ას-1199-1219-2011 24 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ სს «ს-ი»
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. და ს. დ-ეები
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს «ს-მა» სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. კ-ისა და ი. დ-ის უფლებამონაცვლე ც. კ-ის მიმართ მოპასუხეთა შორის 2007 წლის 27 თებერვალს დადებული ქ.ბათუმში, ... ქ.¹78/88-ში მდებარე 24,4 კვ.მ-ს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავი ნივთის მოსარჩელის სახელზე აღრიცხვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1997 წლის 27 თებერვლის ¹83 დადგენილებით, ქ.ბათუმში, ... 78/88 საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის მთლიანი ფართი _ 1200 კვ.მ გამოეყო ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკურ, ს-იურ და ბავშვთა პოლიკლინიკას, რომლის საფუძველზეც შეიქმნა სს «ს-ი». აღნიშნული ფართის სადავო ნაწილი უკანონოდ მიითვისა დ.კ-მა, რაზეც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო დავა. 2007 წლის 27 თებერვალს დ.კ-მა თვალთმაქცურად მიჰყიდა სადავო ფართი სს «ს-ის” ყოფილ თანამშრომელ ი.დ-ეს, რომლისთვისაც ცნობილი იყო აღნიშნულ უძრავ ნივთთან დაკავშირებული სასამართლო დავის თაობაზე, რის გამოც, სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 56-ე მუხლების შესაბამისად, გარიგება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დ. კ-სა და აწ გარდაცვლილ ი. დ-ეს შორის 2007 წლის 27 თებერვალს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულებიდან ამოირიცხა ქ.ბათუმში, ... ქ¹78/88-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებული 24,4 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი და ამ ფართზე აღიარებულ იქნა სს «ს-ის” საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრაციის უფლებით.
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ც. კ-ემ, რაც ამავე სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2009 წლის 25 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.
მოპასუხე ც.კ-ემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი დ. კ-სა და აწ გარდაცვლილ ი. დ-ეს შორის 2007 წლის 27 თებერვალს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულებიდან ამოირიცხა ქ.ბათუმში, ... ქ¹78/88-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებული 24,4 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი და ამ ფართზე აღიარებულ იქნა სს «ს-ის” საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრაციის უფლებით.
საქალაქო სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 19 აპრილს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 დეკემბრის განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ უცვლელად დატოვებით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართეს ი. დ-ის უფლებამონაცვლეებმა: ი. და ს. დ-ეებმა და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვეს საქმის წარმოების განახლება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით შეჩერდა კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო ამავე სასამართლოს 2011 წლის 27 იანვრის განჩინებით ი. და ს. დ-ეების განცხადება დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს «ს-მა».
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სს «ს-ის» კერძო საჩივარი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრისა და 2011 წლის 27 იანვრის განჩინებები დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა სს «ს-მა» და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, მოითხოვა ამავე სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინებით სს «ს-ის» განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრისა და 27 იანვრის განჩინებებზე სს «ს-ის» კერძო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 მარტის განჩინებებით მიღებულ იქნა წარმოებაში და მათი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე 2011 წლის 31 მარტს, რის თაობაზეც უწყების ჩაბარების გზით იყო ინფორმირებული კერძო საჩივრის ავტორი ლ.მ-ე, ამდენად, მხარეს საქმის ამ წესით განხილვის თაობაზე ეცნობა და აღნიშნულს განმცხადებელი სადავოდ არ ხდიდა, შესაბამისად, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.
სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლის მოსაზრება, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს ზეპირი მოსმენით უნდა დაენიშნა საქმის განხილვა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სასამართლომ მიუთითა ამავე კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილზე. სააპელაციო პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინებით განემარტა მხარეს, რომ სასამართლო უფლებამოსილი იყო, ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე, სწორედ ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა საქმე, ამასთან, არ იქნა გაზიარებული სს «ს-ის» მოსაზრება კერძო საჩივრების გაერთიანების დაუშვებლობის თაობაზე, ვინაიდან დავა ერთი საქმიდან გამომდინარეობდა, მით უმეტეს, რომ გასაჩივრებული იყო სასამართლოს შემაჯამებელი აქტი _ განჩინება საქმის წარმოების განახლების თაობაზე და ამ განჩინების წინმსწრები განჩინება გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ. აღნიშნული მოსაზრება სასამართლომ დაამყარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლსა და 377-ე მუხლის მე-3 ნაწილს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს «ს-მა» და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ, მისი თხოვნის მიუხედავად, არ მიიწვია საჩივრის ავტორი სასამართლო სხდომაზე, აღნიშნულით სასამართლომ დაარღვია 419-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა.
