Facebook Twitter

ას-1311-1331-2011 27 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ხ-ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ კ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ხ. ა-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხ. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ხ-ის მიმართ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის _ 1600 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს _ 1782 აშშ დოლარის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი 600 აშშ დოლარის ნაწილში ცნო, დანარჩენ ნაწილში კი მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. ხ-ს ხ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2009 წლის 6 იანვრის სანოტარო წესით დადებული ¹1-15 ხელშეკრულებით გათვალისწინებული 1600 აშშ დოლარის, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის პირგასამტეხლოს _ 0.05%-ის, სარჩელის შემოტანის დღისთვის _ 445.6 აშშ დოლარის ანაზღაურება, დადგინდა სესხის უზრუნველსაყოფად მ. ხ-ის საკუთრებაში არსებული გორის რაიონის სოფელ ბობნევში მდებარე იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაცია (სარეგისტრაციო ზონა _ გორი, კოდი _ ..., სექტორი _ …, კოდი _ …, კვარტლის ¹..., ნაკვეთის ¹..., საკადასტრო კოდით ¹ ...).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მ. ხ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივნისის განჩინებით მ. ხ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა 10 დღის ვადა. აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტის წარმომადგენელ კ. კ-ეს ჩაბარდა 2011 წლის 1 ივლისს, კერძოდ, გზავნილი ჩაბარდა კ. კ-ის მამა ა. კ-ეს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გზავნილის თავად კ. კ-ისათვის ჩაბარებულად ცნობის საფუძველია.

საქმეში წარმოდგენილი კ. კ-ის რწმუნებულებით დასტურდება, რომ კ. კ-ე წარმოადგენს მ. ხ-ის ინტერესებს ყველა ინსტანციის სასამართლოში და სარგებლობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით წარმომადგენლისათვის მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმომადგენლისათვის ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინების ჩაბარება თავად აპელანტისათვის მის ჩაბარებად უნდა ჩაითვალოს.

ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილ განცხადებაზე თანდართული საფოსტო კონვერტით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მ. ხ-ის წარმომადგენელმა კ. კ-ემ სასამართლოს ხარვეზის შევსების მიზნით მიმართა 2011 წლის 12 ივლისს. განცხადებაზე თანდართული სახელმწიფო ბაჟის ქვითრით ასევე დგინდება, რომ სახელწმიფო ბაჟი გადახდილია 2011 წლის 12 ივლისს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი უნდა გამოსწორებულიყო 2011 წლის 11 ივლისის ჩათვლით. დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ აპელანტის შესაძლებლობა, გამოესწორებინა ხარვეზი, უნდა ჩაითვალოს გაქარწყლებულად.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის ვადაში შეუვსებლობა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ხ-ის წარმომადგენელმა კ. კ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე ჩაბარდა კ. კ-ის მამას და აღნიშნულის გამო ითვლება, რომ იგი თავად კ. კ-ესაც ჩაბარდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქმეში მითითებულია აპელანტ მ. ხ-ის მისამართი, შესაბამისად, სასამართლოს გზავნილი ჯერ მისთვის უნდა გაეგზავნა. ამასთან, 2004 წლიდან კ. კ-ე საქმიან დოკუმენტებში უთითებს სხვა მისამართს და იქ იღებს შესაბამის გზავნილებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ხ-ის წარმომადგენელ კ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში აპელანტ მ. ხ-ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაეგზავნა მ. ხ-ს, თუმცა ვერ ჩაბარდა, რადგან ადრესატი საქმეში მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობდა. აღნიშნულის შემდგომ სასამართლო გზავნილი გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს საქმის მასალებში არსებულ ერთადერთ მისამართზე და ჩაბარდა მის მამას _ ა. კ-ეს 2011 წლის 1 ივლისს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და არც თავად მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კ. კ-ის მამისათვის სასამართლო გზავნილი ჩაბარება ამავე გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად მიჩნევის საფუძველია, ხოლო ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, წარმომადგენლისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება თავად აპელანტ მ. ხ-ისათვის ჩაბარების ტოლფასია.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა დაიწყო 2011 წლის 1 ივლისიდან და ამოიწურა 11 ივლისს. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ აპელანტ მ. ხ-ს სასამართლო გზავნილი არ გაგზავნია. როგორც ზემოთ აღინიშნა, მითითებულის საწინააღმდეგოდ საქმის მასალებში წარმოდგენილია შპს «სკს-ს» ბარათი შეტყობინების ჩაბარების შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ მ. ხ-ს სასამართლო გზავნილი არ ჩაბარდა, რადგან ადრესატი მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს და ბინა დაკეტილია.

ასევე ვერ იქნება გაზიარებული კ. კ-ის პოზიცია მისთვის სასამართლო გზავნილის სხვა მისამართზე გაგზავნის თაობაზე, ვინაიდან საქმეში დაფიქსირებულია მისი მხოლოდ ერთი მისამართი, რომელზეც მას სადავო სასამართლო გზავნილი გაეგზავნა და ჩაბარდა კიდეც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მ. ხ-ს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ხ-ის წარმომადგენელ კ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.