ას-1501-1509-2011 31 ოქტომბერი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს «ც. ს-ი»
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ო-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ო-ის სარჩელი მოპასუხე შპს «ც. ს-ის» მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
შეწყვეტილად იქნა ცნობილი მხარეებს შორის 2008 წლის 18 მარტის ხელშეკრულება;
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ გადახდილი თანხის, 47523 აშშ დოლარის გადახდა. აქვე დადგინდა, რომ აღნიშნული გადახდა უნდა განხორციელებულიყო სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი წლის შემდეგ;
არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ ზიანის ანაზღაურების სახით მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე (ტომი I, ს.ფ. 116-125).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წეს- გაასაჩივრა შპს «ც. ს-იმ», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება (ტომი I, ს.ფ. 130-141).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 სექტემბრის განჩინებით შპს «ც. ს-ის» სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტის _ შპს «ც. ს-ის» შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის შემცირებისა და მისი გადავადების შესახებ. აღნიშნული განჩინებით აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის, 1900.92 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის ოდენობით გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა;
2011 წლის 11 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს «ც. ს-ის» წარმომადგენელმა, რომელმაც იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე. განმცხადებელმა წარადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საიდანაც ირკვევა, რომ აპელანტის რიგ ქონებას ადევს ყადაღა;
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წარდგენილი შუამდგომლობა არ წარმოშობდა მისი დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან რეესტრის ამონაწერში ასახული ქონების დაყადაღების ფაქტი არ მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტს არ გააჩნდა სხვა სახსრები და ქონება სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში იკვეთებოდა, რომ აპელანტს არ ჰქონდა საქმის განხილვის რეალური ინტერესი, რაც თავის მხრივ იწვევდა საქმის განხილვის გაჭიანურებას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ზემოთ დასახელებული მუხლის საფუძველზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია შპს «ც. ს-ისათვის» საპროცესო ვადის გაგრძელება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დადგენილ ვადაში აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობა იძლეოდა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, გამომდინარე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლის შინაარსიდან. ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ შპს «ც. ს-ის» სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა (ტომი II, ს.ფ. 16-18).
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს «ც. ს-იმ», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივარი შემდეგ არგუმენტებზეა დაფუძნებული:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლი მხარეს შესაძლებლობას აძლევს, მოითხოვოს სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გაგრძელება. მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას რაიმე დამატებითი წინაპირობების არსებობის სავალდებულოობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს;
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 ივლისის განჩინებით შპს «ც. ს-ის» ხარვეზის შესავსებად დაუდგინდა 3 დღის ვადა. ამ ვადაში მას სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადაეხადა 1900.92 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. სწორედ აღნიშნული ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიმართა აპელანტმა სასამართლოს;
გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლომ დაასკვნა, რომ შპს «ც. ს-ის» არ გააჩნია საქმის განხილვის რეალური ინტერესი, თუმცა სააპელაციო საჩივრის შინაარსი და საქმის მიმდინარეობა საწინააღმდეგოზე მიუთითებდა. სააპელაციო საჩივარი მოტივირებული იყო იმით, რომ საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოხდა რიგი საპროცესო დარღვევებით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.3 მუხლი), რამაც საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა განაპირობა. არსებობდა სააპელაციო წეს- გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სხვა აბსოლუტური საფუძვლებიც. ამდენად, საქმის განხილვისა და მისი გაუქმების ალბათობის შესაძლებლობა აპელანტის გონივრულ ინტერესს წარმოადგენდა;
გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შპს «ც. ს-ის» მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მისი, როგორც მხარის მძიმე მატერიალური მდგომარეობა. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტზე და მიიჩნევს, რომ განმცხადებლის და მასთან დაკავშირებული არაერთი სამეწარმეო სუბიექტის მძიმე მატერიალური მდგომარეობა უდავოდ წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილ ფაქტობრივ გარემოებას. კრედიტორთა განსაკუთრებული სიმრავლე, ვადამოსული ვალდებულებები, რომელთა მოცულობა ასეულობით მილიონ ლარს აღემატება, არის ის რეალობა, რომლის ფარგლებშიც უწევს დღეს შპს «ც. ს-ის» ოპერირება. აღნიშნულზე მიუთითებს საერთო სასამართლოებში მოპასუხის წინააღმდეგ მიმდინარე ან/და დასრულებული მრავალი დავა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია და სხვა. შპს «ც. ს-ის» ვალაუვალობის ალბათობას კიდევ უფრო ამყარებს განმცხადებლის მიერ წარდგენილი ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, საიდანაც ნათლად დასტურდება ზემომითითებული გარემოებები. აღნიშნული თვალსაზრის- ნიშანდობლივია განმცხადებლის სამშენებლო ბაზარზე, ე.ი. უძრავი ქონების სფეროში ოპერირების ფაქტიც;
