Facebook Twitter

ას-1170-1190-2011 5 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ი/ბ ამხანაგობა “ც-ი 2004-ის” დამფუძნებელი თ. ე-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. მ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავ ნივთზე სამომავლო საკუთრების უფლების აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი/ბ ამხანაგობა “ც-ი 2004-ის” მიმართ უძრავ ნივთზე სამომავლო საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

2010 წლის 10 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ლ. მ-ის მოთხოვნა და განმარტებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი/ბ ამხანაგობა “ც-ი 2004-ის” დამფუძნებელმა თ. ე-მა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი/ბ ამხანაგობა “ც-ი 2004-ის” კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 10 სექტემბრის განჩინება ი/ბ ამხანაგობა “ც-ი 2004-ის” თავმჯდომარეს ე. კ-ეს ჩაჰბარდა 2010 წლის 21 სექტემბერს კერძო საჩივარი შეტანილია 2011 წლის 25 აგვისტოს, ანუ 11 თვისა და 3 დღის დაგვიანებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. დასახელებული ნორმების თანახმად, გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 22 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 4 ოქტომბერს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი/ბ ამხანაგობა “ც-ი 2004-ის” დამფუძნებლის თ. ე-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ი/ბ ამხანაგობა “ც-ი 2004-ს” დაუბრუნდეს ი. ს-ის მიერ 2011 წლის 25 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი/ბ ამხანაგობა “ც-ი 2004-ის” კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

ი/ბ ამხანაგობა “ც-ი 2004-ს” დაუბრუნდეს ი. ს-ის მიერ 2011 წლის 25 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.