საქმე N 010100120003977408
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №23აპ.-22 24 მარტი, 2022 წელი
ტ–ე ვ., 23აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - ალექსანდრე ძირკვაძის
ადვოკატ - პ. ბ–ს
მსჯავრდებულ - ვ. ტ–ს
მონაწილეობით, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე დისტანციურად განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ვ. ტ–ე (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით).
1.2. ვ. ტ–სთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 09:00 საათზე, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ვ. ტ–ე თავს დაესხა ქ. ბ–ში, ..........ის ქუჩა №..-ში მდებარე სავალუტო ჯიხურს - შპს „ქ–ს“ და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, კერძოდ, სახის, ცხვირისა და მარცხენა ყურის არეში ქვის რამდენჯერმე დარტყმით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ე. თ–ს. დაზარალებულის მიერ გაწეული აქტიური მოქმედებების გამო ვ. ტ–მ ვერ შეძლო ფულადი თანხის დაუფლება და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 მაისის განაჩენით ვ. ტ–ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
2.2. ვ. ტ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის პირველ ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რომლის ათვლა დაეწყო 2020 წლის 20 აგვისტოდან.
2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ტ–ემ ჩაიდინა ძარცვის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქ. ბ–ში, ........ის ქუჩა №..-ში მდებარე სავალუტო ჯიხურ - შპს „ქ–ში“ ვ. ტ–ე შეეცადა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაუფლებოდა ჯიხურში არსებულ, ე. თ–ს კუთვნილ ფულად თანხას, თუმცა ამ უკანასკნელის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, განზრახვა ბოლომდე ვერ მიიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. 2021 წლის 14 დეკემბერს პროკურორმა აკაკი მოქერიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განაჩენი და მოითხოვა ვ. ტ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4.2. საკასაციო საჩივრის ავტორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციის აუცილებელი ნიშნები: თავდასხმა, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა.
4.3. სასამართლო სხდომაზე ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილემ, ალექსანდრე ძირკვაძემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
5. დაცვის მხარის არგუმენტები:
5.1. მსჯავრდებული ვ. ტ–ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ. ბ–ე არ დაეთანხმნენ პროკურორის საკასაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს და აღნიშნეს, რომ ვ. ტ–ს ქმედება არ შეიცავს ყაჩაღობის ნიშნებს, ვინაიდან მან პირადი მოტივით იძალადა დაზარალებულზე.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
6.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენით განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6.2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვ. ტ–ს მიერ ჩადენილი ქმედება უდავოდ შეიცავს ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემადგენლობას, როგორიცაა ძარცვის მცდელობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის პირველი ნაწილით. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული დანაშაული გამოიხატა იმაში, რომ 2020 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქ. ბ–ში, ...........ის ქუჩა №..-ში მდებარე სავალუტო ჯიხურ - შპს „ქ–ში“, ვ. ტ–ე, რომელსაც სახე კაპიუშონითა და ნიღბით ჰქონდა დაფარული, ხოლო ხელზე ეკეთა ვარდისფერი ხელთათმანი, შეეცადა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაუფლებოდა ჯიხურში არსებულ, ე. თ–ს კუთვნილ ფულად თანხას, თუმცა დაზარალებულის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, განზრახვა ბოლომდე ვერ მიიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამდენად, კანონიერია სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ვ. ტ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირების შესახებ.
6.3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებას გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, ვ. ტ–ს ქცევა გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას, რომ მან პირადი მოტივით იძალადა ე. თ–ზე, კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ვ. ტ–ე დაახლოებით ორი საათით ადრე მივიდა სავალუტო ჯიხურთან. ე. თ–ს ჯიხურში შესვლიდან მალევე, კაპიუშონით, პირბადითა და ხელთათმანებით შევიდა ჯიხურში და აშკარა და აქტიური მოქმედებით შეეცადა, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა დაზარალებულის ქონებას, რაც ე. თ–ს წინააღმდეგობის გამო, ვერ შეძლო. საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, თუნდაც ვ. ტ–ს თანმხლები გოგოს ჩვენება, რომელიც საპირისპიროს დაადასტურებდა.
