ას-1353-1371-2011 28 ოქტომბერი, 2011 წელი.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ. ს-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე სს “... ბანკის” სარჩელის გამო ნ. ს-ის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ნ. ს-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენასესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ნ. ს-ის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 3 (სამი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, მაგრამ არ ჩაბარდა იმ საფუძვლით, რომ მითითებულ მისამართზე აღარ ცხოვრობს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, Yთუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა ნ. ს-ისათვის განმეორებით გაეგზავნა შეტყობინება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი უთითებს, რომ საქმეში იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი 2011 წლის 17 ოქტომბერს ეცნობა საქმეში მის მიერ მითითებულ ნომერზე სატლეფონო შეტყობინებით (სატელეფონო შეტყობინების აქტი _ ტ.I, ს.ფ.156).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სარჩელზე (კერძო საჩივარზე) დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ კოდექსის 183-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელის (კერძო საჩივრის) ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორცილების დღეს ჩაბარებულად ითვლება.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეეხებოდა მის ფორმალურ და არა შინაარსობრივ მხარეს (არ იყო წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი) პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორს კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით ჩაბარდა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება 2011 წლის 17 ოქტომბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 18 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 20 ოქტომბერს. ნ. ს-ემ სასამართლოს განცხადებით მომართა 2011 წლის 27 ოქტომბერს და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითარი. განცხადებაზე დართული კონვერტით ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორმა განცხადება სახელმწიფო ბაჟის ქვითართან ერთად ფოსტას ჩააბარა 2011 წლის 24 ოქტომბერს (ტ.I, ს.ფ.159), საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ს-ეს დადგენილ ვადაში არ შეუვსია ხარვეზი, რაც მისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ნ. ს-ეს უნდა დაუბრუნდეს დ. ქ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 24 ოქტომბრის ¹5028897870 საგადასახადო დავალებით გადახდილი 50 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის (კერძო საჩივრის) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 420-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ს-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად. ნ. ს-ეს დაუბრუნდეს დ. ქ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 24 ოქტომბრის ¹5028897870 საგადასახადო დავალებით გადახდილი 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე;3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.