Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-1433-1008(კ-05) 11 მაისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, დაკავებული სარდაფის გამოთავისუფლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. ბ-მ მოპასუხე ი. ჭ-ს მიმართ უკანონოდ დაკავებული სარდაფის გამოთავისუფლების მოთხოვნით 27.03.97წ. სარჩელი აღძრა ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში. მოსარჩელემ განმარტა, რომ 1987 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, ... პირველ სართულზე, მის სარგებლობაში იმყოფება 11,5 კვ.მ სარდაფი. მინისტრთა კაბინეტის 11.02.92წ. ¹107 დადგენილების საფუძველზე 11.07.92წ. განახორციელა ბინის პრივატიზება. საპრივატიზებო ხელშეკრულების თანახმად, ი. ბ-ს საკუთრებაში გადაეცა მის სარგებლობაში არსებული 11,5 კვ.მ. სარდაფიც. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 01.02.97წ. შემოესმა ნგრევის ხმა. აღმოჩნდა, რომ მოპასუხის ოჯახის წევრი მისი სარდაფის კედლებს ანგრევდა. აღნიშნულის თაობაზე განცხადებით მიმართა მთაწმინდის რაიონის პოლიციას, რის შემდეგაც მოპასუხე გაფრთხილებულ იქნა _ შეეჩერებინა ნგრევა. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხემ გამყოფი კედლები დაანგრია და თავის სარდაფს შეუერთა. ი. ბ-მ მოითხოვა მოპასუხე ი. ჭ-ს სარდაფიდან გამოსახლება, სარდაფის გამყოფი კედლების, წყალგამტარი მილების და აბაზანის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

15.05.97წ. მ. ჭ-მ შეგებებული სარჩელით მიმართა მთაწმინდის რაიონის სასამართლოს ი. ბ-ის მიმართ და მოითხოვა ერთიდაიგივე სარდაფზე არსებული ორი საპრივატიზაციო ხელშეკრულებიდან ერთ-ერთის გაუქმება. მოსარჩელემ განმარტა, რომ ქ. თბილისში ... მდებარე საცხოვრებელი სარდაფი 1935 წლიდან ეკუთვნის მის ოჯახს, აღნიშნული სარდაფი ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის ¹70 საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტის მიერ ფაქტობრივად საქმის შეუსწავლელად მიეკუთვნა ი. ბ-ეს, რომელიც აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 1987 წლიდან. მოსარჩელის განმარტებით, ი. ბ-მ შეცდომაში შეიყვანა მობინადრეები, არ მიუთითა მათდამი წარდგენილ განცხადებაში სარდაფის ნაწილის ფართის ოდენობაზე და მოტყუებით შეგროვებული ხელწერილების საფუძველზე მიითვისა მ. ჭ-ს პირადი სარდაფი.

ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 10.06.97წ. საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაება მ. ჭ-ა. ამავე განჩინებით საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მესამე პირის სტატუსით მოწვეულ იქნა მთაწმინდის რაიონის გამგეობა.

თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 17.06.97წ. გადაწყვეტილებით ი. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. ჭ-ს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მ. და ი. ჭ-ებმა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 29.07.97წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 11.11.97წ. საზედამხედველო პროტესტით მიეთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმს გაეუქმებინა ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 17.06.97წ. გადაწყვეტილება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 29.07.97წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაებრუნებინა იმავე სასამართლოსთვის. ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 20.11.97წ. დადგენილებით გაუქმდა ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 17.06.97წ. გადაწყვეტილება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 29.07.97წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 06.05.98წ. გადაწყვეტილებით ი. და მ. ჭ-ების შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო ი. ბ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 14.04.2000წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ი. ბ-ის საზედამხედველო საჩივარი, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს. 20.11.01წ. მ. და ი. ჭ-ებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტთან არსებული არასაცხოვრებელი ფართობის გამანაწილებელი კომისიის 04.06.92წ. დადგენილების და ი. ბ-ისათვის სარდაფის მიკუთვნების ნაწილში 11.07.92წ. პრივატიზების ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვეს. 05.12.01წ. სასამართლო სხდომა გადაიდო ი. ბ-ის ავადმყოფობის გამო. ი. ბ-ის გარდაცვალების გამო კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 25.11.02წ. განჩინებით, ი. ბ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე, საქმისწარმოება შეჩერდა. 11.04.03წ. განჩინებით თ. ბ-ის განცხადების და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საქმის წარმოება განახლდა.

