ას-1180-1200-2011 10 ოქტომბერი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ არასრულწლოვან თ. დ-ის კანონიერი წარმომადგენელი – ხ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს ,,ბ. წ-ი”
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სარჩოს დანიშვნა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. დ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა ხ. მ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში შპს ,,ბ. წ-ის” მიმართ სარჩოს დანიშვნის მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელე 1991 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა აწ გარდაცვლილ თგ. დ-ესთან. ქორწინების განმავლობაში შეეძინათ ორი შვილი: 1992 წელს დაბადებული თ. დ-ე და 1994 წელს დაბადებული თ. დ-ე. თგ. დ-ე 1992 წლიდან დასაქმებული იყო ქ. ბათუმის წყალკანალ ტრესტში. 2009 წლის 2 მარტიდან იგი გადაყვანილ იქნა შპს ,,ბ. წ-ის” მეჯინისწყლის ჭაბურღილის უფროსად და მისი ხელფასი შეადგენდა თვეში 500 ლარს. 2010 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 11 საათზე, თგ. დ-ე გარდაიცვალა ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული წყალსადენის არტეზიული ჭის სამართავ რკინის კონსტრუქციის ელექტროსამართავ ჯიხურთან, ელექტროსამონტაჟო სამუშაოების შესრულების დროს მიღებული ტრავმის შედეგად, რაც დასტურდება სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით. მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლის 17 აპრილს იყო შაბათი, თ.დ-ე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რაც ასევე დასტურდება აღნიშნულ ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით. მოპასუხემ მას უარი უთხრა თ.დ-ის არასრულწლოვანი შვილის - თ. დ-ისათვის სარჩოს დანიშვნაზე. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მეჯინისწყლის წყალსადენის ¹4 არტეზიული ჭა და, შესაბამისად, მისი ელექტროგასამართი ჯიხური არ იყო გამართული, არ იყო შექმნილი დასაქმებულებისათვის უსაფრთხო გარემო.
მოპასუხე შპს „ბ. წ-მა” სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: თგ. დ-ე 2009 წლის 2 მარტიდან დანიშნული იყო მეჯინისწყლის ჭაბურღილის უფროსად და ევალებოდა მეჯინის წყალსადენზე ტექნიკური უსაფრთხოების დაცვაზე ზედამხედველობა. მისი გარდაცვალების მოწმობით და საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ თ.დ-ე გარდაიცვალა 2010 წლს 17 აპრილს. აღნიშნული თარიღი იყო შაბათი ანუ არასამუშაო დღე. თგ. დ-ის სამსახურში უქმე დღეს ყოფნა არ იყო განპიროვნებული უფროსის არც ზეპირი და არც წერილობითი განკარგულებით და, შესაბამისად, აღნიშნულ დღეს იგი არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შპს „ბ. წ-ის“ მეჯინისწყლის სათავე ნაგებობის არტეზიური ჭის ელექტრო გასამართავ ჯიხურში მუშაობის დროს დაცული არ იყო შრომის დაცვის და ტექნიკის უსაფრთხოების წესებით გათვალისწინებული და დადგენილი ნორმები. საქმეში არსებული საზოგადოების გენერალური დირექტორის ბრძანებების ასლებით კი დადგენილია, რომ თგ. დ-ეს ევალებოდა მეჯინისწყლის წყალსადენზე ტექნიკური უსაფრთხოების დაცვაზე ზედამხედველობა. აღნიშნული გარემოება ასევე დადასტურებულია სისხლის სამართლს საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ ბათუმის რაიონული პროკურატურის 2010 წლის 15 ივნისის დადგენილებით, რომლის თანახმად სამუშაოს შესრულებისას შრომის ტექნიკისა და უსაფთხოების წესები დაარღვია თავად თგ. დ-ემ, რის გამოც ბათუმის რაიონულმა პროკურატურამ საქმეზე შეწყვიტა წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. მოპასუხის მოსაზრებით, ენგიზ დ-ის გარდაცვალებაში ბრალი შპს „ბ. წ-ს“ არ მიუძღვის.