Facebook Twitter

ას-1193-1213-2011 24 ოქტომბერი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ.მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – სს “მ-ი”

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი _ საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 2 სექტემბერს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ.მ-ემ მოპასუხე ზუგდიდის სს “მ-ის” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე საზოგადოების 2004 წლის 2 ივლისის აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების გაუქმება.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს 2004 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.მ-ემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით მ.მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება, მ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სს “მ-ის” აქციონერთა 2004 წლის 2 ივლისის საერთო კრების ¹4 ოქმი.

სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.მ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით მ.მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ბ.გ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების და მ.მ-ის სასარგებლოდ ბ.გ-ასათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 500000 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მარტის განჩინებით მ.მ-ის სააპელაციო საჩივარი ბ.გ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების და მ.მ-ის სასარგებლოდ ბ.გ-ასათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 500000 ლარის დაკისრების ნაწილში დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მ.მ-ეს სარჩელი აღძრული ჰქონდა ზუგდიდის სს “მ-ის” მიმართ და მოითხოვდა აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელეს არ მოუთხოვია ბ.გ-ას თანამდებობიდან გათავისუფლება და ბ.გ-ასათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 500000 ლარის დაკისრება. ასეთი მოთხოვნა მან დააყენა მხოლოდ სააპელაციო საჩივარში.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნულით მ.მ-ემ არსებითად კი არ გაზარდა დავის საგანი, არამედ დააყენა ახალი, დამოუკიდებელი სარჩელი ბ.გ-ას მიმართ.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის სააპელაციო საჩივრის აღძვრის დროისათვის მოქმედი რედაქციის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დასაშვები იყო მხოლოდ მაშინ, თუ ამას დაეთანხმებოდა მოწინააღმდეგე მხარე ან თუ სააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად ჩათვლიდა.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოში დავის საგნის გაზრდას, პრაქტიკულად კი _ ახალი სარჩელის დაყენებას არ დათანხმებია მოწინააღმდეგე მხარე.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემომითითებული სახით დავის საგნის გაზრდა მიზანშეუწონელი იყო, რამდენადაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხილული დავა გამომდინარეობდა აბსოლუტურად განსხვავებული სამართლებრივი საფუძვლებიდან და შეეხებოდა აქციონერთა კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დავის საგნის გაზრდის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმის წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის მოქმედი რედაქციის თანახმად კი, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მ.მ-ის სააპელაციო მოთხოვნა დაუშვებელი იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, როგორც მოთხოვნის დაყენების დროისათვის, ასევე საქმის განხილვის დროისათვის მოქმედი რედაქციით.

სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 მარტის განჩინება მ.მ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 25 სექტემბრის განჩინებით მ.მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მარტის განჩინება.

2011 წლის 13 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა მ.მ-ემ. განმცხადებელმა მოითხოვა ამავე სასამართლოს 2007 წლის 29 მარტის განჩინების ბათილად ცნობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 აგვისტოს განჩინებით მ.მ-ის ზემოაღნიშნული განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 18 აგვისტოს განჩინებაზე მ.მ-ემ წარადგინა კერძო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, რის საფუძვლადაც მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

გასაჩივრებული განჩინება (საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის 18.08.2011წ. განჩინება) უკანონოა, ვინაიდან იგი მიღებულია იმ მოსამართლის (ს. ჩხაიძე) მიერ, რომელიც ადრე მონაწილეობდა ამ საქმის განხილვაში, ანუ კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო სასამართლოს 29.03.2007წ. განჩინების მიღებაში;

საქმის განმხილველი მოსამართლეები დაინტერესებულნი არიან საქმის შედეგით, რაც იმაში გამოიხატა, რომ მათ მიიღეს დაუსაბუთებელი განჩინება, ასევე მას დროულად არ გადაეცა სასამართლო სხდომის ოქმის ასლი და არ მიეცა ამ ოქმის კომპაქტ-დისკის სასამართლოში მოსმენის შესაძლებლობა;

სასამართლოს თავდაპირველად უნდა განეხილა წინმსწრები, მხარის 2007 წლის 17 დეკემბრის განცხადება, რაც არ განუხორციელებია;

სასამართლოს არ უმსჯელია საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ვადის დაცულობაზე და შესაბამისად განცხადების დასაშვებობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 აგვისტოს განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ. ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ. პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

მოცემულ შემთხვევაში, მ.მ-ის განცხადება, რომლითაც იგი მოითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მარტის განჩინების ბათილად ცნობასა და საქმის წარმოების განახლებას, არ შეიცავს მითითებას აღნიშნული განჩინების ბათილობის კანონით გათვალისწინებულ რომელიმე საფუძველზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად უთხრა უარი განმცხადებელს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნაზე.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება (საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის 18.08.2011წ. განჩინება) უკანონოა, ვინაიდან იგი მიღებულია იმ მოსამართლის (ს. ჩხაიძე) მიერ, რომელიც ადრე მონაწილეობდა ამ საქმის განხილვაში, ანუ კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო სასამართლოს 29.03.2007წ. განჩინების მიღებაში.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 428-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების განხილვაში დაუშვებელია იმ მოსამართლის მონაწილეობა, რომელსაც კანონის მიხედვით არ უნდა მიეღო მონაწილეობა გადწყვეტილების მიღებაში (422-ე მუხლის 1-ელი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი). მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი ვერ უთითებს, თუ კანონის მიხედვით რატომ არ ჰქონდა უფლება მოსამართლე ს. ჩხაიძეს მონაწილეობა მიეღო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მარტის განჩინების მიღებაში. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ მოსამართლე ს.ჩხაიძე არ იყო უფლებამოსილი განეხილა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება სააპელაციო სასამართლოს 29.03.2007წ. განჩინებაზე.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საქმის განმხილველი მოსამართლეები დაინტერესებულნი არიან საქმის შედეგით, რაც იმაში გამოიხატა, რომ მათ მიიღეს დაუსაბუთებელი განჩინება, ასევე მას დროულად არ გადაეცა სასამართლო სხდომის ოქმის ასლი და არ მიეცა ამ ოქმის კომპაქტ-დისკის სასამართლოში მოსმენის შესაძლებლობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31.1 მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მ.მ-ის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან მის მიერ მითითებული გარემოებები ვერ ასაბუთებენ საქმის განმხილველი მოსამართლეების საქმის შედეგით დაინტერესების ფაქტს. მითითებული გარემოებები ასევე არ ქმნიან ხსენებულ მოსამართლეთა მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს. აქედან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსამართლეთა აცილების საფუძველი.

საფუძველს მოკლებულია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია მისი განცხადების დასაშვებობაზე. საქმეში წარმოდგენილია სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 ივნისის განჩინება, რომლითაც მ.მ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაშვებად იქნა ცნობილი და საქმის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2011 წლის 18 აგვისტოს (ტომი 2, ს.ფ. 17-19).

დაუსაბუთებელია ასევე კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა მისი 17.12.07წ. განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ, ვინაიდან ასეთი განცხადება საქმეში წარმოდგენილი არაა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ.მ-ის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.