Facebook Twitter

ას-1422-1437-2011 20 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ქონების ამორიცხვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გ. გ-ის მიმართ ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ქონების ამორიცხვის შესახებ.

მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო, ხოლო გ. გ-ი დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას.

ხაშურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ლ. შ-ის 2011 წლის 15 ივნისის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამოირიცხა სარეცხი მანქანა “სამსუნგი” 1 ცალი, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. გ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ აპელანტმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც აღმასრულების მიერ ქონების აღწერის აქტიდან ამოირიცხა სარეცხი მანქანა “სამსუნგი”. საქმის მასალების მიხედვით, 2006 წლის 2 დეკემბრისათვის მითითებული მოძრავი ნივთი შეფასებულია 630 ლარად.

ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ 1000 ლარზე ნაკლებია, რის გამოც იგი უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე მოსამართლისათვის დაბრუნება. მხარის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოცემულ დავაში არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, კანონი ქონებრივი დავის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება და განუხილველად დარჩება. აღნიშნული მოთხოვნა იმპერატიული ხასიათისაა და სასამართლოს შეფასებაზე დამოკიდებული არ არის.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ლ. შ-ის 2011 წლის 15 ივნისის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამოირიცხა 1 ცალი სარეცხი მანქანა “სამსუნგი”.

საქმის მასალებში წარმოდგენილი საბანკო კრედიტისა და გირავნობის შესახებ 2006 წლის 2 დეკემბრის ¹1187 ხელშეკრულების თანახმად, “სამსუნგის” მარკის სადავო სარეცხი მანქანა შეფასებულია 630 ლარად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას _ 1000 ლარს არ აღემატება, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.