ას-1352-1370-2011 24 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ძ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ძ-ის სარჩელი მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მ. ძ-ის, მესამე პირის, აჭარის სააღსრულებო ბიუროს მიმართ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან მოძრავი ნივთების ამორიცხვის და მათი ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: აჭარის სააღსრულებო ბიუროს მიერ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე შედგენილი 2011 წლის 28 მარტის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამოირიცხა და ყადაღისაგან გათავისუფლდა მოძრავი ნივთი, კერძოდ, ტელევიზორი “ფრეში” (ტომი 1, ს.ფ. 121-129).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 1, ს.ფ. 146-156).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ გარემოებებზე:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივნისის განჩინებით მიღებულ იქნა წარმოებაში;
ზემოაღნიშნული სააპელაციო საჩივრის განხილვისას, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, აპელანტის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ო.ჩ-ემ დაადასტურა სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სააპელაციო საჩივრის დავის საგანს წარმოადგენდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც 2011 წლის 28 მარტის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტიდან ამოირიცხა და ყადაღისაგან გათავისუფლდა მოძრავი ნივთი _ ტელევიზორი “ფრეში”.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის დავის საგანს წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ 2011 წლის 28 მარტის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტიდან ამორიცხული და ყადაღისაგან გათავისუფლებული მოძრავი ნივთის _ ტელევიზორ “ფრეშის” ნაწილში, რომლის ღირებულება 2011 წლის 3 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტით შეადგენდა 516 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ მოიხმო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრით დავის საგანს წარმოადგენდა მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტიდან ამორიცხული და ყადაღისაგან გათავისუფლებული მოძრავი ნივთი _ ტელევიზორი “ფრეში”, რომლის ღირებულება შეადგენდა 516 ლარს.
იმის გათვალისწინებით, რომ დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და დაუშვებელი იყო. აქვე, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე, 187-ე მუხლებზე, რომლებითაც დადგენილია, რომ თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ; თუ სარჩელის უარის (სააპელაციო საჩივრის) მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს (სააპელაციო საჩივარს) განუხილველად დატოვებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დატოვა განუხილველად (ტომი 2, ს.ფ. 34-37).
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის მოტივაციას საფუძვლად ედო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის დებულებები, აპელანტი განმარტავდა, რომ აღნიშნულ დავაში იგი წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს. სწორედ ამ მოტივით იქნა მის მიერ გასაჩივრებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არ უნდა დაედგინა სააპელაციო საჩივრის ღირებულება, რადგან საჩივარი შეეხებოდა არა მატერიალურ, არამედ პროცესუალურ საკითხებს (ტომი 2, ს.ფ. 42-43).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 აგვისტოს განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ძ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, აჭარის სააღსრულებო ბიუროს მიერ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე შედგენილი 2011 წლის 28 მარტის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამოირიცხა და ყადაღისაგან გათავისუფლდა მოძრავი ნივთი, კერძოდ, ტელევიზორი “ფრეში” (ტომი 1, ს.ფ. 121-129). დასახელებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 1, ს.ფ. 146-156). საქმეზე ასევე დადგენილია და არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ყადაღისაგან გათავისუფლებული ნივთის – ტელევიზორი “ფრეშის” ღირებულება შეადგენს 516 ლარს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის დავის საგანია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით 2011 წლის 28 მარტის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ტელევიზორი “ფრეშის” (ღირებულებით 516 ლარი) ამორიცხვის და ყადაღისაგან გათავისუფლების მართლზომიერება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება შეადგენს 516 ლარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის თაობაზე, რამდენადაც აპელანტის მოთხოვნა არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის პირობას, კერძოდ, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მისი სააპელაციო საჩივარი შეეხებოდა მხოლოდ პროცესუალურ საკითხებს, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ უნდა განესაზღვრა 516 ლარით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის გამოყენების წინაპირობის გასარკვევად გადამწყვეტია არა სააპელაციო საჩივრის შინაარსი, ანუ საჩივრის მოტივები, არამედ სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი მოთხოვნის ღირებულება. მოცემული დავა ქონებრივ-სამართლებრივი ხასიათისაა და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა სააპელაციო საჩივრის ღირებულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 აგვისტოს განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.