ივნისს 10:00 საათისათვის აცნობა სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე.
ვ.მ-ის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რადგანაც წერილობით ინფორმაციაში მითითებული იყო საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის თაობაზე და აღნიშნული განცხადებას არ ერთვოდა ობიექტური მიზეზის გამო: ავადმყოფობის ფურცელი გაიხსნა 7 ივნისს და დაიხურა 14 ივნისს, ამდენად, სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვის ეტაპზე მხარე ობიექტურად ვერ წარადგენდა მას. ვ.მ-მა კერძო საჩივარს დაურთო ასევე საავადმყოფო ფურცელი ¹266175.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. მ-ის წარმომადგენელ ვ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
მოცემულ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2011 წლის 10 ივნისის სასამართლო სხდომის თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა აპელანტის წარმომადგენელ ვ. მ-ს 2011 წლის 7 ივნისს (ს.ფ.112, ტ.II), აღნიშნული გარემოება თავისთავად ადასტურებს სასამართლო სხდომის თაობაზე უშუალოდ აპელანტის ინფორმირების ფაქტსაც, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.
დასახელებული ნორმით კანონმდებელმა სასამართლოს დაუდგინა ალტერნატიული ვალდებულება სასამართლო უწყებით სასამართლო სხდომისა თუ სხვა საპროცესო მოქმედების განხორციელების თაობაზე აცნობოს კანონის ნორმაში მითითებულ სუბიექტთაგან ერთ-ერთს _ მხარეს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს და სასამართლო შეტყობინება ნამდვილად მიიჩნევა მას შემდეგ რაც იგი ჩაბარდება უშუალოდ ადრესატს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს, ამასთან, ერთ-ერთი პირის ინფორმირება (მხარე ან მისი წარმომადგენელი) ამავდროულად მეორე მხარის ინფორმირებად განიხილება.
საქმის მასალებით დადგენილია ასევე ის, რომ 2011 წლის 10 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ვ.მ-ის თანაშემწე გ.ანთიძემ და განმარტა, რომ მხარის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას ვერ ახერხებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო და აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებას სასამართლოს წარუდგენს მიღებისთანავე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება არ ჩათვალა სასამართლო სხდომის გადადების საპატიო საფუძვლად და, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.
დასახელებული ნორმის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, როდესაც საჩივრის აღმძვრელი პირი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობას და მის მიმართ ერთგვარი პროცესუალური სანქციის გამოყენების დაუშვებლობას ადგენს მხოლოდ მაშინ, თუ მხარე (მისი წარმომადგენელი) ამა თუ იმ საპროცესო მოქმედებას საპატიო მიზეზით ვერ ასრულებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია ის გარემოებები, რაც შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ, კერძოდ, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც სააპელაციო სასამართლოსათვის გადაცემული განცხადებით, ისე კერძო საჩივრითა და მასზე დართული მტკიცებულებით _ საავადმყოფო ფურცლით, ვ.მ-ი სასამართლო სხდომაზე მის გამოუცხადებლობას მიიჩნევს საპატიოდ.
საკასაციო პალატა ამ მიმართებით კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის, ასევე წარმოდგენილი მტკიცებულების უტყუარობის შესწავლის საფუძველზე ადგენს, რომ აღნიშნული მტკიცებულება არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილს, კერძოდ, ცნობა გაცემული არაა დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ, მას ხელს აწერს ოჯახის ექიმი და მტკიცებულება არ შეიცავს პირდაპირ მითითებას სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე, მასში ზოგადაა განსაზღვრული, რომ ვ.მ-ი 2011 წლის 7 ივნისიდან 13 ივნისის ჩათვლით დაავადებული იყო მწვავე რესპირაციული დაავადებით.
ამდენად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მითითებული მტკიცებულება სააპელაციო სასამართლოს გადაეცემოდა საქმის განხილვის ეტაპზე, აღნიშნული სასამართლო სხდომის გადადებისა და აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევას უტყუარად ვერ დაადასტურებდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველსა და მე-3 ნაწილების დანაწესებზე, რომლითაც დადგენილია, რომ მხარემ შუამდგომლობაში მითითებული გარემოება უნდა დაასაბუთოს, ხოლო საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევა და მიუთითა, რომ კონკრეტული ფაქტი მისი დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებით უნდა გამყარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს არ შეექმნება შინაგანი რწმენა შუამდგომლობის საფუძვლიანობისა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. აღნიშნული ნორმა, მართალია, არ არის იმპერატიული და იმ მხარეს, რომელსაც ჰყავს წარმომადგენელი, კანონმდებელი არ ავალდებულებს თვითონ, სავალდებულო წესით მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში, თუმცა სწორედ მხარის ინტერესების გათვალისწინებით, კანონით პირდაპირაა განმტკიცებული მისი უფლება, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარში მითითებული გარემოებების დამტკიცებულად და სამართლებრივად დასაბუთებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, დაუსაბუთებელია ვ.მ-ის მოსაზრება, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რადგანაც მისი გამოუცხადებლობა არ გამორიცხავდა უშუალოდ მხარის გამოცხადების შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ დ. მ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. მ-ის წარმომადგენელ ვ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.