Facebook Twitter

ას-1286-1306-2011 27 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ რ. მ-ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ რ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ე. გ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ხ-ნმა სარჩელი აღძრა სასამართლოში დ- გ-ის მიმართ და მოითხოვა ქ.თბილისში, ... ქ.¹44-ის ¹1 კორპუსის ¹6 ბინის 5/6 წილის მესაკუთრედ ცნობა, ქ.თბილისის ნოტარიუს ე. მ-ძის მიერ დ- გ-ის სახელზე 2008 წლის 20 მარტს გაცემული ¹2-31 კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და დ- გ-ის სახელზე სადავო ბინის 1/6 წილის აღრიცხვა, ახალციხის ნოტარიუსის ც. ნ-ძის მიერ 2008 წლის 4 აპრილს გაფორმებული სანოტარო აქტის ჩუქების ხელშეკრულების ¹1-2093 ნაწილობრივ ბათილად ცნობა და დ. გ-ის სახელზე სადავო ბინის 1/6 წილის აღრიცხვა. 2009 წლის 24 მარტის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის მიერ დამტკიცებული ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და ლ. გ-ის სახელზე სადავო ბინის 1/6 წილის აღრიცხვა.

2009 წლის 23 დეკემბერს საქმის წარმოების პროცესში მოსარჩელე ლ. ხ-ნი გარდაიცვალა და მის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა რ. მ-ი, ხოლო 2009 წლის 18 ივნისს გარდაიცვალა დ. გ-ე, რომლის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება ე. გ-ე.

საქმის წარმოების განახლების შემდეგ მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნები ბინის 2/6 წილის მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელის წარმომადგენელმა რ. გ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღის ვადა და დაევალა სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის, ამ ღირებულების 2/6 წილის 4%-ის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და რ. გ-ის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობის ასლის ან აპელანტ რ. მ-ის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა.

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 1 ივნისისა და 2011 წლის 23 ივნისის განჩინებებით აპელანტს პირველად 10, ხოლო შემდეგ _ 7 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა და განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

სააპელაციო პალატის 2011 წლის 23 ივნისის განჩინება ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტის წარმომადგენელ რ. გ-ს გაეგზავნა და საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით ჩაბარდა 2011 წლის 1 ივლისს, რასაც ადასტურებს ხელწერილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პალატამ ჩათვალა, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტისათვის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 2 ივლისიდან და ამოიწურა 2011 წლის 8 ივლისს, თუმცა აპელანტს, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში, ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და 374-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე რ. მ-ის წარმომადგენელმა რ. გ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატის გზავნილი რ. გ-ს ჩაბარდა 2011 წლის 1 ივლისს, თუმცა კონვერტში იდო განჩინება სხვა მხარეებს შორის სხვა დავასთან დაკავშირებით. აღნიშნულის თაობაზე მხარემ სანტელეფონო საუბრისას აცნობა მოსამართლის თანაშემწეს, რომელმაც განუმარტა, რომ მოხდა ტექნიკური შეცდომა და შეპირდა შესაბამისი განჩინების გაგზავნას. სასამართლოს მომდევნო გზავნილით კი მხარემ მიიღო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. მ-ის წარმომადგენელ რ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში აპელანტ რ. მ-ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის, ამ ღირებულების 2/6 წილის 4%-ის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და რ. გ-ის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობის ასლის ან აპელანტ რ. მ-ის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა. აღნიშნული ვადა აპელანტის თხოვნით ჯერ 10, ხოლო შემდეგ 7 დღით გაგრძელდა.

საბოლოოდ ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტის წარმომადგენელ რ. გ-ს ჩაბარდა 2011 წლის 1 ივლისს. მითითებულ დროს გზავნილის მიღების ფაქტი მხარეს სადავოდ არ გაუხდია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ სასამართლო გზავნილს ახლდა არა განჩინება ხარვეზის ვადის 7 დღით გაგრძელების თაობაზე, როგორც ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული, არამედ სხვა სამოქალაქო დავაზე მიღებული განჩინება, რომელიც დაერთო კერძო საჩივარს. აღნიშნული გარემოების შესახებ რ. გ-ს სააპელაციო პალატისათვის წერილობით არ უცნობებია. აღნიშნულის თაობაზე მხოლოდ მხარის განმარტება კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებულ დადასტურებად ვერ ჩაითვლება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა დაიწყო 2011 წლის 2 ივლისიდან და ამოიწურა 2011 წლის 8 ივლისს. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. მ-ის წარმომადგენელ რ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.