Facebook Twitter

ას-1454-1468-2011 24 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ი. უ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ხ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 30 ივლისს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ლ. ხ-მა მოპასუხე ი. უ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება არასრულწლოვანი შვილების _ გ. უ-ისა და მ. უ-ის სარჩენად, თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობით (ტომი I, ს.ფ. 2-10).

გურჯაანის მაგისტრატი სასამართლოს 2010 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შვილების _ გ. უ-ისა და მ. უ-ის სარჩენად ალიმენტის გადახდა თითოეულისათვის 25 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან მათ სრულწლოვანებამდე (ტომი I, ს.ფ. 32-33).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. უ-მა (ტომი I, ს.ფ. 38-45).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით ი. უ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხე ი. უ-ს მოსარჩელე ლ. ხ-ის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების _ გ. უ-ისა და მ. უ-ის სარჩენად დაეკისრათ ალიმენტის გადახდა თითოეულისათვის თვეში 25 ლარის ოდენობით, სარჩელის აღვრის მომენტიდან (2010 წლის 30 ივლისი) მათ სრულწლოვანებამდე. ი. უ-ის სააპელაციო საჩივრის ღირებულება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის დანაწესიდან გამომდინარე შეადგენდა 600 ლარს (25+25=50X12 თვეზე), რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ 1000 ლარზე ნაკლებია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის 1-ლი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დატოვა განუხილველად (ტომი II, ს.ფ. 3-5).

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. უ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა შეადგენს წელიწადში 600 ლარს, ხოლო საქმის განხილვა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ გადასახდელი თანხა იქნებოდა 1000 ლარი. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ იღებს მხოლოდ ინვალიდობის პენსიას და მითითებული ოდენობის ალიმენტის გადახდას ვერ ახერხებს. როდესაც 1000 ლარზე მტი თანხა დაუგროვდება, მაშინ საჩივრის შეტანა დაგვიანებული იქნება. შვილები თვეების განმავლობაში მასთან იმყოფებიან და იგი მთელ თავის პენსიას მათზე ხარჯავს. აღნიშნულს ადასტურებენ ი. უ-ის მეზობლები თავიანთი განცხადებით (ტომი II, ს.ფ. 12).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. უ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენი., რომ ლ. ხ-ის სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება არასრულწლოვანი შვილების _ გ. უ-ისა და მ. უ-ის სარჩენად, თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობით (ტომი I, ს.ფ. 2-10). გურჯაანის მაგისტრატი სასამართლოს 2010 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ი. უ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შვილების _ გ. უ-ისა და მ. უ-ის სარჩენად ალიმენტის გადახდა თითოეულისათვის 25 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან მათ სრულწლოვანებამდე (ტომი I, ს.ფ. 32-33). დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. უ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ტომი I, ს.ფ. 38-45). აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ აპელანტი სრულად ასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მას დაეკისრა თითოეულ შვილზე 25 ლარის (მთლიანობაში ყოველთვიურად 50 ლარის) ოდენობით ალიმენტის გადახდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა ი. უ-ის სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აპელანტს დაკისრებული ჰქონდა ალიმენტი ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით, რაც 12 თვეზე შეადგენს 600 ლარს. აქედან გამომდინარე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ი. უ-ის სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის პირობას, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ი. უ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. უ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.