6.4. სასამართლოს ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ ვ. ტ–ე ვალუტის გამცვლელ პუნქტში, სადაც ყველასთვის ცხადია, რომ ინახება სხვადასხვა ფულადი კუპიურები სხვადასხვა ვალუტაში, სწორედ მათ აშკარად დასაუფლებლად შევიდა. როგორც კამერის ჩანაწერებით, ისე მოწმე ვ. ს–ს ჩვენებით (უდავო მტკიცებულებები) დასტურდება, რომ ვ. ტ–ე დაახლოებით ორი საათით ადრე მივიდა ჯიხურთან და ელოდა, როდის გააღებდნენ მას. ე. თ–ს ჯიხურში შესვლიდან მალევე, კაპიუშონით, პირბადითა და ხელთათმანებით შევიდა ჯიხურში და შეეცადა, აშკარად დაუფლებოდა სხვის ქონებას.
6.5. დაზარალებულის განმარტება, რომ მას უცნობი ახალგაზრდის ჯიხურის შესვლისას ,,მოესმა სიტყვები - ფული მომეცი“, დაცვის მხარისთვის გახდა, საფუძველი იმის, რომ სასამართლოს წინაშე ემტკიცებინა ვ. ტ–ს მხრიდან ფულის დაუფლების განზრახვის არარსებობა, რადგან ,,მოესმა“ არ ნიშნავს მტკიცებით ფორმაში ასეთი მოთხოვნის ფაქტის არსებობას. სასამართლო, განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სრულად გამორიცხავს ვ. ტ–ს მხრიდან მხოლოდ ფიზიკური შეურაცხყოფის განზრახვას.
6.6. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს პროკურორის მითითებას, რომ მსჯავრდებულმა ვ. ტ–ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთებას ვ. ტ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილიდან საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების თაობაზე, ვინაიდან საქმის განხილვის შედეგად არ გამოიკვეთა ქმედების ყაჩაღობად მიჩნევისთვის სავალდებულო ნიშანი - თავდასხმა, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით.
6.7. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია თავდასხმისა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა, რომელიც, თავის მხრივ, ჩადენილი უნდა იყოს სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ყაჩაღობის დროს პირი თავდასხმის გამოყენებით ზემოქმედებს დაზარალებულზე, რათა სხვის მოძრავ ნივთს დაეუფლოს. რაც შეეხება ძარცვას, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია დანაშაულის აშკარად, სხვა პირთათვის ხილულად ჩადენა და მას თავდასხმის ელემენტი არ გააჩნია.
6.8. განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს ის გარემოება, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად დგინდება თუ არა დამნაშავის პირდაპირი განზრახვა - სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა დაზარალებულ ე. თ–ს ქონებას.
6.9. ვინაიდან დაზარალებულ ე. თ–ს ჩვენება, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან და სავალუტო ჯიხურიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერები და მათი დათვალიერების ოქმი ძირითად მტკიცებულებებს წარმოადგენს დაზარალებულ ე. თ–ს მიმართ ჩადენილი ძალადობის ხარისხის შეფასების კუთხით, პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს სწორედ ამ მტკიცებულებებს.
6.10. დაზარალებულ ე. თ–ს ჩვენებით მისი ოჯახი ფლობს სავალუტო ჯიხურს, რომელიც მდებარეობს ქ. ბ–ში, პ. .......ის ქუჩა N..-ში. ჯიხური შედგება პატარა შესასვლელი ოთახისგან, სადაც მაგიდა და სკამი დგას, ხოლო ამავე ოთახში, რკინის კარის მიღმა, არის მეორე ოთახი, სადაც ფული ინახება. 2020 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 08:30 საათზე, იმყოფებოდა სავალუტო ჯიხურში. რამდენიმე წუთში ჯიხურის სიახლოვეს დაინახა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ეცვა შავი ფერის კაპიუშონიანი ქურთუკი, სახეს კი კაპიუშონი და ნიღაბი უფარავდა. მისი დანახვისთანავე უსიამოვნო განცდა დაეუფლა, „რაღაცნაირად შეეშინდა“, სცადა კარი დაეხურა, მაგრამ ვერ მოასწრო და ახალგაზრდა კაცი ჯიხურში შევარდა. შემოესმა სიტყვები - „ფული მომეცი“ და თავში ბეტონის ნატეხი მოხვდა. იგი ჯიხურში შესულ ბიჭს შეეწინააღმდეგა, პარალელურად ყვირილი დაიწყო და შველა ითხოვა, ცდილობდა, დამნაშავე გარეთ გაეგდო. გაწეული წინააღმდეგობის გამო, დამნაშავემ ვერ შეძლო სეიფისკენ წასულიყო. შეხლა-შემოხლისას გადაბრუნდა სკამი და მაგიდა, უცნობმა რამდენჯერმე ჩაარტყა თავში ბეტონის ნატეხი. თვითონ კი კარისკენ აწვებოდა და ცდილობდა გარეთ გაეგდო. მის ყვირილზე, ჯიხურის გარეთ მყოფი ნ. შ–ე და ს. ა–ა დაეხმარნენ და მამაკაცი ერთობლივი ძალით ჯიხურიდან გააგდეს, რის შემდეგაც გამოიძახეს პოლიცია.
