Facebook Twitter

ას-1148-1168-2011 31 ოქტომბერი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ თ. თ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ბანკი ...”

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს “ბანკი ...ის” სარჩელი მოპასუხე თ. თ-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

1. შეწყვეტილად იქნა აღიარებული სს “ბანკ ...სა” და თ. თ-ეს შორის 2008 წლის 29 ივლისს დადებული ¹... საკრედიტო ხელშეკრულება;

2. თ. თ-ეს სს “ბანკი ...ის” სასარგებლოდ დაეკისრა 2008 წლის 29 ივლისის ¹... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების: ძირითადი თანხის _ 10838.04 ლარის, პროცენტის _ 1864.38 ლარის და პირგასამტეხლოს _ 2059.86 ლარის, ჯამში 14762.28 ლარის გადახდა;

3. მოსარჩელეს უარი ეთქვა თ. თ-ისათვის 2008 წლის 29 ივლისის ¹... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს, 5097.06 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრებაზე;

4. თ. თ-ეს სს “ბანკი ...ის” სასარგებლოდ დაეკისრა 2008 წლის 13 ივნისის ¹6023/13.06.08 საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების: ძირითადი თანხის _ 4977.63 ლარის, პროცენტის _ 630.74 ლარის, პირგასამტეხლოს _ 436.53 ლარის და თანხის განაღდების საკომისიოს _ 7.43 ლარის, მთლიანობაში 6052.33 ლარის გადახდა;

5. თ. თ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2008 წლის 20 ივნისის პლასტიკურ ბარათზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ ¹... ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 551.38 ლარის გადახდა;

6. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 790.6 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 500 ლარის გადახდა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ (ტომი 1, ს.ფ. 130-139).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. თ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ტომი 1, ს.ფ. 148-157).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინებით თ. თ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის განჩინებით აპელანტ თ. თ-ეს დაევალა, ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის _ 854.64 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; 2011 წლის 27 მაისის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადა 10 დღით; მითითებული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით 2011 წლის 3 ივნისს ჩაბარდა აპელანტის, თ. თ-ის შვილს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის მიხედვით, ითვლება ადრესატისათვის ჩაბარებად.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 4 ივნისიდან და ამოიწურა 2011 წლის 13 ივნისს. შესაბამისად, აპელანტს ხარვეზი უნდა შეევსო 2011 წლის 13 ივნისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ მას სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული ვითარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე და 368.5 მუხლებიდან გამომდინარე იძლეოდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს (ტომი 2, ს.ფ. 17-19).

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 ივნისის განჩინება თ. თ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა გამოწვეული იყო მისი ავადმყოფობით, კერძოდ, მას ჰქონდა გრიპის მწვავე ფორმა (ტომი 2, ს.ფ. 24).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. თ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დგინდება ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის განჩინებით თ. თ-ეს გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსებისათვის დაწესებული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღით. მითითებული განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა საქმეში არსებულ მისამართზე: თბილისი, გ-ას ქ.¹22, ბინა ¹54 (ტომი 2, ს.ფ. 15). დასახელებულ მისამართზე სასამართლო გზავნილი ჩაბარდა აპელანტის შვილს, ნ. თ-ეს. გზავნილის ჩაბარების თარიღია 2011 წლის 3 ივნისი (ტომი 2, ს.ფ. 16). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, აღნიშნული მიიჩნევა განჩინების აპელანტისათვის ჩაბარებად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსებისათვის დაწესებული 10-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2011 წლის 4 ივნისიდან. ეს ვადა დასრულდა 2011 წლის 13 ივნისს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ორშაბათი. დროის ამ მონაკვეთში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია. აქედან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი სწორად დარჩა განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა განპირობებული იყო მისი ავადმყოფობით, რის გამოც ვერ მოახერხა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დროულად აღმოფხვრა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის მიერ არ არის წარმოდგენილი მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. შესაბამისად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.