ას-1388-1405-2011 24 ოქტომბერი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «მ-ი»
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მ. მ-ის განცხადება, რომლითაც მან მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2010 წლის 1 დეკემბრის განჩინებით მ. მ-ის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, მის ავტორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღეში გადაეხადა 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინა სასამართლოში. ამასთან, განმცხადებელს განემარტა, რომ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩებოდა განუხილველად. ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი მ. მ-ეს გაეგზავნა და პირადად ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით 2010 წლის 8 დეკემბერს. შესაბამისად, მას ხარვეზის შევსებისათვის ვადა ჰქონდა 2010 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნულ ვადაში განმცხადებელს ხარვეზი არ შეუვსია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე, 374-ე მუხლების საფუძველზე წარმოადგენდა განცხადების განუხილველად დატოვების წინაპირობას.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მ. მ-ის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით 2010 წლის 17 დეკემბერს წარდგენილი განცხადება არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო ხარვეზის შევსებად. მითითებული განცხადება შეიცავდა შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე და 228-ე მუხლების საფუძველზე. დასახელებული საპროცესო ნორმები სრულიად არ შეეხება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საკითხს და კონკრეტულ შემთხვევაში მათზე მითითება სასამართლოს მოსაზრებით გაუგებარი იყო. შუამდგომლობაზე თანდართულ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 24.11.2010წ. ¹05/13755 ცნობასთან მიმართებით კი სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: ამ ცნობით დგინდება, რომ მ. მ-ე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მაგრამ არ არის დაანგარიშებული მისი სარეიტინგო ქულა, რაც განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დასახელებული დოკუმენტი არ შეიძლებოდა გამხდარიყო განმცხადებლის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი, რამდენადაც მხარის სარეიტინგო ქულის წინასწარ განსაზღვრა, ბუნებრივია, რომ გამოირიცხებოდა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. მ-ეს 2010 წლის 1 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია, განმცხადებელს არ აღმოუფხვრია ის გარემოებები, რაც სასამართლოს საშუალებას მისცემდა განცხადება საქმის წარმოების განახლებაზე დასაშვებად ეცნო (ტომი 2, ს.ფ. 26-29).
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინება მ. მ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მან მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება (ტომი 2, ს.ფ. 32-34).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 მარტის განჩინებით მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინება (ტომი 2, ს.ფ. 46-54).
2011 წლის 10 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მ. მ-ემ, რომელმაც მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
განმცხადებლის განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 7 მარტის განჩინებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ საქმეზე უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინება. მითითებული განჩინებით უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მ. მ-ის სარეიტინგო ქულა დაანგარიშებული არ იყო, რის გამოც მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება შეუძლებელი იყო. განმცხადებლის მოსაზრებით, არასწორია სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ 1 დეკემბერს არ ეცოდინებოდათ, თუ რა ქულა დაუდგინდებოდა მ. მ-ეს 22 დეკემბერს. იგი თვითონვე ითხოვდა ქულის დაანგარიშებას, ხოლო ის, რომ ეს პროცესი ხშირად არ ხდება, სასამართლოს უნდა სცოდნოდა. მოცემულ შემთხვევაში, მხარეს წარდგენილი ჰქონდა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ მის გადახდისუუნარობას. ასევე არასწორია სასამართლოს მიერ იმაზე მითითება, რომ იურიდიულ დახმარებას იღებს 70000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მიმღები (ტომი 3, ს.ფ. 2).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ივნისის განჩინებით მ. მ-ის ზემოაღნიშნული განცხადება დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა. აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ. დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ. დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ. სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე. მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ. მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ. არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, როგორც საქმის მასალებით დასტურდებოდა, განმცხადებელმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ არსებობდა საქმის წარმოების განახლების საფუძველი, კერძოდ ის, რომ: იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან; მას დაუდგინდა ქულა შესაბამისი სამსახურიდან, რომელიც ათავისუფლებს ბაჟის გადახდისაგან; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მისთვის არ უნდა დაეკისრებია ბაჟი, რადგან ის გადაწყვეტილების გამოტანის დროსაც გათავისუფლებული იყო ბაჟის გადახდისაგან; არასწორია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივების გაზიარება; სწორედ ეს არის მისთვის ახალი გარემოება, რომ უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა აპელაციის მიერ მითითებული სამართლებრივი თუ ფაქტობრივი მოტივები.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განმცხადებლის ზემომითითებული პოზიცია ვერ იქნებოდა გაზიარებული, რადგან, მართალია, უზენაესმა სასამართლომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინების სამართლებრივი მოტივები გაიზიარა, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ უნდა მიჩნეულიყო ახლად აღმოჩენილ გარემოებად. ასეთს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. ამდენად, აღნიშნული არ არის ის საფუძველი, რასაც კანონი ითვალისწინებს გადაწყვეტილების გაუქმებისათვის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებლის მიერ ახლად აღმოჩენილად მიჩნეული გარემოების შესახებ ამ უკანასკნელისათვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების დროს. საქმეზე დადგენილია, რომ კერძო საჩივრით მ. მ-ე გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ასახელებდა სწორედ იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მისთვის არ უნდა დაეკისრებინა ბაჟის გადახდა, რადგან გადაწყვეტილების გამოტანის დროს ის გათავისუფლებული იყო აღნიშნული ვალდებულებისაგან. ამასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, რა დროსაც მითითებული საკითხი წარმოადგენდა საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე წარმოების განახლების შესახებ განცხადებაში მითითებული საფუძვლები მ. მ-ისათვის ცნობილი იყო 2011 წლის 6 იანვარს, ხოლო განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მან სასამართლოს წარუდგინა 2011 წლის 10 მაისს, ამასთან, აღნიშნული საფუძვლით მხარე გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვდა კერძო საჩივრით, რაც იყო საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მოთხოვნები. აქედან გამომდინარე, წარდგენილი განცხადება დაუშვებელი იყო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ არ არსებობს განცხადების დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. მ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, როგორც დაუშვებელი უნდა დარჩენილიყო განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვალა მ. მ-ის შუამდგომლობა მისთვის სახაზინო წესით ადვოკატის გამოყოფაზე, რაც იმით დაასაბუთა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სახაზინო წესით ადვოკატის დანიშვნას ითვალისწინებს მაშინ, როცა აღნიშნული კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არსებობს ორი გარემოება: მხარეს არ აქვს ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების შესაძლებლობა და ამასთან დავა არის სამართლებრივად რთული კატეგორიის. მოცემულ შემთხვევაში, მართალია მ. მ-ეს არ ჰქონდა შესაძლებლობა აენაზღაურებინა ადვოკატის ხარჯები, მაგრამ მის მიერ აღძრული განცხადებები არ იყო სამართლებრივად რთული გადასაწყვეტი, ანუ არ არსებობდა ის ორი გარემოება ერთდროულად, რაც საფუძველი იქნებოდა მისთვის სახაზინო წესით ადვოკატის დანიშვნისათვის (ტომი 3, ს.ფ. 13-18).
