ას-1366-1384-2011 17 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. ღ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივნისის განჩინებაზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველად.
აღნიშნულო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2011 წლის 25 მაისს ა. ღ-მა კვლავ მიმართა განცხადებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება სამუშაოდან კანონიერი საფუძვლის გარეშე დათხოვნის გამო იძულებითი გაცდენილი დროის _ ხელფასის 47000 ლარის გადახევინებასთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20011 წლის 27 ივნისის განჩინებით ა. ღ-ს განცხადება დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ა.ღ-ს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2011 წლის 10 ოქტომბერს ა. ღ-მა საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა განცხადება, რომელშიც აღნიშნავდა, რომ არ იზიარებს საკასაციო სასამართლოს მიერ მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების მართებულობას და “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე მითითებით, მიიჩნევს, რომ იგი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა ა.ღ-ის კერძო საჩივარზე ხარვეზის შევსების საკითხი და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რომელიც ამავე კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე გამოიყენება კერძო საჩივრის განხილვისას, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს მითითებულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში ა.ღ-ს არ შეუვსია საკასაციო სასამართლოს განჩინებით დანიშნული ხარვეზი, კერძოდ, არ გადაუხდია სახელმწიფო ბაჟი, რაც მისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ასევე ა.ღ-ისთვის კერძო საჩივარზე ხარვეზის ვადის გაგრძელების საფუძველი. კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობა არ დაუყენებია. წარმოდგენილ განცხადებაში ა.ღ-ი გამოთქვამს მხოლოდ მოსაზრებას სახელმწიფო ბაჟის არასწორად დაკისრებასთან დაკავშირებით, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ აღძრული სარჩელი, მისი არსის გათვალისწინებით, არ განეკუთვნება “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კატეგორიას. ამასთან, აღნიშნულის შესახებ კერძო საჩივრის ავტორს არაერთხელ განემარტა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა.ღ-მა ვერ უზრუნველყო სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში კერძო საჩივრის ხარვეზის შევსება _ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა, რის გამოც, მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, ა. ღ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420, 284-ე მუხლებით და
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ღ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.