14.11.03წ. ი. ბ-ის უფლებამონაცვლე თ. ბ-მ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მ. ჭ-ს და მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიმართ და 06.07.93წ. ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის ¹70-ე საბინაო საექსპლუატაციო უბანსა და მ. ჭ-ს შორის გაფორმებულ პრივატიზების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და პრივატიზების ხელშეკრულებიდან 11,5 კვ.მ.-ის სარდაფის ამორიცხვა მოითხოვა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 14.07.04წ. გადაწყვეტილებით თ. ბ-ს სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, არ დაკმაყოფილდა აგრეთვე მ. და ი. ჭ-ების შეგებებული სასარჩელო განცხადება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-მ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 30.05.05წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც თ. ბ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ¹70 საბინაო-საექსპოლუატაციო უბანსა და მ. ჭ-ს შორის 06.07.93წ. დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულება მ. ჭ-სათვის სარდაფის 11,5 კვ.მ. საკუთრებაში გადაცემის ნაწილში, მ. და ი. ჭ-ებს დაევალათ 11,5 კვ. მ-ის სარდაფის გამოთავისუფლება, სარდაფის გამყოფი კედლების, წყალგამტარი მილებისა და აბაზანის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულ სასამართლოს სარჩელის ხანდაზმულობის შეფასებისათვის უნდა გამოეყენებინა სკ-ის 1507.3 მუხლი, რომლის მიხედვით სკ-ის მოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სკ-ი უძრავი ნივთების მიმართ ახალ წესებს ითვალისწინებს. უძრავი ნივთების მიმართ სკ-ის 129-ე მუხლით სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 6 წელს. იმავე კოდექსის 130-ე მუხლით ხანდაზმულობა მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან იწყება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თ. ბ-ის მამამ ი. ჭ-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა 1997წ. მარტში, მაშინვე, როცა ი. ჭ-მ მისი სარდაფის კედლები ჩამოანგრია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ი. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ იყო.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მთაწმინდის ს/ს ტრესტთან არსებული არასაცხოვრებელი ფართის გამანაწილებელი კომისიის 04.06.92წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. ბ-ის თხოვნა და დაუმტკიცდა მის ბინის ქვეშ მდებარე სარდაფი. 09.05.92წ. პრივატიზების ხემშეკრულებით ი. ბ-ს საცხოვრებელ სახლთან ერთად საკუთრებაში გადაეცა 11,5 კვ.მ სარდაფიც. აღნიშნული ხელშეკრულება რეგისტრირებულია ტექაღრიცხვის ბიუროში 20.08.92წ. სააპელაციო პალატის განმარტებით, მ. ჭ-მ 1993წ. განახორციელა ი. ბ-ის საკუთრებაში არსებული სარდაფის პრივატიზება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 11.08.92წ. ¹825 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულება «საქართველოს რესპუბლიკაში პრივატიზებული საბინაო ფონდის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ჩატარების ორგანიზაციისა და გაწეული დანახარჯების დაფარვის შესახებ” დებულების მე-5 მუხლის თანახმად, მოქალაქეებს საკუთრებაში გადაეცემოდათ სამეურნეო დანიშნულებით მათზე განკუთვნილი სარდაფები. სააპელაციო პალატა თვლის, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც მ. ჭ-სათვის სადავო სარდაფის სამეურნეო დანიშნულებით გადაცემას დაადასტურებდა. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 14.07.04წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. და ი. ჭ-ების შეგებებული სარჩელი ი. ბ-ის პრივატიზების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის ნაწილში, გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში არის შესული. სააპელაციო პალატამ სსკ-ის 106-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტისა და სსკ-ის 266-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ ი. ბ-ს 11,5 კვ.მ. სარდაფი გადაცემული აქვს კანონიერად, რის გამო მისი უფლებამონაცვლის მოთხოვნა საფუძვლინია.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 30.05.05წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. და ი. ჭ-ებმა. კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ისინი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლო სხდომაზე მოწვეულები არ ყოფილან, მათ არ ჩაბარებიათ სააპელაციო საჩივრის ასლი, სასამართლომ საქმე მათ დაუსწრებლად განიხილა, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის «ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

