Facebook Twitter

ა-3541-ა-27-2011 27 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია სულხანიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი _ რ. დ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. დ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ 2008 წლის 22 ოქტომბრის ¹01-500/პ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით რ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. დ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის განჩინებით რ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. დ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 იანვრის განჩინებით რ. დ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

რ. დ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 იანვრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ მან საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილ ვადაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, განცხადება და თვლის, რომ რ. დ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 იანვრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლის) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ნოემბრის განჩინება რ. დ-ის მამას _ ნ. დ-ეს ჩაბარდა 2010 წლის 26 ნოემბერს, ხოლო რ. დ-ემ საკასაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2010 წლის26 დეკემბერს, ე.ი. კანონით დადგენილ ვადაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 იანვრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმის წარმოება უნდა განახლდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. დ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 იანვრის განჩინება და საქმის წარმოება განახლდეს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.