ას-1445-1459-2011 31 ოქტომბერი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “ჯ-ი”
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი მოპასუხე შპს “ჯ-ის” მიმართ, რომლითაც მან მოითხოვა მოპასუხისათვის 36037 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 15000 ლარის გადახდა, მასვე დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 449.7 ლარის ოდენობით (ტომი I, ს.ფ. 354-367).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
შპს “ჯ-იმ” სააპელაციო საჩივრით მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 383-392).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის საოქმო განჩინებით შპს “ჯ-ის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტს _ შპს “ჯ-ის” სასამართლო სხდომის დღის შესახებ ეცნობა წარმომადგენლის მეშვეობით, კერძოდ, ვ. კ-ეს 2011 წლის 1 ივნისს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო საშუალებით ეცნობა სასამართლო სხდომის დღის თაობაზე, რაც დასტურდებოდა საქმეში არსებული სატელეფონო აქტით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტს სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა შპს “ჯ-ის” წარმომადგენელი, ხოლო მეორე მხარის _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “ჯ-ის” სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო (ტომი II, ს.ფ. 47-51).
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ჯ-იმ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.
კერძო საჩივრის თანახმად, შპს “ჯ-ის” და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივრების განხილვის თარიღი ეცნობა შპს “ჯ-ის” წარმომადგენელ ვ. კ-ეს, რომელიც 2011 წლის 30 ივნისს, დანიშნულ დროს გამოცხადდა სასამართლოში და სცადა მოსამართლის თანაშემწესთან დაკავშირება, რათა დაეზუსტებინა სასამართლო სხდომის დარბაზი და ამავდროულად ეცნობებინა მისი გამოცხადების შესახებ. მითითებულ ნომერზე მას არავინ უპასუხა. რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ სცადა თანაშემწესთან დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ, წარმომადგენელმა მიმართა სააპელაციო სასამართლოს მისაღებს, სადაც გააჩნიათ კომპიუტერული ბაზა და ინფორმაცია თითოეული საქმის შესახებ. მისაღებში მოიძიეს დასახელებული საქმე და წარმომადგენელს განუცხადეს, რომ მოცემული საქმის განხილვა, რომელიც ჩანიშნული იყო 2011 წლის 30 ივნისს, გადაიდო განუსაზღვრელი ვადით. წარმომადგენელმა მითითებული ინფორმაცია ჩათვალა საკმარისად და სააპელაციო სასამართლოს შენობა დატოვა. მოგვიანებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს კომპიუტერულ ბაზაში საქმის მოძიების შემდეგ წარმომადგენელს მიაწოდეს იგივე ინფორმაცია. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, რის გამოც აპელანტს არ მიეცა საშუალება დაეცვა საკუთარი ინტერესები, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია (ტომი II, ს.ფ. 59-60).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ჯ-ის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის საოქმო განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით შპს “ჯ-ის” სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა, რომელიც კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არაა ის გარემოება, რომ აპელანტის წარმომადგენელ ვ. კ-ეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის სხდომის თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი აქტით – ტელეფონით სასამართლო შეტყობინების შესახებ, დასტურდება, რომ ვ.კ-ეს ასევე განემარტა სასამართლოში გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 32). აღნიშნული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მიიჩნევა სასამართლო სხდომის შესახებ მხარის ინფორმირებად.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, კერძოდ: სასამართლო სხდომის დღე ეცნობა შპს “ჯ-ის” წარმომადგენელ ვ. კ-ეს, რომელიც დანიშნულ დროს გამოცხადდა სასამართლოში. მან სცადა მოსამართლის თანაშემწესთან დაკავშირება, რათა დაეზუსტებინა სასამართლო სხდომის დარბაზი და ამასთან ეცნობებინა მისი გამოცხადების შესახებ, მაგრამ მითითებულ ნომერზე არავინ უპასუხა. ამის შემდეგ, წარმომადგენელმა მიმართა სააპელაციო სასამართლოს მისაღებს, სადაც განუმარტეს, რომ მოცემული საქმის განხილვა გადაიდო განუსაზღვრელი ვადით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიოობის თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს მხარეს, დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოებების დასაბუთება შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, კერძოდ, მას სასამართლოსათვის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია მის მიერ მითითებულ გარემოებათა დასადასტურებლად და მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლა, რაც არასაკმარისია სადავო გარემოებათა დადასტურებულად მიჩნევისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება გაუქმებას არ ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ჯ-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.