საქმის განხილვისას როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტისა და 281-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის მოთხოვნები, შესაბამისად, სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ საქმის განხილვაზე მხარის პირველი პირველი რიგის მემკვიდრეების მიუწვევლობის ფაქტი იყო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, რადგანაც მოქმედი კანონმდებლობა საპროცესო უფლებამონაცვლეობისას ითვალისწინებს არა ყველა მემკვიდრის, არამედ იმ კონკრეტული უფლებამონაცვლე მემკვიდრის ჩაბმას, რომელმაც სამკვიდრო მიიღო. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი, რაც გამოიხატა იმაში, რომ საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე, როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო სასამართლოსათვის ცნობილი იყო ი. დ-ის სხვა მემკვიდრეთა არსებობის თაობაზე, თუმცა აღნიშნულზე ყურადღება მართებულად არ გაუმახვილებია.
უფლებამონაცვლის საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის სასამართლოს არ გამოუყენებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილები, მაშინ, როდესაც მხარეს უფლებამონაცვლის ჩაბმის დროს ეს განჩინება სადავოდ არ გაუხდია და არც უნდობლობა გამოუცხადებია მისთვის.
სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილი და საქმის მასალების საწინააღმდეგოდ დადგენილად ჩათვალა, რომ ი. და ს. დ-ეებისათვის საქმის განხილვის თაობაზე არ იყო ცნობილი და აღნიშნულის თაობაზე ამ უკანასკნელებმა შეიტყვეს მხოლოდ 2010 წლის 25 მაისს _ საკასაციო პალატის 2010 წლის 19 აპრილის განჩინების ჩაბარებისას.
ამ მიმართებით, სასამართლომ შეფასება არ მისცა სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით დადგენილ ხანდაზმულობის ვადის დენას, ასევე არ იქნა გათვალისწინებული სს «ს-ის» მითითება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2003 წლის 14 ივლისის ¹3გ/ად-484-კ გადაწყვეტილებაზე, სადაც განსაზღვრულია უფლებამონაცვლეობის დადგენის საკითხი და განმარტებულია სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის დებულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს «ს-ის» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის «ა» და «ბ» ქვეპუნქტების თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
განსახილველი საქმის მასალებითა და კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზით დასტურდება შემდეგი: კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრისა და 27 იანვრის განჩინებებზე კერძო საჩივრები შეიტანა სს «ს-მა», რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა. საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა სს «ს-მა» და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის განჩინების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ მხარეთა მოწვევის გარეშე განიხილა კერძო საჩივარი.
სააპელაციო პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინებით სს «ს-ს» უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებასა და ამავე სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის განჩინების ბათილად ცნობაზე.
საკასაციო პალატა სავსებით ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილით კი ამომწურავადაა განსაზღვრული თუ რა შეიძლება იქნას მიჩნეული გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის წინაპირობად.
განსახილველ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ კერძო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად მხარე მიუთითებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლომ ერთ-ერთი მხარის ინფორმირების გარეშე განიხილა საქმე. განსახილველი საქმის მასალებით დასტურდება და ამას არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ, რომ სს «ს-ის» კერძო საჩივრების განხილვის თაობაზე უწყების ჩაბარების გზით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად ეცნობა საზოგადოების უფლებამოსილ წარმომადგენელ ლ.მ-ეს 2011 წლის 25 მარტს (იხ. ტ. III, ს.ფ. 136-137). ამდენად, კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ არსებობდა საქმის წარმოების განახლების საფუძველი არასწორია და ვერ იქნება გაიზიარებული სასამართლოს მიერ.
