ა-1408-შ-23-11 6 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. გ-ოს შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი გერმანიის მიუნხენის საოლქო სასამართლოს 2007 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შვილად აყვანა, გვარისა და სახელის შეცვლა.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ მ. გ-ოს შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 7-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობებს, ხოლო თუ ასეთი კანონიც არ არსებობს, სასამართლო ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი (მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობა) არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი (მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობა) არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინებით მ. გ-ოს მიეცა 10 დღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ, სათანადო მტკიცებულების სასამართლოსათვის წარდგენის გზით დაადასტუროს ის გარემოება, რომ გერმანიის მიუნხენის საოლქო სასამართლოს 2007 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობოთ. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში.
იმავე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის მიხედვით, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე.
განსახილველ შემთხვევაში მ. გ-ოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინება ფოსტის მეშვეობით ორჯერ გაეგზავნა სასამართლოსათვის ცნობილ ერთადერთ მისამართზე (ქ. რუსთავი, მეგობრობის 14, სად.1). გზავნილი ორივეჯერ დაუბრუნდა სასამართლოს მითითებით არასრული ან არასწორი მისამართის გამო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მიხედვით მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
დასახელებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარეობს მხარის ვალდებულება, თავადვე აცნობოს სასამართლოს მისამართის შეცვლის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო არასწორ მისამართზე შეტყობინების განმეორებით გაგზავნის შემთხვევაშიც კი შეტყობინებას ადრესატისათვის ჩაბარებულად მიიჩნევს.
მოცემულ შემთხვევაში, მ. გ-ოს საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის უნდა ეცნობებინა საკუთარი ადგილსამყოფელის ცვლილების შესახებ, რაც მას არ განუხორციელებია, შესაბამისად, ხარვეზის განჩინება მხარისათვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს და ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული 10 დღიანი ვადა აითვალოს სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე მეორედ ჩაუბარებლობის მომენტიდან, ანუ 2011 წლის 25 ივლისიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადა 2011 წლის 4 აგვისტოს ამოიწურა. მაგრამ აღნიშნულ ვადაში შუამდგომლობის ავტორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, შუამდგომლობა დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. გ-ოს შუამდგომლობა გერმანიის მიუნხენის საოლქო სასამართლოს 2007 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.