სასამართლოსადმი მიმართვის უფლება პირის კონსტიტუციური უფლებაა, რომელიც აღიარებულია არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულებითა თუ შეთანხმებით, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის თანახმად, შესაბამისი პირობების არსებობისას, შეიძლება მიჩნეულ იქნეს ქვეყნის შიდა კანონმდებლობის ნაწილად. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინებით შეიზღუდა მისი ძირითადი უფლება ისე, რომ სასამართლოს არ დაუსაბუთებია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების ან/და საპროცესო ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის უპირატესობა სადავოდ ქცეული უფლების დაცვის ინტერესთან შედარებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, დარღვეულია ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დადგენილი დანაწესი (ტომი II, ს.ფ. 26-29).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ც. ს-ის» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 სექტემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ივლისის განჩინებით აპელანტ შპს «ც. ს-ის» დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 3 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინა 1900.92 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. აღნიშნულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის შემცირებისა და გადავადების შესახებ აპელანტის შუამდგომლობაზე და მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო მისი დაკმაყოფილების საფუძველი. ამავე განჩინებაში სასამართლომ აპელანტს განუმარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუსვებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (ტომი II, ს.ფ. 3-6). სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შპს «ც. ს-ის» წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 10 დღით გაგრძელების თაობაზე (ტომი II, ს.ფ. 11-15). სააპელაციო სასამართლომ აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე არ დააკმაყოფილა და შპს «ც. ს-ის» სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა. აღნიშნული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შუამდგომლობა დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულება ვერ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მას არ გააჩნდა სახსრები სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად (ტომი I, ს.ფ. 16-18).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა კანონითაა გათვალისწინებული. კანონი განსაზღვრავს ასევე, თუ რა შემთხვევაში შეუძლია სასამართლოს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება და გადავადება. აღნიშნულ საკითხს აწესრიგებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა ვერ უზრუნველყო თავისი შუამდგომლობის შესაბამისი მტკიცებულებებით დასაბუთება, კერძოდ, მის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებები: საკუთრების მინდობის გენერალური ხელშეკრულება, რომლითაც დგინდება, რომ შპს «ც. ჯგუფმა» შპს «დ-სს» მართვისა და განკარგვის შეუზღუდავი უფლებამოსილებით მიანდო საკუთრება, აგრეთვე, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომლის თანახმადაც, შპს «ც. ს-ის» რიგ ქონებას ადევს ყადაღა, არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებებს აპელანტის გადახდისუუნარობის დასადასტურებლად. მითითებული მტკიცებულებები სრულყოფილად არ ასახავენ აპელანტის ქონებრივ მდგომარეობას. არც ერთი ეს მტკიცებულება არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ აპელანტს შესაძლოა გააჩნდეს აქტივები სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადასახდელად.
ზემოაღნიშნულ მსჯელობას ვერ გააქარწყლებს კერძო საჩივრის ავტორის მითითება იმის შესახებ, რომ შპს «ც. ს-ის» და მასთან დაკავშირებული არაერთი სამეწარმეო სუბიექტის მძიმე მატერიალური მდგომარეობა წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ათავისუფლებს მხარეს შესაბამისი მტკიცებულების წარდგენის ვალდებულებისაგან. ზემოხსნებული ფაქტის საყოველთაობას, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ადასტურებს საერთო სასამართლოებში მოპასუხის წინააღმდეგ მიმდინარე ან/და დასრულებული უამრავი დავა, ასევე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფაქტის საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად მიჩნევისათვის საკმარისი არაა მხოლოდ მხარის განმარტება. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი უთითებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, მაგრამ ვერ ადასტურებს, თუ კონკრეტულად რა ინფორმაცია გავრცელდა და რომელი ინფორმაციის საშუალებებით შპს «ც. ს-ის» მძიმე მატერიალური მდგომარეობის თაობაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული ფაქტის საყოველთაოდ ცნობილად აღიარების სისწორე. რაც შეეხება შპს «ც. ს-ის» მიმართ მიმდინარე სასამართლო დავებს, რაზეც ასევე უთითებს კერძო საჩივრის ავტორი, აღნიშნული არც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და არც აპელანტის გადახდისუუნარობას ადასტურებს. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ დაამტკიცა სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის შეუძლებლობა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად უთხრა უარი აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და მართებულად დატოვა განუხილველად მისი სააპელაციო საჩივარი.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე უარის თქმით, მას წაერთვა უფლების სასამართლო წეს- დაცვის შესაძლებლობა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლს. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყებისათვის კანონით გათვალიწინებული ხარჯების გადახდის მოთხოვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად და კანონთან შეუსაბამოდ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «ც. ს-ის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.