ას-1269-1289-2011 24 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ს-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მცხეთის ¹1 საჯარო სკოლა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ს-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ მცხეთის ¹1 საჯარო სკოლის მიმართ ქ.მცხეთის ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის 2010 წლის 2 აგვისტოს ¹ ... ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 აპრილის განჩინებით მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, ხოლო ამავე სასამართლოს 2011 წლის 28 ივნისის განჩინებით მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, დატოვებულ იქნა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ მიუთითა საქმეში არსებულ გზავნილის ჩაბარების თაობაზე შეტყობინების ბარათებზე, რომლითაც დასტურდება, რომ უწყება აპელანტ მ. ს-ეს პირადად ჩაბარდა 2011 წლის 4 ივნისს და მოწინააღმდეგე მხარეს _ მცხეთის ¹1 საჯარო სკოლას _ 13 ივნისს, სასამართლომ მითითა იმ გარემოებაზეც, რომ მხარეებს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ სააპელაციო პალატისათვის არ უცნობებიათ, რის გამოც სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე, 231-ე მუხლებით, 275-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტით და ჩათვალა, რომ არსებობდა მოცემული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ს-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მიმდინარე წლის ივნისის თვეში მას გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და ექიმის კონსულტაციით მკურნალობდა შინ დიაგნოზით _ ალერგიული დერმატიტი. სასამართლოს ხდომის დღეს იყო შეუძლოდ და ვერ შეძლო პროცესზე გამოცხადება. მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი საქმის განხილვაში მონაწილეობას იღებდა არა სანოტარო წესით გაცემული მინდობილობის, არამედ ორდერის საფუძველზე და, მხარის გამოუცხადებლობის გამო, ადვოკატი ვერ შეძლებდა მისი ინტერესების დაცვას. მ.ს-ის განმარტებით, ის ცდილობდა მოსამართლის თანაშემწესთან დაკავშირებას, რაც ვერ მოახერხა.
კერძო საჩივრის ავტორმა ასევე წარმოადგინა კანისა და ვენ.სნეულებათა ს/კ ინსტიტუტის პროფესორ გ. თ-ის სახელით გაცემული მკურნალობის დანიშნულების, ქ.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ¹1 კლინიკის ანალიზის პასუხებისა და ქირურგ კ.დანგაძის სახელით გაცემული სამკურნალო დანიშნულების ასლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინებით «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მოცემული კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის «ა» და «ბ» ქვეპუნქტების თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება და არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ, რომ 2011 წლის 28 ივნისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის თაობაზე აპელანტსა და მის მოწინააღმდეგე მხარეს ეცნობათ სასამართლო უწყებით. უწყება აპელანტს ჩაბარდა პირადად 2011 წლის 4 ივნისს, ხოლო ქ.მცხეთის ¹1 საჯარო სკოლას _ 13 ივნისს (იხ. ტ.II, ს.ფ.31-33). სასამართლო სხდომის ოქმით ასევე დასტურდება და ამ ფაქტს იზიარებს მ.ს-ეც, რომ 2011 წლის 28 ივნისს 11:20 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მხარეები არ გამოცხადებულან და მათ გამოუცხადებლობის თაობაზე სასამართლოსათვის არ უცნობებიათ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლზე, რომლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია აპელანტისა და მისი მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, თუ ამას გამოცხადებული მხარე მოითხოვს, ხოლო მითითებული ნორმის მე-3 ნაწილით კი, დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
ამავე კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიული შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტი.
მოცემულ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს რა ის გარემოება, რომ აპელანტი და მისი მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა კანონის ზემოაღნიშნული ნორმებით და სწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი.
რაც შეეხება მ.ს-ის მითითებას, რომ ის სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ზემოაღნიშნულს და მას გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლდ ვერ მიიჩნევს, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
დასახელებული ნორმით დადგენილია ის სავალდებულო წინაპირობები, როდესაც სასამართლო ვალდებულია, მხარის გამოუცხადებლობა ჩათვალოს საპატიოდ. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით: კანისა და ვენ.სნეულებათა ს/კ ინსტიტუტის პროფესორ გ. თ-ის სახელით გაცემული მკურნალობის დანიშნულებით, ქ.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ¹1 კლინიკის მიერ ჩატარებული ანალიზის პასუხებისა და ქირურგ კ.დანგაძის სახელით გაცემული სამკურნალო დანიშნულების ასლებით არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მტკიცებულებები არ შეიცავს დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერას, მათი გაცემის თარიღს და სხვა, რის გამოც საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, შეაფასოს მითითებული და დაადგინოს ექიმის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები: შეეძლო თუ არა მითითებული დანიშნულების მომხმარებელ პაციენტს სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. ამასთანავე მტკიცებლებები არ არის წარმოდგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლით დადგენილი წესით (დედნის სახით).
რაც შეეხება მ.ს-ის მითითებას, რომ ის ცდილობდა მოსამართლის თანაშემწესთან დაკავშირებას, თუმცა ვერ მოახერხა, საკასაციო პალატა ვერც მითითებულ არგუმენტს გაიზიარებს დაუსაბუთებლობის გამო და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველსა და მე-3 ნაწილების დანაწესებზე, რომლითაც დადგენილია, რომ მხარემ შუამდგომლობაში მითითებული გარემოება უნდა დაასაბუთოს, ხოლო საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევა და მიუთითა, რომ კონკრეტული ფაქტი მისი დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებით უნდა გამყარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს არ შეექმნება შინაგანი რწმენა შუამდგომლობის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით.
საკასაციო პალატა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს მ.ს-ის არგუმენტს, რომ მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გამოუცხადებლობა სანოტარო წესით გაცემული რწმუნებულების არქონამ განაპირობა და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საკასაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგზე:
«ადვოკატთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ხელშეკრულების საფუძველზე. გამოძიების ორგანოებში ან საქმის სასამართლოში განხილვისას ადვოკატი ვალდებულია საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად წარადგინოს დადგენილი წესით კლიენტის მიერ მასზე გაცემული დოკუმენტი – მინდობილობა ან ორდერი. აღნიშნული ნორმით დადგენილია ადვოკატის წარმომადგენლობის უფლებოსილების ნამდვილობა და კანონმდებელი არ კრძალავს მხარის ინტერესების მითითებული მტკიცებულებების საფუძველზე ადვოკატის მიერ დაცვის შესაძლებლობას, თუმცა მხოლოდ ორდერის არსებობის პირობებში დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, კერძოდ, წარმოდგენილი პირის ინტერესების დამცველი ადვოკატი, რომელიც საქმის განხილვაში მონაწილეობას იღებს მხოლოდ ორდერის მეშვეობით და უშუალოდ მხარე არ არის სხდომაზე, ვერ განახორციელებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ შემდეგ საპროცესო მოქმედებებს: სარჩელის აღძვრა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმა, სარჩელის ცნობა, სარჩელის საგნის შეცვლა, მორიგება, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღება. აღნიშნული ჩამონათვალი ამომწურავია და კანონმდებელი იმპერატიულად ადგენს თითოეული ამ უფლების თაობაზე მიეთითოს კანონის მოთხოვნათა დაცვით დადასტურებულ წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტში _ მინდობილობაში. რაც შეეხება საქმის განხილვაში მონაწილოების მიღებას და თუნდაც იმ ფაქტს, რომ ადვოკატს სასამართლოსათვის მხარის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ეცნობებინა და მოეთხოვა სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადატანა, აღნიშნულს კანონმდებლობა არ კრძალავს, რაც კერძო საჩივრის ამ არგუმენტის უსაფუძვლობას უტყუარად ადასტურებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. ს-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.