Facebook Twitter

ას-1415-1430-2011 28 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ბ. წ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. შ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხის დაბრუნება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. შ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. წ-ის მიმართ 2010 წლის 18 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მოპასუხის მიერ შეუსრულებლობის გამო სესხის ძირითადი თანხის _ 6 000 ევროს, სარგებლის _ 150 ევროს, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს _ 2520 ევროს დაკისრების მოთხოვნით, ხოლო, ვალდებულების შესრულების მიზნით, მოსარჩელემ მოითხოვა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

მოსარჩელემ მოთხოვნა დაამყარა სამოქალაქო კოდექსის 623-625-ე, 418-ე, 289-ე და 301-ე მუხლებზე.

2011 წლის 11 იანვარს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის შეუტანლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბ. წ-ეს ნ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 8670 ევროს გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა 6 000 ევროა, პროცენტი _ 150 ევრო, ხოლო პირგასამტეხლო _ 2 520 ევრო. ამავე კოლეგიის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინებით ბ. წ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. წ-ის წარმომადგენელმა ნ. წ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის განჩინებით აპელანტ ბ. წ-ის წარმომადგენელ ნ. წ-ას შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბ. წ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 იანვრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2011 წლის 24 თებერვლის საოქმო განჩინებაზე დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილით და დადგენილად ჩათვალა, რომ ბ. წ-ეს სხდომის დღის თაობაზე სასამართლო უწყებით ეცნობა 2011 წლის 9ივნისს, ხოლო მის წარმომადგენელ ნ. წ-ას _ 2011 წლის 22 ივნისს, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული შეტყობინების ბარათებით. გამოუცხადებლი მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა პროცესის გადადების თაობაზე, სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ და არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან შეუამდგომლობა არ შეესაბამებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ, ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი – ბ. წ-ე და მისი წარმომადგენელი _ ნ. წ-ა, რომელთაც სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ხოლო მათი გამოუცხადებლობა არასაპატიოდ იქნა მიჩნეული და მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე იშუამდგომლა, ჩათვალა, რომ ბ. წ-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ბ. წ-ის წარმომადგენელმა ნ.წ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, არასწორად არ ჩათვალა საპატიოდ აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა, ამასთან, ბ.წ-ისათვის ასევე შეუძლებელი იყო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, ვინაიდან ეს უკანასკნელი არ იმყოფება საქართველოში. სასამართლო უწყება ჩაბარდა ბ.წ-ის მეუღლეს, რომელმაც ბ.წ-ეს სასამართლო სხდომის დროის თაობაზე ვერ აცნობა იმ მიზეზით, რომ მისთვის მეუღლის ადგილსამყოფელი უცნობია. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს არ ჰქონდა შესაძლებლობა სხვა წარმომადგენლის აყვანისა. საქართველოში არყოფნის ფაქტი გახდა სწორედ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას ბ.წ-ის მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის მიზეზი, რის გამოც სასამართლომ უკანონოდ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, ბ. წ-ის წარმომადგენელ ნ. წ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკამყოფილებს კერძო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

განსახილველი საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება შემდეგი: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინებით ბ. წ-ის სააპელაციო საჩივარის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით 2011 წლის 12 ივლისს, 11:00 საათზე. სასამართლო სხდომის თაობაზე უწყება, ასევე მოწინააღმდეგე მხარის წერილობითი პასუხი საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნათ აპელანტ ბ.წ-ესა და მის წარმომადგენელ ნ.წ-ას.

საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული კორესპოდენცია ჩაბარდა ბ. წ-ის ოჯახის ქმედუნარიან წევრს, მეუღლეს _ ნ. წ-ეს 2011 წლის 9 ივნისს (იხ. ტ.II, ს.ფ.36), ხოლო აპელანტის წარმომადგენელ ნ.წ-ას სასამართლო შეტყობინება (უწყება და ნ.შ-ის სააპელაციო პასუხი), განმეორებით გაგზავნის შემდგომ, ჩაბარდა პირადად 2011 წლის 22 ივნისს (იხ. ტ.II, ს.ფ.40).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. მითითებული ნორმით კანონმდებელი სასამართლოს უდგენს ალტერნატიულ ვალდებულებას, სასამართლო სხდომისა თუ ცალკეული საპროცესო მოქმედების შესახებ აცნობოს ნორმაში ჩამოთვლილ პირთაგან ერთ-ერთს _ მხარეს ან მის წარმომადგენელს. ამ სუბიექტებიდან რომელიმეს ინფორმირება კი, საკმარისია საპროცესო მოქმედების განსახორციელებლად. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ აპელანტი და მისი წარმომადგენელი სასამართლო სხდომის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ კანონით დადგენილი წესით. საკასაციო პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ წარმომადგენელს სასამართლომ უწყება მხარისათვის გაგზავნისა და ჩაბარების მიუხედავად, ორჯერ გაუგზავნა, რისი ვალდებულებაც კანონით მას არ ეკისრებოდა, რადგანაც მხარის ინფორმირება და პირიქით, თავისთავად გულისხმობს წარმომადგენლის ინფორმირებასაც. ის გარემოება, რომ ბ.წ-ისათვის გაგზავნილი სასამართლო შეტყობინება (უწყება და პასუხი სააპელაციო საჩივარზე) ჩაბარდა მისი ოჯახის ქმედუნარიან წევრს არ გამორიცხავს უშუალოდ აპელანტის ინფორმირების ნამდვილობას, ვინაიდან კანონმდებელი, როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით ადგენს ასეთი წესით მხარის ინფორმირების ნამდვილად მიჩნევის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ სასამართლომ არასწორად არ ჩათვალა ნ.წ-ას გამოუცხადებლობა საპატიოდ. აღნიშნული არგუმენტის საწინააღმდეგოდ საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცეო კოდექსის 216-ე მუხლსა და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე. აღნიშნული ნორმებით დადგენილია შემდეგი:

საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. თუ საქმის სრულყოფილად გამოკვლევა და დამთავრება შეუძლებელია იმავე სხდომაზე, საქმის განხილვა მისი გადადების შემთხვევაში გრძელდება იმ სტადიიდან, რომელზედაც იგი გადაიდო. სასამართლო აგრეთვე უფლებამოსილია, საქმის განხილვა გააგრძელოს იმ სტადიიდან, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. მხარეები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ სასამართლოში საქმის დადგენილ ვადაში განხილვას.

ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

დასახელებული ნორმებით მოწესრიგებულია ზეპირი მოსმენით საქმის განხილვისას სასამართლო სხდომის გადადების საკითხი და 216-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი, რომ საქმის განხილვა შეიძლება გადაიდოს კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, სწორედ საპატიო მიზეზის არსებობაზე მიუთითებს, უფრო კონკრეტულად, სასამართლო სხდომას გადადებს მაშინ, როდესაც არსებობს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული ობიექტური გარემოება. აღნიშნული სწრაფი მართლმსაჯულებისა და პროცესის ეკონომიურობის გამოხატულებაა და კანონმდებლობა ყოველ შემთხვევასთან მიმართებაში საგამონაკლისო წესის (მაგალითად საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადების შესაძლებლობას) გავრცელების შესაძლებლობას არ ადგენს.

საქმეში წარმოდგენილი წერილობითი შუამდგომლობის შესწავლით დასტურდება, რომ ნ.წ-ა საქმის განხილვის გადადების მიზეზად უთითებდა დედის გარდაცვალების დღის აღნიშვნას, ასევე განმარტებულია, რომ ბ.წ-ე საზღვარგარეთ იმყოფებოდა. საკასაციო პალატა აღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ აღნიშნული საპატიო მიზეზად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით არაა გათვალისწინებული და არ არსებობდა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადების წინაპირობა, ამასთან, პალატა დამატებით მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ მინდობილობზე (იხ. ტ.I, ს.ფ.43), სადაც მარწმუნებელი ბ.წ-ე წარმომადგენელ ნ.წ-ას მისი სხვა სამოქალაქო უფლებების დაცვასთან ერთად ანიჭებს შესაძლებლობას, წარმომადგენელმა მინიჭებული უფლებები თავისი შეხედულებისამებრ მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს სხვა პირს. მხარის ინფორმირების გონივრული ვადისა და რწმუნებულების ზემოაღნიშნული უფლების გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ ნ.წ-ას ჰქონდა აბსოლუტური შესაძლებლობა, თავიდან აეცილებინა მისი მარწმუნებლისათვის არახელსაყრელი შედეგი, რაც ამ უკანასკნელს არ განუხორციელებია. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადების საფუძველი საქმის მასალებით არ დასტურდება, რის გამოც, სასამართლომ სავსებით მართებულად არ დააკმაყოფილა ნ.წ-ას შუამდგომლობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლზე, რომლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია აპელანტისა და მისი მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, თუ ამას გამოცხადებული მხარე მოითხოვს, ხოლო მითითებული ნორმის მე-3 ნაწილით კი, დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები, ანალოგიული შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტი.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რა აპელანტისა და მისი წარმომადგენლის არასაპატიო მიზეზით სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობა, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის შესაბამისად, სწორად დატოვა განუხილველად ბ.წ-ის სააპელაციო საჩივარი.

რაც შეეხება კერძო საჩივრის მითითებას, რომ ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის დარღვევით მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული წარმოადგენს საქმის არსებითი განხილვისას გამოსარკვევ პრეტენზიას, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LI თავით გათვალისწინებული საქმის განხილვის წესის თავისებურებიდან გამომდინარე, აღნიშნული პრეტენზია საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი ვერ გახდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. წ-ის წარმომადგენელ ნ. წ-ას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ. წ-ის წარმომადგენელ ნ. წ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.