ას-1277-1297-2011 27 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ა. ს-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ნ-ი, მ. შ-ე, სს “... ბანკი”
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. ს-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ნ-ის, მ. შ-ისა და სს “... ბანკის” მიმართ და მოითხოვა ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში ი. ს-მა სადავო ქონებასთან დაკავშირებული მოთხოვნები 2010 წლის 8 დეკემბრის ხელშეკრულებით დაუთმო ა. ს-ს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ს-ის უფლებამონაცვლის ა. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ს-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინებით აპელანტს, ა. ს-ს, დაევალა 5 დღის ვადაში, წარმოედგინა ამჟამინდელი მდგომარეობით სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაეხადა სახ. ბაჟი სადავო საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით.
ვინაიდან ა. ს-ი წარმოადგენდა ი. ს-ის უფლებამონაცვლეს მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ს-ის მიერ წარმოდგენილი ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, ვერ გახდებოდა მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი, რადგანაც იგი, როგორც ი. ს-ის უფლებამონაცვლე პირი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებული იყო განეხორციელებინა ყველა ის მოქმედება, რაც უნდა შეესრულებინა პირს, რომელიც მან შეცვალა. შესაბამისად, ვაინდაინ ი. ს-ის სარეიტინგო ქულების მიხედვით, მასზე ვერ გავრცელდებოდა შეღავათები სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ს-იც, როგორც მისი უფლებამონაცვლე, ვალდებული იყო გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც 2011 წლის 29 აპრილის, პირველი ივნისისა და 14 ივნისის განჩინებებით მას ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელა და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ა. ს-ის სააპელაციო საჩივარი 2011 წლის 24 ივნისის განჩინებით განუხილველად დატოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ს-მა, მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ი. ს-ი ასევე წარმოადგენდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირს და შესაბამისად ყველა შეღავათი, ვრცელდებოდა მის მიმართაც, რაშიც ასევე იგულისხმება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შეღავათიც. სასამართლომ კი მიუხედავად იმისა, რომ მან ყველა დოკუმენტი წარადგინა აღნიშნულის დასადასტურებლად, მისი სააპელაციო საჩივარი მაინც განუხილველად დატოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ ა. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.
ყველა მოქმედების შესრულების სავალდებულობა გულისხმობს, რომ უფლებამონაცვლე პირმა უნდა განახორციელოს ყველა მოქმედება, რაც უნდა შეესრულებინა პირს, რომელიც მან შეცვალა.
აღნიშნული ნორმა არ მიუთითებს, რომ უფლებამონაცვლის მიმართ შეიძლება რომელიმე მოქმედების შესრულება არ იყოს სავალდებულო.
მოცემულ შემთხვევაში უფლებამონაცვლისათვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ მოთხოვნის დამთმობს უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი. მან მიიღო მოთხოვნა. ასეთ შემთხვევაში მასზე ვერ გავრცელდება უფრო მეტი შეღავათი, ვიდრე მოთხოვნის დამთმობ პირს ჰქონდა.
ამასთან, გასათვალისწინებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნაც, რომლის თანახმად სადავო ნივთის გასხვისება ან მოთხოვნის დათმობა ვერ მოახდენს გავლენას პროცესის მსვლელობაზე.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ი. ს-ი ასევე წარმოადგენდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირს და შესაბამისად ყველა შეღავათი, ვრცელდებოდა მის მიმართაც, რაშიც ასევე იგულისხმება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შეღავათიც. სასამართლომ კი მიუხედავად იმისა, რომ მან ყველა დოკუმენტი წარადგინა აღნიშნულის დასადასტურებლად, მისი სააპელაციო საჩივარი მაინც განუხილველად დატოვა.
აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან ა. ს-ის მიერ წარმოდგენილი ი. ს-ის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ მოწმობის თანახმად, ი. ს-ის სარეიტინგო ქულა აღემატებოდა “სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების მისაღებად ზღვრული ქულის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 ოქტომბრის ¹212 დადგენილების 1-ლი პუნქტის შესაბამისად დადგენილ ქულას. აღნიშნული კი ცხადყოფს, რომ ი. ს-ის მიმართ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებული შეღავათები ვერ გავრცელდებოდა და, შესაბამისად, ვერც მისი უფლებამონაცვლის, ა. ს-ის სააპელაციო საჩივრისათვის კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო ხარჯების გადახდის მიმართ მოახდენდა გავლენას.
ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას მასზე, რომ ვინაიდან მის მიერ წარმოდგენილი იყო უტყუარი მტკიცებულებები (სოციალურად დაუცველის მოწმობა) ქონებრივი მდგომარეობის თაობაზე, სასამართლო ვალდებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, თუ არ გაათავსიუფლებდა, გადაევადებინა ან შეემცირებინა მაინც მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა, საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მითითებული მუხლის მიხედვით, ა. ს-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, გადავადებისა თუ შემცირების საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობით, აპელანტმა დაკარგა მისთვის მინიჭებული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ივნისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.