Facebook Twitter

საქმე # 330802222005626369

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№19I-22 12 აპრილი, 2022 წელი

ვ-ი გ, 19I-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - გ. ვ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ა-ს განცხადება, რომლითაც შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის განჩინებაზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

1.1. დასაშვებად იქნა ცნობილი გ. ვ-ს ა-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია ა-ს რესპუბლიკის ვ-ს პროკურატურის 2019 წლის 15 მარტის დაკავების ბრძანებაში და დასჯადია ა-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით, 128-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-3 და მე-5 ქვეპუნქტებით და 130-ე მუხლის მე-2 პუნქტით (მძიმე კატეგორიის ქურდობა, ჩადენილი საზოგადოდ აღიარებული ხელოვნების ან ისტორიული ღირებულების მქონე ნივთის მიმართ, რომელიც განთავსებულია საყოველთაოდ ხელმისაწვდომ კოლექციაში და რომლის ღირებულება აღემატება 5 000 ევროს, კრიმინალური გაერთიანების ფარგლებში).

2. კასატორმა - ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - გ. ვ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ა-მ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის განჩინების გაუქმება.

3. 2021 წლის 12 აპრილს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - გ. ვ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ა-მ იშუამდგომლა - არ იქნეს განხილული ადვოკატ გ. ა-ს საკასაციო საჩივარი და ითხოვა მისი განუხილველად დატოვება.

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება; ამასთან, საჩივრის განმეორებით შეტანა არის დაუშვებელი.

5. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - გ. ვ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ა-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

6. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - გ. ვ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის განჩინებაზე არ იქნეს განხილული ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - გ. ვ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ა-ს მიერ საჩივრის უკან გათხოვის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი