ას-1410-1425-2011 28 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “... კორპორაცია” (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ჯ. კ-ი (შეგებებული სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – აუცილებელი გზის მოწყობა, კომპენსაციის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “... კორპორაციამ” სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. კ-ის, გ. ძ-სა და ნ. ს-ის მიმართ მცხეთის რაიონის სოფელ ნ-ში მდებარე ჯ. კ-ის საკუთრებაში არსებული 817 კვ.მ ¹72.03.29.085 მიწის ნაკვეთის, ამავე მისამართზე მდებარე გ. ძ-ს საკუთრებაში არსებული ¹72.03.29.355 1193 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მცხეთის რაიონის სოფელ წ-ში მდებარე ნ. ს-ის საკუთრებაში არსებულ ¹72.02.30.071 151 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და ¹72.02.30.122 1214 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყენებაზე მოსარჩელისათვის აუცილებელი გზის მოწყობის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 6 თებერვლის ¹975 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს სამთავრობო პროგრამით “ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე” გათვალისწინებული ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებისა და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2010 წლის 25 თებერვალს გაფორმებული ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის დახმარების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, კორპორაცია დაჩქარებულ რეჟიმში ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენის საგურამო-ქუთაისის 100.7 კილომეტრის სიგრძის საგურამო ხაშურის მონაკვეთის რეკონსტრუქციის პროექტს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სარეკოსტრუქციო გაზსადენზე ვრცელდება უსაფრთხოების ზომები. გაზსადენი, როგორც ხაზობრივი ნაგებობა, რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. პროექტის განსახორციელებლად მშენებლობის ნებართვის მისაღებად აუცილებელია მოპოვებულ იქნას და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდეს კორპორაციის უფლებები მილსადენის დერეფანში მოყოლილ ყველა მიწის ნაკვეთზე. მოპასუხეების მიწის ნაკვეთები მოყოლილია “მაგისტრალური მილსადენის დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის ¹963 ბრძანებულებით დადგენილ რეგულირების ზონაში და კორპორაციის მფლობელობასა ან საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის. მოპასუხეები უარს აცხადებენ კორპორაციის შეთავაზებაზე სერვიტუტის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ და არ ეთანხმებიან კორპორაციის მიერ შეთავაზებულ კომპენსაციის პირობებს.
ჯ. კ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს “... კორპორაციის” მიმართ და მოითხოვა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ მოსარჩელისათვის (შეგებებულ სარჩელში მოპასუხისათვის) მიწის საბაზრო ღირებულების _ 17000 ლარის გადახდის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: აუცილებელი გზის უფლების პირობების მიხედვით ჯ.კ-ს ფაქტობრივად უუქმდება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და ეზღუდება მისი თავისუფლად გამოყენების უფლება. წარმოდგენილი ნახაზით გაზსადენი მიწის ნაკვეთის შუაში მთელ სიგრძეზე გადის. დარჩენილი ნაწილი გამოუყენებელია და მთელი მიწის ნაკვეთი კარგავს ფუნქციას. აღნიშნული გარემოებების გამო ერთჯერადი გადახდით მოსარჩელემ უნდა აუნაზღაუროს მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხა.
მოპასუხე გ. ძ-ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ აუცილებელ გზაზე დათანხმდება მოსარჩელეს, თუ მას გადაუხდის მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულებას ან საკუთრებაში გადასცემს მიწის ნაკვეთს მცხეთის რაიონის სოფელ ნ-ში ან მცხეთაში, ნარეკვავის ტერიტორიაზე.
მოპასუხე ნ. ს-მა წარმოდგენილი სარჩელი ცნო ნაწილობრივ. მოპასუხის მითითებით, მან მიწის ნაკვეთი შეიძინა 80200 ლარად. კორპორაციის მიერ შეთავაზებულ კომპენსაციის ოდენობაზე განაცხადა უარი, რადგან გაზსადენის რეკონსტრუქციით მიადგება ბევრად მეტი ზიანი. სადავო მიწის ნაკვეთის გამოყენება შეუძლებელი გახდება დანიშნულებისამებრ და სერვიტუტის ხელშეკრულებით შეთავაზებული კომენსაციის ოდენობა მიზერულია.
სარჩელი ასევე არ ცნო ჯ. კ-მა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით შპს “... კორპორაციის” სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს “... კორპორაციას” ნება დაერთო მცხეთის რაიონის სოფელ ნ-ში მდებარე ჯ. კ-ის საკუთრებაში არსებული ¹72.03.29.085 817 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მცხეთის რაიონის სოფელ ნ-ში მდებარე გ. ძ-ს საკუთრებაში არსებული ¹72.03.29.355 1193 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მცხეთის რაიონის სოფელ წ-ში ნ. ს-ის საკუთრებაში არსებული ¹72.02.30.071 151 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 1214 კვ.მ ¹72.02.30.122 მიწის ნაკვეთის გამოყენებაზე აუცილებელი გზის მოწყობის (...) მიზნით, ჯ. კ-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “... კორპორაციას” დაეკისრა ჯ. კ-ისათვის 2220 ლარის გადახდა. ამავე სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის განჩინებით კი, მოსარჩელე შპს “... კორპორაციის” შუამდგომლობის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა გადაწყვეტილება აუცილებელი გზის დადგენის ნაწილში, შესაბამისად, ამ ნაწილში გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “... კორპორაციამ”. ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ჯ.კ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ივლისის განჩინებით შპს “... კორპორაციის განცხადება დაკმაყოფილდა, შეწყდა საქმის წარმოება შპს “... კორპორაციის” სარჩელზე ჯ. კ-ის მიმართ აუცილებელი გზის მოწყობის თაობაზე და ჯ. კ-ის შეგებებულ სარჩელზე შპს “... კორპორაციისათვის” კომპენსაციის _ 17 000 ლარის დაკისრების თაობაზე, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს “... კორპორაციის” სარჩელი ჯ. კ-ის მიმართ და მას ნება დაერთო მცხეთის რაიონის სოფელ ნ-ში მდებარე ჯ. კ-ის საკუთრებაში არსებული 817 კვ.მ მიწის ნაკვეთის ¹72.03.29.085 გამოყენებაზე აუცილებელი გზის მოწყობის (...) მიზნით, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება ჯ.კ-ს შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, რომლითაც შპს “... კორპორაციას” ჯ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2220 ლარის გადახდა და ჯ. კ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილებში, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება ჯ.კ-ისა და შპს “... კორპორაციის” მიმართ სახელმწიფო ბაჟების დაკისრების ნაწილებში, აპელანტ შპს “... კორპორაციას” სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი, აპელანტ შპს “... კორპორაციას” ჯ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი 510 ლარი, ჯ. კ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა სააპელაციო ინსტანციაში მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 592 ლარი, განემარტათ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება შემდეგი გარემოებების გამო:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, მე-3 მუხლებით, 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით და განმარტა, რომ აპელანტმა შპს “... კორპორაციამ” განცხადებით მომართა რა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ უარს ამბობდა სარჩელზე, ამ საფუძვლით მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა განცხადების დაკმაყოფილების წინაპირობა. ამასთან, ვინაიდან სარჩელზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგი ამ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებაა, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება შპს “... კორპორაციის” სარჩელის ჯ.კ-ის მიმართ დაკმაყოფილებული მოთხოვნის ნაწილში. სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 189-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნა, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ შეგებებული სარჩელის განსახილველად მიღება მეტყველებდა იმაზე, რომ ჯ.კ-ის მიერ შეგებებული სარჩელი აღძრულ იქნა ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნების დაცვით. იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადმა მოსარჩელემ უარი განაცხადა სარჩელის იმ ნაწილზე, რომლიდანაც გამომდინარეობდა ჯ.კ-ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული გარემოება გამორიცხავს ჯ.კ-ის შეგებებული სარჩელით დაყენებული მოთხოვნის არსებობას. ეს მსჯელობა გამომდინარეობს იქიდან, რომ თუ შპს “... კორპორაცია” არ აღძრავდა სარჩელს აუცილებელი გზის მოწყობის შესახებ, თავად ჯ. კ-ი არ დაიწყებდა სასარჩელო დავას ამ აუცილებელი გზისათვის კომპენსაციის მიღების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე იმ ნაწილში, რომლითაც ჯ.კ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს “... კორპორაციას” მის სასარგებლოდ დაეკისრა 2220 ლარის გადახდა (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტები), აგრეთვე, იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ჯ. კ-ის შეგებებული სარჩელი 14 780 ლარის დაკისრების თაობაზე.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით და შპს “... კორპორაციას” დაუბრუნა მის მიერ სააპელაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი, ამავე საფუძვლით დაუბრუნა ჯ.კ-ს სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 592 ლარის ოდენობით. სასამართლომ მიუთითა ჯ.კ-ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში შეგებებულ სარჩელზე გადახდილ ბაჟის განაწილების საკითხზე და განმარტა შემდეგი:
ჯ.კ-ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში შეგებებულ სარჩელზე გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 510 ლარი. საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს აპელაციის ეტაპზე სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში შეგებებული სარჩელისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტის წესს, პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილზე, 54-ე მუხლის პირველი ნაწილზე და ჩათვალა, რომ ზემოაღნიშნული ნორმა შეგებებული სარჩელის ავტორ ჯ.კ-ის მიმართ ისევე უნდა გავრცელდეს, როგორც ძირითადი მოსარჩელის მიმართ, იმის გათვალისწინებით, რომ ჯ.კ-ის მიერ შეგებებული სარჩელის აღძვრა გამოწვეულ იქნა შპს “... კორპორაციის” მიერ აღძრული სარჩელის გამო (შეგებებული სარჩელი თავისი ბუნებით აღიძვრება ძირითადი სარჩელის გამო, ანუ მისი სასამართლოში წარდგენა დამოკიდებულია ძირითადი სარჩელის არსებობაზე), შესაბამისად, ჯ.კ-ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში შეგებებული სარჩელისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 510 ლარი უნდა დაეკისროს ძირითადი სარჩელის ავტორ (მოპასუხეს შეგებებულ სარჩელზე) შპს “... კორპორაციას” ჯ.კ-ის სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სასამართლოს ხარჯების განაწილების ნაწილში კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “... კორპორაციამ”, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტის (ჯ.კ-ის სასარგებლოდ პირველ ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 510 ლარის დაკისრების) გაუქმება და მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 210 ლარის შპს “... კორპორაციისათვის” დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:
გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილითა და 54-ე მუხლის პირველი ნაწილით, რადგანაც 54-ე მუხლის პირველი ნაწილი არეგულირებს შემთხვევას, როდესაც მოსარჩელე შეგებებულ სარჩელზე მოპასუხე არაა და როდესაც თავდაპირველ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ სარჩელი არ აღუძრავს. განსახილველი შემთხვევის ამ წესით რეგულირება არ გამომდინარეობს ნორმის სამართლებრივი ბუნებიდან და ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრექტიკას. თავის მხრივ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში იყო უკანონო, რაც მისი სააპელაციო წესით გასაჩივრების საფუძველი გახდა. შპს “... კორპორაციის” განმარტებით, ვინაიდან მან სასამართლოს მთავარ სხდომამდე თქვა უარი სარჩელზე, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მხოლოდ 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით და არა ამავე კოდექსის 54-ე მუხლით, შესაბამისად, სასამართლოს მოსარჩელისათვის უნდა დაებრუნებინა შპს “... კორპორაციის” მიერ როგორც სააპელაციო საჩივარზე, ისე სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “... კორპორაციის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს კერძო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
განსახილველი საქმის მასალებით დასტურდება, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით შპს “... კორპორაციის” სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს “... კორპორაციას” ნება დაერთო მცხეთის რაიონის სოფელ ნ-ში მდებარე ჯ. კ-ის საკუთრებაში არსებული ¹72.03.29.085 817 კვ.მ მიწის ნაკვეთით სარგებლობაზე აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით, ამავე გადაწყვეტილებით ჯ. კ-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “... კორპორაციას” დაეკისრა ჯ. კ-ისათვის 2220 ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “... კორპორაციამ, ასევე ჯ. კ-მა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო პალატაში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვამდე შპს “... კორპორაციამ” უარი თქვა სარჩელზე, რასაც შედეგად მოჰყვა მისი დაკმაყოფილება, სარჩელისა და შეგებებული სარჩელის განუხილველად დატოვება. ამავე განჩინებით მხარეთა შორის განაწილდა სასამართლო ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლით დადგენილია სასამართლოს შემაჯამებელი აქტის შინაარსი და ამომწურავადაა განსაზღვრული გადაწყვეტილების გამოტანისას თუ რა საკითხებზე უნდა იმსჯელოს და სამართლებრივად შეაფასოს სასამართლომ. ამავე ნორმის მე-5 ნაწილით დადგენილია, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სხვა საკითხებთან ერთად, უნდა შეიცავდეს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლომ, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, მოცემული საქმის წარმოება დაასრულა განჩინებით, მოცემულ საკითხზე მართლმსაჯულების შემაჯამებელი აქტი 2011 წლის 5 ივლისის განჩინებაა და სასამართლომ საპროცესო ხარჯები ამ განჩინებითვე განსაზღვრა. სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილებისას სასამართლომ იხელმძღვანელა შემდეგნაირად:
სააპელაციო წარმოებისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაუბრუნდათ მხარეებს თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილისა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი განაწილდა იმგვარად, რომ მხარეთა მიერ სარჩელსა და შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო ძირითად მოსარჩელეს შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა ჯ.კ-ის მიერ გადახდილი 510 ლარის ანაზღაურება.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ სამართლებრივ შეფასებას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ასევე სწორად განმარტა სამართლის ნორმა.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გარანტირებულია დისპოზიციურიბის პრინციპი და კოდექსის მე-3 მუხლით დასაშვებადაა მიჩნეული მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, აღნიშნული მხარეთა ნების დისპოზიციურობაზე მიუთითებს და კანონმდებელი სამოქალაქო საქმის განხილვისას მხარეს აძლევს სრულ შესაძლებლობას, დავა გადაწყდეს მათი შეხედულებისამებრ: მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, მოპასუხემ _ ცნოს სარჩელი ან მხარეებმა წარადგინონ მათ მიერ შეთანხმებული მორიგების აქტი. ამავე კოდექსის 49-ე მუხლით რეგულირებულია საკითხი, რომელიც შეეხება მხარეთათვის დისპოზიციურობის პრინციპით მინიჭებული უფლების რეალიზებისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შპს “... კორპორაციამ” სასამართლოს მთავარ სხდომამდე უარი თქვა რა სარჩელზე, სააპელაციო პალატამ მას სავსებით მართებულად დაუბრუნა მხოლოდ სააპელაციო წარმოებისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ისევე, როგორც შეგებებული სარჩელის ავტორ ჯ.კ-ს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით დადგენილია, რომ, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. დასახელებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ სასამართლოს ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე მისთვის უნდა დაებრუნებინა პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟიც, ვინაიდან დასახელებული ნორმის მე-4 ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ აღნიშნული შეღავათი ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში გამოიყენება მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მითითებული საკანონმდებლო დანაწესის ლოგიკური განმარტებიდან დასტურდება ისიც, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი ბაჟი ასეთ დროს მხარეებისათვის დაბრუნებას არ ექვემდებარება.
