ა-2636-შ-38-11 6 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ზ. წ-რის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკის ჩრდილოეთ ოსეთის _ ალანიას ქალაქ ვლადიკავკაზის ... რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზ. წ-რმა სასამართლოს განცხადებით მიმართა და აღნიშნა, რომ ზ. წ-რი და გ. წ-რი ერთი და იგივე პიროვნებაა.
სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დაიბადა 1959 წლის 28 აგვისტოს საქართველოში, დუშეთის რაიონი სოფელ .... დაბადების მოწმობის თანახმად, მისი სახელია გ. წ-რი. სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ მას მიეცა პასპორტი, რომელშიც სახელად ჩაეწერა «ზ.ი”. გარკვეული წლების შემდეგ საბუთებში ზემოაღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია არევ-დარევა, რისი აღმოფხვრა ვეღარ მოახერხა, შესაბამისად მოითხოვა იურიდიული ფაქტის დადგენა.
ზ. წ-რმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკის ჩრდილოეთ ოსეთის _ ალანიას ქალაქ ვლადიკავკაზის ... რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ივლისის განჩინებით ზ. წ-რის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკის ჩრდილოეთ ოსეთის _ ალანიას ქალაქ ვლადიკავკაზის ... რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, ზ. წ-რის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
«სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 110-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებისა და ცვლილებების შეტანას აწარმოებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო შესაცვლელი ჩანაწერის არსებობის ადგილის მიხედვით. განმცხადებელს შეცვლილი ჩანაწერის საფუძველზე დაუყოვნებლივ გადაეცემა სამოქალაქო აქტის შესაბამისი ახალი მოწმობა.
ამავე კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორებასა და შეცვლას საქართველოს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ორგანო არ ახდენს. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორება და შეცვლა წარმოებს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზედაც შესრულდა ჩანაწერი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
აღნიშნული ნორმების თანახმად, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას ახორციელებენ სახელმწიფო ორგანოები. სახელმწიფო ორგანოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეცვლა ან შესწორება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას მიეკუთვნება.
საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა აქტების შეცვლის კომპეტენცია სხვა სახელმწიფოს სასამართლო ორგანოებს არ გააჩნიათ. ასეთი ვალდებულება არ არის გათვალისწინებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
«სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ” მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის «დ” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილებათა ცნობასა და აღსრულებაზე ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარის თქმა იმ შემთხვევაში თუ ამ კონვენციის დებულებათა თანახმად, ან მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევაში, იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, საქმე განეკუთვნება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას.
ზემოთმითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 285-ე მუხლით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონის 68-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. წ-რის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკის ჩრდილოეთ ოსეთის _ ალანიას ქალაქ ვლადიკავკაზის ... რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებასაქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.