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. დ-ის კანონიერი წარმოამდგენლის, ხ. მ-ის, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივნისის განჩინებით არასრულწლოვან თ. დ-ის კანონიერი წარმომადგენლის – ხ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგი საფუძვლებით: 2011 წლის 13 ივნისის სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა არც ერთი მხარე. მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლოსთვის არ უცნობებიათ მათი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებზე. ამასთანავე, პალატამ მიიჩნია, რომ მხარეები გაფრთხილებული იყვნენ კანონით დადგენილი წესით. აქედან გამომდინარე, პალატა გაეცნო რა საქმის მასალებს, მიიჩნია, რომ, მხარეთა გამოუცხადებლობის, გამო თ. დ-ის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა არასრულწლოვან თ. დ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა ხ. მ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივრის მთავარ სხდომაზე განხილვა დაინიშნა 2011 წლის 13 მაისს, 12:00 საათზე. კერძო საჩივრის ავტორი ამ დროისთვის იმყოფებოდა დაბა ხელვაჩაურში მდებარე სამედიცინო ცენტრ „მ-აში“, რის შესახებაც მან წერილობით აცნობა საქმის განმხილველ მოსამართლეს, გაუგზავნა სამედიცინო ფორმა ¹100, ამასთან აცნობა, რომ, ექიმის კონსულტაციის თანახმად, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მგზავრობა მისთვის არ შეიძლებოდა, რის გამოც ითხოვა საქმის განხილვის დანიშვნა ივნისის მეორე ნახევარში, რის შედეგადაც, 2011 წლის 13 მაისს პროცესზე საქმის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 13 ივნისისათვის.
კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება განჩინების იმ ნაწილს სადაც ნათქვამია, რომ სხდომა დაინიშნა რა 2011 წლის 13 ივნისს 12:00 საათზე, რის შესახებაც მხარეები გაფრთხილებულნი იყვნენ კანონის შესაბამისად, იგი სასამართლო სხდომის დღის შესახებ არ გაფრთხილებულა ტელეფონით, ელ.ფოსტით, ფაქსის ან სხვა ტექნიკური საშუალებებით, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლით. შესაბამისად, გასაჩივრებულ განჩინებაში მტკიცება იმის თაობაზე, რომ 2011 წლის 13 ივნისს, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა არც ერთი მხარე, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს სასამართლოსათვის არ უცნობებიათ მათი გამოუცხადებლობის მიზეზებზე, არასწორია, რადგან არც მოსარჩელე და არც მოწინააღმდეგე მხარე შპს „ბ. წ-ის“ ადმინისტრაცია ან მათი წარმომადგენელი სსკ-ის 70-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საშუალებით არ ყოფილან გაფრთხილებულნი სააპელაციო პალატის მთავარი სხდომის 2011 წლის 13 ივნისს ჩატარების გადანიშვნის თაობაზე. საყურადღებოა ისიც, რომ მოპასუხე მხარე შპს „ბ. წ-ის“ ადმინისტრაცია რომ ყოფილიყო გაფრთხილებული იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარი სხდომა დანიშნული იყო 2011 წლის 13 ივნისს, აუცილებლად გამოცხადდებოდა და მიიღებდა მონაწილეობას საქმის განხილვაში, რადგან ეს მის ინტერესებში შედიოდა, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ იყო გამოტანილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივნისის განჩინებით არასრულწლოვან თ. დ-ის კანონიერი წარმომადგენლის, ხ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მხარეები ან მათი წარმომადგენლები ინფორმირებული იყვნენ 2011 წლის 13 ივნისის სასამართლო სხდომის დღის თაობაზე. გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში სასამართლო არ უთითებს, თუ რა მტკიცებულებას დააყრდნო დასკვნა მოდავე მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების თაობაზე.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, განუხილველად დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
არასრულწლოვან თ. დ-ის კანონიერი წარმომადგენლის, ხ. მ-ის, კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.