რაც შეეხება კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო პალატა აღნიშნულს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვისას, როდესაც მოსარჩელე უარს ამბობს სარჩელზე, საპროცესო კანონმდებლობა არ არეგულირებს შეგებებული სარჩელის ავტორის მიმართ სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საკითხს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შეგებებული სარჩელი თავისი არსით ძირითადი სარჩელის ყველა ელემენტისაგან შედგება და ამ სარჩელის ავტორი, როგორც პროცესის სუბიექტი, სარგებლობს მოსარჩელის ყველა უფლებითა და მოვალეობით. ისეთ დროს, როდესაც სასამართლოს წარმოებაში ძირითად სარჩელთან ერთად შეგებებული სარჩელია, უმნიშვნელოვანესია სათანადო შეფასება მიეცეს იმ გარემოებას, რომ შეგებებული სარჩელი ორგანულადაა დაკავშირებული თავდაპირველ სარჩელთან და მისი მოთხოვნისა და ზოგადად ამ სარჩელი იურიდიული ინტერესი მიმართულია ძირითადი სარჩელის წინააღმდეგ, ისე, რომ ძირითადი სარჩელის არსებით განხილვაზეა დამოკიდებული შეგებებული სარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის გამორკვევაც, ერთგვარად, შეიძლება ითქვას, რომ შეგებებული სარჩელის საფუძველსა და საგანს განაპირობებს ძირითადი სარჩელის მოთხოვნის არსებობა. საკასაციო პალატა სავსებით ეთანხმება და ამას არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ შპს “... კორპორაციის” მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო განუხილველად სწორად იქნა დატოვებული ჯ.კ-ის შეგებებული სარჩელი. იმის გათვალისწინებით, რომ ამ სარჩელის აღძვრა განპირობებული იყო თავდაპირველი სარჩელის არსებობით (სხვა შემთხვევაში მოდავე პირი ჯ.კ-ს არ ეყოლებოდა), სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ანალოგიის წესით, მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელ ნორმაზე დაყრდნობით მოსარჩელისათვის ჯ.კ-ის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ თუ მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის თხოვნით სასამართლო მოპასუხეს დააკისრებს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ყველა ხარჯის ანაზღაურებას.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, თავის მხრივ, უკანონოდ მოხდა, რაც შპს “... კორპორაციის” მიერ გადაწყვეტილების ამ ნაწილის სააპელაციო წესით გასაჩივრების საფუძველი გახდა და აღნიშნული არგუმენტის საწინააღმდეგოდ განმარტავს შემდეგს:
განსახილველი კერძო საჩივრის საგანი მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო მას და შეგებებული სარჩელის ავტორს შორის სასამართლო ხარჯების განაწილების სისწორეა. იმ გარემოებაზე მითითება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დააკმაყოფილა ჯ.კ-ის შეგებებული სარჩელი, რაც შემდგომ ამ ნაწილში სააპელაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრების საფუძველი გახდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 კარით გათვალისწინებული კერძო საჩიივრის არგუმენტი ვერ გახდება, ვინაიდან საპროცესო კანონმდებლობა ამ საკითხის ზემდგომი წესით (სააპელაციო, საკასაციო საჩივარი) არსებითად განხილვას ითვალისწინებს და არა კერძო საჩივრის შეტანის გზით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ უარი თქვა რა სარჩელზე, მას პირველი ინსტანციის სასამართლოს გაუქმებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე მითითება ამ ეტაპზე აღარ შეუძლია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს “... კორპორაციის” კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი წინაპირობები, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “... კორპორაციის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.