¹ას-1356-1374-2011 27 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე _ ჯ. ო-ა, ნ. გ-ა, ი. ო-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2000 წლის 14 თებერვალს, ფოთის რ.ს. ნაწილის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გ.მ-ემ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს ჯ. ო-ას, ი. ო-ასა და ნ. გ-ას მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთა გამოსახლება უკანონოდ დაკავებული ბინიდან, მდებარე ქ. ფოთი, პ-ის ქ. ¹8ა/16-დან. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე ნ. გ-ამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ქ. ფოთში, პ-ის ქ. ¹8ა/16-ში მდებარე ბინაში ცხოვრობს თავის შვილებთან ერთად 1993 წლიდან. ბინაში შესახლდა ბინის ყოფილი მეპატრონის, ვინმე რუსი სამხედრო პიროვნების თანხმობით, რომელსაც მან გადაუხადა რუსული მანეთი და შეპირდა ბინის გადაფორმებას, მაგრამ თანხის გადაცემის შემდეგ წავიდა რუსეთში და არ გამოჩენილა. დაკავებული ბინის დაცლას არ აპირებს იმის გამო, რომ გადახდილი აქვს ბინის საფასური და არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი ფართი. Mმოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ ჰყავს ინვალიდი შვილი, რის გამოც ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონალური საბინაო საექსპლოატაციო ნაწილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ნ. გ-ა ცნობილი იქნა ქ.ფოთში, პ-ის ქ. ¹8ა/16-ში მდებარე ბინაზე უფლებამოპოვებულ პირად შემდგომში პრივატიზაციის უფლებით.
ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა დასაბუთებული გადაწყვეტილება.
დასახელებული გადაწყვეტილება 2011 წლის 14 აპრილს სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საქმეში არსებული მასალებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა დასაბუთებული გადაწყვეტილება და დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდნენ მოსარჩელე ფოთის რსს ნაწილის უფროსი გ. გ-ი, რომელმაც თავისი სამართლებრივი პოზიცია დააფიქსირა პაექრობის ეტაპზე, ასევე მოპასუხე ნ. გ-ა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმის გახნილვის დროისათვის მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, მიიჩნია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა უნდა ათვლილიყო მისი გამოცხადების მომენტიდან. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 28 თებერვლის სხდომაზე გამოცხადდა დასაბუთებული გადაწყვეტილება და დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა თავად მოსარჩელე მხარე, შესაბამისად, პალატის განმარტებით, გასაჩივრების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2000 წლის 28 მარტი.
ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოში, ნაცვლად 2000 წლის 28 მარტისა, შეტანილ იქნა 2011 წლის 11 აპრილს, სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთ თვიანი ვადის დარღვევით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსსკ-ის 369-ე მუხლის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ სარჩელი წარდგენილი იყო თავდაცვის სამინისტროს სახელით, რომელსაც ხელს აწერდა გ. მ-ე, ხოლო სხდომას ესწრებოდა გ. გ-ი, როგორც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ამასთან, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება წარმომადგენლობის უფლებამოსილების შესახებ, სადაც ასახული იქნება, რომ გ. გ-ს თავდაცვის სამინისტროს მიერ მინიჭებული ჰქონდა სსსკ-ის 98-ე მუხლით გათვალისიწნებული სპეციალური უფლებამოსილება, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის. ვინაიდან გდაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროს ჩაჰბარდა 2011 წლის 28 მარტს, შესაბამისად, მათ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში წარადგინეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ Fფოთის რეგიონალური საბინაო საექსპლუატაციო ნაწილის სარჩელთან დაკავშირებულ საქმეზე დანიშნულ ფოთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 28 თებერვლის სხდომაზე გამოცხადდა ორივე მხარე. სხდომაზე მოსარჩელე მხარის ინტერესებს იცავდა ფოთის რსს ნაწილის უფროსი გ. გ-ი, ხოლო მოპასუხე მხარედ წარმოდგენილი იყო ნ. გ-ა.
საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 28 თებერვლის სხდომაზე გამოცხადდა დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც დასტურდება იმ გარემოებით, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 28 თებერვლის სხდომის ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თაობაზე და ამასთან, საქმეში არ მოიპოვება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაზე წარადგინა 2011 წლის 11 აპრილს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ სარჩელი წარდგენილი იყო თავდაცვის სამინისტროს სახელით, რომელსაც ხელს აწერდა გ. მ-ე, ხოლო სხდომას ესწრებოდა გ. გ-ი, როგორც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ამასთან, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება წარმომადგენლობის უფლებამოსილების შესახებ, სადაც ასახული იქნება, რომ გ. გ-ს თავდაცვის სამინისტროს მიერ მინიჭებული ჰქონდა სსსკ-ის 98-ე მუხლით გათვალისიწნებული სპეციალური უფლებამოსილება, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის. ვინაიდან გდაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროს ჩაჰბარდა 2011 წლის 28 მარტს, შესაბამისად, მათ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში წარადგინეს.
აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, სხდომის ოქმის შინაარსით დგინდება, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა უფლებამოსილი პირი, კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს Fფოთის რეგიონალური საბინაო საექსპლუატაციო ნაწილის უფროსი გ. გ-ი, რომელმაც, როგორც მოსარჩელე მხარემ, პაექრობის ეტაპზე დააფიქსირა თავისი სამართლებრივი პოზიცია, რაც ცხადყოფს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა თავად მოსარჩელე მხარე.
გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედი (2000 წლის 28 თებერვლი) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს ერთ თვეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ვადის დენა იწყება მოტივირებული გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან, მხოლოდ იმ პირობით, თუ გამოცხადებას ესწრებოდა მხარე, რომლის წინააღმდეგაც იგი იქნა გამოტანილი და, შესაბამისად, უფლებამოსილია გაასაჩივროს საქმე.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დგინდება, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 28 თებერვლის სხდომაზე გამოცხადდა დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომლის გამოცხადებასაც ესწრებოდა უფლებამოსილი პირი, თავად მოსარჩელე მხარე, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად აითვალა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტიდან _ 2000 წლის 28 თებერვლიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის დენა დაიწყო 2000 წლის 28 ტებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 28 მარტს. ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა იყო 2011 წლის 28 მარტი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2011 წლის 11 აპრილს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, რომლის აღდგენაც დაუშვებელია
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.