ას-1455-1469-2011 21 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს “მ. 2009-ის” წარმომადგენლ თ. გ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის განჩინებაზე, საქმეზე _ ს. ჩ-ს სარჩელის გამო, შპს “მ. 2009-ის” მიმართ იჯარის ხელშეკრულების მოშლისა და თანხის დაკისრების თაობაზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით შპს მ. 2009-ის” კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 3 (სამი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
2011 წლის 19 ოქტომბერს სასამართლოს განცხადებით მომართა მხარის წარმომადგენელმა და იშუამდგომლა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ შპს “მ. 2009-ს” აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავის ინიციატივით. აღნიშნული ნორმა არაა იმპერატიული ხასიათის და არ მოიაზრებს საპროცესო ვადის გაგრძელებას ყოველი მოთხოვნისას. შესაბამისად, მხარის შუამდგომლობის უტყუარობის თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლოს უნდა შეექმნას მყარი შინაგანი რწმენა მის დასაკმაყოფილებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, უარს ეტყვის შუამდგომლობის ავტორს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლი შეიცავს მხარის ვალდებულებას შუამდგომლობა წარმოადგინოს დასაბუთებული სახით, შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული. მოცემულ შემთხვევაში, მხარე შუამდგომლობს რა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, მას შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის. მხოლოდ იმაზე მითითება, რომ შპს “მ. 2009-ს” აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, სასამართლოს არ მიაჩნია საკმარის საფუძვლად საპროცესო ვადის გაგრძელებისათვის. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ხოლო, 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს “მ. 2009-ს” სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეუვსია ხარვეზი, რის გამოც მისი კერძო საჩივრი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “მ. 2009-ის” კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.