რაც შეეხება მითითებას, რომ სასამართლოს სს «ს-ის» კერძო საჩივრები უნდა განეხილა მხარეთა დასწრებით და, მხარის თხოვნის მიუხედავად, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვით დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილი, არც აღნიშნული წარმოადგენს დასაბუთებულ პრეტენზიას, რის გამოც შეიძლება გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება. საკასაციო პალატის მითითებული მოსაზრება ემყარება სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილის დებულებას, რომლის თანახმადაც, კანონმდებელმა დაადგინა, რომ განჩინება გამოიტანება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. საქმის ზეპირი განხილვის შემთხვევაში მოსამართლე უფლებამოსილია, განჩინება გამოიტანოს სათათბირო ოთახში გაუსვლელად.
დასახელებული ნორმა წარმოადგენს სპეციალურ დანაწესს, რომლითაც მოწესრიგებულია კერძო საჩივრის განხილვის ფორმა და მისი შინაარსის განმარტებით უტყუარად დგინდება, რომ საქმის განხილვის ფორმას არჩევს სასამართლო საქმის სირთულის გათვალისწინებით. კერძო საჩივრის განხილვის ფორმის დადგენისას, რა თქმა უნდა, საქმის განმხილველი სასამართლო ითვალისწინებს მხარის მოსაზრებას, თუმცა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების პრინციპის გათვალისწინებით, საკითხს იმის თაობაზე, თუ რა წესით განიხილოს სასამართლომ კერძო საჩივარი, წყვეტს სწორედ სასამართლო. შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვის თაობაზე მხარის ინფორმირება უთანაბრდება მის სასამართლო სხდომაზე დაბარებას და ამ შემთხვევასთან მიმართებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის გამოყენება დაუშვებელია.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის წარმოების განახლების თაობაზე სააპელაციო პალატამ სს «ს-ს» 2011 წლის 20 ივნისის განჩინებით სავსებით მართებულად უთხრა უარი, ვინაიდან არ არსებობდა განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
საკასაციო პალატა ვერ განიხილავს და სამართლებრივ შეფასებას ვერ მისცემს მოცემული კერძო საჩივრის იმ საფუძვლებს, რომლითაც სს «ს-ი» სადავოდ მიიჩნევს უფლებამონაცვლის დადგენის სისწორეს და ამ კუთხით სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა გამოყენებას. ამ თვალსაზრისით საკასაციო პალატა მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოხდა გადაწყვეტილების მიმღები პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ამავე სასამართლომ განიხილა გადაწყვეტილების აღსრულების საკითხიც და შეაჩერა იგი. აღნიშნულ განჩინებებზე კერძო საჩივარი (საჩივრები) შეიტანა მოწინააღმდეგე მხარემ, რაც სააპელაციო პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 კარი წარმოადგენს საქმის წარმოების სპეციალურ სახეს, რომელიც საგამონაკლისოა და ამ წესით საქმის განხილვა დასაშვებია კანონით ზუსტად გათვალისწინებული საკითხების მიმართ (სსსკ 414.1), ამ წარმოების თავისებურება ასევე ვლინდება იმაში, რომ სასარჩელო თუ სხვა სახის წარმოებისაგან განსხვავებით, კანონმდებელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 კარით რეგულირებული ურთიერთობების სამი ინსტანციის წესით განხილვის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით დადგენილია, რომ კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. მითითებული ნორმების საფუძველზე დადგენილია, რომ სადავო საკითხზე ზემდგომი სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება საბოლოო და მხარეს მისი კვლავ გასაჩივრების შესაძლებლობას კანონმდებელი არ ანიჭებს. ამდენად, სააპელაციო პალატამ 2011 წლის 31 მარტის განჩინებით გაიზიარა რა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებისა და, ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გამო, საქმის წარმოების განახლების მართებულობაზე, აღნიშნულ ნაწილში საქმის წარმოება დასრულდა 2011 წლის 31 მარტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სს «ს-ის» კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს «ს-ის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.