კასატორების აზრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და უნდა გაუქმდეს თ. ბ-ის მოთხოვნა იყო ხანდაზმული, რადგან ი. ბ-ემ სარჩელით სასამართლოს 1997 წელს მიმართა, ხოლო საქმეში მის უფლებამონაცვლედ ჩართულმა თ. ბ-მ ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის ¹70-ე საბინაო-საექსპლუატაციო უბანსა და მ. ჭ-ს შორის გაფორმებული პრივატიზების ხელშეკრულებიდან 11,5 კვ.მ. ფართის სარდაფის ამორიცხვა ი. ბ-ის მიერ თავისი უფლების დარღვევის შეტყობიდან მხოლოდ 6 წლისა და 8 თვის შემდეგი 14.11.03წ. დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა. კასატორების განმარტებით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა 1964წ. სკ-ის 75-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება მოითხოვეს.

საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება ითხოვეს. თ. ბ-მ და მისმა წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს და ითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. პროცესის სხვა მონაწილეები სასამართლო სხდომის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით შეტყობინების მიუხედავად, საკასაციო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდნენ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 394-ე მუხლის «ბ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით. სსკ-ის 71-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება დასაბარებელ პირს უნდა ჩაჰბარდეს მხარის მიერ მითითებული მისამართის მიხედვით. მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ (სსკ-ის 76-ე მუხლი). თუ მოპასუხის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი უცნობია, სასამართლო შეუდგება საქმის განხილვას მას შემდეგ, რაც უწყება დაბრუნდება წარწერით, რომელიც ადასტურებს მის მიღებას ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს ან იმ ორგანიზაციის ადმინისტრაციის მიერ, სადაც ბოლო დროს მუშაობდა მოპასუხე (სსკ-ის 78-ე მუხლი).

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. ჭ-სა და ი. ჭ-ს სასამართლო უწყებები ეგზავნებოდათ კანონით დადგენილი წესით, თუმცა იმ მიზეზით, რომ ადრესატები არ იმყოფებოდნენ მითითებულ მისამართზე, უწყებები მათ ვერ ბარდებოდათ. სააპელაციო პალატის 17.05.05წ. მიმართვის საფუძველზე სასამართლოს უწყებები ჩაჰბარდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობას, რომლის წარმომადგენელმაც ხელმოწერით დაადასტურა სასამართლო უწყების მიღება. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. ჭ- და ი. ჭ-ა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულები იყვნენ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და მათ გამოუცხადებლად საქმის განხილვა სსკ-ის 394-ე მუხლის «ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს არ ქმნის. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორების მიერ მათი საპროცესო ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში მათთვის ცნობილი იქნებოდა, აგრეთვე, სააპელაციო საჩივრის შინაარსიც. მ. ჭ-სა და ი. ჭ-ს მიერ თავიანთი საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა, სასამართლოსათვის თავიანთი ადგილსამყოფელის შეუტყობინებლობა, რის გამო სასამართლოს უწყებების ჩაბარება ვერ ხერხდებოდა და სასამართლო პროცესიც არაერთგზის გადაიდო, ფაქტიურად შეუძლებელი გახადა მათთვის სააპელაციო სასამართლოს გზავნილების ჩაბარება და განსახილველი საქმისწარმოების თაობაზე მათი ინფორმირება.