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 ივნისის განჩინება მ. მ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმეზე წარმოების განახლებას, რის საფუძვლადაც მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინების, რომელზე წარმოების განახლებასაც განმცხადებელი მოითხოვს, მსჯელობის საგანს წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნის მართლზომიერების დადგენა. აღნიშნული განჩინებით მ. მ-ის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო მის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა. სასამართლოს მითითებით, ბაჟის გადახდისაგან მხარის გასათავისუფლებლად აუცილებელი იყო მის მიერ შემწობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. მ. მ-ემ სადავოდ გახადა მისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის ოდენობა, მისი ამ მოსაზრების სისწორე კი დადასტურდა სარეიტინგო ქულის გადაანგარიშების შედეგით. გარდა ამისა, მხარის გადახდისუუნარობა დადასტურებულია საქმეში არსებული ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან;
გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია, რომ მ. მ-ე გადახდიუუნაროა, თუმცა აღნიშნულია ისიც, რომ მიუხედავად ამისა, სახაზინო წესით ადვოკატი მას ვერ დაენიშნება. ამდენად, განჩინება თავისი შინაარსით ურთიერთგამომრიცხავია (ტომი 3, ს.ფ. 21-22).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ივნისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წარმოდგენილი განცხადებით მ. მ-ე მოითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას. აღნიშნული განჩინებით მ. მ-ის განცხადება ამავე სასამართლოს 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად, რაც მ. მ-ემ გაასაჩივრა კერძო საჩივრით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 მარტის განჩინებით მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საბოლოოდ, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინება.
განმცხადებელი საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 7 მარტის განჩინების ჩაბარების შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ საკასაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მოტივები აღნიშნული განჩინების გამოტანის დროისათვის მ. მ-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლის არარსებობის თაობაზე, რაც არასწორია, ვინაიდან განმცხადებელი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სოციალური მომსახურების სააგენტომ განმცხადებელს დაუდგინა იმ ოდენობის სარეიტინგო ქულა, რომელიც მას ათავისუფლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მისთვის არ უნდა დაეკისრებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რადგან განმცხადებლის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქულის დაანგარიშებას მ. მ-ე თავადვე მოითხოვდა. ის ფაქტი, რომ აღნიშნული მოთხოვნა საფუძვლიანი იყო, მოგვიანებით შედეგმაც აჩვენა. სასამართლოსათვის ცნობილია, რომ ოჯახის სარეიტინგო ქულების გადაანგარიშება პერმანენტულად არ ხდება. ამდენად, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინების ძალაში დატოვება, არამართლზომიერია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლები მითითებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველ ნაწილში. მითითებული ნორმის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა. აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ. დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ. დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ. სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე. მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ. მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ. არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს. ამდენად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა ყოველგვარი საფუძვლით, რომელზეც მხარე მიუთითებს, არამედ მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის პირობებში. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის «ე»-»ვ» ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული ნორმით კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა გააჩნიათ საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების შემოწმებისას, ამასთანავე, კანონმდებლის მოთხოვნაა, რომ ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდეს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. აქედან გამომდინარე, კანონმდებელი ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებიც წარმოადგენდა სასამართლოს მსჯელობის საგანს.
მოცემულ შემთხვევაში, აშკარაა, რომ მ. მ-ის მიერ 2011 წლის 10 მაისის განცხადებაში მოყვანილი არგუმენტები არ წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინების გაუქმებას. ამავდროულად, განცხადებაში აღნიშნული საფუძვლით მხარე დასახელებული განჩინების გაუქმებას მოითხოვდა კერძო საჩივრით, რაც წარმოადგენდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 7 მარტის განჩინების მსჯელობის საგანს. შესაბამისად, მითითებული გარემოებები დაუშვებელს ხდის წარმოდგენილ განცხადებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლო თავისი განჩინებით განცხადებას ტოვებს განუხილველად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა მ. მ-ის განცხადების განუხილველად დატოვების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. ამ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.
რაც შეეხება სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის შესახებ მ. მ-ის შუამდგომლობაზე უარის თქმის მართლზომიერებას, რაც ასევე წარმოადგენს კერძო საჩივრის დავის საგანს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს, ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო, ადვოკატის მონაწილეობა საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა აღნიშნული მუხლით ადვოკატის მოწვევისათვის გათვალისწინებული ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა _ საქმის მნიშვნელობა და სირთულე, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი განმცხადებელს მითითებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
ამდენად, მ. მ-ის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.