ას-1216-1236-2011 27 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ზ. პ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. გ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. პ-ის მიმართ ალიმენტის სახით არასრულწლოვანი ხ. და გ. პ-ების სასარგებლოდ ყოველთვიურად 100-100 ლარის დაკისრების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი მხოლოდ 50-50 ლარის ანაზღაურების ნაწილში ცნო, დანარჩენ ნაწილში კი მის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 80-80 ლარის გადახდა, რაც ზ. პ-მა ერთი შვილის _ ხ. პ-ის სარჩენად დაკისრებული თანხის ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია ალიმენტის დაკისრება, რომელზეც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა გამოიანგარიშება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი ალიმენტის ერთობლიობიდან _ 960 ლარიდან (80X12).
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით და ჩათვალა, რომ ზ. პ-ის სააპელაციო საჩივრის ღირებულება კანონით დადგენილ ზღვრულ 1000 ლარს არ აღემატება, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ზ. პ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:
პალატამ არ გაითვალისწინა, რომ ქვემდგომ სასამართლოში იხილება ზ. პ-ის სარჩელი ხ. პ-ის აღსაზრდელად მამისათვის გადაცემის შესახებ და ამ შემთხვევაში ალიმენტის გადახდის საჭიროება აღარ იარსებებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. პ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, კანონი ქონებრივი დავის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება და განუხილველად დარჩება. აღნიშნული მოთხოვნა იმპერატიული ხასიათისაა და სასამართლოს შეფასებაზე დამოკიდებული არ არის.
მოცემულ შემთხვევაში ზ. პ-ის სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენს 960 ლარს, კერძოდ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტით, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელებზე განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. პ-ს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების _ ხ. და გ. პ-ების სარჩენად ალიმენტის _ ყოველთვიურად 80-80 ლარის გადახდა, რაც აპელანტმა გაასაჩივრა მხოლოდ ერთი შვილის _ ხ. პ-ისათვის გადასახდელი ალიმენტის ნაწილში. ამდენად, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა განისაზღვროს 80 ლარის ერთ წელზე (12 თვეზე) გაანგარიშებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ზ. პ-ის სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას _ 1000 ლარს არ აღემატება, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. პ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.