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ი. ბ-ე 08.04.87წ.-დან ცხოვრობდა ქ. თბილისში, ... საცხოვრებელ 9 კვ.მ-ში. მთაწმინდის ს/ს ტრესტთან არსებული არასაცხოვრებელი ფართის გამანაწილებელი კომისიის 04.06.92წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. ბ-ის თხოვნა და მეზობლებისაგან თანხმობის მიღების შემდეგ გამოეყო მისი ბინის ქვეშ არსებული 11,5 კვ.მ სარდაფი. 11.07.92წ. ი. ბ-მ განახორციელა საცხოვრებელი ბინის და სარდაფის პრივატიზაცია, პრივატიზაციის ხელშეკრულება 20.08.92წ. დარეგისტრირდა ტექაღრიცხვის ბიუროში.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი. ბ-მ საკუთრების უფლების შელახვის შესახებ 01.02.97წ. შეიტყო, როდესაც მისი სარდაფის კედლების ნგრევა დაიწყო მოპასუხემ. ი. ბ-მ საკუთრების უფლების დაცვის მიზნით სასამართლოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, კერძოდ 04.03.97წ. მიმართა სასარჩელო განცხადებით. ი. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნას მისი კუთვნილი და მის სარგებლობაში არსებული 11,5 კვ.მ. სარდაფიდან მოპასუხის გამოსახლება, სარდაფის გამყოფი კედლების პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა და წყალგამტარი მილებისა და აბაზანის მწყობრში ჩაყენება შეადგენდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ი. ბ-ის, როგორც სადავო ფართის მესაკუთრის, მოთხოვნა თავისთა ვად მოიცავდა ყველა იმ ხელშეკრულებისა თუ ნებართვის ბათილად ცნობას, რომელთა საფუძველზეც მოპასუხე მის საკუთრებას ხელყოფდა. მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელი იყო 06.07.93წ. პრივატიზების ხელშეკრულების იმ ნაწილის ბათილად ცნობის გარეშე, რომლითაც მ. ჭ-ს საკუთრებაში გადაეცა სადავო ფართი. ი. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება თავისთავად ნიშნავდა სადავო ფართზე მისი საკუთრების უფლების სასამართლოს გზით აღიარებას, რაც გამორიცხავდა იმავე ფართზე სხვა პირის საკუთრების უფლების არსებობას და თავისთავად გამოიწვევდა 06.07.93წ. ხელშეკრულების სადავო ნაწილის ბათილად ცნობას. აღნიშნულს ადასტურებს, აგრეთვე, მოცემულ საქმეზე თ. ბ-ის მიერ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებამდე მიღებული ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის 17.06.97წ. გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ი. ბ-ის მოთხოვნა და მოპასუხე მ. ჭ-ს ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებიდან ამოირიცხა სადავო 11,5 კვ.მ ფართის სარდაფი. 06.07.93წ. ხელშეკრულება რომ დავის საგანს 1997 წლიდანვე შეადგენდა, ადასტურებს ასევე მ. ჭ-ს 15.05.97წ. შეგებებული სარჩელი, რომლითაც შეგებებული მოსარჩელე ითხოვდა ერთიდაიმავე სარდაფზე არსებული ორი პრივატიზების ხელშეკრულებიდან სასამართლოს გაეუქმებინა ერთ-ერთი მათგანი.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას თ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში მესაკუთრემ თავისი უფლების დასაცავად კანონით განსაზღვრულ ვადაში მიმართა სასამართლოს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 14.07.04წ. გადაწყვეტილებით, რომელიც კასატორების მიერ არ გასაჩივრებულა, კანონიერად იქნა მიჩნეული ი. ბ-ისა და მთაწმინდის რაიონის ¹70 საბინაო-საექსპლოატაციო უბანს შორის 11.07.92წ. დადებული პრივატიზების ხელშეკრულების სადავო ნაწილი და მ. და ი. ჭ-ებს უარი ეთქვათ მის ბათილად ცნობაზე უსაფუძვლობის გამო. ამდენად, ი. ბ-ის საკუთრების უფლება სადავო სარდაფზე, რომელიც ი. ბ-ეს კასატორებზე ადრე ჰქონდა შეძენილი, კანონიერად არის მიჩნეული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რაც გამორიცხავს ი. ბ-ის უფლებამონაცვლის თ. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცდენის გამო. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სსკ-ის 106-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტისა და სსკ-ის 266-ე მუხლის თანახმად, მტკიცებას არ საჭიროებს ის ფაქტი, რომ ი. ბ-ს 11,5 კვ.მ. სარდაფი გადაცემული აქვს კანონიერად და მისი უფლებამონაცვლის მოთხოვნა მ. ჭ-ს მიმართ პრივატიზების ხელშეკრულების სადავო სარდაფის ფართის ნაწილში საფუძვლიანია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის სხვა გარემოებებთან დაკავშირებით მ. და ი. ჭ-ებს საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენიათ. სსკ-ის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რის გამო კასატორებს სსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. და ი. ჭ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 30.05.05წ. გადაწყვეტილება;

2. მ. და ი. ჭ-ებს სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.