ას-1212-1232-2011 27 ოქტომბერი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “ო. ს-ის”, შპს “დ. და კ-”-ს “ქართული ბიზნესის აღორძინების ფონდი”-ს თბილისში მცხოვრებ მეანაბრეთა კავშირის თავმჯდომარე ნ. წ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ.წ-ე, მ. ჯ-ი, ბინათმშენებლობა “ჯ-ის 2007”-ის თავმჯდომარე _ ა. კ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს “ო. ს-ის”, შპს “დ. და კ-ს”, “ქართული ბიზნესის აღორძინების ფონდის” თბილისში მცხოვრებ მენაბრეთა რეგისტრირებული კავშირმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.წ-ის, მ. ჯ-ისა და იბა “ჯ-ი 2007”-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ლ.წ-ესა და მ. ჯ-ს შორის 2007 წლის 22 თებერვალს დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მ. ჯ-სა და ამხანაგობა “ჯ-ი 2007”-ის თავმჯომარეს შორის დადებული, შენატანის სახით უძრავი ქონების გადაცემის შესახებ, 2007 წლის 09 აგვისტოს შეთანხმების ბათილად ცნობა და სადავო ბინიდან მ. ჯ-ის გამოსახლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით შპს “ო. ს-ის”, შპს “დ. და კ-ს”, “ქართული ბიზნესის აღორძინების ფონდის” თბილისში მცხოვრებ მენაბრეთა რეგისტრირებული კავშირის სარჩელი მოპასუხეების ლ.წ-ის, მ. ჯ-ის და იბა “ჯ-ი 2007”-ს მიმართ ჩუქების ხელშეკრულების და ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობაში შენატანის სახით უძრავი ქონების გადაცემის შესახებ შეთანხმების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრში პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა და ბინიდან გამოსახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ო. ს-ის”, შპს “დ. და კ-ს”, “ქართული ბიზნესის აღორძინების ფონდის” თბილისში მცხოვრებ მენაბრეთა რეგისტრირებული კავშირმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ივნისის განჩინებით შპს “ო. ს-ის”, შპს “დ. და კ-ს”, “ქართული ბიზნესის აღორძინების ფონდის” თბილისში მცხოვრებ მენაბრეთა რეგისტრირებული კავშირის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ო. ს-ის”, შპს “დ. და კ-ს”, “ქართული ბიზნესის აღორძინების ფონდის” თბილისში მცხოვრებ მენაბრეთა რეგისტრირებული კავშირის თავმჯდომარე ნ. წ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ, ავადმყოფობის გამო, ვერ მოხერხდა მისთვის ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარება, ვინაიდან ჰქონდა წოლითი რეჟიმი და რადგანაც მარტოხელაა, გარკვეუული პერიოდი ცხოვრობდა დასთან, ავადმყოფობის შესახებ კი, სასამართლოსათვის ცნობილი იყო მის მიერ წარდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით, თუმცა მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მაინც განუხილველად დატოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ შპს “ო. ს-ის”, შპს “დ. და კ-ს”, “ქართული ბიზნესის აღორძინების ფონდის” თბილისში მცხოვრებ მენაბრეთა რეგისტრირებული კავშირის თავმჯდომარის _ ნ. წ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 მარტის განჩინებით აპელანტ _ შპს “ო. ს-ის”, შპს “დ. და კ-”-ს “ქართული ბიზნესის აღორძინების ფონდი”-ს თბილისში მცხოვრებ მეანაბრეთა კავშირს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 160 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი აპელანტს რამდენჯერმე გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე კანონით დადგენილი წესით, მაგრამ ვინაიდან ვერ მოხერხდა მისი ადრესატისათვის ჩაბარება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, 2001 წლის 18 მაისის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის ¹1 განყოფილებას დაავალა რეგისტრირებული კავშირის თავმჯდომარე _ ნ. წ-ისათვის განჩინების ჩაბარება. ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღუეთის ¹1 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის 2011 წლის 27 მაისს შედგენილი ოქმის თანახმად, ბინა დაკეტილი აღმოჩნდა, მეზობლმა კი განმარტა, რომ ნ. წ-ი თავის დასთან ცხოვრობს და მისი ადგილსამყოფელი და ახლო ნათესავების მონაცემები მეზობლებისთვის ცნობილი არ არის.
კერძო საჩივრის ავტორის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ავადმყოფობის გამო, ვერ მოხერხდა მისთვის ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარება, ვინაიდან ჰქონდა წოლითი რეჟიმი და რადგანაც მარტოხელაა, გარკვეუული პერიოდი ცხოვრობდა დასთან, ავადმყოფობის შესახებ კი, სასამართლოსათვის ცნობილი იყო მის მიერ წარდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით. აღნიშნულს საკასაციო სასამართლო ვერ მიიჩნევს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან მას შეეძლო სასამართლოსათვის ეცნობებინა მისი დროებითი ადგილსამყოფელის მისამართი ავადმყოფობის შესახებ თავისივე წარმოდგენილ განცხადებებში, რაც კერძო საჩივრის ავტორს არ გაუკეთებია. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2001 წლის 31 მაისს ნ. წ-ის მიერ წარმოდგენილ დაზუსტებულ სააპელაციო საჩვარზეც, კერძო საჩივრის ავტორი ისევ ძველ, სასამართლოსათვის მანამდე ცნობილ მისამართს უთითებდა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება აპელანტისათვის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71.2-ე მუხლის შესაბამისად, ჩაბარებულად ითვლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობით, აპელანტმა დაკარგა მისთვის მინიჭებული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ო. ს-ის”, შპს “დ. და კ-ს”, “ქართული ბიზნესის აღორძინების ფონდის” თბილისში მცხოვრებ მენაბრეთა რეგისტრირებული კავშირის თავმჯდომარის _ ნ. წ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ივნისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.