6.11. მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, ასევე სავალუტო ჯიხურის შიდა პერიმეტრზე განლაგებული ვიდეოკამერების ჩანაწერებითა და მათი დათვალიერების ოქმებით (უდავო მტკიცებულებები) ირკვევა, რომ 2020 წლის 19 აგვისტოს სავალუტო ჯიხურის მოპირდაპირედ მდებარე სუპერმარკეტ ,,ს–ნ" ვ. ტ–ე დილის 06:49 საათზე ჩნდება კაპიუშონიანი შავი ფერის ქურთუკით და დიდი ხანი შესასვლელი კარის საფეხურზეა ჩამომჯდარი. პერიოდულად გადის აღნიშნული ადგილიდან და ისევ ბრუნდება. 08:49 საათზე იკრავს ქურთუკს, იღებს ვარდისფერ ხელთათმანს, იცვამს და მიემართება ქუჩის მეორე მხარეს მდებარე სავალუტო ჯიხურისკენ. ჯიხურის შიდა პერიმეტრზე არსებული კამერის ჩანაწერები ასახავს უშუალოდ ფიზიკური დაპირისპირების კადრებს ვ. ტ–ესა და ე. თ–ს შორის. დაზარალებული ცდილობს, გარეთ გააგდოს ვ. ტ–ე, რომელიც ჯიხურის სიღრმეში ცდილობს შეღწევას მოწინააღმდეგეზე დარტყმებით, საბოლოოდ ჯიხურში ე. თ–ე კარისკენ აგდებს ქურთუკიანს. ჯიხურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კამერის ჩანაწერებში ჩანს ახალგაზრდა მამაკაცის მიერ სირბილით ქუჩის გადაკვეთისა და ტერიტორიის დატოვების ფაქტიც.
6.12. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 16 სექტემბრის N.... სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ე. თ–ს აღენიშნებოდა ნასკდომი მარცხენა ყურის ნიჟარის არეში, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის/საგნების ზემოქმედებით და ერთობლივად და ცალკ-ცალკე აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.
6.13. აღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულის ჩვენებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ვიდეოჩანაწერითა და მისი დათვალიერების ოქმით არ დასტურდება ვ. ტ–სთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის - ყაჩაღობის სავალდებულო კომპონენტის არსებობა, კერძოდ: თავდასხმა, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, შემდეგ გარემოებათა გამო:
6.14. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვ. ტ–ე უეცრად და მოულოდნელად შევარდა ჯიხურში, შესაბამისად, დაზარალებულთან პირველი კონტაქტი მოულოდნელობის ეფექტს ნამდვილად ქმნიდა, თუმცა ყაჩაღობისთვის დამახასიათებელი სხვა კომპონენტები - ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა არ იკვეთება. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდებულმა ჩაიდინა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა, რაც გამოიხატა ბეტონის ნატეხის ჩარტყმაში. საქმე ეხება ბეტონის ფშვნად ნატეხს, რომელიც დარტყმის შედეგად ადვილად დაიშალა, მისი ნაწილაკები ამოღებულ იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას (დათვალიერდა სასამართლო განხილვის დროსაც). ფაქტი იმისა, რომ აღნიშნულ ნივთით მიყენებულ დაზიანებებს არ გამოუწვევია ზიანი, რომელიც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საშიში იქნებოდა, დასტურდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად, დაზიანებები იყო მსუბუქი ხასიათის, რასაც შედეგად არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მსუბუქი მოშლაც კი.
6.15. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, სააპელაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, ძარცვა, რომელიც ჩადენილია ისეთი ძალადობით, რაც საშიში არ არის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისთვის, თუმცა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, პირს მსჯავრი დასდოს მის მიერ რეალურად ჩადენილი დანაშაულისთვის, ვინაიდან ძარცვა, ჩადენილი ძალადობით, რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისთვის, წარმოადგენს უფრო მძიმე ბრალდებას და ითვალისწინებს უფრო მკაცრ სასჯელს, ვიდრე ვ. ტ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.
6.16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სანდოძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე