Facebook Twitter

ას-1389-1406-2011 28 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. მ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ზ. ფაბრიკა”, შპს “ს-ის სამყარო”, სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება

დავის საგანი – სს “¹1 ჩაის ფაბრიკის” გაყიდვისას მოსარჩელის წილი ქონების შენარჩუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: სს “ზ. ფაბრიკის”, შპს “ს-ის სამყაროსა” და სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ სს ზ. ფაბრიკის” ყიდვა-გაყიდვისას მოსარჩელის კუთვნილი წილის შენარჩუნების მოპასუხეთათვის დავალდებულების მოთხოვნით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივლისის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელე მ. მ-ეს კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა 2011 წლის 12 მარტს, რომლის ჩაბარებაზეც ადრესატმა 2011 წლის 22 მარტს განაცხადა უარი. აღნიშნულის გამო, გზავნილზე არის კურიერის აღნიშვნა: ,,მ. მ-ემ არ ჩაიბარა იმ მოტივით, რომ ნათესავი ყავს გარდაცვლილი და თვის ბოლომდე დავრჩები იქ”. მ. მ-ის საპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შეტანილია 2011 წლის 3 ივლისს. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 71-ე მუხლით, 75-ე მუხლის პირველი ნაწილით, 374-ე მუხლით და იმის გათვალისწინებით, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მ. მ-ეს გაეგზავნა 2011 წლის 12 მარტს და მან მის ჩაბარებაზე 2011 წლის 22 მარტს უარი განაცხადა, სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მ.მ-ისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების დღედ მიიჩნია 2011 წლის 22 მარტი, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა იყო 2011 წლის 5 აპრილი. ვინაიდან მ. მ-ეს სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, მაგრამ სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში წარადგინა 2011 წლის 3 ივლისს (3 თვის დაგვიანებით), პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მ.მ-ის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ.მ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება მ.მ-ის მიერ გზავნილის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან, მითითებულს ადგილი არ ჰქონია, 2011 წლის 22 მარტს ის საერთოდ არ იმყოფებოდა ზუგდიდში, მ.მ-ემ 2011 წლის 21 მარტს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მიმართა განცხადებით და, მისი თქმით, შემდგომ წავიდა “სატირალში”. გასაჩივრებული გადაწყვეტილება მ.მ-ეს, მისი დაჟინებული მოთხოვნისა და სასამართლოსათვის არაერთი მიმართვის შემდეგ ჩაბარდა 2011 წლის 24 ივნისს. აღნიშნული განპირობებულია, როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა უკანონო ქმედებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინებით “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “მ1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მოცემული კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს კერძო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება გაეგზავნა მ.მ-ეს და ადრესატმა 2011 წლის 22 მარტს უარი განაცხადა სასამართლო კორესპოდენციის ჩაბარებაზე იმ მოტივით, რომ გარდაეცვალა ნათესავი და “თვის ბოლომდე აპირებდა იქ დარჩენას” (იხ. ტ.II. ს.ფ. 102). სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მ.მ-ემ სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში წარადგინა 2011 წლის 3 ივლისს (იხ. ტ.II, ს.ფ.105).

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავზე, რომლითაც განსაზღვრულია სასამართლო შეტყობინებისა და დაბარების წესები და ამომწურავადაა რეგულირებული სასამართლო კორესპოდენციის მიღება-გაგზავნის წესები. ამავე თავის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია სასამართლო შეტყობინების ზოგადი წესი და დადგენილია, რომ მხარე ინფორმირებულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინება ჩაბარდა მას პირადად ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლით რეგულირებულია ისეთი საკითხი, როდესაც ადრესატი უარს აცხადებს უწყების ჩაბარებაზე, კერძოდ: თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით _ სასამართლო გზავნილით, რომელსაც აქვს კურიერ ბ.ჯ-ას აღნიშვნა დასტურდება შემდეგი: ,,მ. მ-ემ არ ჩაიბარა იმ მოტივით, რომ ნათესავი ყავს გარდაცვლილი და თვის ბოლომდე დავრჩები იქ”. აღნიშნული გარემოება სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ურთიერთობაა და სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა ზემოაღნიშნული ნორმა. თავის მხრივ, კანონის მითითება, რომ “ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე”, მიანიშნებს იმაზე, რომ სასამართლოს აქვს სრული უფლება, კორესპოდენცია ჩათვალოს ადრესატისათვის ჩაბარებულად.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ სასამართლოს მსჯელობა ზემოაღნიშნულზე არასწორია, რადგანაც მხარის მიერ მითითებული არგუმენტი, 2011 წლის 22 მარტს არ იმყოფებოდა ზუგდიდში, დაუსაბუთებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრულია მტკიცების ტვირთი სამოქალაქო პროცესში და ამ ნორმის პირველი და მე-3 ნაწილებით დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

დასახელებული ნორმისა და კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა არ იზიარებს მ.მ-ის არგუმენტს სასამართლო შეტყობინების ჩაბარებაზე უარის თქმის ფაქტის არარსებობასთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად კი, მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებით გასაჩივრებული განჩინების საწინააღმდეგო პოზიციის დადასტურება ვერ უზრუნველყო. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ მ.მ-ის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ასლებით დასტურდება კერძო საჩივარში მითითებული გარემოების საწინააღმდეგო: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე ნ.ანთიას წერილობითი პასუხს აქვს მ.მ-ის მინაწერი, სადაც კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს შემდეგს: “ამ წერილში აღნიშნული გადაწყვეტილება და განჩინებები თითქოს მეორედ მბარდება ეს არის სიცრუე. იყო ფაქტი რომ ქ.გალში მაზლის გასვენებასთან დაკავშირებით მივდიოდი და ბ.ჯ-ას ვუთხარი დაბრუნებისთანავე ჩავიბარებდი, დაბრუნების მერე ბ.ჯ-ასგან მე ჩამბარდა არა ერთი დოკუმენტი ზ/აღნიშნულის გარდა. თუ კიდევ არსებობს მსგავსი მოტივით დაბრუნებული დოკუმენტები დაუყოვნებლივ მომეცით”. მითითებული გარემოების ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა თვლის, რომ მ.მ-ემ საქმეში არსებული გზავნილის უტყუარობა დაადასტურა, რადგანაც მოსამართლის თანაშემწის წერილობითი პასუხი სხვა საქმის მასალებთან ერთად შეეხება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების განმეორებით გაგზავნის ფაქტს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ მას გადაწყვეტილების ჩაბარებაზე უარი არ განუცხადებია, ვერ გაიზიარებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მოდავე მხარე, რომელიც არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას უფლებამოსილია, შეიტანოს სააპელაციო საჩივარი მისი კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4331 მუხლის თანახმად, ამავე კოდექსის 2591 მუხლი ამოქმედებულია მხოლოდ თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების მიმართ, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად უნდა ჩაითვალოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მხარემ უარი განაცხადა გადაწყვეტილების ჩაბარებაზე 2011 წლის 22 მარტს, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-60 მუხლის პირველი ნაწილისა, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 23 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 5 აპრილს. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი კი შეტანილია 2011 წლის 3 ივლისს, კანონით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად მისი განუხილველად დატოვების უტყუარი წინაპირობაა.

რაც შეეხება მოცემული კერძო საჩივრის მითითებას, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში ნაცვლად 13 ივლისი 2011 წლისა მითითებულია 13 ივლისი 2010 წელი, საკასაციო პალატა იზიარებს აღნიშნულ მითითებას, თუმცა განმარტავს, რომ ეს გარემოება შესაძლოა, განჩინების მიმღები სასამართლოს მიერ უსწორობის გასწორების წინაპირობა გახდეს და აღნიშნული მისი გაუქმების საფუძველია არაა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

ას-1389-1406-2011 15 დეკემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი _ მ. მ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს «... ფაბრიკა», შპს «...სამყარო», სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივლისის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება

დავის საგანი – სს «... ფაბრიკის» გაყიდვისას მოსარჩელის წილი ქონების შენარჩუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: სს «... ფაბრიკის», შპს «...სამყაროსა» და სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ სს «... ფაბრიკის» ყიდვა-გაყიდვისას მოსარჩელის კუთვნილი წილის შენარჩუნების მოპასუხეთათვის დავალდებულების მოთხოვნით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივლისის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელე მ. მ-ეს კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა 2011 წლის 12 მარტს, რომლის ჩაბარებაზეც ადრესატმა 2011 წლის 22 მარტს განაცხადა უარი. აღნიშნულის გამო, გზავნილზე არის კურიერის აღნიშვნა: ,,მ. მ-ემ არ ჩაიბარა იმ მოტივით, რომ ნათესავი ყავს გარდაცვლილი და თვის ბოლომდე დავრჩები იქ». მ. მ-ის საპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შეტანილია 2011 წლის 3 ივლისს. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 71-ე მუხლით, 75-ე მუხლის პირველი ნაწილით, 374-ე მუხლით და იმის გათვალისწინებით, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მ. მ-ეს გაეგზავნა 2011 წლის 12 მარტს და მან მის ჩაბარებაზე 2011 წლის 22 მარტს უარი განაცხადა, სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მ.მ-ისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების დღედ მიიჩნია 2011 წლის 22 მარტი, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა იყო 2011 წლის 5 აპრილი. ვინაიდან მ. მ-ეს სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, მაგრამ სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში წარადგინა 2011 წლის 3 ივლისს (3 თვის დაგვიანებით), პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მ.მ-ის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ.მ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივლისის განჩინება დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კერძო საჩივრის ავტორმა და მოითხოვა 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება. განმცხადებლის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს განჩინებაში დავის საგანი არასწორადაა მითითებული, კერძოდ, განჩინების შესავალ ნაწილში მითითებული დავის საგნის ნაცვლად, უნდა მიეთითოს «სს ... ფაბრიკის ქონების გაყიდვისას: არ გამიყიდოთ ჩემი წილი ქონება, წილი არ დამაკარგინოთ.»

დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, განმცხადებელმა მოითხოვა საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობების გასწორება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და განცხადების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის განცხადება საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობების გასწორების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებულ იქნა უსწორობა. აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა დასაშვებია როგორც სასამართლო სხდომაზე, ისე ზეპირი მოსმენის გარეშე.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ამავე პალატის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

განსახილველი საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე სადავო ქონების გასხვისებისას მოითხოვდა საზოგადოებაში მისი კუთვნილი წილის შენარჩუნებას, სასარჩელო მოთხოვნა ფორმულირებულია შემდეგნაირად: «სს «... ფაბრიკის» ქონების ყიდვა-გაყიდვისას ჩემი წილი არ დამიკარგოთ, ჩემი წილი ქონებისა შემინარჩუნოთ როგორც ...ფაბრიკაში, ასევე ახალ მეპატრონესთან, გთხოვთ არ გამიყიდოთ ჩემი წილი ქონებისა» (იხ. სარჩელი, ტ.I, ს.ფ. 2).

საქმეში წარმოდგენილი დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით დადასტურებულია უტყუარად ის გარემოება, რომ მოსარჩელე მ.მ-ემ მოცემულ დავაზე მისი სასარჩელო მოთხოვნა ჩამოაყალიბა შემდეგნაირად: «შპს «...სამყაროს» მიერ შეძენილი სს «... ფაბრიკის» ქონებიდან ჩემი კუთვნილი წილის შენარჩუნება» (იხ. ტ.I, ს.ფ.135). სასამართლოში მოცემული საქმის წარმოებისას არაერთ პროცესუალურ დოკუმენტში (განჩინებები, გადაწყვეტილებები) დავის საგნად მიუთითა საზოგადოებაში კუთვნილი წილის შენარჩუნების თაობაზე და, ბუნებრივია, საკასაციო პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაშიც დავის საგნად მიეთითა «სს «... ფაბრიკის» გაყიდვისას მოსარჩელის წილი ქონების შენარჩუნება».

საკასაციო პალატა მოცემული გარემოებების ანალიზის საფუძველზე თვლის, რომ ამავე სასამართლოს 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაში სწორადაა ასახული მოცემული დავის საგანი, რადგანაც თუნდაც თავდაპირველი, იურიდიულად ნაკლებად გამართულად ჩამოყალიბებული დავის საგნის სამართლებრივი ანალიზისას რთული არაა იმის დადგენა განჩინებაში მითითებული დავის საგანი მოიაზრებს თუ არა ზემოაღნიშნულს.

განმცხადებლის მითითება, რომ მოცემული დავის საგანი იყო «არ გამიყიდოთ ჩემი წილი ქონება წილი არ დამაკარგვინოთ» სამართლებრივად იმავე მნიშვნელობისაა, რაც საკასაციო პალატის ზემოაღნიშნულ განჩინებაშია მითითებული და მ.მ-ის მოსაზრება მოწინააღმდეგე მხარის მიერ განჩინებაში დაშვებული უსწორობის განმცხადებლის საწინააღმდეგოდ გამოყენების შესახებ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, აღნიშნული არ ემსახურება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ ტექნიკური ხასიათის უსწორობის გასწორებას, არამედ ორიენტირებულია სამართალწარმოების გაჭიანურებაზე, რაც თავისთავად არ გამომდინარეობს სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ.მ-ის განცხადება უსწორობის გასწორების თაობაზე უმართებულოა, უსაფუძვლო და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ-ის განცხადება საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.