ას-1189-1209-2011 17 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ი. კ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ჯ-ი» (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მთავარი სხდომის დანიშვნა
დავის საგანი – წინარე ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. კ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ჯ-ის» მიმართ 2010 წლის 21 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების, როგორც მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ამ ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხის _ 2000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, რადგანაც არ არსებობდა სადავო გარიგების ბათილად ცნობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი წინაპირობები.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ი. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს «ჯ-ის» წარმომადგენელ ზ. ბ-ძის შუამდგომლობა და ი. კ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 24 მაისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ი.კ-ას სააპელაციო საჩივარი და დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა 2011 წლის 29 ივნისს, 14:00 საათზე, რის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე, 2011 წლის 29 ივნისს არ გამოცხადდა აპელანტი, რომელიც სხდომაზე მოწვევისა და გამოუხადებლობის სამართლებრივი შედეგის თაობაზე გაფრთხილებლული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა შპს «ჯ-ის» წარმომადგენელმა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანასა და საქმის განხილვის გადადებაზე განაცხადა უარი, ამასთან იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 229-ე მუხლის მე-2 ნაწილით და, ვინაიდან აპელანტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით იყო ინფორმირებული საქმის განხილვაზე გამოცხადების აუცილებლობის, ასევე გამოუცხადებლობის შედეგებზე, არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის თაობაზე აცნობა სასამართლოს, ჩათვალა, რომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა საფუძვლიანი იყო და არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი. კ-ას წარმომადგენელმა ი. ლ-ძემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასამართლოს მთავარი სხდომის დანიშვნა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი, რადგანაც არც აპელანტი და არც მისი წარმომადგენლები სასამართლო სხდომის თაობაზე არ იყვნენ ინფორმირებული, კერძოდ, მათ კანონით გათვალისწინებული რაიმე შეტყობინება არ მიუღიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. კ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის «ა» და «ბ» ქვეპუნქტების თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
მოცემული საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 13 ივნისის განჩინებით ი. კ-ას სააპელაციო საჩივარის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 29 ივნისს, 14:00 საათზე (ს.ფ.164-165) და, აღნიშნული განჩინების შესაბამისად, ი. კ-ას წარმომადგენელ ი. ლ-ძეს (რწმუნებულება იხ. ს.ფ.30-35) საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა უწყება 2011 წლის 13 ივნისს.
სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნებული შპს «სკს-ს» საფოსტო შეტყობინების თანახმად, ქ.ბათუმში, ... ქ¹47-ში ი. ლ-ძისათვის გაგზავნილი უწყება ჩაბარდა თანამშრომელ ბ. მ-ეს 2011 წლის 15 ივნისს (ს.ფ.169).
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.
დასახელებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო ვალდებულია, უწყება ჩააბაროს მხარეს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელსაც მხარის მიერ გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ფარგლებში შეუძლია მხარის სახელითვე განახორციელოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება. დასახელებულ პირთაგან ერთ-ერთის ინფორმირება სასამართლო სხდომისა თუ სხვა საპროცესო მოქმედების შესრულების თაობაზე საკმარისი საფუძველია სასამართლოსათვის, ივარაუდოს, რომ შეტყობინება სწორედ მხარეს გადაეცა. მითითებული ნორმით ასევე განსაზღვრულია შეტყობინების ჩაბარების ნამდვილობის საკითხი და დადგენილია, რომ შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ ის გადაეცა ადრესატს, ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამასთან, ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დამატებით დადგენილია, რომ ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით უტყუარად დასტურდება რა, რომ სასამართლო უწყება საქმის განხილვის დროის თაობაზე ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელ ი.ლ-ძის თანამშრომელს, აღნიშნული სასამართლო შეტყობინების კანონის განუხრელი დაცვით ჩაბარების დამადასტურებელია, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ აპელანტი და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლები სასამართლო სხდომის თაობაზე ინფორმირებული არ იყვნენ.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლზე, რომელიც ადგენს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგებს. აღნიშნული ნორმის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა აპელანტის ან მისი მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში. დასახელებული ნორმის მე-3 ნაწილით კი, კანონმდებელი განსაზღვრავს, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტისა და მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარემ უარი განაცხადა როგორც საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადებაზე, ისე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, შესაბამისად, მან სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აპელანტის (მისი წარმომადგენლის) სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები და პალატამ სწორად დააკმაყოფილა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
აღნიშნულ პოზიციას სასამართლო ამყარებს შემდეგ გარემოებებზე: როგორც უკვე აღინიშნა, აპელანტი და მისი წარმომადგენელი სათანადო წესით იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე ინფორმირებული, რომლებიც სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ, ამასთან საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მხარის მიერ სასამართლოსათვის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შეტყობინება, რაც თავისთავად შუამდგომლობის დაკმაყოფილების აბსოლუტური საფუძველია, უფრო მეტიც, ამ კუთხით მხარეს დასაბუთებული პრეტენზია კერძო საჩივარში არც წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ი. კ-ას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ ქმნის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის განჩინების გაუქმების საფუძველს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, თავის მხრივ, საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. კ-ას წარმომადგენელ ი. ლ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.