Facebook Twitter

ას-1508-1516-2011 26 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ვასილ როინიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს «ვ. ... ჯგუფის» დირექტორის გ. ჯ-რის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 აგვისტოს განჩინებაზე ამავე სასამართლოს 2011 წლის 20 ივლისის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე უარის თქმის შესახებ და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო მოცემული საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ვ. ... ჯგუფის» დირექტორის გ. ჯ-რის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ შპს «ვ. ... ჯგუფის» დირექტორმა გ. ჯ-რმა სააპელაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომლითაც მოითხოვა ამავე სასამართლოს 2011 წლის 20 ივლისის განჩინების ბათილად ცნობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 აგვისტოს განჩინებით შპს «ვ. ... ჯგუფის» განცხადება არ დაკმაყოფილდა.

განმცხადებელმა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შეიტანა კერძო საჩივარი.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და განმარტავს, რომ მითითებული კანონის დანაწესი განსაზღვრავს კერძო საჩივრის შეტანის პირობებს და ადგენს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს პირდაპირაა მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.

«არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია, რომ დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. ანალოგიური შინაარსისაა სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის მე-2 ნაწილიც, რომლის თანახმადაც არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ნებიმიერი სახით, თუნდაც საკასაციო წესით განიხილოს მითითებული კატეგორიის საქმეები თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მითითებული ნორმატიული აქტებით.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, არბიტრაჟთან დაკავშირებული დავების სასამართლოში განხილვა ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისა და «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონის საფუძველზე ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია, შპს «ვ. ... ჯგუფი» კერძო საჩივრით არ მოითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობას ან გაუქმებას, თუმცა განსახილველი დავის არსი სწორედ ამ ნაწილში საქმის წარმოების განახლებაა და, ვინაიდან, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი განიხილოს სააპელაციო სასამართლოს მიერ «ქართული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის» გადაწყვეტილებების ცნობისა და საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების კანონიერების საკითხი, რაც სააპელაციო სასამართლოს განჩინებითვე განემარტა მხარეს, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 აგვისტოს განჩინებაზე შპს «ვ. ... ჯგუფის» კერძო საჩივრის დასაშვებობის აუცილებელი წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 35612 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს «ვ. ... ჯგუფის» დირექტორის გ. ჯ-რის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. შპს «ვ. ... ჯგუფს» დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე); საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.